კომენტარი

ანალიტიკური კომენტარი: „მოძალადე სახელმწიფოების“ სტრატეგიული როლი თანამედროვე ომში

იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე

ცივი ომის შემდგომ პერიოდში დასავლურ დისკურსში „ფარიას“ სახელმწიფოებად მიჩნეული ქვეყნები – ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ერიტრეა – უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენენ. რუსეთის დასავლეთისგან მზარდი იზოლაციის პირობებში სწორედ ეს რეჟიმები იქცნენ მაღალი ინტენსივობის ომის შენარჩუნებისთვის კრიტიკულ პარტნიორებად, რაც მათ როლს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში არსებითად ცვლის.

თანამედროვე ომმა დაასუსტა ტრადიციული სამხედრო იერარქიების გაგება, რომელიც ტექნოლოგიურ უპირატესობასა და ეკონომიკურ ძალაზე იყო დამყარებული. მიუხედავად ნატოს კოლექტიური ეკონომიკური და ტექნოლოგიური დომინირებისა, ავტორიტარული რეჟიმები ავლენენ სხვა ტიპის ძალაუფლებას — ცენტრალიზებულ კონტროლს, სწრაფ მობილიზაციას და პოლიტიკური შეზღუდვების არარსებობას, რაც მათ უკეთ ამზადებს გაწელილი, გამოფიტვაზე ორიენტირებული ომისთვის.

ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-სამრეწველო სისტემა, რომელიც ადრე არაეფექტიანად მიიჩნეოდა, უკრაინის ომში მნიშვნელოვან რესურსად იქცა რუსეთისთვის. მასობრივი საარტილერიო წარმოება აღმოჩნდა უფრო სტრატეგიულად ღირებული, ვიდრე მაღალი სიზუსტის, მაგრამ შეზღუდული წარმოების დასავლური შეიარაღება. ამ ფონზე ევროკავშირის სირთულეებმა საბაზისო ამუნიციის სწრაფად მიწოდებაში მკვეთრად წარმოაჩინა დემოკრატიული და ავტორიტარული თავდაცვითი მოდელების განსხვავება.

ირანის მიერ მიწოდებულმა იაფფასიანმა დრონებმა აჩვენა ასიმეტრიული ტექნოლოგიების ეფექტიანობა. მათი გამოყენება მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის დაზიანებას, მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ძვირადღირებული დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოფიტვას. სანქციების პირობებში განვითარებული ასეთი შესაძლებლობები ქმნის მოდელს, რომელსაც სხვა რევიზიონისტული ძალებიც შეიძლება მიბაძონ.

ერიტრეა წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ავტორიტარიზმი გადაიქცეს სტრატეგიულ აქტივად. უვადო სამხედრო სამსახური, ცენტრალიზებული ეკონომიკა და პოლიტიკური კონტროლი უზრუნველყოფს რესურსების სწრაფ მობილიზაციას და რეჟიმის სანდოობას ავტორიტარული პარტნიორებისთვის. მთლიანობაში, ამ რეჟიმების ჩართულობა აყალიბებს ავტორიტარულ თანამშრომლობის ახალ ეკოსისტემას, რომელიც აყენებს სერიოზულ კითხვებს დასავლური შეკავების, გამძლეობისა და უსაფრთხოების სტრატეგიის მომავალზე.

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top