კომენტარი
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში - სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები საქართველოსთვის
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
სამხრეთ კავკასია, როგორც რეგიონი, სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ისტორიული ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც სივრცეს რეგიონალური გავლენის, მშვიდობის უზრუნველყოფის, ვაჭრობის განვითარების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის კონტექსტში. ვიზიტმა და მის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა, კარგად გამოავლინა ის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, რომელიც აშშ-მა განსაზღვრა რეგიონთან დაკავშირებით და წარმოადგენს ახალ რეალობას თანამედროვე პოლიტიკურ გარემოში. ეს პროცესი მართლაც, რომ ისტორიულია, მაგრამ საქართველოს ადგილი ამ სივრცეში მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს.
აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მრავალ მნიშვნელოვან სიგნალს შეიცავს. გარდა აშშ-ის ეკონომიკური და სტრატეგიული პოლიტიკის გაძლიერებისა, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე უფრო ფართო რეგიონში, ის წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს, რაც რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, სასიცოცხლო მიწოდების ჯაჭვების აწყობას მოიცავს. ეს ქმედება უფრო ფართო გეოპოლიტიკურ და ეკონომიკური მიზნების შემადგენელი ნაწილია, რომელის ამოცანასაც ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი სავაჭრო მარშრუტების გაკონტროლება წარმოადგენს.
2025 წლის აგვისტოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ, დაასრულა ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და გახსნა გზები ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ეს თავის მხრივ, მოიცავს ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განვითარებას, რაც წარმოადგენს სატრანზიტო დერეფანს და აკავშირებს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავს სომხეთის გავლით თურქეთთან, აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორთან და ნატოს წევრ სახელმწიფოსთან. ის მიზნად ისახავს რეგიონში სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების ხელშეწყობას, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ აშშ-ს ექნება.
აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო პროექტების გარდა, ჯეი დი ვენსის ვიზიტი ასევე მოიცავდა ბირთვულ სექტორში თანამშრომლობას, პოტენციურ ენერგეტიკულ ინვესტიციებს და გარკვეული სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რაც თავის მხრივ ადასტურებს ვაშინგტონის მზაობას გარდა ეკონომიკურისა, სხვა სახის კონკურენციაც გაუწიოს რეგიონში ტრადიციულ მოთამაშე ქვეყნებს.
ხსენებული პროცესის შედეგად, სომხეთიც და აზერბაიჯანიც მკვეთრად აძლიერებენ ურთიერთობებს აშშ-სთან. გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტები აშშ-სა და ორივე ქვეყანას შორის, რომლებშიც ჩაიდება მსხვილი ინვესტიციები, მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების ოზიდვა, გაძლიერდება უსაფრთხოების გარანტიები და გაჩნდება შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაბიჯების შედეგად, ეს ქვეყნები ფაქტობრივად ჩამოყალიბდნენ რეგიონულ სატრანზიტო, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ ჰაბებად.
სწორედ ამ პროცესების ფონზე, საქართველოს არყოფნა აშშ-ის მაღალი დონის დიპლომატიურ დღის წესრიგში განსაკუთრებით თვალშისაცემი და საყურადღებოა. ასეთი რეალობიდან, საქართველოს ამოვარდნამ მრავალი კითხვა დაბადა. ზოგიერთი დამკვირვებელი ამას ახასიათებს, როგორც ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოს შემცირებული პოლიტიკური მნიშვნელობის მაჩვენებელს რაც თავის მხრივ ასახავს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს.
საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში, მიუთითებს შედარებით სუსტი პოლიტიკური მდგენელიდან, ამ ქვეყნის მხრიდან ძლიერ დიპლომატიურ და ეკონომიკურ აქტივობებზე გადასვლას. სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ეს არის სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოსთვის კი მომენტი, დარჩეს გავლენიან რეგიონალურ მოთამაშედ და დაბრუნდეს დასავლეთის სტრატეგიულ დღის წესრიგში, როგორც სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი.
თებერვალი 2026
თეიმურაზ ჯანჯალია
ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია არის კარიერული დიპლომატი, რომელსაც 26 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მინისტრის მოადგილისა და ლატვიაში ელჩის პოზიციებზე. ის ხელმძღვანელობდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს, ეკონომიკურ დიპლომატიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებს და მონაწილეობდა მნიშვნელოვან რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
