კომენტარი
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: უკუსვლა კანონმდებლობაში, პოლიტიკური რეგრესია და საზოგადოების მტკიცე არჩევანი - არსებობს გამოსავალი?
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შევიდა ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ფაზაში ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო, პრაქტიკულად, არა მხოლოდ შეაჩერა ევროკავშირისკენ მსვლელობა, არამედ საფრთხე შეუქმნა წლების განმავლობაში დაგროვილ მიღწევებსა და შედეგებს.
2024–2025 წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიული უკუსვლის მდგრადი ტენდენცია, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულების 2-ე და 49-ე მუხლებსა და კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებს. მიღებულმა კანონებმა და ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე, დამოუკიდებელი მედია, აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, შემცირდა ხელისუფლების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების პაკეტი, საქართველოს უკვე აღწერს, როგორც „კანდიდატ ქვეყანას მხოლოდ სახელით“, რაც მკაფიო სიგნალია ბრიუსელის მხრიდან. ანგარიშში ხაზგასმულია სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, ფუნდამენტური უფლებების და სამართლის უზენაესობის გაუარესება. ევროკავშირის ინსტიტუტებმა პასუხისმგებლობა პირდაპირ დააკისრეს საქართველოს ხელისუფლებას და გააფრთხილეს, რომ არსებული კურსის გაგრძელება, გამოიწვევს იმ სარგებლის ეროზიას, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოიპოვა.
ევროპარლამენტის 2025 წლის რეზოლუციამაც დაადასტურა ეს შეფასება, მკაცრად გააკრიტიკა სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და ინსტიტუციური დეგრადაციის ტენდენცია.
ამავდროულად, შიდა რეალობა მკვეთრად ასიმეტრიულია: საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობის მიმართ კვლავ 80%-ზე მეტია, მაშინ როდესაც სახელმწიფო ნარატივი სულ უფრო სკეპტიკური და კონფრონტაციული ხდება. ეს ქმნის ღრმა ინსტიტუციურ და ნარატიულ განხეთქილებას სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, ასევე აზიანებს პროფესიონალურ სახელმწიფო ინსტიტუციებს, მათ შორის დიპლომატიურ სამსახურს.
მიღებულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა, რომელთა შორისაც არის „უცხოური გავლენის კანონი“, პროტესტთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევამ, დაარღვია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და DCFTA-ის შეთანხმებების ფარგლებში. შედეგად, გაქრა პოლიტიკური ნდობა ბრიუსელსა და თბილისს შორის და შეიცვალა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, ლიდერი რეფორმატორიდან, რისკის შემცველ ქვეყნამდე.
ევროპულ გზაზე დაბრუნება კვლავ შესაძლებელია, თუმცა ის მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას და სისტემურ ცვლილებებს. კრიტიკულად აუცილებელია:
- ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონების გაუქმება ან არსებითი ცვლილება;
- ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაფუძნებული რეფორმების აღდგენა;
- ინსტიტუციური დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა;
- ფართო პარტიული კონსენსუსის ჩამოყალიბება ევროპული ინტეგრაციის გარშემო;
- ევროკავშირის ინსტიტუტებთან ტექნიკურ დონეზე ნდობის აღდგენა.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი, ის ქვეყნის პოლიტიკური სიმწიფისა და კოლექტიური იდენტობის გამოცდაა. არჩევანი დღეს, აღარ არის მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ იმ შესაძლებლობის შენარჩუნება, რომ ეს გზა რეალურად გვრჩებოდეს. დრო ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა პროცესის გადადება და მისი ფასი, შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდეს, ვიდრე დღეს ეს ჩანს.
ნოემბერი 2025
თეიმურაზ ჯანჯალია
ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია არის კარიერული დიპლომატი, რომელსაც 26 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მინისტრის მოადგილისა და ლატვიაში ელჩის პოზიციებზე. ის ხელმძღვანელობდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს, ეკონომიკურ დიპლომატიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებს და მონაწილეობდა მნიშვნელოვან რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
