კომენტარი
საქართველოს სტრატეგიული მომავალი: აღმავალი ცენტრი, თუ ჩამქრალი წერტილი?
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
საქართველო ისტორიული არჩევანის წინაშე დგას. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც ევრაზიული კავშირები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ციფრული ინფრასტრუქტურა ახალი გლობალური, წესებით ყალიბდება, სამხრეთ კავკასიამ შეიძინა კიდევ უფრო ძლიერად სტრატეგიული დერეფნის ფუნქცია. ამ პროცესებში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კვლავ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს, თუმცა შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სტრატეგიული გაურკვევლობა, ამ უპირატესობას სერიოზულ რისკის ქვეშ აყენებს.
აზერბაიჯანის გაძლიერებული ინფრასტრუქტურული პოლიტიკა და მისი მჭიდრო პარტნიორობა თურქეთთან მნიშვნელოვნად ცვლის აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანზიტო არქიტექტურას. პარალელურად, საქართველო აწყდება ინფრასტრუქტურის სტაგნაციას, სატრანსპორტო მარშრუტებზე შეფერხებებს და პარტნიორებთან ურთიერთობების დაძაბვას, რაც ქვეყნის სატრანზიტო როლის შემცირების რეალურ საფრთხეს ქმნის.
ევროკავშირი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც აქტიურად აყალიბებენ ახალ კავშირებს, ფინანსურ და სტრატეგიულ ჩარჩოებს ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებისთვის. ამ კონტექსტში საქართველო ბუნებრივ საყრდენად განიხილებოდა შავი ზღვის მიმართულებით, თუმცა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებამ და დემოკრატიული უკუსვლის არსებულმა რეალობამ, ქვეყნის სანდოობა შეარყია.
შიდა პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების აშკარად პროევროპული არჩევანი ქმნის ლეგიტიმაციის სერიოზულ დისბალანსს, რაც უკვე აისახება საქართველოს საერთაშორისო პოზიციასა და საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურება, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სარკინიგზო მოდერნიზაციის თემები, კიდევ უფრო აჩქარებს რისკს, რომ საქართველო გადაიქცეს არა ჰაბად, არამედ მეორეხარისხოვან სატრანზიტო წერტილად.
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მკაფიო სტრატეგიულ არჩევანზე: დემოკრატიული რეფორმების აღდგენაზე, ევროკავშირსა და აშშ-სთან ნდობის გაძლიერებაზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის საჯარო და პრაქტიკულ დადასტურებაზე.
შესაძლებლობა რეალურია, მაგრამ ფანჯარა ვიწროვდება. თუ საქართველო იმოქმედებს დროულად და თანმიმდევრულად, მას შეუძლია გახდეს არა მხოლოდ გამტარი დერეფანი, არამედ სრულფასოვანი რეგიონული ჰაბი და სტრატეგიული პარტნიორი. 2025 წელი სწორედ ასეთი არჩევანის მომენტი იყო.
დეკემბერი 2025
თეიმურაზ ჯანჯალია
ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია არის კარიერული დიპლომატი, რომელსაც 26 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მინისტრის მოადგილისა და ლატვიაში ელჩის პოზიციებზე. ის ხელმძღვანელობდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს, ეკონომიკურ დიპლომატიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებს და მონაწილეობდა მნიშვნელოვან რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
