კომენტარი
რუსეთის ხელოვნური ინტელექტის შეტევა და ევროპის კოგნიტური თავდაცვა
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე კონფლიქტებში გადამწყვეტ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ინფორმაციას სტრატეგიულ ბრძოლის ველად გარდაქმნის. თავდაპირველად, ანალიზისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი, ამჟამად სისტემატურად გამოიყენება აღქმების მანიპულირების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და დემოკრატიული მდგრადობის დასუსტების მიზნით. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ დააჩქარა ეს ტრანსფორმაცია, რამაც ხელოვნური ინტელექტით მართული პროპაგანდა მოსკოვის ჰიბრიდული ომის სტრატეგიის მთავარ საყრდენად აქცია.
რუსეთმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დეზინფორმაციის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა. ადამიანის მიერ მართული ტროლების ოპერაციები ავტონომიური ბოტების ქსელებით ჩაანაცვლა. ასეთ ბოტებს შესწევთ უნარი მინიმალური დანახარჯებით შექმნან ნებისმიერ თემას მორგებული, დიდი რაოდენობის მრავალენოვანი შინაარსის მასალა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, რეალობასთან მიახლოებული ყალბი აუდიო/ვიდეო მასალა (Deep fake), კლონირებული მედია საშუალებები, შეთხზული მტკიცებულებები და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სოციალური მედიის კომენტარები გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის დასაკარგად, დასავლეთის ერთიანობის შესარყევად და გადაწყვეტილების მიღების გასართულებლად. ეს ოპერაციები ქმნის ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის ილუზიას, ამახინჯებს საჯარო დებატებს და არღვევს ტრადიციული ვერიფიკაციისა და დიპლომატიური რეაგირების მექანიზმებს.
ეს საფრთხე სცდება უკრაინის ფარგლებს. რუსული ხელოვნური ინტელექტით მართული გავლენის კამპანიები სულ უფრო ხშირად უმიზნებენ ევროპულ საზოგადოებებს, იყენებენ ციფრულ პლატფორმებს თემების პოლარიზაციისთვის, საარჩევნო გარემოს მანიპულირებისთვის და ევროპული პროექტის მიმართ ნდობის შესარყევად. ამ კამპანიების მრავალწახნაგოვანი ბუნება საშუალებას აძლევს ერთ კოორდინირებულ ოპერაციას ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაზე მოახდინოს გავლენა, რაც სისტემურ საფრთხეს უქმნის ევროპის საინფორმაციო სივრცეს და დემოკრატიულ ერთიანობას.
უკრაინის რეაგირება დემოკრატიული მდგრადობის მოდელს გვთავაზობს. ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მყოფმა უკრაინულმა ინსტიტუტებმა და ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი თავდაცვითი ინსტრუმენტები დეზინფორმაციის რეალურ დროში აღმოსაჩენად, გასაანალიზებლად და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ფართო ენობრივი მოდელების, ღია წყაროებით დაზვერვისა და ინფორმაციის სწრაფი გავრცელების ერთობლიობით, ეს ინიციატივები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გავლენის იარაღიდან კოგნიტური დაცვის ინსტრუმენტად გარდაიქმნას.
ხელოვნური ინტელექტის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპისგან მოითხოვს კოორდინირებულ, მრავალშრიან სტრატეგიას. აუცილებელია ინვესტიციები დეზინფორმაციის ადრეული აღმოჩენის ტექნოლოგიებში, დამოუკიდებელი მედიისა და ფაქტების გადამოწმების მხარდაჭერაში, უფრო ძლიერ მარეგულირებელ ჩარჩოებსა და დახვეწილ ციფრულ ცნობიერებაში. ციფრულ ეპოქაში სიმართლის დაცვა აღარ არის მეორე ხარისხოვანი საკითხი, არამედ უსაფრთხოების ძირითადი ამოცანაა. მხოლოდ ტექნოლოგიური შესაძლებლობების, ეთიკური სიცხადისა და კოლექტიური მოქმედების გზით შეუძლიათ დემოკრატიულ საზოგადოებებს დაიცვან საინფორმაციო სივრცე და თავიანთი სტრატეგიული ინტერესები.
ნოემბერი 2025
