ევროკავშირი
დეტალებში
ევროკავშირის კრიტიკული ნედლეულის აქტი (2024): ევროპის სამრეწველო მომავლის უზრუნველყოფა
(რეგულაცია (EU) 2024/1252 ევროპის პარლამენტისა და საბჭოს, 11 აპრილი 2024)
სიღრმისეული ანალიზი არაექსპერტებისთვის
I. შესავალი: რატომ არის ნედლეული დღეს კრიტიკული
როდესაც ადამიანები თანამედროვე ეკონომიკის საფუძვლებზე ფიქრობენ, ჩვეულებრივ ახსენდებათ ქარხნები, ტექნოლოგიები, სავაჭრო მარშრუტები ან ფინანსური სისტემები. იშვიათად ექცევა ყურადღება იმ პირველწყაროს, რომელიც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის — ნედლეულს. დედამიწიდან მოპოვებული მინერალები და ლითონები წარმოადგენს პრაქტიკულად ყველა თანამედროვე პროდუქტის აუცილებელ საფუძველს — სმარტფონიდან ქარის ტურბინამდე, ელექტრომობილიდან თანამგზავრამდე.
ბოლო ათწლეულებში გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მწვანე ტრანზიცია, ინდუსტრიის დიგიტალიზაცია და ავიაკოსმოსური და თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარება მკვეთრად ზრდის მოთხოვნას გარკვეული სახის ნედლეულზე — ისეთ მასალებზე, რომლებიც იშვიათია, რთულად მოიპოვება ან გადამუშავდება და გადამწყვეტია მომავლის ტექნოლოგიებისთვის. ევროკავშირი ამ კატეგორიას ოფიციალურად განსაზღვრავს როგორც კრიტიკულ ნედლეულს (CRMs), ხოლო მის უფრო მგრძნობიარე ქვეჯგუფს — სტრატეგიულ ნედლეულს (SRMs).
წინამდებარე ევროკავშირის საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა უკეთ ჩანს თუკი მას განვიხილავთ არსებული მოწყვლადობის კონტექსტში. ერთი მხრივ, ევროპა არის ლიდერი წარმოებაში, ინოვაციასა და მწვანე ტექნოლოგიებში, თუმცა, მეორე მხრივ, ამ შესაძლებლობების საფუძველი — ნედლეული — თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა მკაფიო გახადა თუ რამდენად სახიფათოა ენერგომატარებლებზე სტრატეგიული დამოკიდებულება. ევროკავშირის პოლიტიკის შემმუშავებლებმა დაასკვნეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ნედლეულზეც შეიძლება კრიტიკულ რისკად იქცეს.
ამ კონტექსტში, 2023 წლის მარტში, ევროკომისიამ წარადგინა წინადადება, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა რეგულაციად (EU) 2024/1252. იგი მიღებულ იქნა 2024 წლის 11 აპრილს და ძალაში შევიდა 23 მაისს. აღნიშული რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის ყოვლისმომცველ და სავალდებულო პასუხს ნედლეულთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით.
II. პრობლემა: ევროპის სტრატეგიული მოწყვლადობა
იმისთვის, რომ სრულად შეფასდეს კრიტიკული ნედლეულის აქტის მნიშვნელობა, აუცილებელია ჯერ იმ პრობლემის მასშტაბის გააზრება, რომლის გადაწყვეტასაც იგი ისახავს მიზნად. ევროპის დამოკიდებულება ნედლეულის იმპორტზე ახალი მოვლენა არ არის, თუმცა იგი ისეთ ეტაპს მიუახლოვდა, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკის შემმუშავებლები მას უკვე სტრუქტურულ და სტრატეგიულ რისკად განიხილავენ. ეს რისკი ეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, არამედ უშუალოდ უკავშირდება ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიმართულებებს — მწვანე ტრანზიციას, ციფრულ განვითარებასა და თავდაცვის შესაძლებლობებს.
არსებული დამოკიდებულების მასშტაბი განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება კონკრეტული მონაცემების ფონზე. ევროკავშირი სრულად, პრაქტიკულად ასი პროცენტით არის დამოკიდებული ჩინეთზე იშვიათ მიწათა ელემენტების მიწოდების კუთხით — აღნიშნული ელემენტები, აუცილებელია როგორც ქარის ტურბინების, ისე ელექტრომობილების ძრავებში გამოყენებული მუდმივი მაგნიტებისთვის. თურქეთი ევროკავშირის ბორის 99%-ს ამარაგებს, მინერალი, რომელიც გამოიყენება მინაში, კერამიკასა და ბირთვულ ინდუსტრიაში. სამომავლო მოთხოვნის პროგნოზები კიდევ უფრო საგანგაშოა: ლითიუმზე – თანამედროვე ელემენტების ტექნოლოგიის ქვაკუთხედ მასალაზე – ევროკავშირის მოთხოვნა, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის თორმეტჯერ გაიზრდება, ხოლო 2050 წლისთვის – ოცდაერთჯერ. მუდმივი მაგნიტებისთვის გამოყენებულ იშვიათ მიწათა ლითონებზე მოთხოვნა, პროგნოზით, 2030 წლისთვის ექვსჯერ გაიზრდება.
ეს მონაცემები მიუთითებს ერთ ფუნდამენტურ პრობლემაზე: ევროკავშირმა საკუთარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ამბიციები ააგო მიწოდების სისტემაზე, რომელიც უკიდურესად კონცენტრირებულია და შესაბამისად — მოწყვლადი. პროდუქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგეტიკულ გარდაქმნას, შეადგენენ ციფრული ინფრასტრუქტურის ხერხემალს და ხელს უწყობენ ტექნოლოგიურ განვითარებას, დამოკიდებულია ისეთ ნედლეულზე, რომლის მოპოვებაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ან საერთოდ არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო მოცულობით, და მსოფლიო ბაზარზეც ხშირად ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთ ან ორ მომწოდებელზე.
ამ პრობლემას განსაკუთრებულ სიმწვავეს სძენს მისი გეოპოლიტიკური განზომილებაც. კრიტიკული ნედლეული სულ უფრო ხშირად გამოიყენება როგორც ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. ბოლო წლებში ჩინეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ მზად არის გამოიყენოს ექსპორტის შეზღუდვები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მსგავსი ნაბიჯები, თუ მიმართული იქნება ევროკავშირის წინააღმდეგ, ის ერთდროულად მრავალ სექტორს დააზიანებს. კორონა ვირუსის პანდემიამ ერთხელ უკვე გამოავლინა გლობალური მიწოდების ჯაჭვების სისუსტე. სწორედ ამ ფონზე ბრიუსელმა გამოიტანა მკაფიო დასკვნა — არსებული მოდელი საჭიროებს სისტემურ ცვლილებას.
III. რა არის კრიტიკული ნედლეულის აქტი
რეგულაცია (EU) 2024/1252 ქმნის ყოვლისმომცველ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის ხელმისაწვდომობა კრიტიკულ და სტრატეგიულ ნედლეულზე მთელ მიწოდების ჯაჭვში, მოპოვებიდან და გადამუშავებიდან დაწყებული, რეციკლირებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით დასრულებული. აღნიშნული რეგულაცია, პირდაპირ მოქმედებს ყველა წევრ სახელმწიფოში და არ საჭიროებს დამატებით ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში.
საკანონმდებლო აქტით განისაზღვრა ნედლეულის ორი კატეგორია:
- კრიტიკული ნედლეული (CRM): შეიცავს 34 ელემენტს[i], რომლებიც ევროკავშირისთვის ეკონომიკურად სასიცოცხლოა და ამავდროულად მათი მიწოდება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული. ეს სია პერიოდულად განახლდება ევროკომისიის მიერ, სულ მცირე სამ წელიწადში ერთხელ ნედლეული გლობალური ლანდშაფტის ევოლუციის შესაბამისად.
- სტრატეგიული ნედლეული (SRM): შეიცავს 17 ელემენტს[ii] და წარმოადგენს უფრო ვიწრო და მგრძნობიარე ელემენტების სიას, რომლებიც გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებენ ევროკავშირის მწვანე და ციფრული ეკონომიკის, ასევე თავდაცვისა და კოსმოსური სფეროს განვითარებისთვის და შესაბამისად ექვემდებარებიან განსაკუთრებულ პოლიტიკურ ყურადღებას.
რეგულაციის სამართლებრივი საფუძველი — ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 114-ე მუხლი — მიუთითებს, რომ საკითხი განიხილება როგორც შიდა ბაზრის ფუნქციონირების პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ ნედლეულის მიწოდების შეფერხება არა მხოლოდ ინდუსტრიულ, არამედ სისტემურ ეკონომიკურ დისბალანსს ქმნის.
კრიტიკული ნედლეულის აქტი არ არის განყენებული საკანონმდებლო ინიციატივა და იგი წარმოადგენს უფრო ფართო საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილს, რომელიც მოიცავს მწვანე შეთანხმების სამრეწველო გეგმას და ნულოვანი ემისიის ინდუსტრიის აქტს. ამ კონტექსტში ის ასახავს ევროკავშირის მიდგომის ცვლილებას, ბაზარზე ორიენტირებული მოდელიდან, უფრო აქტიურ, სტრატეგიულ ინდუსტრიულ პოლიტიკაზე გადასასვლელად.
IV. 2030 წლის მიზნობრივი მაჩვენებლები
კრიტიკული ნედლეულის აქტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია 2030 წლისთვის განსაზღვრული მიზნობრივი ორიენტირები, რომელთა მიღწევაც სავალდებულოა, ევროკავშირის კრიტიკული ნედლეულით უზრუნველყოფის და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურების მისაღწევად. აღნიშნული ორიენტირები მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით არ შემოიფარგლება, ის წარმოადგენს კონკრეტულ, გაზომვად ქმედებებს რეალური პროგრესის შესაფასებლად.
ამ ქმედებებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის შიგნით მოპოვებისა და წარმოების შესაძლებლობების ზრდას და ნარჩენების გადამუშავების გაუმჯბესების მიმართულებას.
ამასთან, ძალაში შედის ერთ მომწოდებელ ქვეყანაზე დამოკიდებულების შეზღუდვა, რაც მკაფიო გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ევროკავშირის მოწყვლადობის შესამცირებლად და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
ორიენტირი | მიზანი 2030 წლისთვის | რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში |
შიდა მოპოვება | ≥ 10% ყოველწლიური ევროკავშირის მოხმარებიდან | ევროკავშირში მდებარე მაღაროებმა უნდა უზრუნველყონ ევროპის მრეწველობის ყოველწლიური მოთხოვნის სულ მცირე მეათედი |
შიდა გადამუშავება | ≥ 40% ყოველწლიური ევროკავშირის მოხმარებიდან | ევროკავშირის ქვეყნებში არსებულმა გადამამუშავებელმა საწარმოებმა უნდა დაფარონ ევროკავშირის მთლიანი მოთხოვნის თითქმის ნახევარი |
ნარჩენების გადამუშავება | ≥ 25% ყოველწლიური ევროკავშირის მოხმარებიდან | ევროკავშირის მოთხოვნის მეოთხედი უნდა დაიფაროს ნარჩენების გადამუშავების გზით |
მესამე ქვეყნებზე დამოკიდებულების ზღვარი | ≤ 65% ნებისმიერი ერთი ქვეყნიდან | არც ერთი არაწევრი ქვეყნიდან იმპორტირებული ნედლეული — რამდენად დიდი მწარმოებელიც არ უნდა იყოს ის — არ უნდა აღემატებოდეს ევროკავშირის მთლიანი მოთხოვნის ორ მესამედს |
მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებული მიზნები განსაზღვრულია ევროკავშირის დონეზე და არ აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებს რომელიმე ცალკეულ წევრ სახელმწიფოს. თუმცა, ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია შეუერთდეს საერთო სტრატეგიულ მიმართულებას, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს როგორც ეროვნული პოლიტიკა, ისე ევროკავშირის საერთო ინსტრუმენტები.
V. სტრატეგიული პროექტები: რეგულაციის მოქმედების ძირითადი მექანიზმი
კრიტიკული ნედლეულის აქტის ამბიცია მხოლოდ მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრით არ შემოიფარგლება. რეგულაცია დარჩება დეკლარაციულ დონეზე თუ არ იარსებებს კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც მის მიზნებს რეალურ ეკონომიკურ აქტივობად გადააქცევს. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს სტრატეგიული პროექტების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პრაქტიკულ ბირთვს.
რეგულაციის ფარგლებში, კერძო კომპანიებს, საჯარო ინსტიტუტებსა და კონსორციუმებს შეუძლიათ მიმართონ ევროკომისიას, რათა მათ პროექტს მიენიჭოს სტრატეგიული სტატუსი. ამ სტატუსის მიღება დამოკიდებულია მკაფიო კრიტერიუმებზე: პროექტმა უნდა შეიტანოს რეალური წვლილი მიწოდების უსაფრთხოებაში, უნდა იყოს ტექნიკურად და ფინანსურად განხორციელებადი და უნდა აკმაყოფილებდეს გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს.
სტრატეგიული სტატუსი პროექტებს აძლევს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას. პირველ რიგში, მნიშვნელოვნად ჩქარდება ნებართვების მიღების პროცესი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ პროექტების პრიორიტეტული ადმინისტრაციული განხილვა, ამასთან განსაზღვრულია მაქსიმალური ვადები — რაც მკვეთრად ამცირებს იმ ბიუროკრატიულ გაურკვევლობას, რომელიც აქამდე აფერხებდა მსგავს ინვესტიციებს. მეორე, თითოეულ წევრ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ერთიანი საკონტაქტო ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ყველა შესაბამის პროცესს და ამით შეამცირებს ადმინისტრაციულ ფრაგმენტაციას. მესამე, პროექტები იღებენ უკეთეს წვდომას ფინანსურ რესურსებზე, მათ შორის ევროკავშირის ინსტრუმენტებისა და საინვესტიციო ბანკების მხარდაჭერაზე.
ამასთან, მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს მექანიზმი არ გულისხმობს რეგულაციების შემსუბუქებას გარემოსდაცვითი ან სოციალური თვალსაზრისით. რეგულაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ პროცედურების დაჩქარება მიიღწევა პროცესების ოპტიმიზაციით და არა სტანდარტების შემცირებით. ეს განსხვავება კრიტიკულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის.
VI. მმართველობა: ევროპული კრიტიკული ნედლეულის საბჭო
რეგულაციის განხორციელება საჭიროებს კოორდინირებულ მმართველობით სისტემას, რაც უზრუნველყოფილია ახალი ინსტიტუციური მექანიზმის — ევროპული კრიტიკული ნედლეულის საბჭოს შექმნით. საბჭო აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და მოქმედებს ევროკომისიის ხელმძღვანელობით, რაც უზრუნველყოფს როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე პოლიტიკის თანხვედრას.
საბჭოს ფუნქციები მოიცავს პროგრესის მონიტორინგს, სტრატეგიული პროექტების შეფასებას, მიწოდების რისკების ანალიზს და ეროვნული პოლიტიკების კოორდინაციას. იგი წარმოადგენს ცენტრალურ პლატფორმას, სადაც ხდება ინფორმაციის გაცვლა და გადაწყვეტილებების შეთანხმება.
ამ სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია წევრი სახელმწიფოების ვალდებულება შეიმუშაონ ეროვნული სტრატეგიები, რომლებიც განსაზღვრავს მათი შესაძლებლობებსა და გეგმებს ნედლეულის სექტორში. ეს ქმნის სტრუქტურირებულ და განმეორებად პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან დაგეგმვას.
ამასთან, დემოკრატიული კონტროლის უკეთ განხორციელების მიზნით და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ევროპარლამენტს შესაძლებლობა აქვს საბჭოს მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს .
VII. ცირკულარობა და მდგრადობა: რეგულაციის ეკოლოგიური განზომილება
კრიტიკული ნედლეულის აქტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განზომილებაა ის, რომ იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ მიწოდების გაზრდით. მისი მიზანია ასევე შეცვალოს რესურსების გამოყენების მოდელი. ეს ნიშნავს გადასვლას ხაზოვანი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე, სადაც რესურსები მაქსიმალურად გამოიყენება და ნარჩენების გადამუშავების გზით ხელახლა ბრუნდება წარმოების პროცესში.
ამ კონტექსტში რეგულაცია ითვალისწინებს მოთხოვნებს, რომლებიც ავალდებულებს მწარმოებლებს გამოიყენონ გადამუშავებული მასალები კონკრეტულ პროდუქტებში, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც ნედლეული კრიტიკულია, მაგალითად როგორიცაა მაგნიტების წარმოება ან ენერგეტიკული ტექნოლოგიები.
ამასთანავე, კრიტიკული ნედლეულის აქტი მოითხოვს 2031 წლის ბოლომდე ისეთი ნარჩენების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიცავს კრიტიკული ნედლეულის მნიშვნელოვან რაოდენობას და შეიძლება მისი ეფექტურად გადამუშავება. ამ ვალდებულებების დადგენით, კრიტიკული ნედლეულის აქტი ქმნის სტრუქტურულ მოთხოვნას მეორად მასალებზე და ასტიმულირებს ინვესტიციებს გადამუშავების ინფრასტრუქტურაში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს რესურსების უკეთ გამოყენების საფუძველს და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას.
აღსანიშნავია, კრიტიკული ნედლეულის აქტი მკაცრად განსაზღვრავს კავშირს ნედლეულის პოლიტიკასა და გარემოს დაცვით და სოციალურ სტანდარტებს შორის. რაც გამოიხატება იაში, რომ ყველა სტრატეგიულმა პროექტმა, იქნება ეს მოპოვებით თუ გადამამუშავებელ სფეროში, უნდა დაიცვას მკაცრი სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმები, მათ შორის ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ორჰუსისა და ესპოს კონვენციების მოთხოვნები.
VIII. გლობალური პარტნიორობები: ევროკავშირის ფარგლებს გარეთ განზომილება
ევროკავშირი აღიარებს ერთ მნიშვნელოვან რეალობას — ევროპას არ გააჩნია საკმარისი შიდა რესურსები საკუთარი ნედლეულის მოთხოვნა სრულად დასაკმაყოფილებლად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ამბიციური იქნება მოპოვების გაზრდა და გადამუშავებაში ინვესტირების პოლიტიკა. შესაბამისად, კრიტიკული ნედლეულის აქტის მიზანი არ არის ავტარქია, ანუ სრული თვითკმარობის მიღწევა, არამედ დივერსიფიკაცია, რაც გულისხმობს მიწოდების შეძლებისდაგვარად მრავალ სანდო პარტნიორზე გადატანას მისი პოლიტიკურად მგრძნობიარე ქვეყნების ვიწრო წრეზე კონცენტრაციის ნაცვლად.
ამ მიზნის ფარგლებში, რეგულაციას თან ახლავს გლობალური ჩართულობის შესახებ კომუნიკაცია, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის სტრატეგიას მესამე ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობების ჩამოსაყალიბებლად. პრიორიტეტულ რეგიონებად მოიაზრება კანადა, ავსტრალია, ლათინური ამერიკა (მერკოსურის შეთანხმების ფარგლებში) და აფრიკის რიგი ქვეყნები, რომლებიც ფლობენ სტრატეგიული ნედლეულის მნიშვნელოვან მარაგებს. ევროკავშირი ამ პარტნიორობებს არ განიხილავს მხოლოდ როგორც რესურსების მოპოვების სქემებს; ისინი წარმოდგენილია მდგრადი განვითარების ინსტრუმენტების სახით, რომლებიც ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების სამრეწველო განვითარების მხარდაჭერას, ამ ქვეყნებში დამატებული ღირებულების შექმნასა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, სანაცვლოდ კი – ნედლეულზე პრეფერენციულ წვდომას.
ეს მიდგომა ასახავს ორმხრივი სტრატეგიული ავტონომიის ფართო პრინციპს – რაც გულისხმობს, რომ მიწოდების უსაფრთხოება მიიღწევა არა რესურსებზე ერთპიროვნული კონტროლის მცდელობით, არამედ ურთიერთდაკავშირებული, წესებზე დაფუძნებული პარტნიორობების ქსელის შექმნით მიიღწევა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირის ღირებულებებსა და ინტერესებს. ამ კონტექსტში, კრიტიკული ნედლეულის აქტი პირდაპირ მიუთითებს ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომელიც გამოიყენება პარტნიორ ქვეყნებში ნედლეულის მოწოდების ჯაჭვების განვითარების მხარდასაჭერად და ამით ვაჭრობის, ეკონომიკური განვითარების და უსაფრთხოების მიზნებს ერთიან საგარეო პოლიტიკურ ჩარჩოში აქცევს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას, გარკვეულ პირობებში, სტრატეგიული პროექტის სტატუსი მიენიჭოს იმ პროექტებსაც, რომლებიც განხორციელდება კანდიდატი ქვეყნების ტერიტორიაზე ან იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს აქვს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ნედლეულის სფეროში. ეს ქმნის პირდაპირ სტიმულს მესამე ქვეყნებისთვის, მოახდინონ საკუთარი საკანონმდებლო და მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, სანაცვლოდ კი მიიღონ სტრატეგიული პროექტის სტატუსთან დაკავშირებული ფინანსური და სხვა სახის სარგებელი — რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის გავლენის გაფართოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
IX. მნიშვნელობა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
კრიტიკული ნედლეულის აქტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას. მათთვის იგი ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ისე მოთხოვნებს.
შესაძლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი ქვეყნები შეიძლება გახდნენ ევროკავშირის მიწოდების ჯაჭვის ნაწილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფლობენ შესაბამის რესურსებს და უზრუნველყოფენ რეგულაციების შესაბამის გარემოს. ასეთ ქვეყნებში, სტრატეგიული პროექტების განხორციელება შეიძლება გახდეს ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ქვეყანას აქვს სტრატეგიული რესურსების – როგორიცაა მანგანუმი, სპილენძი და სხვადასხვა სამრეწველო მინერალები – გარკვეული მარაგები და უკვე არსებობს სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. თუმცა, ამ შესაძლებლობის გამოყენება მოითხოვს გარემოსდაცვითი, ადმინისტრაციული და მმართველობითი სტანდარტების შემდგომ გაძლიერებას.
X. გამოწვევები და კრიტიკული შეფასება
კრიტიკული ნედლეულის აქტის მიზნები ამბიციურია, თუმცა მათი განხორციელება დაკავშირებულია არაერთ გამოწვევებთან. პირველ რიგში, დროის ფაქტორი წარმოადგენს მნიშვნელოვან შეზღუდვას. ახალი სამთო და გადამამუშავებელი პროექტების განვითარება ხშირად ათწლეულებს მოითხოვს, რაც 2030 წლის მიზნების მიღწევას რთულ ამოცანად აქცევს.
მეორე გამოწვევა უკავშირდება გარემოს დაცვით და ეკონომიკურ ინტერესებს შორის ბალანსს. ნებართვების პროცესის დაჩქარება შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საზოგადოებრივ ჩართულობასთან და გარემოს დაცვის მოთხოვნებთან, თუ შესაბამისი ინსტიტუციური რესურსები არ იქნება უზრუნველყოფილი.
მესამე — გეოპოლიტიკური რეაქციები. განსაკუთრებით ჩინეთის მხრიდან შესაძლო საპასუხო ნაბიჯები შეიძლება მოკლევადიან პერიოდში საკმაოდ გაართულოს კრიტიკული ნედლეულის მიწოდების მდგომარეობა.
ბოლოს, ფინანსური ასპექტი. რეგულაცია ქმნის ჩარჩოს, თუმცა არ უზრუნველყოფს საკმარის ფინანსურ რესურსებს მისი სრული განხორციელებისთვის, რაც დიდწილად დამოკიდებული იქნება კერძო სექტორსა და წევრ სახელმწიფოებზე.
XI. დასკვნა: ევროპული სტრატეგიული ავტონომიის საფუძველი
კრიტიკული ნედლეულის აქტი წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიული პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს. იგი აყალიბებს ჩარჩოს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ევროკავშირის სხვა მიზნების — მწვანე გადასვლის, ციფრული განვითარების, თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის — განხორციელება.
მისი მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური განზომილებით. იგი წარმოადგენს სიგნალს, რომ ევროკავშირი მზად არის სისტემურად უპასუხოს კრიტიკული ნედლეულის კუთხით არსებულ სტრატეგიულ დამოკიდებულებებს და გამოიყენოს საკუთარი ინსტიტუციური და პოლიტიკური შესაძლებლობები მათ დასაძლევად.
საბოლოოდ, კრიტიკული ნედლეულის აქტის წარმატება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეძლებს ის რეალური ცვლილებების განხორციელებას, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის და მდგრადი განვითარების ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბების კუთხით, რაც უახლოეს წლებში გამოიკვეთება.
აპრილი 2026 წელი
_________________
[i] ევროკავშირის კრიტიკული ნედლეულის სია (2023 – განახლდება ყოველ 3 წელიწადში)
1) ალუმინი/ბოქსიტი; 2) სტიბიუმი; 3) დარიშხანი; 4) ბარიტი; 5) ბერილიუმი; 6) ბისმუთი; 7) ბორი /ბორატი; 8) კობალტი; 9) კოქსის ქვანახშირი; 10) სპილენძი; 11) ფელდშპატი; 12) ფტორშპატი; 13) გალიუმი; 14) გერმანიუმი; 15) ჰაფნიუმი; 16) ჰელიუმი; 17) ლითიუმი; 18) მსუბუქი იშვიათმიწა ელემენტები (LREE); 19) მაგნიუმი; 20) მანგანუმი; 21) ბუნებრივი გრაფიტი; 22) ნიკელი; 23) ნიობიუმი; 24) ფოსფატური ქანი; 25) ფოსფორი; 26) პლატინის ჯგუფის ლითონები (PGMs); 27) მძიმე იშვიათმიწა ელემენტები (HREE); 28) სკანდიუმი; 29) სილიციუმის ლითონი; 30) სტრონციუმი; 31) ტანტალი; 32) ტიტანის ლითონი; 33) ვოლფრამი; 34) ვანადიუმი.
[ii] ევროკავშირის სტრატეგიული ნედლეულის სია (2023 – 17 მასალა):
1) ბოქსიტი / კორუნდი(ალუმინის ოქსიდი / ალუმინი; 2) ბისმუტი; 3) ბორი / ბორატი; 4) კობალტი; 5) სპილენძი; 6) გალიუმი; 7) გერმანიუმი; 8) ლითიუმი; 9) მაგნიუმი; 10) მანგანუმი; 11) ბუნებრივი გრაფიტი; 12) ნიკელი; 13) პლატინის ჯგუფის ლითონები (PGMs); 14) იშვიათმიწა ელემენტები (REEs); 15) სილიციუმის ლითონი; 16) ტიტანის ლითონი; 17) ვოლფრამი.
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
