ევროკავშირი
დეტალებში

ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის კომპასი (2025)

ევროკავშირის ძლიერი სოციალური კეთილდღეობის სისტემა, მისი განვითარებული ინდუსტრია და მოწინავე ეკოლოგიური პოლიტიკა, წლების მანძილზე წარმოადგენდა იმის ნათელ მაგალითს თუ რისი მიღწევა არის შესაძლებელი თანამედროვე გლობალური მსოფლიოს პირობებში. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ევროკავშირი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ: შენელდა წარმოების ზრდის ტემპი, გაიზარდა ფასები ენერგომატარებლებზე და გამძაფრდა კონკურენცია ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

2025 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოცულობითი  დოკუმენტი “ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის კომპასი” რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიულ რუქას, მის სამოქმედო გეგმას ზემოაღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.

დოკუმენტის თანახმად, თუ ევროკავშირს სურს შეინარჩუნოს არსებული  მაღალი ცხოვრების დონე, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა, იყოს მოწინავე პოზიციებზე ისეთ ინოვაციურ დარგებში დარგებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, სუფთა ენერგია, ბიოტექნოლოგიები და სხვა, შეამციროს კრიტიკული მინერალების და ენერგომატარებლების იმპორტზე დამოკიდებულება მან დაუყოვნებლივ უნდა დაიყოს მოქმედება.

თუ ევროკავშირი სწრაფად არ მიიღებს ზომებს არსებული პრობლემების დასაძლევად, ის შესაძლოა ჩამორჩეს ტექნოლოგიურ პროგრესს,  დაკარგოს ლიდერობა საკვანძო ინდუსტრიებში და შეეჯახოს სერიოზულ სირთულეებს სოციალური სფეროების – მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების – დაფინანსების მიმართულებით.

ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ძირითადი გამოწვევები

ევროკავშირის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ევროკომისიამ გამოავლინა რამდენიმე ძირითადი დაბრკოლება, რაც აფერხებს ევროპის კონკურენტუნარიანობას:

I – ინოვაციური პოტენციალის ნაკლებობა

სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირი ყოველწლიურად თითქმის იმდენივე პატენტს არეგისტრირებს, რამდენსაც აშშ და ჩინეთი, თუმცა მათგან მხოლოდ მესამედი იქცევა ბაზარზე გაყიდვად პროდუქტად. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე სტარტაპების(ახლად დაწყებული ბიზნეს საქმიანობის)  დაფინანსება.

მსოფლიო მასშტაბით ვენჩურული კაპიტალის [ვენჩურული კაპიტალი (ინგლისურად Venture Capital) წარმოადგენს მაღალი რისკის შემცველ ინვესტიციას, რომელსაც ძირითადად ახალდაფუძნებულ ბიზნესებში ე.წ. „სტარტაპებში“ ახორციელებენ] მხოლოდ 5% მიედინება ევროკავშირის სტარტაპებში, მაშინ როცა აშშ იღებს 52%-ს, ჩინეთი კი – 40%-ს. ამას გარდა, ევროკავშირში სტარტაპები ხშირად აწყდებიან სირთულეებს ტრანსსასაზღვრო გაფართოების კუთხით, რაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის  განსხვავებული იურიდიული რეჟიმით არის განპირობებული.

II – ენერგორესურსების მაღალი ფასები და ინდუსტრიის შესუსტება

ევროკავშირში ენერგომატარებლების ღირებულება აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით 2-3-ჯერ უფრო მაღალია. ეს, თავის მხრივ,  უარყოფით გავლენას ახდენს მძიმე ინდუსტრიის  ენერგო-მოხმარებით დარგებზე, როგორიცაა მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, ავტოწარმოება და ა.შ.. გრძელვადიან პერსპექტოვაში, ეს აუცილებლად უბიძგებს ევროპულ კომპანიებს გადაიტანონ საკუთარი წარმოება უფრო იაფფასიან და ნაკლებად რეგულირებულ ქვეყნებში.

III – ზედმეტი რეგულაციები და ბიუროკრატია

ევროკავშირში არსებული რთული ადმინისტრაციული პროცედურები აფერხებს ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ახალი სტრატეგიის თანახმად, ევროკავშირი მიზნად ისახავს კომპანიისთვის ბიუროკრატიული ტვირთის 25%-ით, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 35%-ით შემცირებას.

IV – გლობალური კონკურენცია

ევროკავშირი თითქმის ყველა სფეროში სულ უფრო ძლიერ საერთაშორისო კონკურენციას აწყდება. ჩინეთი დომინირებს მწვანე ტექნოლოგიებში (მზის პანელები, ბატარეები, ელექტრო-მობილები), აშშ კი ლიდერია ხელოვნურ ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით. მსოფლიო გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები ხდებიან სწრაფად განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის  ეკონომიკები.

V – დემოგრაფიული კლება

ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში სახეზეა მოსახლეობის დაბერების ტენდენცია, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. შობადობის შემცირება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა იწვევს  სამუშაო ძალის შემცირებას, ზრდის მოთხოვნას პროდუქტიულობის გაზრდაზე ზრდის საპენსიო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს.

გამოწვევებზე პასუხი – ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის კომპასი

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი სტრატეგია მიზნად ისახავს სამი სტრატეგიული მიზნის მიღწევას და ამ გზაზე გეგმავს  მთელი რიგი ახალი  საკანონმდებლო და ფინანსური ინსტრუმენტების ამოქმედებას.

I – არსებული ინოვაციური ხარვეზის აღმოფხვრა

ახალდაფუძნებული ბიზნესკომპანიების მხარდაჭერის მიზნით შემუშავდება გამარტივებული ბიზნეს ჩარჩო, ე.წ. „28-ე სამართლებრივი რეჟიმის“ ფარგლებში, რომელიც სტარტაპებს საშუალებას მისცემს მარტივად იფუნქციონირონ ყველა წევრ ქვეყანაში. აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდება 2025 წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, სპეციალური საინვესტიციო პროგრამა „TechEU“ მიზნობრივად დააფინანსებს სტარტაპებს ისეთ დარგებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები, ბიოტექნოლოგიები და სუფთა ენერგია.
ხოლო „ევროპის ინოვაციის აქტი“ დააჩქარებს პატენტების გაცემის პროცესს და შეიქმნება მარეგულირებელი “ქვიშის ყუთები” (Regulatory “Sandboxes“), სადაც ახალი ტექნოლოგიების საცდელ რეჟიმში დანერგვა იქნება შესაძლებელი.

II – ლიდერობა საკვანძო ტექნოლოგიებში

წამყვანი ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ლიდერი პოზიციების შენარჩუნების და განმტკიცების მიზნით, ახალი ინიციატივის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებში შეიქმნება ე.წ. ხელოვნური ინტელექტის ფაბრიკები და სუპერკომპიუტერული ცენტრები, რაც დაეხმარება ევროპულ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის ახალი  მოდელების გაწვრთნაში.
ამასთან იგეგმება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კვანტურ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მათი დაშიფვრის საკითხს. უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირის კოსმოსის აქტის მიღება, რაც გააძლიერებს ევროპის თანამგზავრულ და კოსმოსურ ინდუსტრიებს და უზრუნველყოფს კოსმოსის ათვისების სფეროში  ევროკავშირის პოზიციების განმტკიცებას.

III – მეცნიერებისა და კვლევის განვითარება

მაღალი ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ევროკავშირი გეგმავს კვლევასა და განვითარებაზე ხარჯების მშპ-ს 3%-მდე გაზრდას (ამჟამად აღნიშნული თანხა  2.2% შეადგენს)  და „ევროპული კვლევითი სივრცის შესახებ“ კანონით ევროკავშირისა და ეროვნული კვლევითი პროგრამების უკეთ კოორდინაციას.

დეკარბონიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ერთობლივი სტრატეგია

მსოფლიოს წინაშე არსებული გლობალური გარემოს დაცვით გამოწვევებთან გასამკლავებლად,  ისე, რომ ამავდროულად ზიანი არ მიადგეს ევროპული ქვეყნების ეკონომიკას, ევროკავშირმა შეიმუშავა ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომლიც  ეფუძნება რამდენიმე ფუნდამენტურ მიმართულებას:

I – ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა

ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლის პარალელურად,  ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომი  ფასების შენარჩუნების მიზნით ევროკავშირი განახორციელებს „ხელმისაწვდომი ენერგიის სამოქმედო გეგმას“, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებას, არსებული ელექტროგადამცემი ქსელების უკეთესი ინტეგრაციისა და ენერგოკომპანიებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების გზით.

II – მწვანე ინდუსტრიის შეთანხმება

იმისათვის, რომ ევროპულმა ინდუსტრიამ ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე გადასვლის  პერიოდში შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, ევროკავშირი გეგმავს ფინანსური სტიმულირების მექანიზმის ამოქმედებას. აღნიშნული გეგმის მიხედვით დაფინანსდება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის წყალბადის გამოყენებაზე დაფუძნებული ფოლადის წარმოება. ამავდროულად, შემოღებული იქნება „ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი“ (CBAM), რათა შეიქმნას სამართლიანი კონკურენცია იმ ქვეყნებიდან იმპორტზე გადასახადების დაწესებით, რომლებსაც უფრო დაბალი გარემოსდაცვითი სტანდარტები აქვთ.

III – ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერა

ნარჩენების შემცირებისა და რესურსების უკეთ გამოყენების მიზნით, ევროკავშირი განახორციელებს ახალ „ცირკულარული ეკონომიკის აქტს“, რომლის მიზანია გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების გაზრდა და 2030 წლისთვის 100 მილიარდი ევროს ღირებულების ცირკულარული ეკონომიკის ბაზრის შექმნა.

დამოკიდებულებების შემცირება და უსაფრთხოების გაძლიერება

ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით და არსებული დამოკიდებულებების შესამცირებლად, ევროკავშირი იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნედლეულზე წვდომის უზრუნველსაყოფად, თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და სამართლიანი ვაჭრობის დასაცავად.

I – კრიტიკულ ნედლეულზე წვდომის უზრუნველყოფა

ისეთი მნიშვნელოვან ნედლეულზე, როგორიცაა ლითიუმი და კობალტი, დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით,  ევროკავშირი შექმნის „ერთობლივი შესყიდვების პლატფორმას“. ეს სისტემა წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, კოორდინაცია გაუწიონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების კოლექტიურ შესყიდვას და შეამცირონ დამოკიდებულება გარე მომწოდებლებზე.

II – თავდაცვისუნარიანობის და კიბერ უსაფრთხოების გაძლიერება

ევროკავშირის ახალი  „თავდაცვის ინდუსტრიული სტრატეგია“ ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთობლივი თავდაცვითი პროექტების განხორციელებას. სტრატეგიის მიზანია შეამციროს ევროკავშირის დამოკიდებულება აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობაზე. ამავდროულად, კიდევ ერთი ახალი სტრატეგიის – „მზადყოფნის კავშირის სტრატეგიის“ – მეშვეობით, ევროკავშირი გააძლიერებს ძირითადი ინფრასტრუქტურის, მათ შორის წყალქვეშა კაბელების, ენერგეტიკული ქსელების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების დაცვას ფიზიკური და კიბერ საფრთხეებისგან.

III – სამართლიანი გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობა

გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირი გეგმავს ახალი სავაჭრო შეთანხმებების დადებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მექსიკა და „Mercosur“-ის ქვეყნები (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი). აღნიშნული შეთანხმებები მიზნად ისახავს ერთი მხრივ სავაჭრო ბაზრების გახსნას და ამავდროულად ევროპული ინდუსტრიების დაცვას არასამართლიანი სატარიფო და სავაჭრო პოლიტიკისაგან.

კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა

კონკურენტუნარიანობის კომპასით გათვალისწინებული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ევროკავშირი გეგმავს მთელი რიგი სტრუქტურული ზომების – ე.წ. „ჰორიზონტალური ხელშემწყობების“ – გატარებას  რომელიც მიმართული იქნება  ახალი გამარტივებული წესების დასანერგად,   ინვესტიციების მოსაზიდად და ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად.

I – რეგულაციების გამარტივება

ევროკავშირის მიზანია შეამციროს ბიუროკრატიული პროცედურები და გაამარტივოს ბიზნესისთვის ოპერირების პროცესი. ახალი ინიციატივა „ყოვლისმომცველი გამარტივება“ (Omnibus Simplification), მიმართულია ეკონომიკის ძირითად სექტორებში, მათ შორის ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო სფეროებში, არსებული რთული რეგულაციების გამარტივებისკენ. ამავდროულად, ახალი „ციფრული ბიზნეს საფულე“(Digital Business Wallet) იფუნქციონირებს როგორც ერთიანი ონლაინ პლატფორმა, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო ეფექტურად მიიღონ საჭირო ნებართვები და ლიცენზიები.

II – ერთიანი ბაზრის გაღრმავება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბიზნესის გაფართოების ხელშესაწყობად, ევროკავშირი გეგმავს მოხსნას არსებული ბარიერები ტრანსსასაზღვრო სერვისებისთვის, განსაკუთრებით ისეთ მზარდ სფეროებში, როგორიცაა ღრუბლოვანი კომპიუტერული ტექნოლოგიები(cloud computing)  და ციფრული ფინანსები. ამასთან  და იგეგმება ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის 6G-სა და ხელოვნური ინტელექტის სტანდარტების დადგენა, რათა არ მოხდეს ევროპული კომპანიების გლობალურ კონკურენტებთან ჩამორჩენა.  

III – გარდამავალი პერიოდის დაფინანსება

ახალი სტრატეგიის განსახორციელებლად, ევროკავშირი გეგმავს დამატებითი დაფინანსების წყაროების მოზიდვას. შეიქმნება დაზოგვისა და ინვესტიციების კავშირი (Savings and Investments Union) რომელიც მოახდენს კერძო კაპიტალის მობილიზებას  სტარტაპებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ასევე შეიქმნება ევროპული კონკურენტუნარიანობის ფონდი რომლის წლიური ბიუჯეტი 750-800 მილიარდ ევრო იქნება და რომელიც მხარს დაუჭერს ინვესტიციებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაში , ციფრულ ინფრასტრუქტურასა და კვლევებში.

IV – სამუშაო ძალის უნარებისა და კვალიფიკაციის განვითარება

დასასრულს, მწვანე და ციფრული ეკონომიკისთვის ევროპის სამუშაო ძალის (მუშახელის) მოსამზადებლად, ევროკავშირი დაიწყებს „უნარების კავშირის“(Union of Skills) ინიციატივის რეალიზაციას. პროექტი მიზნად ისახავს ევროპული სამუშაო ძალის გადამზადებას  ტექნოლოგიებისა და მდგრადი ინდუსტრიების სფეროში დასასაქმებლად. ამასთან, ევროკავშირის ფარგლებს გარედან კვალიფიციური და ნიჭიერი მუშახელის  მოზიდვის მიზნით, იგეგმება სავიზო პროცედურების გამარტივება.

შესაძლო შედეგები

ევროპის შანსი, გახდეს გლობალური ლიდერი ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები ეკოლოგოურად სუფთა ტექნოლოგიები და ა.შ. დიდწილად დამოკიდებულია ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის კომპასის წარმატებულ განხორციელებაზე.

საუკეთესო სცენარის მიხედვით:

კონკურენტუნარიანობის კომპასით გათვალისწინებული ქმედებების სრულად განხორციელების შემთხვევაში,  საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში:

  • ევროკავშირი გახდება ლიდერი ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა  და მწვანე ტექნოლოგიების სფეროში;
  • მოხდება ენერგომატარებლებზე ფასების კლება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  ინდუსტრიის გაძლიერებას;
  • სტარტაპები შეძლებენ მიიღონ უფრო მეტი დაფინანსება და გამარტივდება მათი საქმიანობის დასაწყებად საჭირო პირობები;
  • მოხდება მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირება და შემცირდება დამოკიდებულება ჩინეთსა და აშშ-ზე.

ყოველივე ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას ევროკავშირის ქვეყნებში, რაც  გააძლიერებს ევროპის  მოქალაქეების სოციალურ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ამავდროულად, ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის კომპასის წარმატებული განხორციელება წევრი სახელმწიფოების მთავრობებს საშუალებას მისცემს უკეთესი კოორდინაციის გზით (მაგ. ერთობლივი თავდაცვითი შესყიდვების პროექტები) მოახდინონ არსებული ფინანსური რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება.

უარესი სცენარის მიხედვით:

კონკურენტუნარიანობის კომპასის წარუმატებლობის შემთხვევაში:

  • ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ქარხნების უმრავლესობა თანდათანობით დატოვებს ევროპულ ბაზარს და წარმოებას გადაიტანს აზიასა და აშშ-ში, რაც უცილობლად გამოიწვევს ევროკავშირის დე-ინდუსტრიალიზაციას;
  • ახალ ტექნოლოგიებში ჩამორჩენა კიდევ უფრო გაზრდის ევროკავშირის დამოკიდებულებას ნედლეულისა და ენერგომატარებლების იმპორტზე;
  • ყოველივე ეს კი გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც იძულებულს გახდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არსებული სოციალური და საპენსიო ვალდებულებების დასაფარად მოახდინონ გადასახადების გაზრდა.

დასკვნა

„კონკურენტუნარიანობის კომპასი“ არის ამბიციური გეგმა, რომლის მიზანია ევროპის გლობალური ლიდერობის შენარჩუნება. მისი წარმატება დამოკიდებულია სწრაფ და კოორდინირებულ ქმედებებზე, წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე და ინოვაციასა და სოციალურ სამართლიანობას შორის ბალანსზე. ევროპამ უნდა აირჩიოს ერთიანი მოქმედება საერთო მომავლისთვის – წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ევროპა დაკარგავს გავლენას გლობალურ არენაზე.

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top