კომენტარი
რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები: პრაგმატიზმსა და კონფრონტაციას შორის
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
რუსეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები 2025 წელს სულ უფრო აშკარად გადავიდა ფარული დაძაბულობიდან ღია კონფრონტაციისკენ. მიუხედავად წლების განმავლობაში შენარჩუნებული პრაგმატული თანამშრომლობისა ენერგეტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში, მოსკოვსა და ბაქოს შორის ნდობა თანდათან დაირღვა. გარდამტეხი მომენტი კამ კუთხით რუსეთის მიერ უკრაინაში SOCAR-ის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა გახდა, რაც ოფიციალური ბაქოს მიერ აღქმული იქნა როგორც მკაფიო პოლიტიკური და დიპლომატიური სიგნალი.
SOCAR-ის ოდესის ოლქში მდებარე საწვავის საცავებზე განხორციელებულმა საავიაციო დარტყმებმა ცხადყო, რომ რუსეთი მზად არის ზეწოლა მოახდინოს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მის პარტნიორებზეც. უკრაინის ხელისუფლებამ ეს შეტევები რეგიონული ენერგოუსაფრთხოებისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა. აღნიშნული ინციდენტები ეწერება უფრო ფართო კონტექსტში, რომელიც მოიცავს ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რუსეთის შიგნით განხორციელებულ ძალადობრივ ოპერაციებს და აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობა მნიშვნელოვნად შეარყია.
მოსკოვის სტრატეგია ეფუძნება არაპირდაპირ ზეწოლას და ბუნდოვან სიგნალებს: ოფიციალური პასუხისმგებლობის აღების გარეშე, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ შეუძლია რეგიონული ენერგეტიკული ნაკადების დარღვევა და აზერბაიჯანის დასავლეთთან დაახლოების შეფერხება. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ პირველი დარტყმა დაემთხვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით გაფორმებულ სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებას, რაც კრემლისთვის კავკასიაში დასავლური ჩართულობის გაძლიერების წინააღმდეგ მიმართული მკაფიო ნიშანი იყო.
აზერბაიჯანისთვის ეს ვითარება რთულ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან არჩევანს ქმნის. ერთის მხრივ, ბაქო ცდილობს თავიდან აიცილოს ღია კონფლიქტი რუსეთთან, თუმცა მეორეს მხრივ, SOCAR-ზე შეტევების იგნორირება აზიანებს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სანდოობას. ამასთან რუსული პოლიტიკა საბოლოოდ თავადვე ასუსტებს მის გავლენას კავკასიაში, ხოლო აზერბაიჯანს უბიძგებს უფრო მტკიცედ დაუკავშიროს საკუთარი მომავალი დასავლურ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სტრუქტურებს.
გიორგი რობაქიძე
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
