EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი ანალიტიკა ფორუმი გემბანზე დარჩენილი ღუზა
ფორუმი

გემბანზე დარჩენილი ღუზა

ჩამოტვირთე PDF
გემბანზე დარჩენილი ღუზა

პასუხი ელჩი თედო ჯაფარიძის ესეზე „ღუზა ვექტორებამდე: საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ცვალებად სამყაროში“

ოცდათხუთმეტი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ. თედო ჯაფარიძემ, ერთ დროს ჩემმა ხელმძღვანელმა, მენტორმა და დღეს ძვირფასმა მეგობარმა,  შემოგვთავაზა უაღრესად საინტერესო და გულწრფელი ნაშრომი, დაწერილი იმ ადამიანის მიერ, რომელიც იმ ეპოქის გადაწყვეტილებების არა მხოლოდ მოწმე, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიც იყო. იგი გვთავაზობს ერთად გადავხედოთ განვლილ გზას და დასკვნები გამოვიტანოთ.

ასეთი გულწრფელი ნაშრომი, გულწრფელსავე პასუხს იმსახურებს.

თედო ჯაფარიძე სწორ დროს, სწორ კითხვას სვამს. სანამ ვიმსჯელებთ, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ თანამედროვე მღელვარე საერთაშორისო გარემოში, ჯერ უნდა ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვას: „ვინ ვართ ჩვენ, სად არის ჩვენი ადგილი და როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა?„ ჯერ ღუზა, შემდეგ ვექტორები. ჯერ დანიშნულების ადგილი, შემდეგ მარშრუტი.

ერთი შეხედვით, ეს მაცდურად მარტივი არგუმენტია, თუმცა, ის ერთ მნიშვნელოვან კითხვას უპასუხოდ ტოვებს — კითხვას, რომელსაც ბოლო ოცდათხუთმეტი წლის გამოცდილების მქონე ადამიანი გვერდს ვერ აუვლის. თუ ეს პრინციპი ასე ნათელია, რატომ ვერ ჩავუშვით და დავამაგრეთ ღუზა სათანადოდ? საქართველოს ჰქონდა დრო, პარტნიორები, რესურსები და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერა ევროპული მომავლის მიმართ. და მაინც, დღეს იქ ვართ, სადაც ვართ.

ქართველებს გვჩვევია, ჩვენი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალება — რუსეთი, გეოგრაფია, ისტორია. ეს ფაქტორები ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ამ დაუმთავრებელი საქმის მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენზეა და გადაბრალება არ გამოგივა. ჩვენ ავირჩიეთ ღუზა, მაგრამ ბოლომდე არ ჩავუშვით.

იმის გააზრება, რატომ მოხდა ასე და რად დაუჯდა ეს საქართველოს, სწორედ ის კითხვაა, საიდანაც ეს დისკუსია უნდა გაგრძელდეს.

გამოცხადებული ღუზა

თედო წერს, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია „გამოხატავდა უფრო სიღრმისეულ გადაწყვეტილებას — როგორი სახელმწიფო გვინდოდა აგვეშენებინა: სახელმწიფო, სადაც უზენაესია კანონი და არა პიროვნულ ძალაუფლებაზე დამყარებული მმართველობა; სადაც ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნებები; სადაც ანგარიშვალდებულება სჯობნის დამოკიდებულებას, ხოლო მოქალაქე — ხელქვეითს.“

ავტორი მართალია. თუმცა, მის ნაშრომში ბოლომდე არ არის გამოკვეთილი თუ რა განსხვავებაა დანიშნულების ადგილის არჩევასა და იქამდე მისასვლელი გზის გაყვანას შორის.

საქართველომ თავისი დანიშნულების ადგილი ადრევე აირჩია. ის საუკუნეების განმავლობაში დასავლური ცივილიზაციისადმი კულტურულ და სულიერ სწრაფვას ეფუძნებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ევროატლანტიკური არჩევანი უფრო იმ ჭეშმარიტებას ჰგავდა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, ვიდრე გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდან უნდა მიგვეღო. პროდასავლური რიტორიკა ქართული პოლიტიკის ბუნებრივ ენად იქცა და სამი ათწლეულის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ამ ენაზე საუბრობდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორები, ძირითადად, ამ რიტორიკულ ერთგულებას ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის საკმარის დასტურად მიიჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ, საბოლოო ჯამში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ არჩევანის სრულყოფილად ასახვა იმ ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ საფუძვლებში, რომლებიც ასეთ ორიენტაციას სჭირდება. ბოლო წლებში კი ამ რიტორიკაზეც უარი ითქვა.

მაგრამ დეკლარაცია ჯერ კიდევ არ ნიშნავს კონსტრუქციას. საქართველოს ევროპული არჩევანი არასოდეს გამხდარა საზოგადოების ფართო, გააზრებული მსჯელობის საგანი. მოქალაქეებს უფრო არწმუნებდნენ, ვიდრე უხსნიდნენ ევროპულ მომავალს. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა სტაბილურად აღემატებოდა სამოცდაათ პროცენტს. ეს თავისთავად შთამბეჭდავი მაჩვენებელია, მაგრამ მასში ერთი საფრთხე იმალება. საზოგადოება, რომელიც საკუთარ სტრატეგიულ მიმართულებას მხოლოდ ემოციურად გრძნობს და შეგნებულად ვერ აცნობიერებს, ის სინამდვილეში ღუზით არ არის დამაგრებული.

სწორედ ამ შინაარს გამოცლილმა საფუძველმა დატოვა ქართული საზოგადოება სტრუქტურულად დაუცველი. საზოგადოება, რომელსაც საკუთარი სტრატეგიული არჩევანი არ გამოუბრძმედია, მისი დაცვა გაუჭირდება. რუსეთის კოგნიტურმა ოპერაციამ ეს სისუსტე ზუსტად ამოიცნო და განსაკუთრებული სიზუსტით გამოიყენა.

ღუზა, როგორც თავისუფლების საფუძველი

თედოს არგუმენტს ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაც აქვს, რომელსაც საქართველოს უახლესი გამოცდილება განსაკუთრებით მტკივნეული სიცხადით წარმოაჩენს. თედო წერს, რომ: როდესაც ღუზა საიმედოდ არის ჩაშვებული, პრაგმატიზმი გაურკვევლობის წყაროდ კი აღარ იქცევა, არამედ — ძალად. დივერსიფიკაცია მიმართულების დაკარგვას კი აღარ ნიშნავს, არამედ გონივრული ინსტრუმენტის ფლობას. მრავალვექტორული დიპლომატია ხდება სახელმწიფო ხელოვნების ნაწილი და არა სტრატეგიის შემცვლელი.”

სანამ საქართველოს დასავლური ორიენტაცია სარწმუნოდ მიიჩნეოდა, ქვეყანას ჰქონდა სივრცე, საგარეო პოლიტიკაში გარკვეული დოზით პრაგმატულად ემოქმედა რთულ პარტნიორებთან ურთიერთობებში. ამის მაგალითები იყო: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების უფრო დაბალი მაჩვენებელი, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით, რაც განპირობებული იყო სრულიად ლეგიტიმური შეშფოთებით, რომ უფრო მკვეთრ პოზიციებს შეიძლებოდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისათვის. ასევე საქართველოს ჰქონდა სივრცე საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ირანთან საურთიერთობოდ; ასევე, ჩინეთთან სატრანსპორტო დერეფნის საკითხებში თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები ამ ურთიერთობებს, ძირითადად, აღიქვამდნენ არა, როგორც საქართველოს სტრატეგიული კურსიდან გადახვევას, არამედ როგორც სუვერენული სახელმწიფოს პრაგმატულ ტაქტიკურ ნაბიჯებს.

დღეს კი მსგავს ურთიერთობებს სტრატეგიული გზიდან გადახვევად აფასებენ. დასავლეთისგან დისტანცირებით საქართველომ, არა თუ მეტი თავისუფლება შეიძინა, არამედ, პირიქით – დაკარგა. ღუზა არასოდეს ყოფილა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის შემზღუდველი. პირიქით, სწორედ ის ქმნიდა იმ სივრცეს, რომელიც ქვეყანას მოქნილი მანევრირების შესაძლებლობას აძლევდა.

რეგიონული განზომილება

საქართველოს „ღუზის“ პრობლემა მხოლოდ შიდა საკითხი არ არის — მას რეგიონული განზომილებაც აქვს.

ბალტიის ქვეყნები ავიღოთ მაგალითად. გეოგრაფია, ისტორიული გამოცდილება და დამოუკიდებლობის პერიოდის ცოცხალი მეხსიერება, უდავოდ, მნიშვნელოვანი უპირატესობები იყო. მაგრამ არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ერთი და იგივე სტრატეგიული მიმართულება აირჩიეს. სამი პატარა სახელმწიფოს საერთო ხმამ ისეთი პოლიტიკური წონა შეიძინა, რომელიც მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა.

სამხრეთ კავკასიამ სრულიად განსხვავებული სურათია. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ორიენტაციები თავიდანვე განსხვავებული იყო და არ არასდროს დაახლოვებულა. თითოეულ ქვეყანას საკუთარი ტვირთის ზიდვა მარტო მოუწია — რეგიონული სინერგიისა გარეშე. ამიტომ საქართველოს არგუმენტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში ერთი პატარა, კონფლიქტებით დაზარალებული სახელმწიფოს პოზიციად აღიქმებოდა. შეიძლება არგუმენტირებულად, მაგრამ იმ რეგიონული სიმძიმის გარეშე, რაც ბალტიის ქვეყნებს დიდ უპირატესობას აძლევდა. სომხეთიც, რომელიც დღეს ფრთხილად იწყებს ევროპისკენ სტრატეგიულ გადახვევას, იმავე სტრუქტურულ პრობლემას აწყდება, არც მას ჰყავს მოკავშირე რეგიონში, რომელთანაც ძალისხმევას გააერთიანებდა.

აქ ყურადსაღებია აზერბაიჯანის მაგალითი, რომელსაც არასოდეს გამოუცხადებია ისეთი ღუზა, რომლის მყარად დამაგრებასაც არ აპირებდა. მისი სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირი და ევროპა არასოდეს ყოფილა. თუმცა, თუ თედოს მიერ შემოთავაზებული თეზისის მიხედვით, აზერბაიჯანი საკუთარ არჩევანში ყოველთვის თანმიმდევრული იყო: მან განსაზღვრა თავისი სტრატეგიული ღუზა და მას მტკიცედ მიჰყვებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც აზერბაიჯანის არჩევანი იყო სწორი და ჩვენი მცდარი. არა, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ თედოს პრინციპი მაშინაც ძალაშია, როდესაც ღუზა სხვა მხარეს არის მიმართული. რაც მცირე სახელმწიფოებს ანადგურებს არის, არა ღუზის არჩევანი, არამედ მისი არქონა.

ღუზა, რომელიც ჯერ კიდევ დასამაგრებელია

თედო ჯაფარიძის შემოთავაზებულ თეზისებს რომ დავუბრუნდეთ, მთავარი კითხვა, დღეს არის არა ანალიტიკურ, არამედ – პრაქტიკულია: რა არის საჭირო იმისათვის, რომ 2026 წელს საქართველომ საკუთარი ღუზა საბოლოოდ დაამაგროს?

სტრატეგიული ღუზა დეკლარაცია არ არის. ის კონსტრუქციაა — მოთმინებით ნაშენი, თანმიმდევრულად განმტკიცებული და საზოგადოების გააზრებულ რწმენაზე დაფუძნებული.

საქართველოს მომავალი ლიდერებისთვის — და სწორედ მათ მიმართავს თედო ჯაფარიძე თავისი ესეს დასასრულს — ეს ნიშნავს იმას, რასაც ქართველი პოლიტიკოსები როგორც წესი თავს არიდებდნენ: საკუთარ მოქალაქეებთან გულწრფელ საუბარს, მარტივი და გასაგები ენით, იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს. მოსახლეობა ელოდება, არა ლოზუნგებს ევროპულ ინტეგრაციაზე, არამედ პასუხებს იმ მარტივ კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ: როგორ დამეხმარება ეს სამსახურის მოძებნაში?; როგორ წაადგება ეს ჩემი ჯანმრთელობის დაცვას?; ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას?; შვილების განათლებას?

ეს ნიშნავს, არა მხოლოდ იმის ახსნას, თუ რას ითხოვს ჩვენგან ევროინტეგრაცია, არამედ იმისაც, თუ რას აძლევს ის ქვეყანას — არა გეოპოლიტიკის აბსტრაქტული ტერმინებით, არამედ კეთილდღეობის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის და უსაფრთხოებისა თვალსაჩინო შედეგებით. ეს ნიშნავს ისეთი ინსტიტუტების აშენებას, რომლებიც იფუნქციონირებენ იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, და რომ სუვერენიტეტი მხოლოდ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვა იქნება. იგი ყოველდღიურად განხორციელდება ანგარიშვალდებული მმართველობით, კანონის უზენაესობითა და საზოგადოების ნდობით.

თუმცა, ამ საქმეში პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეკისრებათ. სტრატეგიულ ღუზას ზემოდან თავს ვერ მოახვევ საზოგადოებას. ის თავად საზოგადოებამ უნდა მიიღოს გააზრებულ და გაცნობიერებულ არჩევანად. საქართველოს ევროპულ მომავალს ვერ უზრუნველყოფს ვერც ხელისუფლების კიდევ ერთი დეკლარირება და ვერც ბრიუსელში ხელმოწერილი მორიგი დოკუმენტი. ის მაშინ გახდება მყარი, როდესაც ევროპული ინტეგრაცია იქნება არა მხოლოდ მთავრობის პოლიტიკა, არამედ საქართველოს მოქალაქეების გააზრებული და მყარი არჩევანი.

და ბოლოს, ღუზა მხოლოდ მაშინ შეასრულებს თავის საქმეს, როდესაც ზღვის ფსკერზე ჩაეშვება და მყარად დამაგრდება. ოცდათხუთმეტი წელია, საქართველოს თავისი ევროპული ღუზა გემბანზე აქვს შემოდებული. აირჩია, აღიარა,  გამოაცხადა, მაგრამ ბოლომდე არასოდეს ჩაუშვა. მომავალი თაობის ამოცანა ღუზის კიდევ ერთხელ გამოცხადება კი არ არის, არამედ მისი საბოლოოდ ჩაშვება. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საქართველოს ის სტაბილურობა და თავისუფლება, რომელიც საშუალებას მისცემს,  ნებისმიერ ვექტორს მყარად და მშვიდად გაჰყვეს.

გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.

© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *