კომენტარი

აშშ-ს 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე

2025 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ევროპისთვის კრიტიკულ პერიოდში გამოიცა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე აშკარა მუქარის, ჰიბრიდული თავდასხმების გამწვავების, საერთაშორისო წესრიგის ცვალებადობისა და გლობალური ტექნოლოგიური პაექრობის ფონზე, ვაშინგტონის ახალი სტრატეგია ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებას მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია ფორმალურად ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას ნატოსა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ, ის მომავალ მხარდაჭერას, ევროპის მხრიდან, სტრატეგიულ და ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირებს. ავტომატური გარანტიები ტრანზაქციული ჩართულობით იცვლება, რაც ევროპას გაცილებით დიდი თავდაცვითი და ინდუსტრიული პასუხისმგებლობის აღებას აიძულებს.

ამავდროულად, ვაშინგტონს, ევროპის მიმართ, აქამდე უპრეცედენტო პოლიტიკურ ელემენტებს შემოაქვს. ის ევროპას ერთადერთ რეგიონად წარმოაჩენს დედამიწაზე, სადაც დემოკრატია „რეალური რისკის ქვეშაა“ და ღიად აკრიტიკებს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს, ვაშინგტონის მიდგომის გაუზიარებლობის გამო. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ სტრატეგია ხოტბას ასხამს „პატრიოტული ევროპული პარტიების“ აღზევებას, რითაც ცდილობს ევროპის პოლიტიკურ სივრცეში MAGA-ს დღის წესრიგის ასპექტების შემოტანას. ეს დინამიკა ტრანსატლანტიკური ერთობაში განხეთქილებისა და დანაწევრების საფრთხეს ქმნის და რუსეთს ჰიბრიდული და კოგნიტური ომის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, მემარჯვენე ევროპული პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას აანონსებენ, წინააღმდეგობაშია თავად პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნასთან ევროპამ გაზარდოს თავდაცვის სფეროში ინვესტირება.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ასევე მიანიშნებს, რომ ნატოს გაფართოება აღარ არის აშშ-ს პრიორიტეტი. ეს სიახლე სტიმულს უკარგავს ნატოს წევრობის მსურველ ქვეყნებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რათა დააკმაყოფილონ თავდაცვის ხარჯების გაზრდილი მშპ-ის 5%-იანი წილი, რომელიც თვით პრეზიდენტ ტრამპის მიერ იყო ინიცირებული, ნატოს 2025 წლის ჰააგის სამიტზე. ეს სიახლე, თავის მხრივ, თავად ვაშინგტონს უსუსტებს ზეგავლენის ბერკეტებს ევროპულ სახელმწიფოებზე.

მოცემულ სიტუაციაში, ევროპას ოთხი შესაძლო სტრატეგიული გზა აქვს: ღრმა ტრანსატლანტიკური გაერთიანება (ნაკლებად სავარაუდო), შერჩევითი თანამშრომლობა სტრატეგიული ავტონომიის ფარგლებში (შეზღუდული შიდა განხეთქილებების ფონზე), სრული სტრატეგიული დამოუკიდებლობა (არსებულ ვითარებაში ფაქტიურად არარეალური) ან ფრაგმენტაცია (ყველაზე სავარაუდო, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა ევროპულ პოლიტიკაში).

ამ ახალ ეპოქაში საკუთრი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ევროპამ სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები, განამტკიცოს ინდუსტრიული მდგრადობა, ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობა და საზოგადოების დაცვა ჰიბრიდული საფრთხეებისგან. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანობა, და ამასთან, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთის მტკიცე მხარდაჭერა აუცილებელია.

შეჯამების სახით: ტრამპისეული ამერიკა აღარ მიიჩნევს ევროპას თანასწორ სტრატეგიულ პარტნიორად. თუ ევროპას სურს საკუთარი უსაფრთხოებისა უზრუნველყოფა, მან დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ევროპა – გამოფხიზლების დროა!

დავით დონდუა

ელჩი დავით დონდუა გამოცდილი ქართველი დიპლომატი და ექსპერტია საერთაშორისო უსაფრთხოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში 1993-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, მათ შორის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა(ეუთო) და ნატოში. დიპლომატიური სამსახურის პარალელურად, დ. დონდუა ეწეოდა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას – სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად და მოწვეულ ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად დ. დონდუა არის ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში (IACA) ვენაში. ასევე არის „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
Scroll to Top