კომენტარი
აშშ-ს გასვლა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან: შედეგები ევროპისთვის და მისი აღმოსავლეთი ფლანგისთვის
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გაიყვანოს შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, კონვენციებიდან და ხელშეკრულებებიდან, მათ შორის 31 გაეროს ორგანოდან, თანამედროვე ისტორიაში მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უკან დახევას წარმოადგენს. სუვერენიტეტის აღდგენად და „გლობალისტური“ დღის წესრიგის უარყოფად წარმოჩენილი ეს გადაწყვეტილება, აშშ-ის შიდა პოლიტიკის მიღმა, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს გლობალურად. ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის, რომლებიც გლობალური სტაბილურობის, დემოკრატიული ნორმებისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ-ის ლიდერობის იმედად იყვნენ, ამერიკის გასვლა ამ ორგანიზაციებიდან სტრუქტურულ შოკს წარმოადგენს.
აშშ-ის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი განსაკუთრებით ოთხი მნიშვნელოვან სფეროზე იმოქმედებს უარყოფითად: კლიმატის პოლიტიკა, კონფლიქტების პრევენცია, დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ჰიბრიდული უსაფრთხოება. ისეთი ორგანიზაციებიდან გასვლა, როგორიცაა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC), ვენეციის კომისია, საერთაშორისო IDEA და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სრულყოფილების ცენტრი, ყველა ამ მიმართულებით წარმოქმნის სტრატეგიულ ვაკუუმს. საერთაშორისო პოლიტიკიდან გასვლა არ ნიშნავს ნეიტრალიტეტს. ვაკუუმს ყოველთვის ვიღაც ანაცვლებს ხოლმე. როგორც წესი, ამას ავტორიტარული ძალები აკეთებენ ყველაზე ეფექტურად. შედეგად კი, ძირს უთხრიან დემოკრატიულ ნორმებს, ინსტიტუციურ სტაბილურობას და რეგიონულ უსაფრთხოებას.
აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთისთვის, შედეგები განსაკუთრებით მძიმე იქნება. ეს ქვეყნები ისედაც სტრატეგიულ რუხ ზონაში იმყოფებიან – ფორმალურად სუვერენულები, მაგრამ რევანშისტული ძალების მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ. საქართველოში, სადაც დემოკრატია ისედაც მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშაა, მთავრობამ ბოლო წლები ევროპის სუსტად და კორუმპირებულად წარმოჩინებას მოანდომა. აშშ-ს ჩართულობის შემცირება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს მთავრობას გაამართლოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება და დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმა. ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, ინსტიტუციური მიტაცება და ენერგეტიკული ბერკეტები, კიდევ უფრო აძლიერებს ამ რისკებს.
ევროპა გადაუდებელი გამოწვევის წინაშე დგას – მრავალმხრივი ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ნორმების შენარჩუნება, ამავე დროს, ადაპტირება იმ სამყაროსთან, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა შერჩევითი, ტრანზაქციული და შექცევადი იქნება. ეს მოითხოვს ევროპული ინვესტიციების ზრდას ინსტიტუტების განმტკიცებაში, პოლიტიკურ ერთიანობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში, სტრატეგიულ მოთმინებას აშშ-სთან თანამშრომლობაში და იმის აღიარებას, რომ სუვერენიტეტი ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე, გამოიწვევს დანაწევრებას, რაც სერიოზული საფრთხეა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის.
ევროკავშირის გაფართოება, რომელიც მუდამ ეფუძნებოდა დემოკრატიული რეფორმების დაცვას ტრანსატლანტიკური გარანტიების მეშვეობით, ახლა უფრო მეტ სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს. საქართველოსა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის, უკუქცევის თავიდან ასაცილებლად და ევროპული ინტეგრაციისკენ იმპულსის შესანარჩუნებლად აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური სიგნალები ბრიუსელიდან, და არა მარტო სიგნალები, არამედ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. ბუნდოვანების დრო აღარ არის.
დასკვნის სახით, ამერიკის გასვლა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან არ არის მხოლოდ იზოლაციონისტური აქტი; ეს არის მიზანმიმართული შერჩევითი გასვლა მნიშვნელოვანი სფეროებიდან, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება სისტემური შედეგები. ევროპისთვის გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ის, თუ როგორ ჩაანაცვლოს ამერიკული ლიდერობა, არამედ ის თუ ,როგორ შეინარჩუნოს გლობალური სტაბილურობა, როდესაც ეს ლიდერობა შესუსტდება. ის თუ რამდენად კარგად გაართმევს თავს ევროპა ამ გამოწვევას, აჩვენებს მის სტრატეგიულ სიმწიფეს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
შეერთებული შტატები კვლავ დარჩება ევროპის მნიშვნელოვან მოკავშირედ, განსაკუთრებით ნატოში. თუმცა, ევროპას აღარ შეუძლია თავისი უსაფრთხოება და მმართველობა დააფუძნოს იმ უპირობო მოცემულობას, რომ ამერიკული ჩართულობა გარანტირებულია. აშშ-ის მონაწილეობა გლობალურ მმართველობაში გახდა პირობითი, ტრანზაქციული და შექცევადი და ევროპა დიდი ხნით ადრე უნდა ადაპტირებულიყო ამ რეალობასთან. არსად არის ყოყმანის ფასი უფრო თვალსაჩინო, ვიდრე ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე, სადაც დასუსტებული ინსტიტუტები, გაურკვეველი გარანტიები და შეფერხებული რეფორმები კარს უხსნის ავტორიტარულ გავლენას და ძირს უთხრის თავად ევროპული პროექტის სანდოობას.
