კომენტარი

მკაცრი ძალა, მკაცრი არჩევანი: მიუნხენის 2026 წლის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი გზავნილები

2026 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ, მიუხედავად ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდისა, არც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დრამატული გახლეჩა წარმოაჩინა  და  არც რაიმე ახალ „დიდი სტრატეგიას“ ჩაუყარა საფუძველი. ამის ნაცვლად, მან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ დაადასტურა: კერძოდ,  ევროპის სულ უფრო დიდი   მზაობა, აიღოს საკუთარ თავზე სტრატეგიული პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს არა ამერიკული ლიდერობის უარყოფას, არამედ მის გადახარისხებას და დაბალანსებას.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე,  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სულ უფრო ნაკლები იყო დეკლარაციული ერთიანობის დემონსტრირება და უფრო მეტად თვალშისაცემი სტრუქტურული გადალაგების ნიშნები. კონ­ფე­რე­ნციის საერთო გზავნილი მკაფიოა: ევროპამ უნდა იტვირთოს ძირითადი პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვისა უსაფრთხოებაზე, ამასთან, ეს ნაბიჯი განიხილება არა როგორც  ნატოს ალტერნატივა, არამედ პირიქით, ის წარმოადგენს ტრანსატლანტიკური  მდგრადობის აუცილებელ წინაპირობას.

ომი, როგორც სტრუქტურული რეალობა

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კონფერენციაზე საკუთარ გამოსვლაში,  უკრაინაში მიმდინარე ომი დაახასიათა არა როგორც განგრძობადი კრიზისი, არამედ როგორც გრძელვადიანი სტრუქტურული დაპირისპირება, რომელის შედეგებიც მთლიანად განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების მომავლს. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების მასშტაბი, დრონების ომი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური სირთულეები, ჰიბრიდული მეთო­დე­ბის სისტემური გამოყენება და მასობრივი დეზინფორმაციული კამპანიები,  ყოველივე ეს ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინააღმდეგ გამკლავება უნდა გახდეს ევროპის უსაფრთ­ხოების­თვის უპირველესი ამოცანა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები წინ უსწრებდეს ნებისმიერ პოლიტიკურ შეთანხმებას. ეს პოზიცია კარგად ასახავდა კიევის სკეპტიციზმს იმ დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელსაც თან არ ახლავს სარწმუნო შეკავების მექანიზმები.

უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ცხადი იყო: დრო აგრესორის სასარგებლოდ მუშაობს, თუ მას არ დაუპირისპირდება თანმიმდევრული და გადამწყვეტი სამხედრო მხარდაჭერა. წარსულში უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეფერხებები წარმოადგენს მკაფიო გაკვეთილს: დაყოვნებას აქვს სტრატეგიული ფასი.


ევროპული ხედვა: სოლიდარობიდან გადაიარაღებამდე

მიუნხენის 2026 წლის უსაფრთხოების კონფერენციამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის ახალი კონსენსუსი, რაც დამკვიდრდა ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში. კერძოდ, ევროპა მხოლოდ დეკლარირებული სოლიდარობიდან გადადის პრაქტიკულ გადაიარაღებაზე და რეალურად დგამს ნაბიჯებს კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროპელი ლიდერების გამოსვლებში აღარ დომინირებდა მხოლოდ ღირებულებითი რიტორიკა და აქცენტი სულ უფრო მეტად კეთდებოდა კონკრეტულ ინსტიტუციურ, ინდუსტრიულ და ფინანსურ გარდაქმნებზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს მომენტი „დამოუკიდებლობის ეტაპად“ შეაფასა,  თუმცა დამოუკიდებლობა განმარტა არა როგორც შეერთებულ შტატებთან დისტანცირე­ბა, არამედ როგორც ევროპის მიერ საკუთარ უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხის­მგებ­ლობის სისტემური აღება. სისტემური პასუხისმგებლობა გულისხმობა არა მხოლოდ თავდაცვითი ხარჯების ზრდას, არამედ სტრუქტურულ გადალაგებას. კერძოდ, განხორციელდა: ევროპული ინსტრუმენტების მეშვეობით 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება, ევროკავშირის შეთანხმებაში ურთიერთდაცვის პუნქტის (მუხლი 42.7) სანდოობის გაძლიერება, დრონების, საჰაერო თავდაცვისა და სტრატეგიული ხელშემწყობი საშუალებების წარმოების მასშტაბების უპრეცედენტო ზრდა  და უსაფრთხოების საკითხების ინტეგრირება ევროკავშირის ვაჭრობისა და სამრეწველო პოლიტიკაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ერთად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დიდი ბრიტანეთი. საკუთარ გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ „მკაცრი ძალა არსებული ეპოქის ვალუტაა“ — რაც ცალსახად ასახავს ევროპაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არსებული დამოკიდებულების ცვლილებას. ამასთან, ბრიტანეთის ხედვა, „უფრო ევროპული ნატოს“ შესახებ, არ გულისხმობს ინსტიტუციურ დუბლირებას, არამედ ალიანსის შიდა დაბალანსებასა და ევროპული წილის ზრდას. ამ კონტექსტში გაღრმავებული ბრიტანეთ–ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობა პირდა­პირ არის დაკავშირებული თავდაცვითი ინდუსტრიის ინტეგრაციასთან, რაც „ბრექსიტის“ შემდეგ, ბრიტანეთის ევროკავშირისკენ პრაქტიკულ შემობრუნებად შეიძლება შეფასდეს. ამასთან, ძირითადი აქცენტი კეთდება ტრანსატლანტიკურ ურთიერთდამოკიდებულებაზე — ევროპული შესაძლებლობების გაძლიერება უნდა დაემთხვეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობის განმტკიცებას.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდათ ევროკავშირის ორი უდიდესი წევრი ქვეყნის მეთაურებს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ორივე მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირის ერთიანობის მნიშვნელობას და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვა თავდაცვითი შესყიდვების ფრაგმენტიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემას. ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე მრავალრიცხოვანი და ინდივიდუალური სახმელეთო შენაერთები, საავიაციო სისტემები და საზღვაო პროექტები არა მხოლოდ ტექნიკურ სირთულეს უქმნის კონტინენტის თავდაცვის­უნარიანობას, არამედ წარმოშობს სტრატეგიულ სისუსტესაც. კოორდინაცია, სტანდარტიზაცია და სამხედრო ინდუსტრიული წარმოების მასშტაბის მკვეთრი ზრდა – განისაზღვრა როგორც აუცილებელი წინაპირობა, ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის, და მისი ოპერატიული მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც თვალშისაცემი იყო 2026 წლის მიუნხენის კონფერენციაზე, არის ის გარემოება, რომ ევროპელი ლიდერების გზავნილები ნაკლებად ჰგავდა ამბიციურ დეკლარაციას და სულ უფრო მეტად წარმოადგენდა განხორციელებაზე ორიენტირებულ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მეტ ინვესტიციას, უფრო ღრმა და ყოვლის­მომცველი ინტეგრაციას, ხელისშემშლელი ბიუროკრატიული მექანიზმების აღმოფხვრას და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებას. საჭიროების შემთხვევაში განიხილება პროცედურული შეზღუდვების გადახედვაც, რათა ინსტიტუციური ინერცია არ იქცეს უსაფრთხოების ხარვეზად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფორმირდება ახალი ევროპული პარადიგმა — სადაც სოლიდა­რო­ბა გარდაიქმნება სტრატეგიულ შესაძლებლობად, ხოლო ავტონომია ემყარება პასუხისმგებლობას და რეალურ ძალას.


შეერთებული შტატები: ჩართულობა და მოლოდინები

მიუნხენის 2025 წლის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ხისტმა გამოსვლამ, ევროპულ ქვეყნებში, აშშ-ის როგორც სანდო და ლოიალური პარტნიორის მიმართ, მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა, ევროპელი ლიდერების განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ მიუნხენში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გზავნილებს. სახელმწიფო მდივნის გამოსვლა შეიძლება შეფასდეს, როგორც  აშსს-ის ადმინისტრაციის მხრიდან, ევროპელ მოკავშირეებთან მიმართებაში, ურთიერთობების გარკვეული დაბალანსების შემოტანის მცდელობა. სახელმწიფო მდივნის გამოსვლა იყო აშშ-ის მხრიდან შეცვლილი აქცენტების ფონზე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის უწყვეტობის დადასტურების მცდელობა.

ამერიკულმა მხარემ, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში მიმდინარე გეოპოლიტიკური ეტაპი, განსაზღვრა როგორც რუსეთის მხრიდან, რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავში­რე­ბით, მზადყოფნის ტესტი. ამასთან, ეს აშშ არ გამორიცხავს ძალის კომპონენტსაც, რაც გამოიხატება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებასა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მზადყოფნაში.

ზოგადად, აშშ-ის პოზიცია მკაფიოდ გამოხატავს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან უსაფრთ­ხოების კუთხით რეალური პასუხისმგებლობა აშშ-სთვის უკვე წარმოადგენს რეალურ მოლოდინს და არა სურვილს. ერთი მხრივ, შეერთებული შტატები რჩება ევროპულ კონტინენტზე სამხედრო და დიპლომატიური კუთხით აქტიურ მოთამაშედ, მაგრამ სტრატეგიული პარადიგმა განიცდის ტრანსფორმაციას: ამერიკული პირველობის მოდელიდან —მოკავშირეებზე  ტვირთის უფრო თანაბარი განაწილებისკენ.

ეს ცვლილება არ ნიშნავს აშშ-ის მხრიდან ევროპის მიტოვებას, არამედ ის წარმოადგენს გარკვეულწილად შრომის გადანაწილების მოდელს, რომლის მიხედვითაც ევროპა პასუხის­მგებ­ლო­ბას იღებს  საკუთარ კონტინენტზე კონვენციური თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ხოლო შეერთებული შტატები ინარჩუნებს სტრატეგიული თავდაცვის, სადაზვერვო რესურსებსა და გლობალური შეკავების არქიტექტურის ძირითად ფუნქციებს. სწორედ ეს რეალობა ყალიბდება ტრანსატლანტიკური ალიანსის ახალ საფუძვლად — აშშ-ის ჩართულობა, რომელიც ეფუძნება არა ჰეგემონიას, არამედ პასუხისმგებლობის გაზიარებას.


პოზიციების დაახლოება  — არსებული პრობლემები

მიუნხენის 2026 წლის უსაფრთხოების კონფერენციამ წარმოაჩინა მნიშვნელოვანი თანხვედრა ევროპული ქვეყნების მხრიდან თავდაცვის სფეროში სახსრების ხარჯვის, ერთიანი  ინდუსტრიული პოლიტიკისა და მეტი პასუხისმგებლობის აღების საკითხებში. თუმცა, მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა  კვლავ სახეზეა მთელი   რიგი წინააღმდეგობები. კერძოდ:

  • რთულია იმ ბალანსის განსაზღვრა, რომელიც ერთი მხრივ გააძლიერებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში კოორდინაციას და ამავდროულად ეჭვქვეშ არ დააყენებს თავდაცვით სფეროში ნატოს ფუნდამენტურ როლს;
  • მართალია ევროპულ ქვეყნებს შორის აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის გამარტივებაზე, მათ შორის კვალიფიციური უმრავლესობის გამოყენების გაფართოებაზე თავდაცვით სფეროში, თუცა, ამ გადაწყვე­ტილების ინსტიტუციურ რეფორმად ქცევა კვლავაც შორეულ პერსპექტივად რჩება;
  • და ბოლოს, მიუხედავად დეკლარირებული ერთიანობისა, პრეზიდენტ ზელენსკის მკაფიო გაფრთხილებები უკრაინის მხარდაჭერის დაყოვნებისა და მოლაპარაკებების დინამიკის შესახებ ასახავს დაღლილობის, ესკალაციის მართვისა და პოლიტიკური მდგრადობის ფარულ რისკებს.

დასკვნა

მიუნხენის 2026 წლის  უსაფრთხოების კონფერენციიდან  სამი ძირითადი დასკვნა გამოიკვეთა:

პირველი — ევროპული თავდაცვის ინდუსტრიული პოლიტიკა გახდა მისი სანდოობის ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტი. ამ პოლიტიკის ფაქტობრივი გამოცდა არა ახალ  დეკლარაციებში, არამედ კონკრეტული კონტრაქტების გაფორმებაში, წარმოების ხაზების შექმნასა და მიწოდების ვადების დაჩქარებაშია.

მეორე — ტრანსატლანტიკური ურთიერთობა შევიდა უფრო დაბალანსებულ, მაგრამ მოთხოვნად ფაზაში. ამერიკული ჩართულობის მდგრადობა სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ევროპელი მოკავშირეების მხრიდან ფინანსური და მატერიალური ტვირთის რეალურ გაზიარებასა და ოპერატიულ მზადყოფნაზე.

მესამე — უკრაინა რჩება როგორც ფრონტის ხაზი, ისე ლაკმუსის ქაღალდი. დასავლეთის ერთიანობა, მისი მედეგობა,  სანქციების ეფექტიანობა და მაღალი ინტენსივობის მხარდაჭერის შენარჩუნება განსაზღვრავს არა მხოლოდ ომის ბედს არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას მომდევნო ათწლეულების მანძილზე.

და ბოლოს, 2026 წლის მიუნხენის კონფერენციამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ეპოქა, როდესაც ევროპა ძირითადად ამერიკულ უსაფრთხოების გარანტიებზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ ფრაგმენტირებულად ახდენდა სამხედრო ინდუსტრიული და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციას, დასრულდა! მის ნაცვლად ყალიბდება ევროპა, რომელიც უფრო ღიად და თანმიმდევრულად საუბრობს მკაცრ ძალაზე, ინდუსტრიულ მობილიზაციასა და სტრატეგიულ პასუხისმგებლობაზე.

გადაიქცევა თუ არა ეს რიტორიკა მდგრად პოლიტიკად და მოახდენს თუ არა ის ევროკავშირის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას, საბოლოოდ დამოკიდებული იქნება არა მიუნხენში წარმოთქმულ სიტყვებზე, არამედ პოლიტიკურ ნებაზე და ევროკავშირის მოქალაქეების მზაობაზე  გაიღონ საფასური საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

თებერვალი 2026

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top