კომენტარი
ბზარი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში: ტრამპის საგარეო პოლიტიკა და ევროკაშირ–აშშ ურთიერთობები
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში სულ უფრო მკაფიო ხდება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ძირეული ცვლილებები, რომლის კონტურებიც, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გამოიკვეთა, თუმცა არ იქნა სათანადოდ გააზრებული და შეფასებული ევროპელი ლიდერების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა სიახლეს არ წარმოადგენს, დღევანდელი ვითარება მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს განსხვავება არ გამოიხატება მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკაში უნილატერალიზმის სრულად დაბრუნებაში, რაც ტრამპის პირველი ვადისათვისაც დამახასიათებელი იყო, არამედ მისი მთავარი თვისებაა გეოპოლიტიკურ კონტექსტში ძალის გამოყენების მზარდი ტენდენცია, ინსტიტუციური ჩარჩოების სრული უგულვებელყოფა და მოკავშირეობრივი ვალდებულებების მიმართ შეზღუდული ყურადღება.
აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები ევროკავშირისათვის უკვე აღარ წარმოადგენს აბსტრაქტულ საფრთხეს. იგი უშუალოდ რეალიზდა გრენლანდიის მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულებით. გეოგრაფიულად პერიფერიული, დემოგრაფიულად მცირე, თუმცა ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი კუნძული, დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, თუმცა, ფორმალურად ევროკავშირის წევრი არ არის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გრენლანდიის აშშ-ის კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ბზარი გააჩინა და სერიოზულ დამაბრკოლებალ ფაქტორად გადაიქცა. პრეზიდენტის არაერთი საჯარო განცხადება, რომ გრენლანდია ნებისმიერი გზით — იქნება ეს შეძენა თუ იძულება — უნდა გახდეს აშშ-ის საკუთრება, ევროპაში უკვე აღარ აღიქმება როგორც ექსცენტრული პროვოკაცია, არამედ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების უკანასკნელი ტესტი.
აღნიშნული თემის უკეთ გასაანალიზებლად, აუცილებელია მისი განხილვა ტრამპის საგარეო პოლიტიკის ზოგად, უფრო ფართო კონტექსტში. კერძოდ, ამ მხრივ, განსაკურებით საგულისხმოა აშშ-ის ქმედებები ირანისა და ვენესუელას მიმართ — არა როგორც პირდაპირი პარალელები, არამედ როგორც ანალიტიკური საფუძველი, იმის გამოსავლენად, რომ ყველა ეს ქმედება ავლენს ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის ნიშნებს. კერძოდ, ამერიკის ადმინისტრაცია უპირატესობას ანიჭებს მუქარაზე დაფუძნებულ დიპლომატიას, სადაც ცალსახად სახეზეა რიტორიკის ქმედებაში გადაყვანის სრული მზაობა. სამხედრო ძალა, ეკონომიკური იძულება და ესკალაცია განიხილება როგორც ურთიერთჩანაცვლებადი ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება არა იმდენად მოლაპარაკებული შედეგების მისაღწევად, რამდენადაც სიმტკიცისა და დომინირების დემონსტრირებისთვის. ინსტიტუციური შეზღუდვები — იქნება ეს კონგრესის ზედამხედველობა, საერთაშორისო სამართალი თუ კონსულტაციები მოკავშირეებთან — აღიქმება როგორც ბარიერები, რომლებიც საჭიროა მართო და არა როგორც ჩარჩო, რომელსაც უნდა პატივი სცე.
გრენლანდიის შემთხვევაში მთავარი განსხვავება მდგომარეობს არა მეთოდში არამედ იმ გარემოებაში, რომ თუკი იძულებითი რიტორიკა, მანამდე მოწინააღმდეგეებზე იყო მიმართული, ამ შემთხვევაში ნატოს მოკავშირის წინააღმდეგ გამოიყენება. ეს უკვე ხარისხობრივი ესკალაციაა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიის სამხედრო გზით ხელში ჩაგდების რეალური ალბათობა დაბალია, თვით ასეთი შესაძლებლობის გაჟღერებამ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან უკვე გამოიწვია სტრატეგიული შედეგები.
შეკავების პრინციპები ეფუძნება არა მხოლოდ შესაძლებლობებს, არამედ საერთო მოლოდინებს იმის შესახებ, თუ რას არ გააკეთებენ აქტორები. როდესაც ეს მოლოდინები ირღვევა, უკვე თავად ეს გაურკვევლობა ხდება მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის წყარო.
აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გრენლანდიის პოლიტიკის დასაბუთება ძირითადად უსაფრთხოების არგუმენტებზეა აგებული. არქტიკა წარმოდგენილია როგორც მზარდი კონკურენციის არენა, სადაც რუსეთი და ჩინეთი აფართოებენ საკუთარ ყოფნას და საფრთხეს უქმნიან დასავლურ ინტერესებს. თუმცა ეს ლოგიკა წინააღმდეგობრივია. შეერთებულ შტატებს უკვე გააჩნია ფართო უფლებები გრენლანდიაში, არსებული თავდაცვითი შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის სამხედრო ყოფნის გაფართოების შესაძლებლობა. ისტორიულად კი სწორედ ვაშინგტონმა შეამცირა არქტიკული ჩართულობა ცივი ომის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, არქტიკის უსაფრთხოება სტრუქტურულად მულტილატერალურია: რეგიონში მეთვალყურეობა, შეკავება და კრიზისების მართვა ვერ განხორციელდება უნილატერალურად იმ ალიანსების დაზიანების გარეშე, რომლებზეც თავად აშშ-ის ძალის პროექციაა დაფუძნებული. ამ პერსპექტივიდან, დანიის სუვერენიტეტის მიმართ მუქარა არ აძლიერებს ამერიკულ უსაფრთხოებას; პირიქით, ასუსტებს იმ ინსტიტუციურ ეკოსისტემას, რომლის მეშვეობითაც ეს უსაფრთხოება იქმნება.
ეკონომიკური არგუმენტები, განსაკუთრებით იშვიათ მინერალებზე ფოკუსირება, კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს რიტორიკასა და სტრატეგიულ რაციონალობას შორის არსებულ სხვაობას.
გრენლანდია ხშირად წარმოდგენილია როგორც, ჩინეთის მიერ დომინირებული მიწოდების ჯაჭვებზე, დასავლეთის დამოკიდებულების შემცირების პოტენციური გამოსავალი. თუმცა, ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გრენლანდიაში მინერალების მასშტაბურ მოპოვებასთან დაკავშირებული პრაქტიკული ბარიერები. კერძოდ – უკიდურესი კლიმატური პირობები, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, მაღალი ეკოლოგიური ხარჯები და შეზღუდული კომერციული სიცოცხლისუნარიანობა. არსებობს ეკონომიკურად უფრო მომგებიანი ალტერნატიული სტრატეგიები, მათ შორის მომწოდებელთა დივერსიფიკაცია, სტრატეგიული მარაგების შექმნა, ნარჩენების გადამუშავების განვითარება და ტექნოლოგიური ჩანაცვლება. შესაბამისად, ტერიტორიულ კონტროლზე ფიქსაცია ნაკლებად ჰგავს თანმიმდევრულ რესურსულ პოლიტიკას და ის უფრო მეტად წარმოდგენს ძალაუფლების სიმბოლურ დემონსტრაციას.
ევროპელი დამკვირვებლებისთვის ეს კიდევ უფრო ამყარებს აღქმას, რომ გრენლანდია ფასდება არა იმდენად მისი რეალური პოტენციალის გამო, რამდენადაც იმ სიმბოლური მნიშვნელობისთვის, რომელსაც იგი ატარებს. კერძოდ ის შეიძლება გახდეს სიმბოლო იმას, რომ შეერთებულ შტატებს შესწევთ უნარი, სასურველი შედეგები დაიკანონოს ძალისმიერი ბერკეტებისა და ზეწოლის გზით და არა თანამშრომლობის მეშვეობით.
ევროპის პასუხი ამ ვითარებაზე შეგნებულად ფრთხილი და შეზღუდულია. დანიის მიერ დიპლომატიისადმი მიმართვა, რომელსაც თან ახლავს რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს სიმბოლური სამხედრო ნაბიჯები, ასახავს დეესკალაციის მცდელობას.
თუმცა, ამ ზედაპირული თავშეკავების ქვეშ მიმდინარეობს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ღრმა გადაფასების პროცესი. მარტო ის ფაქტი, რომ აშშ-ის მოკავშირე ევროპულმა ქვეყნებმა, თეორიულად მაინც, დაიწყეს ვაშინგტონის, როგორც პოტენციური უსაფრთხოების რისკის, აღქმა, საკმარისია ამ პროცესის საილუსტრაციოდ. ეს გარემოება განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებისთვის არის საგანგაშო, რომელთა უსაფრთხოება მთლიანად წესებისა და ალიანსების პროგნოზირებადობაზეა დამყარებული და იძულებითი დისკურსის ნორმალიზება საერთაშორისო პოლიტიკაში მათ უდიდეს შეშფოთებას იწვევს.
ევროკავშირის დონეზე გრენლანდიის ეპიზოდმა კიდევ უფრო გააძლიერა დებატები ევროპული სტრატეგიული ავტონომიის შესახებ, თუმცა არა აუცილებლად კონსტრუქციული მიმართულებით. ავტონომია, როგორც გრძელვადიანი შესაძლებლობების განვითარების პროექტი, არსებითად განსხვავდება იმ ავტონომიისგან, რომელიც გარე ფაქტორების და მოკავშირეთა არაპროგნოზირებადობით არის ნაკარნახევი. ეს უკანასკნელი ზრდის ფრაგმენტაციის, დუბლირების და პოლიტიკური უკუშედეგების რისკს. თუმცა, ალტერნატივაც, კვლავ ტრანსატლანტიკურ პარტნიორზე დამოკიდებულების შენარჩუნება, ასევე მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული. ტრამპის მიდგომამ ნათლად აჩვენა, რომ ალიანსის წევრობა აღარ იძლევა ზეწოლისგან ავტომატურ დაცვას. ამ თვალსაზრისით, ევროპის გამოწვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ გარე საფრთხეებისგან თავდაცვით, იგი მოიცავს ადაპტაციას პარტნიორთან, რომლის ქცევა სულ უფრო მეტად შლის ზღვარს მოკავშირესა და იძულებით აქტორს შორის.
ამ პროცესებს ფართო სისტემური შედეგები მოჰყვება, რომელთა უგულვებელყოფაც შეუძლებელი იქნება. როდესაც შეერთებული შტატები ღიად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მოკავშირის ტერიტორიულ მთლიანობას, მისი უნარი, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, სერიოზულად ზიანდება. ამასთან, ეს ქმედებები შეუმჩნეველი არ რჩება სხვა გლობალური მოთამაშეებისათვის და შესაძლოა გამოყენებული იქნეს საკუთარი აგრესიული ქმედებების გასამართლებლად. ამრიგად არსებული სისტემის ეროზია აზიანებს არა მხოლოდ ევროპულ უსაფრთხოებას, არამედ ზოგადად საერთაშორისო დღის წესრიგს.
დასკვნა
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ევროკავშირ–აშშ ურთიერთობების გარდაუვალი რღვევის ცალსახად პროგნოზირება არასწორი იქნება. სტრუქტურული ურთიერთდამოკიდებულება, საერთო ინტერესები და მჭიდრო ინსტიტუციური კავშირები კვლავ ძლიერი მოტივატორია ატლანტიკის ორივე მხარეს. თუმცა, გრენლანდიის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ეს კავშირები აღარ არის თვითკმარი. აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები ეფუძნება ლეგიტიმურობის, თავშეკავებისა და ურთიერთვალდებულების პატივისცემას და თუკი ეს ფაქტორები აღარ არსებობს როგორც მოცემულობა, კრიზისი სულ უფრო მძიმე ხასიათს მიიღებს.
ამ კონტექსტში გრენლანდია უფრო ნაკლებად წარმოადგენს ტერიტორიულ დავას და უფრო მეტად — დიაგნოზს. იგი აჩვენებს, რომ ერთ რეგიონში წარმატებით გამოყენებული იძულებითი საგარეო პოლიტიკის მოდელი თანდათან სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სხვა რეგიონებშიც. ასეთ პირობებში, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის შენარჩუნება მოითხოვს ორმაგ სტრატეგიას: ერთი მხრივ მუდმივ ჩართულობას ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეორე მხრივ თანმიმდევრულ ინვესტირებას ევროპულ შესაძლებლობებში, რათა ეს ჩართულობა განხორციელდეს პარტნიორობის და არა დამოკიდებულების პოზიციიდან.
ტრამპის საგარეო პოლიტიკის შედეგად გაჩენილი ფუნდამენტური კითხვას არ წარმოადგენს ის, რჩება თუ არა შეერთებული შტატები ევროპის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, აქ ჯერჯერობით პასუხი ცალსახაა — რჩება — არამედ ის, შეუძლია თუ არა ამ პარტნიორობას შეინარჩუნოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობები. ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს არა მხოლოდ ევროკავშირ–აშშ ურთიერთობების მომავალს, არამედ მსოფლიო პოლიტიკას უახლოესი ათწლეულების მანძილზე.
იანვარი 2026
გიორგი რობაქიძე
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
