სირაქლემის პოლიტიკა: საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და რეალობის უარყოფის ოცნებისეული მეთოდი
ჩამოტვირთე PDF
I. შესავალი
2026 წლის 8 ივლისს, ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნით დატოვა სხდომის დარბაზი, როდესაც ასამბლეამ მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“ სადაც ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის ინიცირებული რეზოლუციაც შევიდა „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“[1]. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დარბაზის დატოვებამდე განაცხადა, რომ „დეკლარაციის განახლებული ვერსია განზრახ ამახინჯებს პოლიტიკურ რეალობას საქართველოში“[2].
ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იყო ბოლო ფორმატი, სადაც საქართველოს დელეგაცია ჯერ კიდევ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით, (შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მონაწილეობა „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2025 წლის იანვარში შეაჩერა[3]) არამედ იმიტომაც, რომ ის წარმოადგენს ერთგვარ კულმინაციურ დასასრულს ორთვიანი ციკლისა, რომლის განმავლობაშიც ოთხმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ინსტიტუციამ — ევროპარლამენტმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ — ერთმანეთის მიყოლებით გააკეთა უაღრესად კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით[4]. კერძოდ:
17 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანამ შეაჩერა ევროინტეგრაციის კურსი და შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის უფლებები. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის ლიდერების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ[5].
24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია N2664 „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, სადაც ღიად ისაუბრა „დემოკრატიის რღვევაზე“ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ასამბლეის არცერთი წინა რეკომენდაცია არ შეუსრულებია, ხოლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყანას ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისაკენ მიაქანებს. ამასთან, ასამბლეამ მოითხოვა პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმება.[6]
2 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიაზე წარადგინა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მხარის მიერ „წინა ანგარიშების უმეტესი რეკომენდაცია არ შესრულებულა, და რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში არა თუ არ გაუმჯობესებულა, არამედ გაუარესდა“. ამასთან გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, აღნიშნა, რომ თბილისს არაერთხელ მიმართეს ოფიციალური კომუნიკაციებით სამოქალაქო სივრცის შემცირებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა უშედეგოდ[7].
ყოველივე ამის კულმინაცია კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია გახდა, რომელიც ბოლო წვეთი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მოთმინების ფიალაში. წინამდებარე სტატია სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს:
- რამდენად სამართლიანია ეუთოს რეზოლუცია და რამდენად ზუსტად აისახა მასში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის დასკვნები;
- რას ნიშნავს ეს დეკლარაცია საქართველოში მომავალი არჩევნებისა და, ზოგადად, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის;
- და, რატომ არის „ქართული ოცნების“ რეაქცია ასეთი მკვეთრი და რამდენად ემთხვევა ის რუსეთისა და ბელარუსის ქმედების მოდელს.
II. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში და ჰააგის რეზოლუცია: ზოგადი შეფასებები
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მთავარ არგუმენტს ეუთოს რეზოლუციის წინააღმდეგ, წარმოადგენს ის გარემოება, რომ თითქოს მასში არასწორად აისახა 2026 წლის 12 მარტს გამოქვეყნებული, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის დასკვნები. ამ განცხადების მართებულობის შესამოწმებლად საჭიროა ორი საკითხის გარკვევა: პირველი – რამდენად საფუძვლიანია თავად ანგარიშის მიმართ წაყენებული პრეტენზიები, და მეორე – რამდენად ზუსტად გადავიდა ამ ანგარიშის დასკვნები და შეფასებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.
საქართველოსთან მიმართებაში ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი“ ორგანიზაციის 23 წევრი ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა 2026 წლის 29 იანვარს[8], რაც სავსებით შეესაბამება 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტის მე-12 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, საექსპერტო მისიის შექმნა შესაძლებელია ერთი მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნით, სულ მცირე ცხრა სხვა სახელმწიფოს მხარდაჭერით – ანუ მინიმუმ ათი სახელმწიფოს ერთობლივი მოქმედებით, 57-დან, ამასთან არც ერთ ეტაპზე არ ტარდება სრული წევრობის კენჭისყრა და ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოს არ გააჩნია უფლებამოსილება, დაბლოკოს ან გააუქმოს ანგარიში მისიის დასრულების შემდეგ. ეს პროცედურა სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ კონკრეტულ სახელმწიფოს (რომელთან მიმართებაშიც ამოქმედდება აღნიშნული მექანიზმი), ან მის მოკავშირე ქვეყნებს, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა დაბლოკონ ან შეაფერხონ მექანიზმის მუშაობა. ამგვარად, ქართული ოცნების დელეგაციის განცხადება, რომ ეუთოს 34 წევრმა სახელმწიფომ, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის ჩათვლით, მხარი არ დაუჭირა ანგარიშის დასკვნებს მუდმივ საბჭოში მისი განხილვისას[9], მანიპულაციურ შინაარს ატარებს და არ გამოდგება მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტის სანდოობის დასაკნინებლად. მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება 2026 წლის 7 ივლისს, ჰააგის სესიაზე ქართული დელეგაციის განცხადებაც, რომ თითქოს ანგარიშის მომზადება მხოლოდ „72 საათში“ მოხდა[10]. ანგარიშის ავტორი პროფესორი პატრიცია გჟებიკი, საქართველოში ვიზიტით 2026 წლის თებერვალში მართალია სამი დღით იმყოფებოდა[11], თუმცა მისი მანდატი ვიზიტამდეც ითვალისწინებდა ონლაინ შეხვედრებსა და დოკუმენტების შესწავლას, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რაც შეეხება საკუთრივ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, დოკუმენტი ასკვნის, რომ საქართველოში სახეზეა დემოკრატიის „მკვეთრი უკუსვლა“ და დაფიქსირებულია ძალადობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტი პროტესტის მონაწილეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომელიც „ზოგჯერ წამების ზღვარს აღწევდა“. ამასთან, სახეზეა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების „თითქმის სრული დაუსჯელობა“[12]. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის რეზოლუციაში მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული ანგარიშს ფორმულირებები პრაქტიკულად უცვლელად აისახა. დამატებით, რეზოლუცია გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას“ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გამო, „აღშფოთებულია“ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლენილი გაყალბების ფაქტებით და ითხოვს „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას და „შემზღუდველი კანონმდებლობის“ გაუქმებას[13]. ამგვარად, ჰააგის დეკლარაციის თეზისები სრულ თანხვედრაშია მოსკოვის მექანიზმის დასკვნებთან .
III. რას ნიშნავს ჰააგის დეკლარაცია საქართველოსთვის და მის ფარგლებს გარეთ
ჰააგის რეზოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, არ აღიარონ საქართველოში ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ იქნება შეფასებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული[14]. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ფორმულირება გამოყენებულია ზოგადი სახით და არ შემოიფარგლება მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო ან 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებით. შესაბამისად, მოწოდება ვრცელდება ნებისმიერ მომავალ არჩევნებზე, თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი შემდგომი არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარება დამოკიდებული ხდება ქვეყანაში ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებაზე, ამასთან არ არსებობს რაიმე სახის ვადა რომლის გასვლის შემდეგაც ეს პირობა თავისთავად გაუქმდება.
დეკლარაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი“, გააუქმოს ან გადასინჯოს „შემზღუდველი კანონმდებლობა“ და ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციების გზით, დაიწყოს ძირეული რეფორმები სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად. ასევე უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის[15].
ეუთოს ეს დეკლარაცია არ შეიძლება განხილული იქნეს კონტექსტის გარეშე. როგორც უკვე აღინიშნა, ის წარმოადგენს, უკანასკნელ პერიოდში, სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუციების მიერ მიღებული დოკუმენტების ერთგვარ გამაერთიანებელ, კულმინაციურ ფორმას. სხვაგვარად რომ ითქვას: საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება აღარაა ცალკეული, ერთი დოკუმენტის თემა, არამედ ის უკვე საერთაშორისო ინტიტუტების მიერ აღიარებული ფაქტია, რაც საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის უაღრესად დიდ პრობლემას წარმოადგენს.
IV. „ქართული ოცნების“ რეაქცია
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მკვეთრი რეაქცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციის მიმართ, რომელიც გამოიხატა როგორც სხდომათა დარბაზის დემონსტრაციულ დატოვებაში, ისე შემდგომ გაკეთებულ ხისტ საჯარო განცხადებებში, შეიძლება აიხსნას რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორით. თითოეული მათგანი მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის ხელისუფლების პოზიციას, თუმცა ერთობლიობაში ისინი ქმნიან შედარებით სრულ სურათს.
პირველი ფაქტორი უკავშირდება დეკლარაციის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მნიშვნელობას. ეუთო/ოდირი არჩევნების დაკვირვებისა და შეფასების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, გამოცდილ და საერთაშორისო დონეზე ფართოდ აღიარებულ ინსტიტუტად მიიჩნევა. ეუთოს მიერ, საქართველოში, ყოველი შემდეგი არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენება და მისი მიბმა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაზე, მძიმე დარტყმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ისედაც წნეხის ქვეშ იმყოფება და ნაწილობრივ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული.
მეორე ფაქტორი უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობის დეგრადაციას საერთაშორისო საპარლამენტო ინსტიტუტებთან. 2025 წლის იანვარში „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მონაწილეობა შეაჩერა. ამავდროულად, საქართველო პრაქტიკულად გამოთიშულია ევრონესტის (ევროპარლამენტისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თანამშრომლობის პლატფორმა) საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობიდან. ამ ფონზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რჩებოდა ერთ-ერთ ბოლო მნიშვნელოვან ევროპულ საპარლამენტო ფორმატად, სადაც საქართველოს დელეგაცია სრულფასოვნად მონაწილეობდა. შესაბამისად, ჰააგაში სხდომის დემონსტრაციული დატოვება შეიძლება განვიხილოთ არა როგორც ერთჯერადი პროტესტის აქტი, არამედ როგორც საერთაშორისო საპარლამენტო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უკვე ჩამოყალიბებული მოდელის კიდევ ერთ გამოვლინება და თვითიზოლაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი.
მესამე ფაქტორი უკავშირდება დეკლარაციის ავტორს და მის პოლიტიკურ როლს. ჰააგის რეზოლუციის ინიციატორი, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ის ამავდროულად არის „MEGOBARI Act“-ის ავტორი, რომელიც 2025 წლის 5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 349 ხმით მიიღო და სენატს გადასცა და რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირების (და მათი ოჯახის წევრების) მიმართ, რომლებიც, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის შერყევაში, ასევე სისტემურ კორუფციაში.[16] მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და ამერიკული კანონპროექტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დოკუმენტებია, ის გარემოება, რომ მათ საერთო ავტორი ჰყავს და შინაარსობრივადაც თანხვედრაში არიან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თვალში ქმნის კოორდინირებული პოლიტიკური შეტევის განცდას. სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება აიხსნას ხელისუფლების განსაკუთრებულად ხისტი კრიტიკა ჯო უილსონის მიმართ.
მეოთხე ფაქტორი გამოიხატება თავად „ქართული ოცნების“ რიტორიკაში. თავდაპირველად ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ ეუთოსთან მიმართებაში გარკვეული კონსტრუქციული თანამშრომლობის ილუზიის შექმნას და არსებული კრიტიკის შინაარსობრივი მხარის გაბათილებას კონტრარგუმენტებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა პარტნიორების დარწმუნება და სულ უფრო ცალსახად გამოიკვეთა ხელისუფლების მანიპულაციური მიდგომები, რიტორიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა და გამწვავდა. ის ცალკეული დოკუმენტების კრიტიკიდან გადავიდა მთლიანად საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მათი ლეგიტიმურობის უარყოფაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტებად მოიხსენია, ისაუბრა მათი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაზე, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის კრიზისზე და საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის ფუნდამენტური გადატვირთვის აუცილებლობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს განცხადებები და რიტორიკა საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს.
V. პარალელები რუსეთისა და ბელარუსის პრაქტიკასთან
ჰააგის დეკლარაციის მიმართ „ქართული ოცნების“ რეაქციამ ბუნებრივად გააჩინა კითხვა, რამდენად შეიძლება მისი შედარება საერთაშორისო საპარლამენტო ინსტიტუტებში რუსეთისა და ბელარუსის მრავალწლიან, კარგად დამკვიდრებულ ქცევით მოდელებთან. ასეთი პარალელები მართლაც იკვეთება, თუმცა განსხვავდება რიტორიკის და ინსტიტუციური ქცევის კუთხით.
რიტორიკული თვალსაზრისით მსგავსება აშკარაა. როგორც რუსეთისა და ბელარუსის ოფიციალურ განცხადებებში, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებებშიც გვხვდება იდენტური შეფასებები, კერძოდ:
- საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის ბრალდება;
- მიღებული რეზოლუციებისა და ანგარიშების პოლიტიკურად მოტივირებულად ან მიკერძოებულად წარმოჩენა;
- მათი მტკიცებულებითი ბაზის ეჭვქვეშ დაყენება;
- აგრეთვე იმ სახელმწიფოთა რაოდენობისა და ლეგიტიმურობის ხაზგასმა, რომლებიც კონკრეტული გადაწყვეტილებების ინიციატორებად ან მხარდამჭერებად არიან წარმოდგენილი.
ამ ნარატიული ელემენტების თანხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებში გარკვეული ეჭვების საფუძველს აჩენს.
ინსტიტუციური ქცევის დონეზე ეს ანალოგია ნაკლებად ერთმნიშვნელოვანია. 2026 წლის ჰააგის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს საკითხთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო არანაკლებ კრიტიკული რეზოლუცია ბელარუსის შესახებაც, თუმცა ბელარუსის დელეგაციას სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებია. პირიქით, დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა როგორც პლენარული სხდომების, ისე კომიტეტების მუშაობაში, მართავდა ორმხრივ შეხვედრებს და საჯაროდ საუბრობდა პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე.
რაც შეეხება რუსეთს, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, ხოლო ევროპის საბჭოდან ქვეყანა იმავე წელს გარიცხეს. თუკი შევადარებთ რუსეთის დელეგაციების ქცევით მოდელს, „ქართული ოცნების“ განხორციელებულ დემარშებითან, გარკვეულ ანალოგიის გავლება შესაძლებელია რუსეთის მიერ 2014–2016 წლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიების ბოიკოტთან.
VI. დასკვნა
წინამდებარე ანალიზმა აჩვენა, რომ 2026 წლის ჰააგის დეკლარაცია არ წარმოადგენს იზოლირებულ პოლიტიკურ შეფასებას. იგი უნდა განვიხილოთ იმ საერთაშორისო პროცესის ნაწილად, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფასების გარშემო. ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები, მიუხედავად მათი განსხვავებული ინსტიტუციური ბუნებისა, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოხატავს მსგავს შეფასებებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესების დეგრადაციის შესახებ.
ჰააგის დეკლარაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადია არჩევნების საერთაშორისო აღიარების საკითხის დაკავშირება ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების დადებით შეფასებასთან, რითაც სათანადო რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოში ჩატარებული არჩევნების აღიარების საკითხი და შესაბამისად ხელისუფლების ლეგიტიმურობაც უაღრესად პრობლემატური ხდება.
და ბოლოს, ჰააგის დეკლარაციის მნიშვნელობა უფრო ღრმაა ვიდრე მისი პოლიტიკური შეფასება. იგი ასახავს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციების თანხვედრას და აჩვენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფასება სულ უფრო მეტად ეფუძნება საერთო კრიტერიუმებსა და შეფასებით ჩარჩოს. ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებისათვის ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია არა ამ შეფასებების ხისტი კრიტიკას, არამედ იმ პირობების შექმნას, და რეფორმების გატარება, რომლებიც მომავალში შესაძლებელს გახდის ქვეყნის გამოყვანას საერთაშორისო იზოლაციიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული შეფასებები და საქართველოს მზარდი პოლიტიკური იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც უარყოფითად აისახება არამარტო ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოზე არამედ მის ეკონომიკურ ინტერესებზეც.
ივლისი 2026
[1]OSCE PA, The Hague Declaration and Resolutions, „Resolution on Upholding Election Integrity and Fundamental Freedoms in Georgia“, გვ. 75 (04–08.07.2026); Civil Georgia, „OSCE PA Resolution Calls on Georgia to Release ‘Political Prisoners’…“ (08.07.2026).
[2]Georgia Today, „Georgian delegation walks out of OSCE PA vote in protest over Hague declaration“, 08.07.2026, georgiatoday.ge.
[3]Pravda Georgia, „The Brussels bureaucracy is everywhere, but justice is nowhere“, 30.01.2025, ge.news-pravda.com — კახა კალაძის განცხადება PACE-ში მონაწილეობის შეჩერებაზე.
[4]European Parliament, Press Release 20260611IPR45217 (17.06.2026); PACE, Resolution 2664 (24.06.2026); OSCE PA, Hague Declaration (08.07.2026); OHCHR, HRC 62nd session statement (02.07.2026).
[5]Georgia Today, „European Parliament adopts Georgia report, calls for sanctions against Ivanishvili“ (17.06.2026); Civil Georgia (17.06.2026).
[6]PACE, Resolution 2664, „The functioning of democratic institutions in Georgia“ (24.06.2026); OC Media (25.06.2026).
[7]Civil Georgia, „UN Human Rights Council Hears Critical Report on Georgia“ (02.07.2026).
[8]OSCE/ODIHR, Report under the Moscow Mechanism invoked in respect of Georgia, 12.03.2026, odihr.osce.org (official document ODIHR.NV/82/2026).
[9]Publika.ge, „ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ შეუსაბამობასა და ბრალდებებს“, 05.07.2026.
[10]Kvira.ge, 07.07.2026, kvira.ge/1094820 — ნ. სამხარაძის გამოსვლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
[11]OSCE/ODIHR, Report under the Moscow Mechanism (იხ. შენ. 5); Civil Georgia, „OSCE Moscow Mechanism Report Notes ‘Marked Democratic Backsliding,’ Issues Recommendations“, 12.03.2026, civil.ge/archives/724890.
[12]OC-Media, „OSCE issues damning report on Georgia’s democratic backsliding“, 13.03.2026, oc-media.org.
[13]Civil Georgia, civil.ge/archives/743948 (იხ. შენ. 1).
[14]OSCE PA, The Hague Declaration (იხ. შენ. 1); Civil Georgia, civil.ge/archives/743948.
[15]Civil Georgia, civil.ge/archives/743948.
[16]U.S. Congress, H.R. 36, MEGOBARI Act, 119th Congress, სექცია 6 (სანქციები), congress.gov/bill/119th-congress/house-bill/36.
გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.
© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.