ევროკავშირი
დეტალებში

ევროკავშირის სტრატეგია უსაფრთხო, კეთილდღეობით აღსავსე და მედეგი შავი ზღვის რეგიონისთვის

ევროკავშირის ახალი “სტრატეგია უსაფრთხო, კეთილდღეობით აღსავსე და მედეგი შავი ზღვის რეგიონისთვის წარმოადგენს ევროპის პასუხს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომით გამოწვეულ, გეოპოლიტიკურ ძვრებზე. აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ევროკავშირის, როგორც სანდო და პროგნოზირებადი რეგიონული მოთამაშის, როლის განმტკიცებას და შავი ზღვის ექვს პარტნიორ ქვეყანასთან – უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან – სტრუქტურირებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

სტრატეგია ეყრდნობა სამ ძირითად მიმართულებას:

  1. უსაფრთხოებისა და მდგრადობის განმტკიცება – მათ შორის შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა;
  2. მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა – მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკული და ციფრული კავშირის გაუმჯობესების გზით;
  3. გარემოს დაცვისა და კლიმატური მდგრადობის მხარდაჭერა – ომით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის აღმოფხვრისა და სამოქალაქო დაცვის გაძლიერების გზით.

სტრატეგიის საერთო მიზანია რეგიონში ევროკავშირის გავლენის კონსოლიდაცია, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ურთიერთდამოკიდებულ მდგრადობაზე და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა. ინიციატივა თავსებადია ევროკავშირის სხვა ძირითადი სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტებთან, მათ შორის „გლობალურ კარიბჭესთან“, „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ და გაფართოების პროცესთან.


ევროკავშირის გეოპოლიტიკური რეპოზიციონირება

ახალი სტრატეგიის მთავარი მიზანია ევროკავშირის, როგორც  გეოპოლიტიკური მოთამაშის, როლის  გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, სადაც ისტორიულად, სხვადასხვა რეგიონული მოთამაშეები მუდმივ კონკურენციაში იმყოფებოდნენ. დოკუმენტში რეგიონულ  უსაფრთხოებაზე აქცენტის გამახვილება და საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნა მიუთითებს ევროკავშირის ამბიციურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე – შეცვალოს დღემდე არსებული „რბილი ძალის გამოყენების“ მიდგომა  უსაფრთხოების უფრო ხისტი ფორმებით, მათ შორის  ჰიბრიდული მექანიზმების ჩათვლით.

მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ითვალისწინებს პრაგმატულ და ფუნქციურ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მიდგომებს,  როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა), ისე სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან (სომხეთი აზერბაიჯანი). ეს კი, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში, ევროკავშირი, მკაცრი ინსტიტუციური ჩარჩოს ნაცვლად მოქნილ და პრაგმატულ მიდგომას ირჩევს.

 

ეკონომიკური თანამშრომლობა  და ურთიერთკავშირი

სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთკავშირებს, რომელიც შავ ზღვას წარმოაჩენს როგორც სატრანზიტო კარიბჭეს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს შორის. ეს ხედვა ეხმიანება გეოეკონომიკურ ლოგიკას, რომლის მიხედვით ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული დერეფნები და ციფრული ქსელები გარდაიქმნება გავლენისა და ინტეგრაციის ინსტრუმენტებად.

მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის სტრატეგიის ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ჩარჩო დოკუმენტთან დაკავშირებით – რომელიც, თავის მხრივ წარმოადგენს  ევროკავშირის პასუხს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივაზე – ევროკავშირი ცდილობს წარმოჩნდეს როგორც ალტერნატიული პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრად ინვესტიციებს. ეს მიდგომა თანხვედრაშია ევროკავშირის მიმდინარე საგარეო პრიორიტეტებთან, რომლებიც ითვალისწინებს  დემოკრატიული მმართველობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას.  

 

ეკოლოგიური უსაფრთხოება და მდგრადობა

სტრატეგიის მესამე მიმართულება გარემოს დაცვა და კლიმატური ადაპტაციაა. აღნიშნული გარემოება, ცალსახად ასახავს ზემოხსენებული საკითხების მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებას და იმის გაცნობიერებას, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოება განუყოფელია რეგიონული სტაბილურობისგან. უკრაინაში ომით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი, რაც თავის მხრივ ზრდის რისკებს შავი ზღვის აკვატორიაში და საჭიროებს კომპლექსურ და ინტეგრირებულ მიდგომას. გარემოსდაცვითი ელემენტი ასევე ზრდის ევროკავშირის – როგორც გლობალური კლიმატური ლიდერის – ლეგიტიმაციას.

გაფართოება და ინტეგრაცია

სტრატეგია აფასებს შავი ზღვის რეგიონულ ხედვას ევროკავშირის გაფართოების დღის წესრიგის ჭრილში, განსაკუთრებით უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი პირდაპირ არ გულისხმობს გაწევრიანებას, ის ევროპულ გზას წარმოაჩენს როგორც ყველაზე სიცოცხლისუნარიან და მომგებიან მოდელს ამ ქვეყნებისთვის.

ევროკავშირი იყენებს საკუთარ გავლენასა და ძალას, რათა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში წაახალისოს რეფორმები, გააძლიეროს ინსტიტუციური მდგრადობა და შეასუსტოს ავტორიტარული ზეგავლენები. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინტეგრაციული პროცესების წარმატება მეტწილად  დამოკიდებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ განხორციელებულ შიდა რეფორმებზე და ევროკავშირის  მზაობაზე რეალური ინტეგრაციული სტიმულების უზრუნველსაყოფად.

 

ინსტიტუციური სინერგია და სტრატეგიული თანხვედრა

სტრატეგია თავსებადია ევროკავშირის სხვა პოლიტიკურ ინიციატივებთან – მათ შორის ისეთ დოკუმენტებთან როგორიცაა „ევროპული თავდაცვის თეთრ წიგნი“, „ProtectEU“, „ევრპის დემოკრატის ფარი“ და ა.შ.. ეს თვალნათლივ მიანიშნებს ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და სამეზობლო პოლიტიკაში სულ უფრო მზარდ თანმიმდევრულობაზე, რაც შესამჩნევი ცვლილებაა აქამდე არსებულ  ფრაგმენტულ მიდგომებთან.

სტრატეგია ასევე ასახავს მზარდ გააზრებას, რომ შიდა და გარე უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, განსაკუთრებით რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების – დეზინფორმაციისა და ენერგეტიკული მანიპულაციის – ფონზე.

 

დასკვნა

ევროკავშირის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის წარმოადგენს სრულყოფილ და დროულ ინიციატივას, რომელიც ცდილობს უპასუხოს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს და საფუძველი ჩაუყაროს გრძელვადიან ინტეგრაციას, მდგრადობასა და რეგიონულ თანამშრომლობას.

ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯის გეოპოლიტიკური კავშირისკენ და ასახავს ევროკავშირის ახალ მი­დგომას შეუთავსოს დემოკრატიული ფასეულობები სტრატეგიულ პრაგმატიზმს, განსაკუთრებით იმ სამე­ზობლოში, სადაც კონკურენცია, კონფრონტაცია და კომპლექსურობა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს.

 

ივნისი 2025

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top