ევროკავშირი
დეტალებში

2030 წლისთვის ევროპული თავდაცვის მზადყოფნის თეთრი წიგნი

I – შესავალი

2025 წლის 19 მარტს ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტი “ევროპული თავდაცვის მზაობის თეთრი წიგნი 2030 წლისთვის“ – წარმოადგენს ევროკავშირის ახალ სტრატეგიულ მიდგომას უსაფრთხოების და თავდაცვის გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ. ეს დოკუმენტი ასახავს ევროკავშირის მცდელობას, ტრადიციული „რბილი ძალის“ პოლიტიკიდან გადაინაცვლოს ე.წ. მყარი უსაფრთხოების კონცეფციისკენ, რომელიც ეფუძნება სტრატეგიულ დამოუკიდებლობასა და ეფექტიან შეკავებას.

საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და მოგვიანებით, ცივი ომის დასრულების შემდგომ ჩამოყალიბდა, დღეს გლობალური მასშტაბით ღრმა სტრუქტურულ ტრანსფორმაციას განიცდის ავტორიტარული რეჟიმების, პირველ რიგში რუსეთის, ასევე ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სხვათა აგრესიული ქმედებების შედეგად. ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისტორიულად ევროპის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების გარანტორი იყო, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მიიჩნევს, რომ გადამეტებულად არის  ჩართული ევროპული უსაფრთხოების თემატიკაში და ცდილობს გლობალური მასშტაბით რესურსების გადანაწილებას. ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ფორმირდება, ევროპა გადაუდებელ და მზარდ საფრთხეების პირისპირ აღმოჩნდა და საჭიროა სწრაფი რეაგირება რათა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობა და კეთილდღეობა.

ამ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა ფართომასშტაბიანი დოკუმენტი, რომელიც მკაფიოდ ასახავს ევროკავშირის წინაშე არსებულ საჭიროებას – თავდაცვისუნარიანობის კუთხით განახორციელოს სიღრმისეული რეფორმა. დოკუმენტის მიხედვით, მრავალწლიანმა არასაკმარისმა ინვესტიციამ, სერიოზულად დააზიანა ევროპული თავდაცვისა და შეკავების პოტენციალი. თავდაცვის მზაობის აღდგენა საჭიროებს კოლექტიურ, სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც ეფუძნება სოლიდარობას, დაფინანსების ზრდას და კოორდინირებულ ინდუსტრიულ ძალისხმევას. დრო, სამწუხაროდ ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მუშაობს – ამიტომ აუცილებელია წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებების დაუყოვნებლივი  განხორციელება, რათა 2030 წლისთვის მიღწეულ იქნას ხელშესახები შედეგები, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მოქალაქეთა  უსაფრთხოების უზრუნველყოფას  და გლობალურ არენაზე ევროკავშირის, როგორც ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას.

II – სწრაფად გაუარესებადი სტრატეგიული გარემო

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული თეთრი წიგნი ასახავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ევროპული უსაფრთხოება. ეს გამოწვევები მრავალფეროვანია, სწრაფად ვითარდება და სულ უფრო მეტად მზარდ კავშირშია ფიზიკურ, ციფრულ და კოგნიტურ სივრცეებთან.  ეს საფრთხეები რამდენიმე ძირითად კატეგორიად იყოფა:

ა. სახელმწიფოებიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეები და ტრადიციული (კონვენციური) აგრესია

ევროკავშირისთვის, ამ ეტაპზე ყველაზე პირდაპირ და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და იქცა ევროპის მთავარი დესტაბილიზაციის წყაროდ. უკრაინის ომმა გამოიწვია ასიათასობით ადამიანის დაღუპვა და მასობრივი იძულებითი გადაადგილება. რუსეთი გადავიდა საომარ ეკონომიკაზე: მისი ფედერალური ბიუჯეტის 40% (მშპ-ის 9%) ხმარდება სამხედრო ხარჯებს, გაძლიერდა სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და გაღრმავდა კავშირები ავტორიტარულ რეჟიმებთან – ბელარუსთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. მოსკოვი სულ უფრო ხშირად მიმართავს ბირთვული შანტაჟისა და ჰიბრიდული სტრატეგიების გამოყენებას. პარალელურად, რუსეთი სისტემატურად აღვივებს არასტაბილურობას ევროპის პერიფერიებზე – საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და დასავლეთ ბალკანეთში.

დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს: თუ რუსეთი მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში, მისი ამბიციები ამით არ ამოიწურება. ტერიტორიული რევიზიონიზმი და ნეოიმპერიული მისწრაფებები განიხილება, როგორც სტაბილური და მუდმივი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისათვის.

ბ. სისტემური და სტრატეგიული გამოწვევა ჩინეთის მხრიდან

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე არ ატარებს დაუყოვნებლივ და უშუალო ხასიათს, დოკუმენტის მიხედვით ჩინეთი განიხილება, როგორც სისტემური მოწინააღმდეგე. მისი ავტორიტარული მმართველობა, სახელმწიფო კაპიტალიზმი და ტექნოლოგიური ამბიციები, გრძელვადიან პერსპექტივაში, საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას და დემოკრატიას. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ჩინეთის უზარმაზარი და გაუმჭვირვალე თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც მოცულობით მეორეა მსოფლიოში (აშშ-ის შემდეგ), ასევე ციფრულ, კოსმოსურ და ბირთვულ შესაძლებლობებში სწრაფი პროგრესი. ჩინეთის აგრესიული ქცევა ინდო-წყნარ ოკეანეში – განსაკუთრებით ტაივანსა და აღმოსავლეთ/სამხრეთ ჩინეთის ზღვებში – კიდევ უფრო ზრდის რეგიონულ დაძაბულობას. პარალელურად, მისი სამხედრო და ეკონომიკური ყოფნის გაფართოება სამხრეთ წყნარ ოკეანეში, ინდოეთის ოკეანესა და მის ფარგლებს გარეთ, წარმოადგენს გლობალური ამბიციების ნათელ გამოხატულებას.

ჩინეთის პოლიტიკა, განსაკუთრებით მასზე ტექნოლოგიური დამოკიდებულებების ხელშეწყობის, მსოფლიო მიწოდების ჯაჭვების კონტროლისა და ე.წ. კოგნიტიური (ცნობიერების) ომის (მაგალითად, დეზინფორმაციის) გზით, ასუსტებს ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას და ტაივანის კრიზისის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს გლობალური ვაჭრობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების  ხელმისაწვდომობა.

გ. ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გარანტიის ეროზია

მესამე სტრატეგიულ პრობლემას წარმოადგენს აშშ-ის ინტერესის თანდათანობითი გადანაცვლება ევროპიდან ინდო-წყნარი ოკეანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ნატო რჩება ევროპის უსაფრთხოების მთავარ საყრდენად, აშშ-ის მოთხოვნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს თდროულად როგორც გამოწვევას, ისე შესაძლებლობას. ევროკავშირი ვალდებულია შეავსოს ეს ვაკუუმი წევრ ქვეყნებს შორის ტვირთის თანაბარი გაზიარების პრინციპით, შესაძლებლობების განვითარებითა და მდგრადი ინდუსტრიული პოლიტიკით.

დ. ჰიბრიდული საფრთხეები და ტექნოლოგიური დაპირისპირება

„თეთრი წიგნი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰიბრიდული საფრთხეების ზრდას, რომლებიც ომისა და მშვიდობის საზღვრებს აღრევას ახდენს. ეს საფრთხეები მოიცავს:

  • კიბერშეტევებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე
  • წყალქვეშა კაბელებისა და გაზსადენების დივერსიებს
  • დეზინფორმაციის კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავს არჩევნების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევას
  • მიგრაციის იარაღად გამოყენებას (როგორც ეს იყო ბელარუსის შემთხვევაში)

ამასთანავე, სულ უფრო მწვავდება კონკურენცია ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერები, ბიოტექნოლოგიები, ზებგერითი და ავტონომიური სისტემები – ეს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები  ერთდროულად საფრთხის შემცველიცაა და  გადამწყვეტიც ეკონომიკური და სამხედრო უპირატესობისთვის.

ევროკავშირი ვალდებულია დაჩქარებული ტემპით განავითაროს საკუთარი კვლევითი და ინოვაციური გარემო, შეინარჩუნოს ტექნოლოგიური სუვერენიტეტი და თავიდან აიცილოს კრიტიკული დამოკიდებულება გარე ძალებზე.

ე. არასტაბილურობა ევროპის მეზობელ რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მეზობელ რეგიონებში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში) არსებული კონფლიქტებიდან მომდინარე საფრთხეებზე. ლიბიასა და სუდანში მიმდინარე კრიზისები, ასევე არასტაბილურობა „საჰელის“ რეგიონში (სენეგალი, გაბონია, მავრიტანია, გვინეა, მალი, ბურკინა ფასო, ნიგერი, ჩადი, კამერუნი, ნიგერია) იწვევს მასობრივ მიგრაციას, ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს. ახლო აღმოსავლეთში ირანის ქმედებები, მათ შორის მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა და სარაკეტო შეიარაღების გავრცელება, საფრთხეს უქმნის ისრაელის, ლიბანსა და სირის სტაბილურობას, რაც თავის მხივ აისახება ევროპულ უსაფრთხოებაზეც.

დამატებით, დოკუმენტში წითელი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა და არქტიკა აღწერილია, როგორც ახალი გეოპოლიტიკური კონკურენციის არეები, რაც გავლენას ახდენს ვაჭრობის, ენერგო უსაფრთხოებასა და საზღვაო მიმოსვლის სტაბილურობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მოვლენა პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ მდგრადობასა და საზოგადოებრივ ერთიანობაზე.

III – ევროპული მზადყოფნა 2030 წლისთვის

„თეთრი წიგნის“ ძირითადი ამოცანაა – 2030 წლისთვის მიღწეულ იქნეს სრული თავდაცვის მზაობა ევროკავშირის ფარგლებში, რაც მხოლოდ შინაგან უსაფრთხოებაზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ გააძლიერებს ევროპის გლობალურ როლს. მიუხედავად იმისა, რომ ნატო რჩება ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად, ევროპამ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სამხედრო შესაძლებლობების, კოორდინაციისა და სტრატეგიული ხედვების მიმართულებით.

ევროკავშირის წინაშე დგას მკაფიო არჩევანი: ან მოახდენს სტრატეგიულ ადაპტაციას, გაძლიერდება და შეძლებს თავისი ღირებულებებისა და მომავლის დაცვას, ან დაიყოფა, დასუსტდება და დაკარგავს აქტუალურობას გლობალურ არენაზე.

დოკუმენტი აღიარებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენულ კომპეტენციას შეიარაღებულ ძალებზე, თუმცა ევროკომისია მზად არის შესთავაზოს წევრ ქვეყნებს დამატებითი დახმარება კოორდინაციის, დაფინანსებისა და საკანონმდებლო მხარდაჭერის სახით. ევროკავშირის მიზანია მნიშვნელოვანი ინვესტიციების პრიორიტეტიზება, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და ერთობლივი შესყიდვების გაღრმავება, რაც განამტკიცებს ევროპულ თავდაცვის, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ ბაზას (EDTIB).

ამისათვის საჭიროა:

  • ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის ფარგლებში თანამშრომლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება – იარაღის სისტემების განვითარებისა და მათი ბაზარზე ხელმისაწვდომობის მიზნით;
  • ხარჯების შემცირება მასშტაბის გაზრდის გზით  – ეს წევრ სახელმწიფოებს მისცემს ხარჯების შემცირების საშუალებას სამხედრო შესყიდვების გაზრდისა და მრეწველობისთვის სტაბილური მოთხოვნების გარანტირების გზით;
  • ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა – მობილურობისა და კოსმოსური კომუნიკაციის, ნავიგაციისა და დაკვირვების სისტემებისთვის;
  • სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოება – როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე გარე პარტნიორებთან.

აღსანიშნავია, რომ „თეთრი წიგნის“ გამოქვეყნების შემდეგ, ევროკომისიამ დაიწო მუშაობა  დამატებითი დოკუმენტების, მათ შორის „მზადყოფნის კავშირის სტრატეგიის“ და „შინაგან უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სტრატეგიის“ შესამუშავებლად, რომლებიც გააძლიერებენ ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის ინსტიტუციურ ჩარჩოს და გააუმჯობესებენ კრიზისებზე რეაგირების უნარს.

IV – კრიტიკული ნაკლოვანებების დაძლევა

გარე  აგრესიის შეკავებისა და რეგიონული არასტაბილურობის საპასუხოდ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად. ამჟამად არსებული  ხარვეზები სერიოზულად აფერხებს რთული და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ეფექტიან განხორციელებას.

„თეთრი წიგნი“ ასახელებს შვიდ კრიტიკულ სფეროს, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვითი შესაძლებლობების სერიოზული დეფიციტი არსებობს:

  1. ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები – ზებგერითი და ბალისტიკური რაკეტებით გამოწვეული მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ.
  2. არტილერია და შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები – ღრმა ზურგში ზუსტი დარტყმების შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
  3. საბრძოლო მასალების და რაკეტების მარაგები – მათი სწრაფი შევსება აუცილებელია, განსაკუთრებით უკრაინისათვის  მხარდაჭერისათვის.
  4. დრონები და დრონების საწინააღმდეგო  სისტემები – თანამედროვე ომში მათი მზარდი როლის გათვალისწინებით.
  5. სამხედრო მობილობის ინფრასტრუქტურა – ჯარებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების გამარტივება ევროკავშირის ტერიტორიაზე და პარტნიორ ქვეყნებში.
  6. ხელოვნური ინტელექტი, კვანტური ტექნოლოგიები, კიბერ- და ელექტრონული ომი – გადამწყვეტია ციფრულ და ელექტრომაგნიტურ სფეროში თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობებისთვის.
  7. სტრატეგიული მხარდაჭერის საშუალებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა – მათ შორის საჰაერო გადაზიდვების შესაძლებლობები, დაზვერვა და უსაფრთხო კომუნიკაცია.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა იწვევს არაეფექტიანობას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში და ზრდის საერთო ხარჯებს. თანამშრომლობითი მიდგომა ამ ხარვეზების დაძლევისას შექმნის ე.წ. „თანამშრომლობის დივიდენდს“, რაც გამოიხატება: ხარჯების შემცირებაში, მასშტაბის გაზრდასა და ურთიერთ თავსებადობის გაუმჯობესებაში.

ერთობლივი შესყიდვები ამცირებს ხარჯებს, აჩქარებს მიწოდებებს და უზრუნველყოფს ტექნიკურ შესაბამისობას. მაღალი ინტენსივობის ომების შემთხვევაში, ინიციატივები, რომლებიც აღემატება ცალკეული სახელმწიფოების შესაძლებლობებს, მოითხოვს კოლექტიურ მოქმედებას ევროკავშირის მექანიზმების – EDA, PESCO, OCCAR და ნატოს სააგენტოების მეშვეობით. ამასთან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან  თავდაცვის ხარჯების მინიმუმ 35% ერთობლივი შესყიდვების ფორმით განახორციელონ.

სამხედრო მობილობა და ინფრასტრუქტურა

წევრი სახელმწიფოებისა და მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, კონფლიქტების ან გაძლიერებული ჰიბრიდული ომის დროს, სწრაფად განალაგონ ჯარები და აღჭურვილობა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე, მოითხოვს ორმაგი დანიშნულებისთვის შესაფერის აუცილებელ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომას. ამ მიზნით ევროკომისიამ გამოავლინა ოთხ ძირითად მულტიმოდალურ დერეფანში (სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო და საჰაერო) 500 პროექტი, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ინვესტირებას. გადაუდებელი ამოცანები მოიცავს საზღვრის კვეთის  პროცესების გამარტივებას, პრიორიტეტულ სატრანსპორტო წვდომას სამხედრო ტვირთებისათვის და არსებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, როგორც თავდაცვითი, ისე სამოქალაქო მიზნებისთვის.

აღმოსავლეთ საზღვრის ფარი

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ, შემოთავაზებულია „აღმოსავლეთის საზღვრის ფარი“ – ინტეგრირებული თავდაცვის სისტემა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ ბარიერებს, ინფრასტრუქტურას და სამეთვალყურეო ტექნოლოგიებს.

თავდაცვის საკანონმდებლო პაკეტი – „Defence Omnibus“

ევროკავშირის შიგნით არსებული რეგულაციების სიჭარბე აფერხებს თავდაცვის სექტორის მოქნილობას. ევროკომისია დაიწყებს სტრატეგიულ დიალოგს ინდუსტრიასთან და 2025 წლის ივნისისთვის წარადგენს თავდაცვის საკანონმდებლო გამარტივების პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს: სერტიფიკაციისა და გარემოსდაცვითი ნებართვების გამარტივებას, მიწოდების ჯაჭვების დაცვას, დაფინანსების წყაროებზე წვდომის გაუმჯობესებას, სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლასა და თავდაცვის პროგრამების ადმინისტრირების დაჩქარებას.

პარალელურად, გადაიხედება შესაბამისი დირექტივები (მაგალითად: შესყიდვები, ევროკავშირის შიდა გადაზიდვები და სხვ.)

სტრატეგიული მარაგები და მზადყოფნის რეზერვები

ევროკავშირი მხარს დაუჭერს სტრატეგიული მარაგების და მზადყოფნის რეზერვების შექმნას ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის (EDIP) ფარგლებში. აქცენტი გაკეთდება: ტრანს-სახელმწიფოებრივ  ინდუსტრიულ თანამშრომლობაზე, კრიტიკული მასალებისა და კომპონენტების ერთობლივ შესყიდვებზე, ევროკავშირის მასშტაბით შესაბამისი მარაგების თანაბარ გადანაწილებაზე.

V – უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა: „ზღარბის სტრატეგია“

უკრაინის მხარდაჭერა რჩება ევროკავშირის უახლოეს მთავარ პრიორიტეტად. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის სახით დაახლოებით 50 მილიარდი ევრო გამოუყვეს, მათ შორის ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) მეშვეობით.

დოკუმენტი ეხმიანება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას და სთავაზობს უკრაინას იმოქმედოს ე.წ. „ზღარბის სტრატეგიით“ (Porcupine Strategy) – ეს  სტრატეგია მიზნად ისახავს უკრაინის ისეთი სამხედრო შესაძლებლობებით აღჭურვას, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავება.

ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის ორ ურთიერთგამაძლიერებელ პრიორიტეტზე უნდა იყოს ორიენტირებული:

ა. ევროკავშირის სამხედრო და სხვა სახის დახმარების გაძლიერება უკრაინისთვის

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, გააგრძელონ და გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კერძოდ:

  • საბრძოლო მასალების მიწოდება: ყოველწლიურად მინიმუმ 2 მილიონი ერთეული მსხვილკალიბრიანი არტილერიის ჭურვის მიწოდება. ამისათვის საჭიროა დაუყოვნებლივ ფინანსური ვალდებულებების აღება 2025 წლისთვის, როგორც შემოწირულობის ისე ერთობლივი შესყიდვების გზით.
  • საჰაერო თავდაცვითი სისტემები: ევროკავშირი დაიწყებს უკრაინასთან ერთობლივ საჰაერო თავდაცვის ინიციატივას, რომელიც ეფუძნება 2024 წლის ნოემბერში 18 წევრი სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ „განზრახულობის წერილის“ (Letter of Intent). აქცენტი გაკეთდება ერთობლივ წარმოებასა და შესყიდვებზე და წარმოებაზე, მათ შორის საზენიტო სისტემებისა და გადამჭერი რაკეტების მიმართულებით.
  • დრონების შესაძლებლობები: გაგრძელდება უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება და ხელი შეეწყობა უკრაინაში მათი წარმოების განვითარებას, მათ შორის ევროკავშირ-უკრაინის ერთობლივი საწარმოების დაფუძნების გზით.
  • წვრთნა და ბრიგადების ხელახალი აღჭურვის მხარდაჭერა: გაძლიერდება EUMAM Ukraine პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე გაწვრთნილია 75,000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გათვალისწინებულია ბრძოლის ველზე მხარდაჭერის გაუმჯობესება ტექნიკის მოვლის, სათადარიგო ნაწილების მიწოდებისა და ევროკავშირის მიერ მიწოდებული აღჭურვილობის ოპერატიული ადაპტაციის გზით. გათვალისწინებულია ფრონტის ხაზზე დაგროვებული გამოცდილების გაზიარებაც.
  • უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერა: პრიორიტეტული გახდება უკრაინული თავდაცვის საწარმოებისგან პირდაპირი შესყიდვები, რომელთა პროგნოზირებული წლიური შესაძლებლობა 2025 წლისთვის 35 მილიარდ ევროს მიაღწევს. დაფინანსება განხორციელდება ევროკავშირის სესხებით G7-ის „ERA“ ინიციატივის, „Ukraine Facility“-სა და „SAFE“ ინსტრუმენტის მეშვეობით. ეს ასევე შესაძლებელს გახდის უკრაინის მონაწილეობას ევროკავშირის ერთობლივ თავდაცვის შესყიდვებში.
  • სამხედრო მობილობა და ლოჯისტიკა: გაფართოვდება ევროკავშირის სამხედრო კორიდორები უკრაინის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სწრაფ და ინტეგრირებულ ლოჯისტიკას, გაზრდის შეკავების უნარსა და რეაგირების სისწრაფეს.
  • წვდომა ევროკავშირის კოსმოსურ შესაძლებლობებზე: უკრაინას მიეცემა წვდომა ევროკავშირის კოსმოსურ პროგრამებზე, მათ შორის სატელიტურ სერვისებზე და დედამიწის დაკვირვების სისტემებზე; დაფინანსდება კომერციული სატელიტური მხარდაჭერა და გაძლიერდება კიბერ­უსაფ­რთხოება სტრატეგიული ობიექტებისათვის. ასევე წახალისდება უკრაინის მონაწილეობა “EU Space ISAC”-ში.
  • კოორდინაციის გაძლიერების მექანიზმები: გაძლიერდება ევროკავშირის სამხედრო პერსონალის საინფორმაციო ცენტრი (EU Military Staff Clearing House Cell), მოხდება ნატოსთან და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და იგეგმება ევროკავშირსა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ბ. უკრაინის ევროკავშირის თავდაცვის ინიციატივებთან ასოცირება და შესაბამისი თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციის მიზნით

  • უკრაინა–ევროკავშირის თავდაცვის ინტეგრაცია: ფრონტის ხაზზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილება უკრაინას აქცევს თავდაცვითი ტექნოლოგიების ინოვაციის მნიშვნელოვან ჰაბად. მისი თავდაცვის ინდუსტრიის ინტეგრაცია ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ ბაზასთან (EDTIB) გააუმჯობესებს ამ უკანასკნელის მასშტაბურობას, ხელს შეუწყობს მის მოდერნიზაციასა და გაზრდის  ხარჯთეფექტურობას.
  • EDIP და ერთობლივი პროგრამები: ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის (EDIP) რეგულაციის დაჩქარებული მიღება უზრუნველყოფს უკრაინის ჩართვას ევროკავშირის თავდაცვით ინიციატივებში (მაგალითად: უკრაინის მხარდამჭერი ინსტრუმენტი, PESCO, CARD), რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი ინოვაციების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.
  • ცოდნისა და ინვესტიციების გაცვლა: ევროკავშირის თავდაცვითი ინოვაციების ოფისის გახსნა  კიევში და უკრაინასთან თანამშრომლობის წახალისება ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს უკრაინის საბრძოლო გამოცდილებით და გააძლიეროს ინდუსტრიული პარტნიორობა.

VI – ძლიერი და ინოვაციური თავდაცვის ინდუსტრია ევროპაში

სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის სიღრმისეული რეფორმა. ამ კუთხით ევროპულ თავდაცვის სექტორს გადამწყვეტი როლი ენიჭება ეფექტიანი შეკავების და სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველყოფაში. თუმცა, სექტორში არსებული სტრუქტურული სისუსტეები – როგორიცაა ფრაგმენტაცია, არასაკმარისი ინვესტიციები და ნელი საწარმოო ტემპი – სერიოზულად აფერხებს წევრი სახელმწიფოების ქმედითუნარიანობას.

ამ პრობლემების დასაძლევად ევროკავშირი გეგმავს ჩამოაყალიბოს უფრო ინტეგრირებული, ინოვა­ციური და კონკურენტუნარიანი თავდაცვითი ინდუსტრია. ამისათვის განსაზღვრულია შემდეგი ექვსი სტრატეგიული პრიორიტეტი:

  1. ინდუსტრიული პოტენციალის გაძლიერება – ევროკავშირის მასშტაბით თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობების გაზრდა და ტრადიციული მრეწველობის (მაგ. ავტომრეწველობა, ფოლადის ინდუსტრია) მობილიზება თავდაცვითი მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერად.
  2. კრიტიკული რესურსების უზრუნველყოფა – გარეშე დამოკიდებულებების შემცირება (მაგ. ნახევარგამტარებზე, ნედლეულზე) დივერსიფიცირებული მომარაგების წყაროების, ერთობლივი შესყიდვებისა და ევროპული წარმოების განვითარებით.
  3. თავდაცვის ერთიანი ბაზრის შექმნა – ფრაგმენტაციის დაძლევა შესყიდვების წესების ჰარმონიზაციის, შიდა საზღვრებზე გადაზიდვების გამარტივებისა და ევროკავშირის მასშტაბით ერთობლივი პროექტების წახალისებით.
  4. წესების გამარტივება და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება – ბიუროკრატიის შემცირება, რეგულაციების ოპტიმიზაცია, ნებართვების გაცემის დაჩქარება და ადმინისტრაციული დაბრკოლებების აღმოფხვრა, რათა თავდაცვის სფეროში შესყიდვები გახდეს ეფექტიანი, სწრაფი და უსაფრთხოების მოთხოვნებზე მორგებული.
  5. ინოვაციის წახალისება – რევოლუციურ ტექნოლოგიებში ინვესტირება (ხელოვნური ინტელექტი, კვანტური სისტემები, ავტონომიური ტექნოლოგიები) ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმების – ევროპული თავდაცვის ფონდის (EDF) და თავდაცვის ინოვაციის სქემის (EUDIS) მეშვეობით. მნიშვნელოვანია ორმაგი დანიშნულების კვლევასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობა და მასში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა .
  6. ადამიანური რესურსების განვითარება – მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკურ სფეროებში (ე.წ. STEM სფეროებში), ასევე  და მოწინავე ტექნოლოგიებში არსებულ ადამიანური რესურსების ნაკლოვანებებზე შესაბამისი რეაგირება, ასევე სხვა სექტორებიდან მუშახელის გადამზადება თავდაცვის ინდუსტრიის გაფართოების მხარდასაჭერად.

ამ პრიორიტეტების მისაღწევად აუცილებელია შემდეგი ძირითადი ქმედებების განხორციელება:

  • მოთხოვნის შეჯერება (აგრეგაცია): მრავალწლიანი კონტრაქტებისა და ერთობლივი შესყიდვების (მაგ., EDIRPA) გამოყენება ინდუსტრიისთვის პროგნოზირებადი შეკვეთების უზრუნველყოფისა და საწარმოო სიმძლავრის გაფართოების სტიმულირებისთვის.
  • სამხედრო გაყიდვების მექანიზმი: ევროპული სამხედრო ტექნიკის ხელმისაწვდომობისა და მიწოდებისთვის  საჭირო დროის გაუმჯობესება.
  • ინოვაციის ეკოსისტემა: სხვადასხვა ევროპული პროგრამების ( EUDIS, HEDI) და კერძო კაპიტალის (მაგ., Defence Equity Facility) გამოყენება ინოვაციური გადაწყვეტილებების დაჩქარებისთვის.
  • კვალიფიციური კადრების განვითარება: თავდაცვითი სექტორის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარება Union of Skills ინიციატივის ფარგლებში, აქცენტით STEM და ციფრულ კომპეტენციებზე.

ამ მექანიზმების ეფექტიანი დანერგვის შედეგად, ევროკავშირს ექნება ძლიერი და კონკურენტუნარიანი თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც გააძლიერებს უსაფრთხოებას, შეამცირებს გარე დამოკიდებულებას  და დააჩქარებს ტექნოლოგიურ ინოვაციას. ამ პროცესის სწრაფი წარმართვა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით გლობალური კონკურენტების მიერ მიღწეული სწრაფი პროგრესის გათვალისწინებით.

VII – თავდაცვითი ხარჯების მკვეთრი ზრდა

ევროპული სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერებისა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაფართოების მიზნით, ევროკომისიამ შეიმუშავა ევროპის გადაიარაღების გეგმა (ReArm Europe). აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეტაპობრივად ზრდიდნენ თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 2024 წელს 326 მილიარდ ევროს გაუტოლდა. მიუხედავად საგრძნობი ზრდისა,  საერთო ჯამში, ეს თანხა კვლავაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, რაც უფრო შემაშფოთებელია, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტებს.

ევროპული თავდაცვის გარდაქმნა მოითხოვს მასშტაბურ და გრძელვადიან ინვესტიციებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებიდან. ევროპის გადაიარაღების გეგმით, კომისიამ გამოავლინა ხუთი ძირითადი მიმართულება, ე.წ. სვეტი, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება თავდაცვის  სფეროში ხარჯების სწრაფ და მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევა:

  1. პირველი სვეტი – SAFE ინსტრუმენტი –შეიქმნება SAFE (Security and Action for Europe) ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს 150 მილიარდ ევრომდე ევროკავშირის გარანტირებულ სესხებს ეროვნული თავდაცვის ინვესტიციებისათვის. დაფინანსება მოხმარდება კრიტიკული შესაძლებლობების – საბრძოლო მასალები, სამხედრო მობილობა, საჰაერო თავდაცვა და ხელოვნური ინტელექტის სისტემები – ერთობლივ შესყიდვებს. დაფინანსებაზე წვდომისთვის აუცილებელია ეროვნული თავდაცვის გეგმების წარდგენა. ამასთან, პაკეტი მოიცავს ისეთ მასტიმულირებელ  მექანიზმებს, როგორიცაა: დღგ-ისაგან გათავისუფლება, ღია კონტრაქტები და მესამე ქვეყნების ჩართულობის შესაძლებლობა შეთანხმებული პირობებით.
  2. მეორე სვეტი – სტაბილურობისა და ზრდის პაქტის ეროვნული გამონაკლისის მექანიზმი – ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს „სტაბილურობისა და ზრდის პაქტის“ ფარგლებში ამოქმედონ ეროვნული გამონაკლისის მექანიზმი, რაც მათ საშუალებას მისცემს დროებით გადააჭარბონ დაწესებულ ფისკალურ ზღვრულ დეფიციტს თავდაცვითი ხარჯების სფეროში. ამ გზით ევროკომისია მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნება 800 მილიარდ ევრომდე სახსრების მობილიზება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
  3. მესამე სვეტი – არსებული ინსტრუმენტების მოქნილობის ზრდა – წევრ სახელმწიფოებს შეეძლებათ მოქნილობის პოლიტიკის ფონდების (ე.წ cohesion policy funds) მეშვეობით (განსაკუთრებით მისი შუალედური შეფასების ეტაპზე) არსებული რესურსების ნაწილის თავდაცვით და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე გადამისამართება. ევროკომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს შესაბამის დირექტივას, რომელიც ხელს შეუწყობს  თავდაცვის ინდუსტრიის ინტეგრაციას რეგიონულ განვითარების საკითხებში.
  4. მეოთხე სვეტი – ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB) გაძლიერებული როლი – ევროპული საინვესტიციო ბანკი გაზრდის თავდაცვის სფეროში ყოველწლიურ ინვესტიციებს 2 მილიარდ ევრომდე. ის ასევე მხარს დაუჭერს ისეთი სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, კოსმოსური სისტემები და კვანტური ტექნოლოგიები. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკი გადახედავს არსებულ წესებს და დაადგენს საკუთარი პოლიტიკის ახალ მიზნებს ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით, რითაც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მიდგომას.
  5. მეხუთე სვეტი – კერძო კაპიტალის მობილიზება – გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ინვესტიციები საკმარისი არ არის, ევროკომისია მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თავდაცვის სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომა ფინანსურ რესურსებზე. იგეგმება გამჭვირვალობის ზრდა “მდგრადი ფინანსების გამჟღავნების რეგულაციის” (Sustainable Finance Disclosure Regulation) ფარგლებში და “დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირი” (Savings and Investment Union) ინსტრუმენტის გამოყენება კერძო ინვესტიციების მოსაზიდად თავდაცვით სფეროში.

ზემოხსენებული ხუთი ინსტრუმენტის მეშვეობით, ევროკავშირი იმედოვნებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოახდინოს 800 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება თავდაცვის სფეროში.

დამატებით, ევროკომისია ასევე განიხილავს ახალი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის ევროპული სტაბილურობის მექანიზმის (ESM) გამოყენების შესაძლებლობასაც.

VIII – უსაფრთხოების გაძლიერება თანამშრომლობის გზით

გლობალური საფრთხეების, მათ შორის კიბერ-თავდასხმების, ჰიბრიდული ომისა და საზღვაო დაუცველობის პირობებში, ევროკავშირი გეგმავს აქტიურად განავითაროს ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობის მიზანია, გლობალური სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ინოვაციური შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა.

ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შემდეგ პარტნიორულ მიმართულებებს:

  • ნატო – ნატო რჩება ევროპის კოლექტიური თავდაცვის მთავარ საყრდენად. ევროკავშირი და ნატო კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას სამხედრო მობილობის, შესაძლებლობების განვითარებისა და მედეგობის სფეროებში. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს სტრატეგიული მიზნების განხორციელებას.
  • აშშ – ევროკავშირი განაგრძობს ტრანსატლანტიკური თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებას შეერთებულ შტატებთან. აქცენტი გაკეთდება ინდუსტრიული ინტეგრაციისა და გლობალურ საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების გაძლიერებაზე.
  • გაერთიანებული სამეფო – მიუხედავად ევროკავშირიდან გასვლისა, ევროკავშირი მუშაობს გაერთიანებულ სამეფოსთან, სტრუქტურირებული თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვის ინდუსტრიასა და სტრატეგიულ უსაფრთხოების კუთხით.
  • ნორვეგია და კანადაროგორც ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორები, ევროკავშირი გააგრძელებს ნორვეგიასთან და კანადასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, განსაკუთრებით  ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდისა და სტრატეგიული პროექტების განვითარების კუთხით.
  • ევროპული სამეზობლო და გაფართოების ქვეყნებიევროკავშირი ხელს უწყობს შეიარაღებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მსგავსი ფასეულობების მქონე ევროპულ და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა: ალბანეთი, ისლანდია, ჩერნოგორია, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და შვეიცარია.
  • თურქეთითურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა და მონაწილეობს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP). ევროკავშირი მზად არის კონსტრუქციულად იმუშაოს თურქეთთან, რათა ჩამოყალიბდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა საერთო ინტერესების სფეროებში, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საფუძველზე.
  • ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორები (იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ინდოეთი) – ევროკავშირი გააფართოებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, რომლის მიზანია გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირება და თავდაცვის შესაძლებლობების არაევროპულ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას.

აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია შესაძლებლობების განვითარება, ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობა და ევროპის სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერება.

IX – დასკვნები: გზა ევროპული თავდაცვის მომავლისაკენ

გეოპოლიტიკური გარემოს სწრაფი ტრანსფორმაცია და ევროპის წინაშე არსებული მზარდი საფრთხეები მოითხოვს დაუყოვნებელ და გადამწყვეტ ნაბიჯებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ევროკომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ითვალისწინებს მთელ რიგ პრიორიტეტულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. კერძოდ:

  • ეროვნული გამონაკლისის მექანიზმის აქტივაცია: წევრ სახელმწიფოებს საშუალება ექნებათ 2025 წლის აპრილის ბოლომდე მოითხოვონ სტაბილურობისა და ზრდის პაქტის ეროვნული გამონაკლისის ამოქმედება თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მიზნით.
  • SAFE რეგულაციის მიღება: • SAFE რეგულაციის მიღება: ევროპის უსაფრთხოებისა და მოქმედების შესახებ (SAFE) რეგულაციის პროექტის დამტკიცება.
  • ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამა (EDIP) დამტკიცება: პრიორიტეტულია EDIP-ის და უკრაინის მხარდამჭერი ინსტრუმენტის (USI) დამტკიცება 2025 წლის ზაფხულამდე.
  • მოქნილობის ფონდის მოდიფიკაცია: 2025 წლის მარტისთვის წარმოდგენილი იქნა ცვლილებები რეგიონული განვითარების ფონდში, რაც წევრ ქვეყნებს თავდაცვით პრიორიტეტებზე რესურსების გადამისამართების საშუალებას მისცემს.
  • ერთობლივი შესყიდვები თავდაცვის სფეროში: ევროკავშირი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს,  ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიის (EDIS) შესაბამისად, გაზარდონ ერთობლივი შესყიდვების წილი საერთო თავდაცვით ხარჯებში მინიმუმ 40%-მდე,
  • უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა: დაგეგმილია ახალი მასშტაბური ინიციატივა, რომელიც მოიცავს არტილერიის, საჰაერო თავდაცვისა და ტრენინგის უზრუნველყოფას.
  • უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ინტეგრაცია: ევროკავშირის შიდა ბაზარში უკრაინის თავდაცვის სექტორის ინტეგრაცია და სამხედრო მობილობის კორიდორების უკრაინისკენ გაფართოება.
  • EIB-ის მხარდაჭერა: ევროკომისია მოუწოდებს ევროპის საინვესტიციო ბანკს, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსება.
  • სტრატეგიული დიალოგი თავდაცვის ინდუსტრიასთან: ევროკომისია დაიწყებს დიალოგს თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ევროპული თავდაცვის სააგენტოს (EDA) და ევროკავშირის სამხედრო შტაბის (EUMS) მხარდაჭერით.
  • თავდაცვის საკანონმდებლო პაკეტი (Defence Omnibus): რეგულაციების გამარტივების პაკეტი წარმოდგენილი იქნება 2025 წლის ივნისში.
  • ევროპული შეიარაღების ტექნოლოგიური გზამკვლევი: 2025 წლისთვის შემუშავდება გზამკვლევი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასავითარებლად.
  • სამხედრო მობილობის კომუნიკაცია: 2025 წლის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება ერთობლივი კომუნიკაცია სამხედრო მობილობაზე, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებით.

ამ ქმედებებით ევროკავშირი მიზნად ისახავს თავდაცვის კავშირის (Defence Union) ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას, ევროკავშირის მოქალაქეთა და საერთო ევროპული ღირებულებების დაცვას.

გარდა ამისა, თავდაცვითი ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ასევე გააძლიერებს ევროკავშირის მდგრადობას გლობალური საფრთხეების მიმართ.

დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ: ევროპის, როგორც მშვიდობის პროექტის, მნიშვნელობა არ იკარგება, არამედ ის იძენს ახალ კონტურებს. არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ძლიერი თავდაცვა აღიქმება როგორც მშვიდობის წინაპირობა. ევროპამ უნდა აირჩიოს ერთიანობა და სიძლიერე თვითკმაყოფილებისა და დაქსაქსულობის ნაცვლად. არსებული რისკები მაღალია, საფრთხის ქვეშ დგას ევროპის მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატიული ღირებულებები.  

თეთრი წიგნი მკაფიოდ მიანიშნებს – მხოლოდ გაბედული ნაბიჯებით, მასშტაბური ინვესტიციებითა და კოლექტიური ძალისხმევით შეძლებს ევროპა სტრატეგიული ავტონომიის დაბრუნებას და მომავლის დაცვას სულ უფრო სახიფათო სამყაროში.

 

ტერმინების განმარტება

EDTIB – ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ბაზა – ევროპული საწარმოებისა და ინსტიტუტების ქსელი, რომელიც ანვითარებს და ინარჩუნებს თავდაცვის ტექნოლოგიებსა და საწარმოო შესაძლებლობებს.

EDA – ევროპის თავდაცვის სააგენტო – ევროკავშირის სააგენტო, რომელიც ეხმარება წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში თანამშრომლობის, შესაძლებლობების ერთობლივი განვითარების და შეიარაღების ერთობლივი შესყიდვის გზით.

PESCO – მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობა – ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს სურვილის მქონე წევრ ქვეყნებს განავითარონ თავდაცვის სფეროში ღრმა და ორგანიზებული თანამშრომლობა, გააერთიანონ ძალისხმევა შესაძლებლობების განვითარებისა და საერთო პრიორიტეტებში ინვესტირებისათვის.

OCCAR – შეიარაღების სფეროში ერთობლივი თანამშრომლობის ორგანიზაცია – საერთაშორისო სამთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ეფექტურად მართავს ევროპული თავდაცვითი ტექნიკის ერთობლივ პროგრამებს მონაწილე სახელმწიფოების სახელით.

EDIP – ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამა – ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას სახელმწიფოებს შორის ინდუსტრიული თანამშრომლობის მხარდაჭერით, კრიტიკული კომპონენტებისა და მასალების სტრატეგიული მარაგების შექმნით და სწრაფი რეაგირებისა და მდგრადობისათვის ინდუსტრიული მზადყოფნის რეზერვების ჩამოყალიბებით.

“კუშტის სტრატეგია” (Porcupine Strategy) – თავდაცვის კონცეფცია, რომლის მიზანია ქვეყანა ან რეგიონი გახდეს იმდენად დაცული და ძვირადღირებული მტრისთვის, რომ ნებისმიერი აგრესიის განხორციელება წინასწარ გაწონასწორებულად იქნეს შეჩერებული.

EPF – ევროპის სამშვიდობო მექანიზმი – ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ არსებული  ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია 2021 წელს ევროკავშირის კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების შესაძლებლობების გასაზრდელად. ის საშუალებას აძლევს ევროკავშირს დააფინანსოს სამხედრო და თავდაცვითი დახმარება პარტნიორი ქვეყნებისათვის, მათ შორის იარაღით მომარაგება (მაგალითად, უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემა). EPF ფუნქციონირებს ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებს გარეთ, ევროკავშირის შეთანხმებებში სამხედრო ოპერაციების დაფინანსების აკრძალვის გათვალისწინებით.

2024 წლის ნოემბრის ერთობლივი წერილი – გადმოსცემს 18 წევრი სახელმწიფოს პოლიტიკურ მზადყოფნას, რომ გადაუდებლად უპასუხონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებებს. ინიციატივა მიზნად ისახავს რესურსების გაერთიანებითა და ძალისხმევის კოორდინაციით შექმნას და შეიძინოს ისეთი სისტემები, როგორიცაა მიწისზედა საჰაერო თავდაცვა (GBAD) და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები (C-UAS). დოკუმენტი ასახავს ევროკავშირის თავდაცვის ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპის უსაფრთხოების შეცვლად კონტექსტში. ხელმომწერთა სრული სია საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი და ლუქსემბურგი.

EUMAM Ukraine – ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია უკრაინაში – მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებასა და მხარდაჭერას, რათა გაუმჯობესდეს მათი თავდაცვისუნარიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ERA Initiative – ევროპის თავდაცვის კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგი – ევროპული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის თავდაცვის სექტორში კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობას. ERA აქცენტს აკეთებს წევრ სახელმწიფოებს, ინდუსტრიასა და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს უწყობს ევროპული ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას და სტრატეგიული ავტონომიის განმტკიცებას.

Ukraine Facility – ევროკავშირის მხარდაჭერის მექანიზმი უკრაინისთვის – ევროკავშირის მიერ შექმნილი ფინანსური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე ომის ფონზე. იგი მოიცავს სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე უწყებათაშორისი მდგრადობისა და მმართველობის სისტემების გაძლიერებას.

SAFE Instrument – ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი ევროპისთვის – ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის და მისი პარტნიორების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამოწვევების პირობებში. ის ქმნის სტაბილურ ფინანსურ საფუძველს ევროკავშირის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

EU Space ISAC – ევროკავშირის კოსმოსური ინფრასტრუქტურის კოორდინაციისა და მხარდაჭერის ცენტრი  – ევროპული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის კრიტიკული კოსმოსური ინფრასტრუქტურის დაცვასა და მდგრადობის გაზრდას. ცენტრი ყურადღებას ამახვილებს საფრთხეების იდენტიფიკაციაზე, სიტუაციური სიფხიზლის გაზრდასა და რისკების მართვაზე, ხელს უწყობს თანამშრომლობას ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებსა და კერძო სექტორს შორის.

EU Military Staff Clearing House Cell – ევროკავშირის სამხედრო შტაბის საკოორდინაციო ერთეული – ევროკავშირის სამხედრო შტაბის ფარგლებში მოქმედი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ოპერაციებისა და საქმიანობების ინფორმაციის, ანალიზისა და ექსპერტული მხარდაჭერის კოორდინაციას. ის აუმჯობესებს კომუნიკაციას და ეხმარება ევროკავშირს ოპერატიული შესაძლებლობების ზრდაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

EUDIS – ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგია – ევროკავშირის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის, ინოვაციურობისა და მდგრადობის გაძლიერებას. ის განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რათა გაძლიერდეს ერთობლივი შესყიდვები, ტექნოლოგიური განვითარება და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია თავდაცვის სფეროში.

EDIRPA – თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების აქტი საერთო შესყიდვების მეშვეობით – ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოებს შორის თავდაცვის პროდუქტების ერთობლივი შესყიდვის ხელშეწყობას. ის ამცირებს ფრაგმენტაციას, ზრდის ინტერპერაბელურობას და უწყობს ხელს თავდაცვის ბიუჯეტების უფრო ეფექტიან გამოყენებას, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე.

HEDI – ჰიბრიდული და გლობალურად გარდამტეხი ტექნოლოგიების ინიციატივა – ევროკავშირის პროგრამა, რომელიც იდენტიფიცირებს და უწყობს ხელს იმ ტექნოლოგიების განვითარებას, რომელთაც მნიშვნელოვნად შეუძლიათ თავდაცვის სფეროს გარდაქმნა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტინგი და ახალი მასალები. ინიციატივა ემსახურება სამოქალაქო ინოვაციების სამხედრო მიზნებისთვის ადაპტაციასა და ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას.

ESM – ევროპის სტაბილურობის მექანიზმი – ევროზონის კრიზისების მართვის მუდმივი მექანიზმი, რომელიც შეიქმნა 2012 წელს. ის ფინანსურ დახმარებას უწევს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ევროზონის ქვეყნებს, რითაც უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკური კრიზისების პრევენციას. მიუხედავად ეკონომიკური პრიორიტეტისა, ის ასევე განიხილება როგორც ევროკავშირის სტრატეგიული მდგრადობის შემადგენელი.

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top