კომენტარი

როტერდამის პორტი - ნატო-ევროკავშირის თავდაცვის მზადყოფნის ფრონტის ხაზი

როდესაც პორტები კომერციული ლოგისტიკიდან სამხედრო კოორდინაციაზე იწყებენ გადასვლას, ეს ნიშნავს, რომ ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი ძირეულად იცვლება. დღეს ამ ცვლილებას როტერდამის პორტში ვადევნებთ თვალს, სადაც ზოგიერთი ტერმინალი, რომლებიც აქამდე სამოქალაქო ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა, თავისუფლდება და დიდი მოცულობის სამხედრო ტვირთების მისაღებად ემზადება. ეს მოიცავს მძიმე ტექნიკას, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას, რომლებიც რეგულარულად უნდა ჩამოვიდეს აშშ-დან, კანადიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ზედმეტი ხმაურის გარეშე მიმდინარეობს, ის შემთხვევითი მოვლენა არ არის. ეს ნატოს 2025 წლის ჰააგის სამიტის უშუალო შედეგია, სადაც მოკავშირეებმა აიღეს ვალდებულება, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე და, რაც მთავარია, გააძლიერონ ალიანსის სამხედრო მობილურობა და სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამის პარალელურად, ევროკავშირი უფრო სერიოზულად უდგება თავდაცვაში თავის პასუხისმგებლობას. ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა „ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმი“ (CEF) და მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის (PESCO) ჩარჩო, ახორციელებს სულ უფრო მეტი ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ავითარებს საზღვრისპირა სამხედრო სატრანსპორტო დერეფნებს.

რიტორიკიდან მზადყოფნამდე
როტერდამის ოპერაცია იმაზე მიუთითებს, რომ ევროპა აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ლაპარაკით. პირველად, ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ ხელშესახებ სამხედრო მზადებას ევროპის მიწაზე და რაც მთავარია, არა მხოლოდ შეკავებისთვის, არამედ კონტინენტის სანდო თავდაცვისთვის. ეს იმის ნიშანია, რომ როგორც ნატო, ასევე ევროკავშირი თანამედროვე საფრთხეების აღიარებიდან უკვე მათ გასამკლავებლად აქტიურ მომზადებაზე გადავიდნენ.

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ და კრემლის ჰიბრიდულმა პროვოკაციებმა საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთში, ბალტიის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთში – გააქარწყლა ილუზია, რომ ევროპაში მშვიდობა შეიძლება გარანტირებულ მოცემულობად მივიღოთ. ნატოს უნარი, სწრაფად და ეფექტურად გააძლიეროს აღმოსავლეთი ფლანგი, გამოიცდება პირველივე ესკალაციის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში კი ლოგისტიკა, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საბრძოლო ტექნიკა.

ჯარების, ტანკების, საწვავის და საბრძოლო მასალის ქვეყნიდან ქვეყანაში სწრაფად გადაადგილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი აღჭურვილობაში ქონა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ევროპის გზები, ხიდები და პორტები არ იყო სათანადოდ შესაფერისი ამ მიზნისთვის. როტერდამის პორტის გარდაქმნა მიუთითებს პრიორიტეტების დიდი ხნის ნანატრ ცვლილებზე: ისეთს, რომელიც სამხედრო მობილობას თანამედროვე თავდაცვის დაგეგმვის სათავეში აყენებს.


ევროკავშირის როლი: დამხმარე პარტნიორიდან სტრატეგიულ მოთამაშემდე
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, ის ნატოს მიზნების მიღწევის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად იქცა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, რეგულირებისა და წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის თვალსაზრისით. ევროკომისიის მხარდაჭერა ორმაგი  დანიშნულების ლოგისტიკური დერეფნებისა და გზების, რკინიგზისა და პორტების განახლებისთვის ახალი დაფინანსების მექანიზმების მიმართ, უკვე პირველ შედეგებს იძლევა.

გარდა ამისა, ევროკავშირის ინიციატივები, როგორიცაა სამხედრო მობილურობა (PESCO-ს ფარგლებში) და სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც როტერდამისა და ანტვერპენის პორტებს აღმოსავლეთ ევროპასთან აკავშირებს, აუცილებელია კრიზისის დროს ალიანსის გაძლიერებისთვის. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უზრუნველყოფს ნატო სამხედრო სტრუქტურას, ხოლო ევროკავშირი ინფრასტრუქტურას და კოორდინაციას მათი ეფექტურად გამოყენებისთვის.

მომავალში რეალური გამოწვევა იქნება პოლიტიკური ნების და ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში მთავრობების ცვლილებისა და პრეზიდენტ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს აშშ-ის პოლიტიკის გაურკვეველი მიმართულების ფონზე.

როტერდამი, როგორც ევროპის აღმოსავლეთი დერეფნის მოდელი
როტერდამის ოპერაცია არ არის იზოლირებული შემთხვევა; ის უფრო დიდი მოდელის გამოცდის პოლიგონია. თუ ის წარმატებით შეძლებს, მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე, კომერციული და სამხედრო ოპერაციების ინტეგრირებას, მსგავსი რა დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ისეთ ძირითად სატრანზიტო კვანძებში, როგორიცაა გდანსკი, კონსტანცა და თესალონიკი. ეს პორტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოებისა და უკრაინის, მოლდოვასა და შავი ზღვის რეგიონის თავდაცვისთვის.

ევროპამ უნდა შექმნას ლოგისტიკური ქსელი, რომელიც იქნება მუდმივ მზადყოფნაში უპასუხოს თანამედროვე საფრთხეებს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ პორტებში სივრცის განთავისუფლებას, არამედ საბაჟო პროცედურების გადახალისებას, რკინიგზის ლიანდაგების სტანდარტიზაციას, საზღვრისპირა ტრანზიტის გაციფრულებას და ჯარების განლაგების რეგულარულ პრაქტიკას. ნატოს ერთობლივი მხარდაჭერისა და ხელშეწყობის სარდლობამ (JSEC) და ევროკავშირის ტრანსპორტისა და თავდაცვის დირექტორატებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა ეს ხედვა რეალობად აქციონ.

ის, რაც ახლა როტერდამში ხდება, უბრალოდ ლოგისტიკურ კორექტირებაზე მეტია. ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი იმისა, რომ ევროპის ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოებისადმი მიდგომა აღარ მოქმედებს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ახლა სამხედრო მზადყოფნის ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს.

თუ ევროპას უნდა რომ დროს არ ჩამორჩეს, მან სამხედრო ლოგისტიკა სტრატეგიულ სფეროდ უნდა განიხილოს და არა მხოლოდ დამხმარე ფუნქციად. ნატოს ჰააგის სამიტმა მიმართულება განსაზღვრა; როტერდამი კი ახლა ამას რეალურად აკეთებს. მნიშვნელოვანია, მომავალში გახდება ეს ახალი ნორმა თუ უბრალოდ კიდევ ერთი სიმბოლური ჟესტად დარჩება.

სამყაროში, სადაც საფრთხეები აღარ არის შორეული ან აბსტრაქტული, ევროპული უსაფრთხოების მომავალი შესაძლოა გადაწყდეს არა სამხედრო ოპერაციების შტაბებში, არამედ როტერდამის მსგავს პორტებში.



დავით დონდუა
ივლისი 2025

დავით დონდუა

ელჩი დავით დონდუა გამოცდილი ქართველი დიპლომატი და ექსპერტია საერთაშორისო უსაფრთხოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში 1993-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, მათ შორის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა(ეუთო) და ნატოში. დიპლომატიური სამსახურის პარალელურად, დ. დონდუა ეწეოდა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას – სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად და მოწვეულ ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად დ. დონდუა არის ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში (IACA) ვენაში. ასევე არის „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
Scroll to Top