ნაწილი პირველი: თანამედროვე ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების პროცესი
ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები არ წარმოადგენენ სიახლეს და მათ მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ. ჯერ კიდევ პლატონმა და არისტოტელემ შეიმუშავეს არაერთი თეორია, რომელიც კარგად აღწერდა ავტორიტარულ რეჟიმებს, მათ თვისებებსა და სუსტ მხარეებს. ეს თეორიები დღესაც ძალიან აქტუალურია პოლიტიკურ მეცნიერებებში.
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ჰიბრიდულმა ომმა, პროპაგანდამ, დეზინფორმაციამ, გავლენის ოპერაციებმა და ფსიქოლოგიური ბრძოლის ელემენტებმა ჩაანაცვლეს ტრადიციული ომის წარმოების მეთოდები, ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბებამაც შეიცვალა ფორმა და მეთოდები. ეს პროცესი გახდა მეტად უხილავი, მშვიდი, „ჰუმანური“ და ხშირ შემთხვევებში შეფარულია დემოკრატიის მანტიის ქვეშაც კი. ავტორიტარიზმის დამყარება განსაკუთრებით უმარტივდებათ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებებს, რომლებიც ნელი ნაბიჯებით ამყარებენ სტაბილურ ავტორიტარულ სისტემებს.
სტატია განიხილავს დემოკრატიის პირობებში თანამედროვე ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების პროცესს და განიხილავს ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულ მეთოდებს. დოკუმენტი დაფუძნებულია თანამედროვე მეცნიერების — ჰარვარდის პროფესორების სტივენ ლევიცკის და დენიელ ზიბლატის ნაშრომზე „როგორ კვდებიან დემოკრატიები“ და ოქსფორდის და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორის — ნენსი ბერმეოს კვლევებზე.
თანამედროვე ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო ელემენტია საზოგადოების იმედგაცრუება. როდესაც ქვეყანაში მოჭარბებულია ეკონომიკური პრობლემები, კორუფცია, პოლიტიკური არასტაბილურობა, უსაფრთხოების გამოწვევები და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა, ეს იწვევს საზოგადოების მხრიდან დემოკრატიის მიმართ სკეპტიციზმს. ამ გარემოში მოსახლეობა პროცედურებზე და ბიუროკრატიაზე მაღლა წესრიგს, სტაბილურობასა და სწრაფ შედეგებს აყენებს. ეს სახელმწიფოს აძლევს არადემოკრატიული მეთოდებით მოქმედების გარკვეულ ლეგიტიმაციას იმისთვის, რომ მან ქვეყანაში შექმნას სტაბილურობისა და წესრიგის განცდა, რაც მოკლევადიან პერიოდში საზოგადოებაში კმაყოფილებას იწვევს.
ასეთ გარემოში მთავრობა იწყებს ანტიპლურალისტურ პოლიტიკას და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ის წარმოადგენს ხალხის ნებას, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს და ოპოზიციურ ძალებს წარმოაჩენს არა როგორც განსხვავებული ხედვის კონკურენტებს, არამედ როგორც მოღალატეებს, კრიმინალებს, უცხოურ აგენტებსა და სახელმწიფოს მტრებს. ასეთი ტიპის პროპაგანდა გამიზნულია მოსახლეობაზე, რომ მათი ნდობა ოპოზიციის მიმართ შემცირდეს და ხელისუფლება გამოჩნდეს როგორც უალტერნატივო მმართველი ძალა.
ავტორიტარიზმის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდა, სადაც პოლიტიკა ლეგიტიმურ ალტერნატიულ ძალებთან კონკურენციის რეჟიმიდან გადადის პატრიოტებსა და მტრებს შორის დაპირისპირების რეჟიმში. ისტორიული მოვლენები და კონკრეტული ქეისები ადასტურებენ, რომ ასეთ ვითარებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რადგან მათ ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა უფრო დიდ საფრთხედ მიაჩნიათ, ვიდრე არსებული ავტორიტარული ხელისუფლების მმართველობა. საზოგადოებაში შიშის და ცვლილებების მიმართ რეზისტენტულობის დათესვა წარმოადგენს ავტორიტარული სისტემის განმტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენს.
ავტორიტარული სისტემის გამყარებასა და ნორმალიზებაში დიდი როლი აქვთ სხვადასხვა სფეროში არსებული ელიტების წარმომადგენლებს. სატელიტი პოლიტიკური პარტიები, ბიზნეს ჯგუფები, გავლენიანი ფიგურები, ცნობილი სპორტსმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასეთი ტიპის რეჟიმებთან ხშირად თანამშრომლობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი შეძლებენ მთავრობაზე გარკვეული გავლენის მოხდენას, რომელსაც გამოიყენებენ თავიანთი პირადი ინტერესებისთვის. დროთა განმავლობაში ელიტები ხდებიან ავტორიტარული რეჟიმის დასაყრდენები, განსაკუთრებით კი ფინანსურ და რესურსულ ჭრილში. იქმნება ერთგვარი სიმბიოზი, სადაც მაგალითისთვის, ბიზნეს ჯგუფები (ე.წ „ძელეცები) ღებულობენ ხელისუფლებისგან სარგებელს, ხოლო სანაცვლოდ, ამ სარგებლიდან ახორციელებენ მმართველი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერას. ამის გარდა, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლება, დროთა განმავლობაში იწყებს ისეთი საკანონმდებლო ბაზის დანერგვას, რომელიც მას სამართლებრივად ანიჭებს შეუზღუდავი ძალაუფლების განხორციელების მანდატს.
დროთა განმავლობაში, ინგრევა დემოკრატიული ნორმები, მათ შორის ისეთი დამკვიდრებული წესები, როგორიც არის ურთიერთაღიარება და ინსტიტუციური თავშეკავება, რაც გულისხმობს დემოკრატიის დაზიანების პრევენციის მიზნით, კანონით მინიჭებული ძალაუფლების მაქსიმალურად გამოყენებისგან თავის შეკავებას.
დემოკრატიულ ხელისუფლებას ყოველთვის გააჩნია ძალაუფლების განხორციელების კანონიერი გზები, თუმცა, დემოკრატიის დაზიანების პრევენციის მიზნით, მთავრობა ახორციელებს თავისი ძალაუფლების თვითშეზღუდვას. ეს არის რეალური ფუნქციური დემოკრატიის დაუწერელი კანონი, რადგან ხელისუფლების ზოგიერთი ქმედება შესაძლოა ტექნიკურად და სამართლებრივად სწორი იყოს, თუმცა ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის, კონსტიტუციის და დემოკრატიული ღირებულებების სულისკვეთებას.
ავტორიტარიზმის განმტკიცების კიდევ ერთი ეტაპია დამოუკიდებელი ინსტიტუტების დამორჩილება. ხელისუფლება თანმიმდევრულად იწყებს ისეთ უწყებებზე კონტროლის დამყარებას, როგორიც არის სასამართლო, სპეცსამსახურები, პროკურატურა, სამართალდამცავი უწყებები, საარჩევნო ადმინისტრაცია, მარეგულირებელი ორგანოები, სახალხო დამცველი და სხვა. ეს ძირითადად ხორციელდება ე.წ რეფორმების საფარ ქვეშ, რა დროსაც პროფესიულ კადრებს ანაცვლებენ პარტიული ლოიალობითა და რეჟიმის ერთგულებით გამორჩეული ადამიანებით.
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დასუსტება ავტორიტარიზმის განმტკიცების ქვაკუთხედია. თავისი მიზნის მისაღწევად ხელისუფლება კრიტიკულ მედიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, აქტივისტებსა და საინიციატივო ჯგუფებს აცხადებს მტრებად და უცხოეთის ინტერესების გამტარებლებად. მათ წინააღმდეგ იწყება სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, მათ შორის ფინანსური შეზღუდვები, მედიებისთვის ლიცენზირების შეჩერებები და ჯარიმები, საგადასახადო შემოწმებები და ე.წ „უცხოური გავლენის შემცირებისკენ“ მიმართული კანონები. თანამედროვე ავტორიტარულ სისტემებში ყველაზე გავრცელებული მეთოდია მედიაზე ცენზურის დაწესება, რასაც თან სდევს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიები და არასამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა.
ავტორიტარიზმის გაძლიერების სტადიაში, ხელისუფლება იწყებს კანონების გამოყენებას შერჩევითი დასჯის ინსტრუმენტად. ამ ვითარებაში კანონმდებლობა ფორმალურად კვლავ მოქმედებს, მაგრამ ყველას მიმართ თანაბრად აღარ გამოიყენება. ოპოზიციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ბიზნეს ჯგუფები გამოძიების, თვალთვალის, ზეწოლის და სამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები, კრიმინალური ჯგუფები და ბიზნეს წრეები, მთავრობის მხრიდან პრივილეგიებითა და დაუსჯელობის გარანტიებით სარგებლობენ.
შემდეგი ნაბიჯი წარმოადგენს სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის ერთმანეთთან შერწყმასა და გაიგივებას. საჯარო სამსახური, სახელმწიფო შესყიდვები, სოციალური დახმარებები, ადმინისტრაციული რესურსი და სახელმწიფო კომუნიკაციები სრულად მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება და გარდაიქმნება ერთიან რეპრესიულ მანქანად. მოქმედებას იწყებს პრინციპი — „ერთგულებს ვაჯილდოვებთ, განსხვავებული აზრის მქონე პირებს კი ვსჯით“. შედეგად, ხელისუფლების ხელში გადადის ისეთი ფინანსური, ადმინისტრაციული და საინფორმაციო უპირატესობა, რომელთან კონკურენციაც ოპოზიციისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება. პარალელურად, ხელისუფლება ცვლის საარჩევნო წესებს. იწყება არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება ხორციელდება მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანებით, რთულდება პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ან არაფორმალურად ჩნდება რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები, იცვლება პარტიების დაფინანსების წესები და იზღუდება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ასეთი გარემო არ გამორიცხავს არჩევნების ჩატარებას, თუმცა ეს ხდება არათანასწორ პირობებში, სადაც შედეგი უკვე წინასწარ ცნობილია. ნენსი ბერმეომ თავის სტატიაში „დემოკრატიის უკუსვლა“ ამ პროცესს „აღმასრულებელი ძალაუფლების თანმიმდევრული გაფართოება“ უწოდა, რაც გულისხმობს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ, აღმასრულებელი ხელისუფლების შემაკავებელი მექანიზმების სათითაოდ დასუსტებას და მათზე სრული კონტროლის დამყარებას, რაც უმეტესწილად ფორმალობების და კანონების „დაცვით“ მიმდინარეობს.
ავტორიტარიზმის დამყარების კრიტიკულ ნიშნულს წარმოადგენს რეპრესიების მიმართ საზოგადოების შეჩვევა. ხელისუფლება ყოველ ახალ შეზღუდვას აცხადებს დროებითად, ტექნიკურად ან სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელ ნაბიჯად. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიღებული ზომები მხოლოდ დესტრუქციული, რადიკალური ან უცხოეთიდან მართული ჯგუფების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ცვლილებები როგორც წესი ეტაპობრივად მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ არც ერთი ცალკეული გადაწყვეტილება დემოკრატიის საბოლო განადგურებად არ იქნას აღქმული საზოგადოებაში. მოსახლეობა ნელ ნელა ეჩვევა ამ ნაბიჯებს, რაც ხელისუფლების ინტერესებშია. ავტორიტარული რეჟიმები კარგად აცნობიერებენ, რომ ასეთი შეზღუდვების ერთიანად მიღებამ შესაძლოა საზოგადოებაში მასშტაბური პროტესტი გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას სისტემას, აქედან გამომდინარე ასეთ რეჟიმებს ურჩევნიათ შედეგი დადგეს უფრო გვიან, თუმცა ის იყოს უფრო სტაბილური და მტკიცე.
ასეთი ვითარებაში არჩევნები, პარლამენტი, ოპოზიცია და გარკვეული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები შესაძლოა კვლავ არსებობდეს, თუმცა ხელისუფლების კონტროლი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ფინანსურ რესურსებზე, მედიასა და სამართალდამცავ სისტემაზე ანადგურებს რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას. სტივენ ლევიცკი ასეთ რეჟიმს „კონკურენტულ ავტორიტარიზმს“ უწოდებს, როდესაც ჩამოყალიბებულია სისტემა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ფორმალურად ბრძოლა და ზოგჯერ გამარჯვებაც, თუმცა მმართველი ძალა დემოკრატიულ წესებს სისტემურად არღვევს.
ავტორიტარული სისტემის მშენებლობა მაშინ სრულდება, როდესაც ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე არ ემუქრება, ხოლო დამოუკიდებელ ინსტიტუტებს მისი კონტროლისა და პასუხისმგებლობაში მიცემის უზრუნველყოფა აღარ შეუძლიათ.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ავტორიტარიზმი ხშირად არა რაიმე ტიპის გადატრიალებით ან ხელისუფლებაში ძალისმიერი მეთოდებით მყარდება, არამედ ეს შესაძლოა განხორციელდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ, რომელიც არჩევიდან ადრეულ პერიოდში დემოკრატიის შუქურად გვევლინება, თუმცა ნელი სვლით ის ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, აცხადებს ოპონენტებს მტრებად, აღვივებს პოლარიზაციას, იმორჩილებს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ზღუდავს მედიას და სამოქალაქო სექტორს, მოქმედებს შერჩევითი სამართლის პრინციპით და ახდენს სახელმწიფოს შერწყმას და გაიგივებას პარტიასთან.
საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ყველაზე დემოკრატიულ ხელისუფლებასაც კი ყოველთვის სჭირდება საზოგადოებრივი კონტროლი, რადგან შეუზღუდავი ძალაუფლება საბოლოო ჯამში დემოკრატიას, მოქალაქეთა თავისუფლებას, თანასწორობას და პოლიტიკურ კონკურენციას უფრთხის საფრთხეს, რაც ნიშნავს ქვეყნის მომავალის და განვითარების განადგურებას.
წყაროები:
1) Bermeo, Nancy. “On Democratic Backsliding.” Journal of Democracy 27, no. 1 (2016): 5–19.
2) Bermeo, Nancy. Ordinary People in Extraordinary Times: The Citizenry and the Breakdown of Democracy. Princeton, NJ: Princeton University Press, 2003.
3) Helmke, Gretchen, and Steven Levitsky, eds. Informal Institutions and Democracy: Lessons from Latin America. Baltimore: Johns Hopkins University Press, 2006.
4) Levitsky, Steven, and Lucan A. Way. Competitive Authoritarianism: Hybrid Regimes after the Cold War. New York: Cambridge University Press, 2010.
5) Levitsky, Steven, and Lucan A. Way. “The New Competitive Authoritarianism.” Journal of Democracy 31, no. 1 (2020): 51–65.
6) Levitsky, Steven, and Lucan A. Way. Revolution and Dictatorship: The Violent Origins of Durable Authoritarianism. Princeton, NJ: Princeton University Press, 2022.
7) Levitsky, Steven, and Daniel Ziblatt. How Democracies Die. New York: Crown, 2018.
8) Riedl, Rachel Beatty, Dan Slater, Joseph Wong, and Daniel Ziblatt. “Authoritarian-Led Democratization.” Annual Review of Political Science 23 (2020): 315–332.
გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.
© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.