კომენტარი

გიორგი რობაქიძის წინამდებარე ანალიტიკური სტატია მიმოიხილავს უნგრეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც სცდება ერთი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ტესტს ევროპის გეოპოლიტიკური მომავლის განსასაზღვრად. სტატიაში ავტორი აანალიზებს ვიქტორ ორბანის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციას, პეტერ მადიარის, როგორც სისტემიდან წამოსული ალტერნატივის გამოჩენას და პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად არსებულ სტრუქტურულ შეზღუდვებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უნგრეთის როლს ევროკავშირში, მის ურთიერთობებს რუსეთსა და აშშ-სთან, ასევე ამ პროცესის გავლენას ევროკავშირის ერთიანობასა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებზე.

გიორგი ტუმასიანის ანალიტიკური სტატია მიმოიხილავს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ევროპარლამენტში გამოსვლის ფონზე. ავტორი აანალიზებს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს, რეგიონული სატრანსპორტო კავშირების აღდგენის პერსპექტივას და სომხეთის მზარდ მისწრაფებას ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს სტრატეგიულ როლს, როგორც სამხრეთ კავკასიის ევროპასთან დამაკავშირებელ მთავარ დერეფანს. ავტორი ამტკიცებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაუარესება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ სომხეთის დემოკრატიულ ტრაექტორიასაც. სტატია წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიზს იმის შესახებ, თუ რატომ არის საქართველოს დემოკრატიის დაცვა გადამწყვეტი ფაქტორი მთელი რეგიონის სტაბილურობისა და ევროპული პერსპექტივისთვის.

გიორგი რობაქიძის ახალი ანალიტიკური სტატია — „მკაცრი ძალა, მკაცრი არჩევანი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2026 წლის ძირითადი გზავნილები“ — მიმოიხილავს 2026 წლის მიუნხენის კონფერენციაზე გამოკვეთილ ძირითად გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ტრანსფორმაციას. ავტორი აანალიზებს ევროპის მზარდ მზადყოფნას, აიღოს საკუთარ თავზე უსაფრთხოების სფეროში სისტემური პასუხისმგებლობა — ინდუსტრიული გადაიარაღების, ფინანსური მობილიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების გზით. სტატიაში განხილულია უკრაინის ომის სტრუქტურული გავლენა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ევროკავშირის თავდაცვითი ინდუსტრიული პოლიტიკის გაძლიერება, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დაახლოება, ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ახალი, უფრო დაბალანსებული ფაზა. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ევროპის სტრატეგიული ავტონომია არ წარმოადგენს ნატოს ალტერნატივას, არამედ მისი მდგრადობის აუცილებელ წინაპირობას. სტატია წარმოადგენს აქტუალურ ანალიზს ევროპის უსაფრთხოების ახალი პარადიგმის ფორმირებაზე.

სტატიაში ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია მიმოიხილავს აშშ-ის პოლიტიკის არსებით ცვლილებას, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გამოიკვეთა. გაანალიზებულია აშშ-ის მხარდაჭერით ფორმირებული მშვიდობისა და დაკავშირებადობის ახალი ინიციატივები, მათ შორის TRIPP-ის კორიდორი და საინვესტიციო, თავდაცვითი და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შეთანხმებები. ამერიკული ჩართულობა დიპლომატიური ფორმატიდან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტეგრაციაზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვნად ცვლის რეგიონულ ძალთა ბალანსს.
ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოს ამოვარდნა პროცესებიდან და გაანალიზებულია ის ნაბიჯები, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა უნდა გადადგას, რათა დაიბრუნოს აშშ-სთან სტრტეგიული პარტნიორობა.

სტატიაში ელჩი დავით დონდუა 2026 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ახალ სტრატეგიას განიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და დასავლეთ ნახევარსფეროში უპირობო გავლენის შენარჩუნებაა, რის შედეგადაც ევროპის მნიშვნელობა მცირდება. მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის შეკავებაზე ტრადიციული ფოკუსისა, ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. ანალიზი ასახავს ამ ცვლილების გავლენას ნატოზე, აშშ-ის პოლიტიკაზე რუსეთისა და უკრაინის მიმართ და ევროპული სტრატეგიული ავტონომიის შესახებ გააქტიურებულ დებატებზე.

ამ კომენტარში გაანალიზებულია აშშ-ის გასვლა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ამ ნაბიჯის ფართომასშტაბიან გავლენა ევროპისა და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის. საუბარია კლიმატის მართვის, კონფლიქტების პრევენციის, დემოკრატიისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროში შექმნილ სტრატეგიულ ვაკუუმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნება ნატოსთვის, ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ ევროპის მდგრადობისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს, სადაც აშშ-ის ჩართულობის შემცირება აძლიერებს ადგილობრივ მთავრობას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ავტორის აზრით, ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, გააძლიეროს ინსტიტუტები და მოერგოს ისეთ სამყაროს, რომელშიც ამერიკის მონაწილეობა შერჩევითი, პირობითი და შექცევადი იქნება.

2025

„მომავალს არ შექმნიან ისინი, ვინც გულგრილად გვერდზე დგანან, არამედ ისინი, ვინც ცხოვრების რეალობაში აქტიურად მონაწილეობენ.“

ალჩიდე დე გასპერი

Scroll to Top