კომენტარი

არჩევნები, რომელიც უნგრეთის ფარგლებს სცდება

შესავალი

 

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უკვე დიდი ხანია გასცდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ფარგლებს და ფართო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ეს არჩევნები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ უნგრეთზე, ის გარკვეული ტესტია ზოგადად მთელი ევროკავშირისთვისაც და არამხოლოდ, პროცესს ბრიუსელის გარდა ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც, რადგან მისი შედეგი გავლენას მოახდენს როგორც ევროკავშირის ერთიანობაზე, ისე ევროპის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ბალანსზე.

ვიქტორ ორბანი უკვე თექვსმეტი წელია მართავს უნგრეთს და პირველად ამ ხანგრძლივი მმართველობის ფონზე პეტერ მადიარის სახით გაჩნდა რეალური კონკურენციის განცდა. 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას არ შეეხება, ის არის ფაქტობრივი რეფერენდუმი თუ რა მიმართულებით წავა უნგრეთი და როგორ განსაზღვრავს საკუთარ ადგილს ევროკავშირსა და სხვა ძალებს შორის.

 

 

ვიქტორ ორბანი: გზა ახალგაზრდა რეფორმატორიდან კრემლთან დაახლოებულ ლიდერამდე

 

 

ვიქტორ ორბანი საკმაოდ არაორდინარული ფიგურაა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელმაც ბოლო ათწლეულის მანძილზე მრავალი თავსატეხი გაუჩინა ევროკავშირის ლიდერებს საკუთარი ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური მიდგომებით. პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, 1990-იან წლებში, ვიქტორ ორბანი და მისი პარტია  ფიდესი (Fidesz), რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრი იყო, უნგრეთის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერები და აპოლოგეტები იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 16-მა წელმა, ორბანი ახალგაზრდა რეფორმატორიდან ძალაუფლებაზე შეყვარებულ, ანტი-ევროპულ, კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკოსად აქცია.

ეს ტრანსფორმაცია არ იყო მყისიერი.  2010 წლიდან მოყოლებული, ვ. ორბანის მთავრობამ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ძალაუფლების კონსოლიდაცია. ამ მიზნით უნგრეთის კონსტიტუციაში ორმოცდაათამდე სხვადასხვა სახის ცვლილებაც იქნა შეტანილი. საკონსტიტუციო „რეფორმების“ პარალელურად, ფიდესმა ცვლილებები განახორციელა საარჩევნო სისტემაშიც. პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდა 386-დან 199-მდე, კენჭისყრის ორი ტური შეიცვალა ერთით, ხოლო საარჩევნო ოლქები იმდაგვარად გადანაწილდა, რომ სხვა პარტიებისთვის ფიდესის დამარცხება მაქსიმალურად გართულდა. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, 2014, 2018 და 2022  წლების არჩევნებში, მიუხედავად პროცენტულად მიღებული ამომრჩეველთა ხმების ნაკლები რაოდენობისა, ფიდესმა, სატელიტ პარტიებთან ერთად, შეძლო და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა. ამგვარად უკანასკნელი 16 წლის მანძილზე, უნგრეთში ჩამოყალიბდა მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, ფინანსური ნაკადები და საინფორმაციო სივრცე ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის კონტროლის ქვეშ მოექცა და მისი ინტერესების გამტარებელი გახდა.

ამ ქმედებებს უკვალოდ არ ჩაუვლია უნგრეთის მოსახლეობისთვის. ძალაუფლების  კონცენტრაციამ და დაუსჯელობის განცდამ, უნგრეთში მნიშვნელოვნად გაზარდა კორუფცია და შეასუსტა ეკონომიკური ზრდა. დღეს, უნგრეთი ერთ სულ მოსახლეზე  მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვიქტორ ორბანის როლი და ადგილი ევროპულ პოლიტიკაში, სადაც ის ხშირად მოქმედებს როგორც დესტრუქციული მოთამაშე. ბოროტად იყენებს ვეტოს უფლებას ევროკავშირისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. 

 

პეტერ მადიარი: სისტემიდან წამოსული ალტერნატივა

 

პეტერ მადიარი არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით ოპოზიციონერს, რომელიც გარედან ცდილობს ავტოკრატიული სისტემის შეცვლას. პირიქით — იგი თავად იყო ვიქტორ ორბანის მიერ შექმნილი ავტორიტარული სისტემის ნაწილი.

პეტერ მადიარი და მისი მეუღლე იუდიტ ვარგა – რომელიც 2019-2023 წლებში უნგრეთის იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა და განსაკუთრებით აქტიური იყო კანონის უზენაესობის საკითხებზე ევროკავშირთან დავებში – გამორჩეული, შეიძლება ითქვას  ვარსკვლავური წყვილი იყო უნგრულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში. თავად მადიარი იმავე წლებში იყო უნგრეთის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს წევრი და სტუდენტური სესხების  სახელმწიფო ორგანიზაცია „Diákhitel Központ“-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი. 

იუდიტ ვარგამ 2024 წელს დატოვა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა ე.წ. შეწყალების სკანდალის გამო. საქმე ეხებოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული, პედოფილიის ბრალდებით გასამართლებული, პირის შეწყალებას, რამაც უნგრეთის საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ხელისუფლების მიმართ სერიოზული კითხვები გააჩინა. სწორედ ამ სკანდალის შემდეგ ჩაერთო პეტერ მადიარი საჯაროდ პოლიტიკაში. ის გაემიჯნა მმართველ პოლიტიკურ ელიტას და ვიქტორ ორბანის ხისტ კრიტიკოსად იქცა. ამასთან პეტერ მადიარი მეუღლესაც დაშორდა და ეს დაშორება მათ შორის ღია პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხელისუფლების მიმართ პეტერ მადიარის კრიტიკის მთავარ თემას ქვეყანაში გამეფებული კორუფცია წარმოადგენს, რომელიც  სისტემურ ხასიათს ატარებს. მადიარის შეფასებით, აღნიშნული გარემოება ვიქტორ ორბანის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით და სახელმწიფო  ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებით არის განპირობებული.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პეტერ მადიარის და მისი პარტია ტისას(TISZA) პოლიტიკური იდეოლოგია რადიკალურად არ გასხვავდება ორბანის ფიდესის იდეოლოგიისაგან.  უფრო მეტიც, მათი პოზიციები ბევრ საკითხში საკმაოდ ახლოს დგას,  განსაკუთრებით მიგრაციისა და ეროვნული სუვერენიტეტის თემებთან დაკავშირებით. ამიტომაც, მიმდინარე არჩევნებში მადიარის მთავარი  პოლიტიკური გზავნილია არა იდეოლოგიური, არამედ პრაგმატული ხასიათისაა და ძირითად მოიცავს ქვეყნის მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას, არსებულ კორუფციასთან ბრძოლას, ინსტიტუტების გაძლიერებასა და ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას.

თუ ვიქტორ ორბანის მმართველობის სტილი ეფუძნება ცენტრალიზაციასა და სახელმწიფო ინსტიტუციებში გავლენების მყარ ქსელს, პეტერ მადიარი საუბრობს ძალაუფლების გადანაწილებაზე და სისტემის გამჭვირვალობაზე. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, სწრაფი გარდაქმნის მოლოდინი არარეალისტურია, რადგან პარტია ფიდესს და ვიქტორ ორბანს გააჩნიათ ინსტიტუციური და პერსონალური გავლენების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ყველა ძირითად სტრუქტურებს. ასეთ პირობებში, საკვანძო ინსტიტუტებში განთავსებული ვიქტორ ორბანის ლოიალური კადრები მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს უნგრეთში სწრაფი და რადიკალური სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად.

 

საგარეო პოლიტიკა – სტატუს-კვო თუ შესაძლო კორექცია

 

უკანასკნელ წლებში ორბანის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად არის მიმართული მმართველი პოლიტიკური ელიტის ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ და უნგრეთის ინტერესებზე მეტად პარტია ფიდესის ინტერესებს ემსახურება. მიუხედავად ევროკავშირსა და ნატოს წევრობისა, უნგრეთი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.

ვიქტორ ორბანის ამგვარი პოლიტიკა ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის საერთო პოზიციასთან. ბოლო წლებში უნგრეთმა არაერთხელ ისარგებლა ვეტოს უფლებით და დაბლოკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილებები. ამის ბოლო მაგალითი იყო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდიანი ევროს დახმარების შეჩერება. თავის მხრივ, ევროკავშირმა ფინანსური სანქციები დაუწესა უნგრეთს და ბოლო წლებში დაახლოებით 17 მილიარდი ევროს დახმარება შეუჩერა, რაც უდავოდ მძიმე დარტყმაა უნგრეთის ეკონომიკისთვის.  

უნგრეთში, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, სავარაუდოდ საგარეო პოლიტიკის ზოგადი ტონი უფრო პრაგმატული და ნაკლებად კონფრონტაციული გახდება, განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობებში. მადიარის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, შეეცდება აღადგინოს ნდობა ბრიუსელთან, გაააქტიუროს ინსტიტუციური თანამშრომლობა და შეამციროს პოლიტიკური დაპირისპირება, რაც გამოიწვევს ევროკავშირის ფინანსურ ინსტრუმენტებზე უნგრეთის წვდომის აღდგენას.  თუმცა, მკვეთრი და სწრაფი გეოპოლიტიკური გადახრა ნაკლებად რეალისტურია – რადგან უნგრეთის  ენერგეტიკული დამოკიდებულება იაფ რუსულ რესურსებზე, ასევე შიდა ინსტიტუციური მემკვიდრეობა და არსებული პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვნად უზღუდავს ახალ ხელისუფლებას მანევრის სივრცეს. შესაბამისად, უფრო მოსალოდნელია საგარეო კურსის  ეტაპობრივი კორექტირება, ვიდრე რადიკალური რეორიენტაცია.

ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში კი უნგრეთის საგარეო კურსი არ შეიცვლება: გაგრძელდება ევროკავშირთან შერჩევითი თანამშრომლობა და პერიოდული დაპირისპირება, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ხისტ ხასიათს მიიღებს. ამასთან ბუდაპეშტი შეეცდება მომდევნო წლებში შეინარჩუნოს  ბალანსირების პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან პრაგმატულ პოლიტიკურ თანამშრომლობასა  და კიდევ უფრო გაზრდილ ეკონომიკურ(განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში) ურთიერთობებზე რუსეთთან და ჩინეთთან. თუმცა ეს ბალანსი ძალიან მყიფეა და უამრავ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე.

 

გარე აქტორები და ინტერესთა გადაკვეთა

 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, 12 აპრილის არჩევნები სცდება უნგრეთის ფარგლებს და ის გარე მოთამაშეებისთვისაც დიდ მნიშვნელობას იძენს.

რუსეთისთვის უნგრეთი წარმოადგენს ერთგვარ საყრდენს, გარკვეულწილად ტროას ცხენს, ევროკავშირის შიგნით, რაც მას საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე. უნგრეთსა და რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობას კარგად ასახავს  დასავლურ პრესაში გავრცელებული ვლადიმერ პუტინსა და ვიქტორ ორბანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც, სადაც   უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინს მრავალმხრივ მხარდაჭერას პირდება და საკუთარ თავს ადარებს თაგვს, ცნობილი უნგრული იგავიდან, რომელიც ლომს ეხმარება. თუ ამას დავუმატებთ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს რეგულარულ სატელეფონო საუბრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, სადაც ეს უკანასკნელი რუს კოლეგას ევროკავშირის საბჭოს დახურული სხდომების  შესახებ აწვდის ინფორმაციას, ნათელი გახდება თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ორბანის მთავრობა რუსეთის ხელისუფლებისთვის.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ორბანის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება იქ არაერთგვაროვანია. ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს  განიხილავს როგორც იდეოლოგიურ მოკავშირეს და მისი მმართველობის სისტემას როგორც პოლიტიკურ მოდელს, რომლის გამოცდილებაც გასათვალისწინებელ მაგალითად მიიჩნევს. აღნიშნული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა არჩევნების წინ ბუდაპეშტში განხორციელებული ვიზიტისას, სადაც მან საჯაროდ დაუჭირა მხარი  ორბანს, გააკრიტიკა ევროკავშირის პოლიტიკა და „ბრიუსელის ბიუროკრატია“ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ნაკლებად სარწმუნოა, აშშ-ის ადმინისტრაციის მსგავსი მხარდაჭერა მხოლოდ იდეოლოგიური სოლიდარობის და პირადი სიმპათიის გამოხატულება იყოს, ის  უფრო ფართო სტრატეგიული მიდგომის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს  ევროპაში ანტი-ლიბერალური და ნაციონალისტური ძალების გაძლიერებას და ამ გზით ევროკავშირის შიგნით ერთიანობის შესუსტებას.

ევროკავშირისთვის უნგრეთი წარმოადგენს სისტემურ პრობლემას. ერთის მხრივ, იგი წევრია, მეორეს მხრივ კი მისი პოლიტიკა ხშირად აფერხებს საერთო გადაწყვეტილებებს. ამიტომაც, ბრიუსელისათვის ეს არჩევნები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, განსაკუთრებით შეცვლილი გლობალური გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. ორბანის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ევროკავშირი იძულებული იქნება გააგრძელოს და კიდევ უფრო გააძლიეროს  უნგრეთის წინააღმდეგ ფინანსური ბერკეტების გამოყენება. თუმცა, ასეთი მიდგომა, როგორც უკვე არაერთხელ დადასტურდა, ნაკლებად ეფექტიანი. პარალელურად, შესაძლოა, ევროკავშირმა უფრო აქტიურად დაიწყოს  გადაწყვეტილების მიღების ისეთი ფორმების გამოყენება, რომლებიც არ საჭიროებს წევრი ქვეყნების მხრიდან  ერთსულოვან თანხმობას, თუმცა მათი მოქმედების არეალი აქ საკმაოდ შეზღუდულია და სრულფასოვნად ვერ შეცვლის არსებულ პრაქტიკას. ამასთან, კიდევ  უფრო მკაცრი ნაბიჯები, როგორიცაა ხმის უფლების შეჩერება, რთულად მისაღწევია და დიდ დროს მოითხოვს. ამგვარად თუკი ვიქტორ ორბანი კვლავ დარჩება უნგრეთის ხელისუფლებაში, ის მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ევროკავშირს და  მის იმ წევრ ქვეყნებს, რომელთა ამოცანაც ევროკაშირის გლობალურ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ქცევაა.

 

დასკვნა

 

უნგრეთის არჩევნები სცილდება ორ პოლიტიკოსს შორის ბრძოლას და ფართო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილს წარმოადგენს.  უნგრეთის მოსახლეობისათვის ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი  ქვეყნის განვითარების ორ განსხვავებულ მოდელს შორის. ერთის მხრივ დგას პერსონიზირებული ავტოკრატია, რომელიც ნაციონალისტური გრძნობებით მანიპულირებას ეფუძნება, ხოლო მეორეს მხრივ, ინსტიტუციური გაძლიერებისა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემის დაბრუნების შესაძლებლობა, რაც ევროკავშირთან დააბრუნებს ევროკავშირთან კოორდინირებულ ურთიერთობაზე ორიენტირებულ კურსს.

ამავე დროს, ეს არჩევნები წარმოადგენს ტესტს თავად ევროკავშირისთვის, და წარმოაჩენს შესწევს თუ არა მას უნარი იმოქმედოს ეფექტიანად მაშინ, როდესაც წევრი ქვეყანა სისტემურად აფერხებს საერთო გადაწყვეტილებებს. ამასთან, უნგრეთის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუციური მექანიზმები ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, როდესაც ერთი წევრი ქვეყნის შიდა პოლიტიკური კურსი ცდება საერთო ევროპულ მიმართულებას.

საბოლოოდ, არჩევნების შედეგი განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის მომავალ საგარეო კურსს, არამედ იმ გეოპოლიტიკურ დინამიკასაც, რომელიც ჩამოყალიბდება ევროპაში მომდევნო წლებში. ეს არის არჩევანი, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც ევროკავშირის ერთიანობაზე, ისე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე და წარმოაჩენს რამდენად შესწევს უნარი ევროკავშირს  შეასრულოს ერთიანი და ძლიერი მოთამაშის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში.

 

აპრილი 2026

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top