ჩვენი ექსპერტები

ეკატერინე ქარდავა

უფროსი მკვლევარი

eka.kardava [at] euawareness [dot] org

ეკატერინე ქარდავა არის სამართლის დოქტორი, იურისტი, ჟან მონეს პროფესორი და ევროპული ინტეგრაციის მკვლევარი. იგი არის 30-ზე მეტი წიგნის, სამეცნიერო სტატიის, კვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ეკატერინე ქარდავას შემუშავებული აქვს თანამედროვე აკადემიური კურიკულუმები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების შეთანხმების, სამართლებრივი აპროქსიმაციისა და ევროკავშირის სამართლის სფეროებში, რომლებიც დღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლება.
მას აქვს 29 წლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც აერთიანებს საჯარო სამსახურს, აკადემიურ საქმიანობასა და საერთაშორისო საკონსულტაციო მუშაობას. 1996–2017 წლებში იგი 21 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საჯარო და სახელმწიფო უწყებებში ევროკავშირის პოლიტიკის, სამართლებრივი აპროქსიმაციის, კანონშემოქმედებისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით. პარალელურად, 20 წელზე მეტია ჩართულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
საერთაშორისო დონეზე ეკატერინე ქარდავა იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მოლდოვის ასოცირების შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის პროგრამის მთავარი ექსპერტი სამართლებრივი აპროქსიმაციის სფეროში. იგი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფში ევროპარლამენტთან თანამშრომლობით. სხვადასხვა პერიოდში ეკავა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის აპარატის უფროსისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსის პოზიციები.
იგი იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებით შექმნილი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის სამუშაო ჯგუფისა და ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების კომიტეტის (ვაჭრობის საკითხებზე) წევრი. ასევე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ექსპერტად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერად.
ეკატერინე ქარდავა არის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ხუთი ჟან მონეს პროექტის ავტორი და გამარჯვებული, მრავალი საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ავტორი და კოორდინატორი, ასევე ექსპერტი და კონსულტანტი ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა FES, GIZ, ICMPD, USAID, UNDP და სხვა. იგი არის ასოციაციის „შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.

"ევროპის წინსვლა გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია"

ჟაკ დელორი

Scroll to Top