ევროკავშირი
დეტალებში

მწვანე შეთანხმების სამრეწველო გეგმა ნულოვანი ემისიების ეპოქისთვის

სიღრმისეული ანალიზი არაექსპერტებისთვის

  1. შესავალი და დოკუმენტის მიზანი

ევროკომისიის „მწვანე შეთანხმების სამრეწველო გეგმა ნულოვანი ემისიების ეპოქისთვის“ (Green Deal Industrial Plan for the Net-Zero Age)წარმოადგენს სტრატეგიულ ჩარჩოს, რომლის მიზანია ევროკავშირის ქვეყნებმა ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების პარალელურად, მიაღწიონ კლიმატურ ნეიტრალიტეტს, რაც გულისხმობს სათბურის გაზების ნულოვან ემისიას. დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის პასუხს  ორ ძირითად გამოწვევაზე: ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გადაუდებელი აუცილებლობა და სასათბურე გაზების  ემისიის შემცირება, ხოლო მეორე მხრივ — სუფთა ტექნოლოგიების სფეროში მზარდი გლობალური კონკურენცია და განახლებადი ენერგიის დანერგვა ( ელექტრომობილები, წყალბადისა და მზის ენერგიის ტექნოლოგიები და ა.შ.).

ევროპის მწვანე შეთანხმებამ უკვე განსაზღვრა ევროკავშირის მიზანი — 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევა. თუმცა კომისიამ დაასკვნა, რომ მხოლოდ კლიმატური პოლიტიკა საკმარისი არ არის. ენერგეტიკული გარდაქმნა წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა შექმნის ძლიერ სამრეწველო ბაზას, რომელიც თავად აწარმოებს საჭირო ტექნოლოგიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება იმპორტზე დამოკიდებულება, შემცირდება სამუშაო ადგილები და შესუსტება ევროკავშირის გლობალური ეკონომიკური პოზიციები.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია კლიმატური და სამრეწველო პოლიტიკის ერთმანეთთან დაკავშირება და ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს სუფთა ტექნოლოგიები ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოონ, მოიზიდონ ინვესტიციები, შექმნან სამუშაო ადგილები და შეამცირონ სტრატეგიული დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი.

მარტივად რომ ვთქვათ, დოკუმენტი პასუხობს კითხვას:

როგორ შეუძლია ევროპას ეკონომიკის დეკარბონიზაცია ისე, რომ ამავე დროს შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და დაიცვას საკუთარი მრეწველობა და დასაქმებულები?

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, კომისიამ შეიმუშავა კოორდინირებული, ერთიანი ევროპული პასუხი, რომელიც ოთხ ძირითად საყრდენზეა დაფუძნებული:

  1. გამარტივებული და პროგნოზირებადი რეგულაციები;
  2. დაფინანსებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა;
  3. უნარების განვითარება;
  4. ღია ვაჭრობა და მდგრადი მიწოდების ჯაჭვები.

 

  1. კონტექსტი: რატომ არის გეგმა აუცილებელი

დოკუმენტი მკაფიოდ განმარტავს, თუ რატომ არის დაუყოვნებელი მოქმედება საჭირო. კერძოდ:

კლიმატური გადაუდებლობა – მიმდინარე ათწლეული გადამწყვეტია გლობალური დათბობის შეზღუდვისთვის. სუფთა ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვის გარეშე კლიმატური მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება. ამს კი თავის მხრივ კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ეკონომიკური შესაძლებლობები – სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების გლობალური ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდება და უახლოეს მომავალში ის ასობით მილიარდ ევროს მიაღწევს. ის ქვეყნები, რომლებიც განახორციელებენ ამ მიმართულებით დროულ ინვესტიციებს, მიიღებენ უკეთეს შედეგებს  სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციებსა და ეკონომიკური ზრდის კუთხით.

გლობალური კონკურენცია – სხვა მსხვილი ეკონომიკები აქტიურად უჭერენ მხარს საკუთარ ინდუსტრიებს. აშშ-ის „ინფლაციის შემცირების აქტი“ ითვალისწინებს მასშტაბურ სუბსიდიებს, ხოლო ჩინეთი უკვე დომინირებს მრავალი მიწოდების ჯაჭვში. თუ ევროკავსირი არ იმოქმედებს დროულად და ქმედითად, შესაძლოა ევროპული კომპანიების დიდი ნაწილი აძლოა სხვა რეგიონებში გადავიდნენ.

ენერგეტიკული უსაფრთხოება – უკრაინაში რუსეთის აგრესიამ გამოავლინა ევროპის დამოკიდებულება იმპორტირებულ წიაჭისეულ საწვავზე. განახლებადი ენერგიისა და შიდა წარმოების გაძლიერება ენერგეტიკული უსაფრთხოების წინაპირობაა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ერთიანი ევროპული მიდგომა, რადგან წევრი ქვეყნების მიერ გატარებული ფრაგმენტული და არაკოორდინირებული ეროვნული პოლიტიკა კიდევ უფრო დაასუსტებს ერთიან ბაზარს.

 

  1. პირველი საყრდენი: პროგნოზირებადი და გამარტივებული რეგულაციები

პირველი მიმართულება ეხება რეგულაციების გამარტივებას. რთული წესები და ხანგრძლივი ნებართვების პროცედურები აფერხებს ინვესტიციებს. კომპანიებს სჭირდებათ სიცხადე, სისწრაფე და სტაბილურობა.

ნულოვანი ემისიების ინდუსტრიის აქტი ითვალისწინებს:

  • სტრატეგიული სუფთა ტექნოლოგიების წარმოების მხარდაჭერას ევროპაში;
  • ნებართვების დაჩქარებულ გაცემას;
  • „ერთი ფანჯრის“ პრინციპს ინვესტორებისთვის;
  • პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრას.

კრიტიკული ნედლეულის აქტი მიზნად ისახავს:

  • მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას;
  • გადამუშავების გაზრდას;
  • შიდა მოპოვებისა და გადამუშავების მხარდაჭერას.

გარდა ამისა, იგეგმება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა და საჯარო შესყიდვების გამოყენება სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნის გასაძლიერებლად.

ევროკომისია აღიარებს, რომ ბიუროკრატიული ბარიერები ხშირად ისეთივე დამაბრკოლებელია, როგორც ფინანსური რესურსების ნაკლებობა. ამავდროულად, აცნობიერებს, რომ რეგულაციების დაჩქარება შესაძლოა გარკვეულ წინააღმდეგობაში მოვიდეს არსებულ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან.

 

  1. მეორე საყრდენი: დაფინანსებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა

სუფთა ტექნოლოგიები მოითხოვს დიდ საწყის ინვესტიციებს, რის გამოც სახელმწიფო მხარდაჭერა აუცილებელია კერძო კაპიტალის მოსაზიდად.

ევროკომისია დროებით ამსუბუქებს სახელმწიფო დახმარების წესებს, რათა წევრმა სახელმწიფოებმა შეძლონ:

  • განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება;
  • მრეწველობის დეკარბონიზაცია;
  • სტრატეგიული ტექნოლოგიების წარმოების მხარდაჭერა.

ამასთან ერთად, ევროკავშირის დონეზე მოქმედებას იწყებს  სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები, კერძოდ:

  • აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმი (RRF);
  • „InvestEU“ პროგრამა კერძო ინვესტიციების მოსაზიდად;
  • ინოვაციების ფონდი სუფთა ტექნოლოგიების მხარდასაჭერად;
  • ევროპის სუვერენიტეტის ფონდი სტრატეგიული ტექნოლოგიებისთვის.

ეს ინიციატივები მიმართულია ევროკავშირის უფრო აქტიურ სამრეწველო პოლიტიკაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად.

 

  1. მესამე საყრდენი: უნარების განვითარება

მწვანე გარდაქმნა მოითხოვს სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მუშახელის უნარების ამაღლებას, მათთვის ახალი ცოდნასა კვალიფიკაციის გადაცემას. ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოს სამრეწველო საწარმოებში უკვე იგრძნობა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი.

დოკუმენტის მიხედვით შემოთავაზებულია:

  • გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები;
  • ინდუსტრიისა და საგანმანათლებლო სექტორის პარტნიორობა;
  • ნულოვანი ემისიების ინდუსტრიის აკადემიები;
  • კვალიფიკაციების ურთიერთაღიარება წევრ ქვეყნებს შორის;
  • საერთაშორისო ბაზრიდან კვალიფიცირებული და ნიჭიერი პერსონალის მოზიდვა.

დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია სოციალური ჩართულობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოება.

 

  1. მეოთხე საყრდენი: ვაჭრობა და მდგრადი მიწოდების ჯაჭვები

ევროპა ღია ეკონომიკაა, თუმცა საჭიროა სტრატეგიული ინტერესების დაცვა.

ამ მიმართულებით ევროკომისიის გეგმა მოიცავს:

  • თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს;
  • ნედლეულის სფეროში პარტნიორობებს;
  • აშშ-სთან თანამშრომლობას;
  • საექსპორტო მხარდაჭერას;
  • უსამართლო სუბსიდიების წინააღმდეგ სავაჭრო ინსტრუმენტებს;
  • უცხოური ინვესტიციების შემოწმებას (სკრინინგს).

ეს მიდგომა ეფუძნება „ღია სტრატეგიული ავტონომიის“ პრინციპს, რაც გულისხმობს საუკეთესო ბალანსის მიღწევას  გახსნილობისა და უსაფრთხოებას შორის.

 

  1. დოკუმენტის საერთო შეფასება

ძლიერი მხარეები:

  • კლიმატისა და სამრეწველო პოლიტიკის ინტეგრაცია;
  • გლობალური კონკურენციის რეალისტური აღქმა;
  • კომპლექსური და კოორდინირებული სტრატეგია;
  • ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სამართლიანობის შერწყმა.

გამოწვევები:

  • მაღალი საჯარო ხარჯები;
  • წევრ ქვეყნებს შორის უთანასწორობის რისკი;
  • გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაძლო შესუსტება;
  • განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • სავაჭრო დაძაბულობები

წინამდებარე გეგმის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე, რაც ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს.

 

  1. დასკვნა

მწვანე შეთანხმების სამრეწველო გეგმა წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გარდატეხას ევროკავშირში. ის სცილდება მხოლოდ კლიმატურ ვალდებულებებს და წარმოადგენს პრო-აქტიურ სამრეწველო სტრატეგიას, რომლის მიზანია ევროპა იქცეს სუფთა ტექნოლოგიების სფეროში გლობალურ ლიდერად.

კომისიის ხედვით, მწვანე გარდაქმნა ერთდროულად არის ეკოლოგიური აუცილებლობა და ეკონომიკური შესაძლებლობა. ევროკავშირის მიზანია, რომ ახალი ტექნოლოგიები თავად აწარმოოს და არ იყოს დამოკიდებული  იმპორტზე.

რეგულაციების გამარტივებით, ფინანსური რესურსების მობილიზებით, უნარების განვითარებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებით, ევროკავშირი ცდილობს ერთდროულად მიაღწიოს კონკურენტუნარიანობას, მდგრადობასა და სოციალურ კეთილდღეობას.

დოკუმენტის მთავარი გზავნილი მარტივია: ევროპა ისწრაფვის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში წარმატებისკენ ისე, რომ დაიცვას სამუშაო ადგილები და საკუთარი სამრეწველო პოტენციალი. აღნიშნული გეგმა სწორედ ამ ორმაგი მიზნის რეალიზაციის სტრატეგიულ ჩარჩოს წარმოადგენს.

 

თებერვალი 2026 წელი

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top