ბლოგი
დიპლომატი პატრიარქი: ილია მეორე და საქართველოს ადგილი ევროპაში
2026 წლის 17 მარტს აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ადამიანი, რომელმაც შექმნა ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა.
მე მქონდა პატივი, არაერთხელ შევხვედროდი პატრიარქს ფორმალურ თუ არაფორმალურ ვითარებაში. დღეს, მინდა ჩემი პროფესიის, დიპლომატიის, გადასახედიდან ვთქვა ორიოდე სიტყვა ილია მეორეზე.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი პერიოდი გადამწყვეტი იყო ახალშობილი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. უამრავ პრობლემას, რომელიც გამოწვეული იყო, საბჭოეთის დაშლის სირთულეებით, სამოქალაქო ომით, შიდა კონფლიქტებით, ძირძველ ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვით, იძულებით ადგილნაცვალ პირთა სიმრავლით, ემატებოდა ის ობიექტური სირთულე, რომელიც ახალი, პატარა ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას უკავშირდება. ყველა უცხოელი პარტნიორი, როგორც საბჭოეთს ისე აღგვიქვამდა და რუსეთის პრიზმაში გვიყურებდა. ბევრი ახსნა გვჭირდებოდა, რომ განგვემარტა კოლეგებისთვის ვინ ვართ და საიდან მოვედით, რომ ამერიკის შტატი კი არა, შავიზღვისპირა სახელმწიფო ვართ; რუსულად კი არ ვწერთ და ვლაპარაკობთ, არამედ ჩვენი უნიკალური ენა და ანბანი გვაქვს. ყველაზე დიდი აღმოჩენა უცხოელისთვის კი ის იყო ხოლმე, რომ თურმე ვიღაც ურჯულო ტომი კი არა, უძველესი ქრისტიანი ერი ვყოფილვართ. ამის ახსნაში, ჩვენ, ქართველ დიპლომატებს უამრავი დრო და ენერგია გვეხარჯებოდა.
ეს იმიტომ ვახსენე, რომ გასული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის პირველ დეკადაში, საქართველოში ვიზიტად მყოფი მაღალი თანამდებობის პირები, პატივად მიიჩნევდნენ პატრიარქთან აუდიენციას; იმ პერიოდში ეს ერთგვარ წესადაც კი იქცა, რომ ჩამოსული დელეგაცია დაჟინებით ითხოვდა პატრიარქთან შეხვედრას. მისი უწმინდესობაც, არასდროს იზარებდა და ყველა მსურველს მასპინძლობდა. აქ ლაპარაკია არა მარტო მართლმადიდებელ თუ ქრისტიან სტუმრებზე, არამედ ნებისმიერი აღმსარებლობის ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელზე.
მე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რამდენჯერმე მომიწია ვხლებოდი უცხოურ დელეგაციას პატრიარქთან აუდიენციაზე. სწორი წარმოდგენა, რომ შეგექმნათ, ეს არ იყო პროტოკოლური, ე.წ. თავაზიანი სტუმრობა, ან უბრალოდ ფოტოს გადაღების შესაძლებლობა. ეს იყო სრულყოფილი დიპლომატიური ღონისძიება, რომელზეც საფუძვლიანად მსჯელობდნენ იმ პერიოდის, როგორც საქართველოსათვის საჭირბოროტო, ისე გლობალურად აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე.
პატრიარქი ვრცლად საუბრობდა ქართველებზე, როგორც ევროპულ ერზე, და საქართველოზე, როგორც ევროპულ სახელმწიფოზე. ყველას ეუბნებოდა, რომ ჩვენი მრწამსით, ისტორიით, კულტურით, ფასეულობებით ყოველთვის ვიყავით ევროპელები და მხოლოდ ისტორიის უკუღმართობის ბრალია, რომ მოწყვეტილი ვართ ჩვენს ბუნებრივ გარემოს. მოჰყავდა მაგალითები ისტორიიდან თუ როგორ იღვწოდნენ ჩვენი წინაპრები ევროპულ მონარქიებთან კავშირების დასამყარებლად. ამბობდა, რომ დღეს მოვიდა დრო, რომ საქართველო გახდეს ევროპის განუყოფელი ნაწილი.
ევროპასთან ერთად, აუცილებლად ნატოსაც ახსენებდა. ყველას ეუბნებოდა, რომ ასეთ ფეთქებადსაშიშ რეგიონში მდებარე პატარა საქართველოს უსაფრთხოება მხოლოდ ნატოს წევრობის შემთხვევაში იქნება გარანტირებული და ამიტომ აუცილებლად უნდა მიგვიღოთ ალიანსშიო.
მისი მთავარი ტკივილი და საზრუნავი კი აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო. ცხადი იყო, რომ ამას პირად ჭრილობად აღიქვამდა. არ მახსენდება შემთხვევა, რომ სტუმრისთვის არ ეთხოვოს შუამდგომლობა რუსეთთან, რათა ისინი დაგვხმარებოდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაში.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოური დელეგაციის ვიზიტს ამზადებდა, ყველა იმ უწყებას, სადაც დელეგაცია უნდა მისულიყო, სასაუბროს უგზავნიდა. ეს იყო იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც მიზანშეწონილად მიგვაჩნდა სტუმრებთან განსახილველად. შეიძლება ვცდები და ამიტომ არ განვაზოგადებ, მაგრამ მე პირადად, არასდროს მომიმზადებია პატრიარქისთვის სასაუბრო. თუმცა, რომც მომემზადებინა, იმაზე უკეთ ვერაფერს დავწერდი, როგორც პატრიარქი აყალიბებდა თავის გზავნილებს.
ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი მახსენდება. 2001 წელს ნატოში ვარ ელჩი. ელჩების ყოველკვირეულ სხდომაზე სტუმრად იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ესპანელი დეპუტატი რაფაელ ესტრელა. სტუმარმა წარმოადგინა ასამბლეის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში. ახსენა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები, მათ შორის საქართველოში. და ასეთი რამ თქვა: საქართველოში ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინაო. ეს იყო შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. იმდენად მოვიხიბლე მასთან საუბრით, რომ მინდა ვინატრო მეც მყავდეს ისეთი საგარეო პოლიტიკის მრჩევლები, როგორებიც მას ჰყავსო.
სხდომის შემდეგ მივედი ბატონ ესტრელასთან გავეცანი და მადლობა გადავუხადე თბილი სიტყვებისთვის. ისიც ვუთხარი, რომ, რამდენადაც ვიცი, პატრიარქს არ ჰყავს, საგარეო-პოლიტიკის დარგში მრჩეველი და რაც გელაპარაკათ ყველაფერი მისი პირადი ნააზრევი იქნებოდა მეთქი. შევატყვე, რომ არ დამიჯერა, მაგრამ მთხოვა აუცილებლად მომეყოლა პატრიარქისთვის მის მიერ სხდომაზე ნათქვამის თაობაზე. როცა შევხვდი მის უწმინდესობას და მოვუყევი, სახეზე ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაუარა.
ამ დღეებში ბევრი იწერება პატრიარქზე, მის მოღვაწეობაზე; მომავალში კიდევ მეტი ითქმება და დაიწერება. ჩემის მხრივ, მინდა მხოლოდ ის ვთქვა, რომ მან ფასდაუდებელი როლი ითამაშა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე ღირსეულად წარმოჩენაში, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა და პრიორიტეტების მკაფიოდ გაცხადებაში, საქართველოს, როგორც არა რუსეთის უკანა ეზოს, არამედ დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს იმიჯის ჩამოყალიბებაში. და ამას ბევრ პოლიტიკოსზე უფრო ეფექტურად და დამაჯერებლად აკეთებდა.
აქ შეიძლება შემეკამათონ, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. დიახ, სამართლებრივად ასეა , მაგრამ თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ ქართული სამღვდელოება ძნელბედობის ჟამს არ იზარებდა საერო ფუნქციების ზიდვასაც. ილია მეორეც მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე არ იფარგლებოდა მხოლოდ სასულიერო პირის სამოსით და დაუღალავად იღვწოდა პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდში. მისი პიროვნული ხიბლი, რომელიც მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულს ასხივებდა, ბევრად ადვილად აღწევდა შედეგს, ვიდრე კარგად მომზადებული და ზედმიწევნით გაშალაშინებული დიპლომატიური საუბრები.
ხვალ ილია მეორეს დავკრძალავთ. რაც ახლა მაშინებს არის ის, რომ მასთან ერთად, მისი შექმნილი ეპოქაც არ დავკრძალოთ; მინდა მჯეროდეს, რომ „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება”.
21 მარტი 2026
ელჩი დავით დონდუა გამოცდილი ქართველი დიპლომატი და ექსპერტია საერთაშორისო უსაფრთხოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში 1993-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, მათ შორის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა(ეუთო) და ნატოში. დიპლომატიური სამსახურის პარალელურად, დ. დონდუა ეწეოდა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას – სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად და მოწვეულ ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად დ. დონდუა არის ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში (IACA) ვენაში. ასევე არის „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
