ევროკავშირი
დეტალებში

უსაფრთხოების ქმედება ევროპისათვის (SAFE) ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის ინსტრუმენტის გაძლიერების გზით (ევროპული საბჭოს რეგულაცია (EU) 7926/25)

  1. კონტექსტი და მიზანი

2025 წლის 20 მაისის, ევროპული საბჭოს № (EU)7926/25 რეგულაციით შეიქმნა „უსაფრთხოების ქმედება ევროპისათვის“ (Security Action for Europe – SAFE). SAFE სპეციალური სამართლებრივი და ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის მიზანსაც ევროპული უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებულ გარემოსთან გამკლავება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ SAFE, ევროკავშირში არსებულ ინსტრუმენტებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ის ეფუძნება დღემდე

არსებულ  ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა EPF-ი[i], EDIRPA-ი[ii] და ASAP-ი[iii].

ამასთან, რეგულაცია  ეხმიანება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის შედეგად გამოვლენილ ევროკავშირის თავდაცვის მზაობის სერიოზულ ხარვეზებს სამხედრო მარაგების დეფიციტის, შეუსაბამო შესყიდვების სისტემებსა და ინდუსტრიული შესაძლებლობების კუთხით.

SAFE-ის ამოქმედება წარმადგენს ფუნდამენტურ ცვლილებას ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკაში. ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის როლი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ძირითადად შემოიფარგლებოდა კოორდინაციით, სამშვიდობო მისიებითა და რბილი ძალის ინსტრუმენტებით. თუმცა, 2022 წლის ვერსალის დეკლარაციამ,[iv] ევროკავშირის „სტრატეგიულმა კომპასმა“[v] და შემდგომმა ევროპული საბჭოს დასკვნებმა ნიადაგი მოამზადეს ახალი ჩარჩო ინსტრუმენტისთვის, რომელიც აღიარებს ევროკავშირისათვის ძლიერი, სწრაფი და ავტონომიური თავდაცვის შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობას. SAFE ამ ჩარჩოს ამოქმედებას ისახავს მიზნად, დიდი მოცულობის, გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივ შესყიდვებს, ინდუსტრიის გაძლიერებასა და სტრატეგიულ ავტონომიას.

წინა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოკუსირებულნი იყვნენ მოკლევადიან საჭიროებებზე (მაგ., ASAP) ან შეზღუდულ თანადაფინანსებაზე (მაგ., EDIRPA), SAFE წარმოადგენს სტრუქტურირებულ, მასშტაბურ გადაწყვეტას, დაფუძნებულს ფინანსურ სოლიდარობასა და საერთო სტრატეგიულ მიზნებზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აღარ არის მხოლოდ კოორდინატორი — იგი ხდება თავდაცვის შესაძლებლობების პირდაპირი მხარდამჭერი. გარდა ამისა, რეგულაცია ქმნის საფუძველს ღრმა ინდუსტრიული ინტეგრაციისთვის, თავდაცვის დაგეგმვის ჰარმონიზაციისთვის და პასუხისმგებლობების ახალი მოდელისთვის, რომელიც თავსებადი იქნება და შეავსებს ნატოს შეკავების სისტემას და შეამცირებს ევროკავშირის დამოკიდებულებებსა და აღმოფხვრავს დუბლირებას.

 

  1. სამართლებრივი საფუძველი და სტრატეგიული დასაბუთება

SAFE რეგულაცია ეფუძნება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU)[vi] 122-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს აძლევს უფლებამოსილებას მიიღოს შესაბამისი ზომები განსაკუთრებული კრიზისული ვითარების შემთხვევაში — მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობისა და მომარაგების სფეროებში. საბჭოს აზრით, უკრაინაში ომის ფონზე უსაფრთხოების გარემოს დრამატული გაუარესება, რუსეთის მზარდი მილიტარიზაცია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მზაობის შემცირება წარმოადგენს სწორედ იმ განსაკუთრებულ გამოწვევას, რომელიც საჭიროებს აღნიშნული მუხლის გამოყენებას.

უკრაინაში მიმდინარე განგრძობითი  ომი და მისი შედეგები წარმოადგენს ეგზისტენციურ საფრთხეს ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის, შესაბამისად 122-ე მუხლი საშუალებას აძლევს ევროკომისიას იმოქმედოს სწრაფად და მოქნილად, გვერდი აუაროს არსებულ ფინანსურ შეზღუდვებს და სტანდარტულ საკანონმდებლო პროცესებს.

 

  1. მიზნები და ფინანსური მექანიზმი

SAFE-ის მთავარი მიზანია ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ბაზის (EDTIB) გაძლიერება, რათა წევრმა ქვეყნებმა შეძლონ ერთობლივი დაფინანსებით შეიარაღების შეძენა, მისი წარმოება და მარაგების შექმნა. ის ასევე ხელს შეუწყობს შესაბამისი სამხედრო/სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას. დღემდე არსებული ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური ძალისხმევები — კოორდინაციისა და ერთიანი ევროპული მასშტაბის გარეშე — არ არის საკმარისი ევროპული უსაფრთხოების მომავალი გამოწვევების დასაძლევად. შესაბამისად, SAFE-ს მიზანია შექმნას საინვესტიციო ჩარჩო, რომელიც გააერთიანებს ეროვნულ პასუხისმგებლობას და ევროკავშირის დონეზე მხარდაჭერილ სტრატეგიულ კოორდინაციას.

რეგულაცია განსაზღვრავს შემდეგ ძირითად მიზნებს:

  • თავდაცვითი წარმოების მასშტაბის სწრაფი ზრდა არსებული დეფიციტის უმოკლეს ვადებში  აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ჭურვები, შორი მოქმედების არტილერია, დრონები და სარაკეტო თავდაცვის სისტემები;
  • აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობის უფრო სწრაფი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფა საბრძოლო მოქმედებების მახლობლად მყოფი წევრი სახელმწიფოებისთვის და ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა უკრაინა;
  • სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებრე მომწოდებლებზე — მათ შორის კომპონენტებისა და ნედლეულის კუთხით;
  • ინტეროპერაბელურობისა და სტანდარტიზაციის ხელშეწყობა, ერთობლივი შესყიდვებისა და ტექნიკური მოთხოვნების ჰარმონიზაციის გზით.
  • ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის გრძელვადიანი მდგრადობისა და კონკურენტ­უნარიანო­ბის უზრუნველყოფა, რათა ის მზად იყოს ინოვაციებისა და სტრატეგიული გამოწვევების საპასუხოდ.

ამ მიზნების განსახორციელებლად, SAFE აწესებს 150 მილიარდი ევროს მოცულობის სესხების პაკეტს, რომელსაც ევროკავშირი გასცემს წევრ ქვეყნებზე. სესხები იქნება გრძელვადიანი და შეღავათიანი, კერძოდ 45 წლამდე ვადით, საიდანაც პირველი 10 წელი ქვეყანა გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი გადახდისგან. აღნიშნული პირობები წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ გრძელვადიანი თავდაცვითი ინვესტიციები ეროვნული ვალის ევროკავშირის მიერ დაწესებული ზღვრული მაჩვენებლის დარღვევის ან დამატებითი ფისკალური წნეხის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ SAFE არ გააჩნია საგრანტო მექანიზმი — ის წარმოადგენს საპროცენტო სარგებელზე დაფუძნებულ ფინანსურ რესურსს, რაც ზრდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პასუხისმგებლობას და ფინანსური დისციპლინის სტიმულს. ამასთან, სესხების მიღება დამოკიდებულია ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის საინვესტიციო გეგმის (EDIIP)[vii] წარმოდგენასა და დამტკიცებაზე. გეგმა უნდა მოიცავდეს: მკაფიო მიზნებს, ბიუჯეტს, ვადებს, კონტრაქტორებს, უსაფრთხოების ზომებს და შედეგების შეფასების კრიტერიუმებს.

სესხების განაწილება ხდება ეტაპობრივად, თითოეული ეტაპი უკავშირდება კონკრეტული მიზნის მიღწევას — იქნება ეს შესყიდვის კონტრაქტის გაფორმება, საწარმოს ამოქმედება თუ მარაგის მიწოდება. რესურსების ერთი რომელიმე ქვეყნის ხელში ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, რეგულაცია ადგენს განაწილების ლიმიტს, რომელიც მიხედვითაც სამი ყველაზე დიდი ბენეფიციარი წევრი ქვეყანა ერთად ვერ შეძლებს მიიღოს SAFE-ის საერთო თანხის 60%-ზე მეტი, რაც უზრუნველყოფს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის რესურსებზე სამართლიან წვდომას. გარდა ამისა, SAFE დამატებით სტიმულირებას გაუწევს მინიმუმ ორი წევრი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ერთობლივ შესყიდვებს, რაც გაზრდის ეფექტურობას და შეამცირებს შესყიდვის ფასს.

 

  1. მხარდაჭერის სფერო: პროდუქცია და საქმიანობები

SAFE-ის დაფინანსება მიმართულია თავდაცვითი შესაძლებლობების შესყიდვის, წარმოების, მარაგების შექმნისა და ინდუსტრიული მასშტაბების ზრდის მხარდაჭერისკენ. ინსტრუმენტი გამოყოფს მხარდაჭერილი წარმოების ორ ძირითად კატეგორიას, რაც ასახავს როგორც ოპერატიული სიჩქარის, ისე სტრატეგიული სირთულის პრინციპებს.

I კატეგორია: გადაუდებელი საბრძოლო შესაძლებლობები

ეს კატეგორია მოიცავს იმ სამხედრო საშუალებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლანდელ და მოკლევადიან ბრძოლებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის კონტექსტში. მათ შორისაა:

  • არტილერიის ჭურვები (განსაკუთრებით 155 მმ), სარაკეტო საშუალებები და მცირე ზომის იარაღი;
  • არტილერიის სისტემები და მობილური სარაკეტო პლატფორმები;
  • მოკლე რადიუსის დრონები (დასარტყამი ან სადაზვერვო);
  • ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობა და ჯარისკაცის მობილობის კომპლექტები;
  • კიბერუსაფრთხოების პლატფორმები და დაცული კომუნიკაციის სისტემები;
  • ლოჯისტიკური და სამხედრო მობილობის ინფრასტრუქტურა.

ეს პროდუქტები ასახავს თანამედროვე კონფლიქტებში გამოვლენილ საჭიროებებს, როგორიცაა მარაგების სწრაფი ამოწურვა, სადაზვერვო რესურსების დეფიციტი და მობილობის შეზღუდვები.

II კატეგორია: სტრატეგიული და კომპლექსური შესაძლებლობები

ამ კატეგორიაში განიხილება ტექნოლოგიურად რთული და ძვირადღირებული  სისტემები, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან დაგეგმვასა და მულტინაციონალურ თანამშრომლობას. მათ შორისაა:

  • საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემები (მათ შორის ჰიპერბგერითი საშუალებების საწინააღმდეგო);
  • საშუალო და მძიმე კლასის სამხედრო დრონები (სადაზვერვო და დამრტყმელი);
  • საზღვაო პლატფორმები (კორვეტები, საპატრულო ხომალდები, წყალქვეშა სისტემები);
  • C4ISTAR სისტემები (სარდლობა, კონტროლი, კომუნიკაცია, სადაზვერვო, დაკვირვება და სამიზნის აღმოჩენა);
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემები;
  • კოსმოსზე დაფუძნებული შესაძლებლობები (ნავიგაცია, სადაზვერვო მონიტორინგი, ადრეული შეტყობინება);
  • ელექტრონული ომისა და სენსორული ინტეგრაციის ტექნოლოგიები.

ეს შესაძლებლობები მოითხოვს წევრი ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაციას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციისა, SAFE-ის მხარდაჭერა ვრცელდება ისეთი საქმიანობების დაფინანსებაზე, როგორიცაა:

  • საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია ან გაფართოება;
  • ნედლეულის, კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენა;
  • მარაგების სტრატეგიული დაგროვება;
  • სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
  • ტესტირების, სერტიფიკაციისა და ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება.

რეგულაცია ასევე შესაძლებელს ხდის წინასწარი საწარმოო სიმძლავრის დაჯავშნას („production slot reservation“), რაც თავდაცვის ინდუსტრიას საშუალებას მისცემს წინასწარ განავითაროს სიმძლავრე, მაშინაც კი როცა კონკრეტული შეკვეთა ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მხარდაჭერილი საქმიანობა უნდა იყოს შეტანილი ერთობლივ პროექტში, რომელშიც მონაწილეობს მინიმუმ ერთი SAFE-ის სესხის მიმღები ქვეყანა და ერთი დამატებითი უფლებამოსილი პარტნიორი. ეს უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება მიმართული იყოს სწორედ ერთობლივი, არა ცალმხრივი ძალისხმევისკენ.

 

  1. შესარჩევი კრიტერიუმები და ინდუსტრიული ჩართულობა

SAFE აწესებს მკაცრ შესარჩევ მოთხოვნებს, რათა უზრუნველყოს, რომ ევროპული ფინანსური მხარდაჭერა მიეწოდება მხოლოდ ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, რომლებიც თავსებადია ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებთან და პირდაპირ უწყობს ხელს ევროპული თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის (EDTIB) მედეგობის გაძლიერებას  და განვითარებას.

გეოგრაფიული და სამართლებრივი მოთხოვნები

SAFE-ის დაფინანსების მისაღებად, პროექტში მონაწილე სუბიექტები უნდა იყვნენ:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები;
  • ევროპის თავისუფალი სავაჭრო ზონის EFTA ქვეყნები (მაგ., ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტაინი);
  • უკრაინა, რომელიც სრულად უფლებამოსილი მონაწილეა, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი.

შესყიდვების პროექტებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა, მასში მინიმუმ ერთი SAFE სესხის მიმღები და ერთი დამატებითი უფლებამოსილი პარტნიორის ჩართულობა, რაც დამატებით აძლიერებს ერთობლივი შესყიდვების პრინციპს.

დამკვეთები და ქვეკონტრაქტორები, რომლებიც მონაწილეობენ SAFE-ის ფარგლებში დაფინანსებულ საქმიანობაში, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყვნენ სამართლებრივად რეგისტრირებული ევროკავშირში, ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში ან უკრაინაში;
  • უნდა იმყოფებოდნენ ამავე ტერიტორიაზე დაფუძნებული ეკონომიკური ერთეულების კონტროლის ქვეშ;
  • არ უნდა იმყოფებოდნენ მესამე ქვეყნის იურიდიული ან ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ. გამონაკლისი შესაძლებელი დაიშვას მკაცრი ზედამხედველობითი მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში.

ამგვარი ზედამხედველობის მექანიზმებს განეკუთვნება უცხოური ინვესტიციების წინასწარი სკრინინგი, უსაფრთხოების გარანტიები და  კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებებისა და ეროვნული რეგულაციების მკაცრი ზედამხედველობა. SAFE-ის სტრუქტურა მიზნად ისახავს ერთის მხრივ გახსნილობას, მეორეს მხრივ კი სტრატეგიული ინტერესების დაცვას, რაც გამოიხატება  რომ კრიტიკული თავდაცვის პროექტების გარე გავლენის ქვეშ აღმოჩენისაგან დაცვაში.

მესამე ქვეყნების კომპონენტების ლიმიტი და კონტროლი

რეგულაცია განსაზღვრავს, რომ პროექტის ღირებულების არაუმეტეს 35% შეიძლება მოდიოდეს მესამე ქვეყნების მიერ მოწოდებულ კომპონენტებზე — და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში არ არსებობს შესაბამისი ალტერნატივა ევროკავშირში. ასეთ შემთხვევებში, წევრმა ქვეყანამ დეტალურად უნდა მოახდინოს საკუთარი არჩევანის დასაბუთება წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმაში.

II კატეგორიის სისტემებისთვის, როგორიცაა AI, ელექტრონული ბრძოლა და სარაკეტო დაცვა, დაწესებულია დამატებითი მოთხოვნები, კერძოდ:

  • პროდუქციაში გამოყენებული ინტელექტუალური საკუთრების სრული კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს  ევროკავშირში;
  • სერვისსა და მხარდაჭერაზე წვდომა არ უნდა იყოს შეზღუდული;
  • დიზაინის დოკუმენტაცია და პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს ხელმისაწვდომი კონტრაქტის მონაწილე ყველა ქვეყნისათვის.

ეს მოთხოვნები ემსახურება სტრატეგიული ავტონომიის განმტკიცებას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პროდუქტის შეძენას, არამედ მისი სრული ტექნოლოგიური მფლობელობის უზრუნველყოფას.

SME და საშუალო კაპიტალის კომპანიების ჩართულობა

SAFE პირდაპირ მოუწოდებს წევრ ქვეყნებს ჩართონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs) და საშუალო კაპიტალის მქონე კომპანიები (mid-caps) თავიანთ საინვესტიციო გეგმებში. ხშირად სწორედ მცირე და საშუალო საწარმოები არიან  ინოვაციური ლიდერები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, მიკროელექტრონიკა, მოწინავე და კომპოზიტური მასალები, მობილობის და კონტროლის სისტემები. ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობა ზრდის მრავალფეროვნებას და გამძლეობას მიწოდების ჯაჭვში, ამაგრებს რეგიონულ ინდუსტრიულ პოტენციალს და ხელს უწყობს ინკლუზიური და კონკურენტული თავდაცვითი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

სწორედ ამიტომ წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ, კონკრეტული წინადადებები თუ  როგორ აპირებენ SMEs და mid-caps ჩართვას შესაბამის პროექტებში.

 

  1. შესყიდვების პროცესი და დღგ-საგან გათავისუფლება

SAFE მნიშვნელოვანად ამარტივებს თავდაცვით შესყიდვებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებს, რათა წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სწრაფად, მოქნილად და ეფექტიანად განახორციელონ კრიტიკული შესყიდვები, განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში.

მოლაპარაკების პროცედურა გამოქვეყნების გარეშე

რეგულაცია საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს გამოიყენონ მოლაპარაკების პროცედურა საჯარო განცხადების გარეშე, როგორც ეს განსაზღვრულია 2009/81/EC[viii] დირექტივაში. ეს მეთოდი ჩვეულებრივ გამოიყენება მაშინ, როდესაც:

  • არსებობს დაუყოვნებელი აუცილებლობა (განსაკუთრებით I კატეგორიის პროდუქციის შემთხვევაში);
  • საჭიროა კონფიდენციალურობის დაცვა, მაგალითად, სტრატეგიული ან კლასიფიცირებული სისტემების შესყიდვისას;
  • ან როდესაც მოქმედი ჩარჩო-შეთანხმებების გაფართოება ეკონომიკურად უფრო ეფექტური გზაა.

ამასთან, წევრმა ქვეყნებმა, საკუთარ საინვესტიციო გეგმებში, უნდა წარმოადგინონ მყარი არგუმენტაცია თუ რატომ გადაწყვიტეს ზემოხსენებული პროცესების გამოყენება და რა განაპირობებს მის აუცილებლობას მოცემულ კონტექსტში.

ჩარჩო-შეთანხმებების გაფართოება

SAFE ეხმიანება  ერთობლივი შესყიდვების გზაზე ერთ-ერთ მთავარ ბარიერს, კერძოდ ჩარჩო შეთანხმებების სიხისტეს. SAFE-ის ახალი რეგულაციის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ არსებული ჩარჩო კონტრაქტების გაფართოება მასში ახალი მონაწილეების (მაგალითად, სხვა EU, EFTA, EEA ქვეყნების ან უკრაინის) ჩართვით, მაშინაც კი, თუ ასეთი რამ არ იყო გათვალისწინებული საწყის სატენდერო დოკუმენტაციაში. ახალ გაფართოებულ კონტრაქტებში ჩართვის ერთადერთი წინაპირობას წარმოადგენს მასში უკვე მონაწილე მომწოდებლების ჩართვა და შეთანხმების ადმინისტრაციული პირობების შესაბამისი განახლება.  

ეს მოქნილობა წაახალისებს ქვეყნებს არამარტო ინდივიდუალურად შეიძინონ სამხედრო ტექნიკა, არამედ გაერთიანდნენ საერთო შესყიდვებში და მისცენ ინდუსტრიას სიგნალი მასშტაბური მოთხოვნის შესახებ. ამის შედეგად, დაიზოგება როგორც დრო ისე ადმინისტრაციული რესურსები, რაც სრულად  შეესაბამება SAFE-ის ეფექტიანობისა და ერთიანობის პრინციპებს.

დღგ-სგან გათავისუფლება

SAFE-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელია ის, რომ რეგულაცია ყველა მხარდაჭერილ შესყიდვას ათავისუფლებს დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ), ევროკავშირის 2006/112/EC დირექტივის შესაბამისად.

დღგ-საგან გათავისუფლება:

  • ზრდის სესხების რეალურ ეფექტურობას, კერძოდ პროექტის სრული ღირებულება მიემართება უშუალოდ თავდაცვით პროდუქტებზე, და არა გადასახადებზე;
  • ამარტივებს ფინანსურ დაგეგმვას და ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესს ეროვნულ დონეზე, განსაკუთრებით ერთობლივი შესყიდვების შემთხვევებში.

ამ გზით, წევრი ქვეყნები რეალურად იღებენ მაქსიმალურ ღირებულებას მინიმალური ადმინისტრა­ციული ხარჯით.

გამჭვირვალობა და ანგარიშგება

მიუხედავად სამართლებრივი სიმარტივისა, SAFE-ის მოქმედება ეფუძნება ევროკავშირის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს, სწორედ ამიტომ თითოეულ საინვესტიციო გეგმაში აუცილებელია ჩართული იყოს:

  • შესყიდვის პროცედურის ტიპი და შერჩევის არგუმენტაცია;
  • დეტალური ფინანსური დაანგარიშება და მოსალოდნელი შედეგები;
  • ასევე კონტრაქტის ძირითადი პირობები და შესრულების ვადები.

გარდა ამისა, წევრმა ქვეყნებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია SAFE-ის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ — მათ შორის კონტრაქტების ასლები, გადახდების მტკიცებულება, მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულების მაჩვენებლები.

ეს მიდგომა ერთმანეთთან აკავშირებს  ოპერატიულ მოქნილობას მკაცრ მონიტორინგსა და ფინანსურ გამჭვირვალეობას, რაც წარმოადგენს SAFE-ის წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.

 

  1. მმართველობა და განხორციელება

SAFE-ის ეფექტიანი განხორციელება ემყარება მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მართვის სტრუქტურას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, წევრ ქვეყნებსა და დარგობრივ სააგენტოებს. ეს მოდელი ეფუძნება პარტნიორობის პრინციპს ევროკომისიასა და მონაწილე ქვეყნებს შორის.

საინვესტიციო გეგმის (EDIIP) წარდგენა

SAFE-ის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, თითოეულ ქვეყანას ევალება ევროკომისიას წარუდგინოს  ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის საინვესტიციო გეგმა (EDIIP). ეს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს:

  • დეტალურ აღწერას შესაძენ/დასაფინანსებელ პროდუქციასა და ინფრასტრუქტურაზე;
  • ჩართულ ინდუსტრიულ პარტნიორებსა და ქვე-კონტრაქტორებს;
  • ვადებს, ეტაპებსა და შესრულების კალენდარს;
  • რისკების შეფასებას და შემარბილებელ ზომებს;
  • სტრატეგიულ დასაბუთებას და შესაბამისობას ევროკავშირის პრიორიტეტებთან;
  • ბიუჯეტს, ხარჯების სტრუქტურასა და დაფინანსების წყაროებს.

ევროკომისია აფასებს გეგმას ევროპული თავდაცვის სააგენტოს (EDA) მხარდაჭერით, და საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის სამხედრო შტაბისა (EUMS) და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მონაწილეობით. ამ უწყებების ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ შემოთავაზებული ინვესტიციები შეესაბამებოდეს ევროკავშირის თავდაცვის კოორდინირებული ყოველწლიური მიმოხილვის (CARD)[ix] და შესაძლებლობების განვითარების გეგმის (CDP)[x] ფარგლებში დასახულ პრიორიტეტებს.

სესხის ხელშეკრულება და ოპერაციული შეთანხმება

EDIIP-ის დამტკიცების შემდეგ, კომისია და წევრი ქვეყანა ხელს აწერენ ორ მთავარ დოკუმენტს:

  1. სესხის ხელშეკრულება — რომელიც განსაზღვრავს ფინანსურ პირობებს, გადახდის გრაფიკს და პასუხისმგებლობებს;
  2. ოპერაციული შეთანხმება — სადაც მოცემულია შესრულების დეტალური გეგმა, ეტაპები, ანგარიშგების ვალდებულებები და შეფასების კრიტერიუმები.

დაფინანსება ხდება ეტაპობრივად, და თითოეული გადახდა დამოკიდებულია წინასწარ განსაზღვრულ ეტაპებზე — მაგ., კონტრაქტის გაფორმება, საწარმოო ხაზის ამოქმედება, ტექნიკის მიწოდება ან დასაქმების განხორციელება. SAFE-ის პირობებში შესაძლებელია ჩაიდოს 15%-მდე წინასწარ დაფინანსება, რაც აუცილებელია სწრაფი სტარტისთვის.

მონიტორინგი და შეფასება

მონიტორინგი ხორციელდება ყოველ ნახევარ წელიწადში. წევრ ქვეყნებს ევალებათ წარადგინონ ანგარიშები და გაწეული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის:

  • ხელმოწერილი კონტრაქტები და ფინანსური გადახდების მტკიცებულება;
  • ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები;
  • მცირე და საშუალო კომპანიების ჩართულობის მაჩვენებლები;
  • უსაფრთხოებისა და შესაბამისობის დამდასტურებელი სერტიფიკატები.

ევროკომისია აანალიზებს ანგარიშებს და უფლებამოსილია შეაჩეროს დაფინანსება შეფერხებების, დარღვევების ან მიზნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება:

  • კონტრაქტის გადახედვა;
  • მიზნების გადამუშავება;
  • ან დაფინანსების ხელახალი განაწილება.

წლიური ანგარიში და დემოკრატიული ზედამხედველობა

ევროკომისია ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს SAFE-ის განხორციელების ანგარიში ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. ანგარიშში უნდა აისახოს:

  • დაფინანსებული პროექტების სია და სტატუსი;
  • ფინანსური მონაცემები — სესხების მოცულობა, გრაფიკი, დაფარვის გრაფიკები;
  • ინდუსტრიული და თავდაცვითი გავლენის სტრატეგიული ანალიზი;
  • გამოვლენილი სირთულეები და რეკომენდაციები.

ეს სისტემა უზრუნველყოფს SAFE-ის გამჭვირვალეობას და მის თანმიმდევრულ და ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას.

 

  1. სტრატეგიული შედეგები და გარე განზომილება

SAFE რეგულაცია მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ ფინანსური და ინდუსტრიული პოლიტიკის ფარგლებს — იგი წარმოადგენს გეოპოლიტიკურ განაცხადს, რომ ევროკავშირი მზად არის თავდაცვის სფეროში დამოუკიდებელი როლი ითამაშოს. რეგულაცია ცვლის ევროკავშირის სტრატეგიულ პოზიციონირებას მსოლლიოში და აფიქსირებს ახალ პარადიგმას – ევროპული უსაფრთხოება უნდა აშენდეს ევროპაში და ევროპული საშუალებებით.

უკრაინის ინტეგრაცია ევროპულ თავდაცვის არქიტექტურაში

SAFE-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შედეგია უკრაინის სრული ჩართვა პროგრამაში. უკრაინა არ არის მხოლოდ დახმარების მიმღები ქვეყანა — მას შეუძლია თავადაც უზრუნველყოს საკუთარი ინდუსტრიული შესაძლებლობებით SAFE-ის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები. ეს არა მხოლოდ აღიარებს უკრაინის უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის თავდაცვის საერთო საქმეში, არამედ აჩენს ევროკავშირთან მისი გრძელვადიანი, სტრატეგიული ინტეგრაციას საშუალებას.  

SAFE ამ გზით აჩვენებს, რომ ევროკავშირი მზად არის სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც სცდება ჰუმანიტარულ დახმარებას და მოიცავს თავდაცვის ინდუსტრიისა და შესაძლებლობების ერთობლივ აღმშენებლობას. ამასთან, რეგულაციაში უკრაინის ჩართვა აფართოებს ევროკავშირთან მის ინტეროპერაბილურობას და უზრუნველყოფს ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზებას, ეს კი  აუცილებელია უკრაინის ევროკავშირის  წევრობისთვის მოსამზადებლად.

თანხვედრა NATO-სთან

SAFE შექმნილია ნატოს ძალისხმევის შესავსებად და არა მისი დუბლირებისთვის. მაშინ როცა,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობისთვის, NATO რჩება კოლექტიური თავდაცვის ძირითად სტრუქტურად, SAFE უზრუნველყოფს ისეთი ელემენტების დაფინანსებას და განვითარებას, რაც ნატოს მანდატში პირდაპირ არ შედის — კერძოდ:

  • წარმოების გაძლიერება;
  • ინდუსტრიული კოორდინაცია;
  • მარაგების შენარჩუნება და განახლება და ა.შ.

SAFE ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ ევროკავშირი მოქმედებდეს დამოუკიდებლად, როდესაც NATO-ს კონსენსუსი ვერ მიიღწევა ან როდესაც პოლიტიკური კონტექსტი ითხოვს ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიის განხორციელებას. შესაბამისად, იგი ემსახურება ევროკავშირის  „სტრატეგიული კომპასით“[xi] გათვალისწინებულ ხედვას — უფრო ავტონომიური და ქმედუნარიანი ევროპის შესაქმნელად.

სტრატეგიული ავტონომია და ტექნოლოგიური სუვერენიტეტი

SAFE აძლიერებს ევროკავშირის მრავალწლოვან მიზანს — მიაღწიოს სტრატეგიულ ავტონომიას, განსაკუთრებით კრიტიკული და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. ეს ავტონომია მოიცავს:

  • შიდა წარმოების წახალისებას;
  • უსაფრთხო მიწოდების სისტემების ჩამოყალიბებას;
  • მესამე ქვეყნებზე დამოკიდებულებების შემცირებას.

რეგულაცია განსაკუთრებით ხელს უწყობს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა:

  • კიბერუსაფრთხოება და დაშიფრული კომუნიკაცია;
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საბრძოლო გადაწყვეტილების სისტემები;
  • სენსორული შერწყმა, მონაცემთა ინტეგრაცია და ავტონომიური პლატფორმები;
  • კოსმოსური მეთვალყურეობა და ადრეული შეტყობინების სისტემები.

SAFE-ის მეშვეობით, ევროკავშირი არა მხოლოდ ყიდულობს თავდაცვით შესაძლებლობებს, არამედ იძენს მათზე სრული ფლობის და კონტროლის უფლებას, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.

გლობალური პარტნიორობის შესაძლებლობა

რეგულაცია ასევე უშვებს სპეციალურ თანამშრომლობას სტრატეგიულად ახლო მყოფ მესამე ქვეყნებთან, როგორიცაა კანადა, ნორვეგია ან იაპონია — იმ პირობით, რომ ისინი სთავაზობენ ევროკავშირს ანალოგიურ წვდომას თავიანთ ბაზრებსა და ტექნოლოგიებზე და აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.

SAFE ამით ხდება პლატფორმა არა მხოლოდ შიდა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, არამედ ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოების პარტნიორობისთვის, რაც აძლიერებს მის პოზიციას გეოპოლიტიკურ ველზე.

 

  1. ინდუსტრიული და ეკონომიკური ზეგავლენა

SAFE არა მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, არამედ მის განხორციელებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ინდუსტრიული ეფექტი ექნება. რეგულაცია ქმნის პირობებს, რომ ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრია გადაეწყოს გრძელვადიანი, მასშტაბური და მდგრადი წარმოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და წახალისებას, დასაქმების გაზრდას და ტექნოლოგიურ წინსვლას.

ინდუსტრიული შესაძლებლობების ზრდა და ეფექტიანობა

SAFE პასუხობს ევროკავშირში წლების მანძილზე დაგროვილ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო: თავდაცვის არასაკმარის დაფინანსებასთან, შეკვეთების ფრაგმენტაციასთან და არაპროგნოზირებადობასთან.

მრავალწლიანი, თანმიმდევრული სესხების შეთავაზებით SAFE:

  • უზრუნველყოფს ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაბამისი გარანტიით, რაც მათ საშუალებას აძლევს გაზარდონ წარმოების მოცულობა ჭარბი წარმოების ან სამომავლოდ შეკვეთების შემცირების საფრთხის გარეშე;
  • ამცირებს ერთეულის თვითღირებულებას შეკვეთების მოცულობის ზრდის გზით;
  • ამცირებს მიწოდების ვადებს და ზრდის პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი მოხმარების პროდუქციისთვის,  როგორიცაა საარტილერიო ჭურვები, სადაც წარმოების დრო, სერტიფიკაცია და ლოგისტიკა ხშირად მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.

მიწოდების ჯაჭვების გამძლეობა

SAFE-ის დაფინანსება მოიცავს არა მხოლოდ საბოლოო პროდუქციის შეძენას, არამედ მთელი მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებას — ნედლეულიდან დაწყებული, კომპონენტებით გაგრძელებული და ტექნიკური მომსახურებით დასრულებული.

ამასთან, მხარდაჭერილი მიმართულებებია:

  • ენერგეტიკული მასალები (მაგ., ასაფეთქებელი ნივთიერებები და რეაქტიული საწვავები);
  • ელექტრონიკა და მიკროჩიპები;
  • მაღალი ხარისხის ლითონები და კომპოზიტური მასალები;
  • ციფრული ინფრასტრუქტურა და კიბერსივრცის დაცვა.

გარდა ამისა, რეგულაცია ხელს უწყობს სტრატეგიული მარაგების შექმნას და საწარმოო ინფრასტრუქ­ტურის განახლებას, რაც ამცირებს გარე საფრთხეებზე დამოკიდებულებას და ამაღლებს კრიზისულ მდგრადობას.

მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და ინოვაცია

მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs) ხშირად არიან ტექნოლოგიური ინოვაციის ძირითადი წყაროები, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა,  სენსორიკა, მასალათმცოდნეობა და ნანოტექნოლოგიები.

SAFE ავალდებულებს წევრ ქვეყნებს წარმოადგინონ გეგმები, როგორ აპირებენ SMEs-ის ჩართვას თავიანთ პროექტებში. ეს ჩართულობა არა მხოლოდ ეკონომიკური დივერსიფიკაციის, არამედ ტექნოლოგიური ლიდერობის საკითხიცაა. მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად უფრო სწრაფად ადაპტირდებიან, უფრო მოქნილები არიან ინოვაციური ცვლილებებისადმი, რაც აუცილებელია ევროპის უპირატესობის შესანარჩუნებლად ორმაგი დანიშნულებისა და მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში.

რეგულაცია ასევე წაახალისებს ინდუსტრიული კონსორციუმების შექმნას, რაც თავის მხრივ დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზარზე წვდომის გაფართოებასა და ინოვაციური იდეების დანერგვაში.

რეგიონული განვითარება და დასაქმება

გარდა თავდაცვისა SAFE ასევე წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტს, რომელიც პირდაპირ წაახალისებს:

  • სამუშაო ადგილების შექმნას — განსაკუთრებით ტექნიკური და საინჟინრო პროფილის,
  • ეკონომიკური აქტივობის ზრდას რეგიონებში, სადაც თავდაცვის ინდუსტრია ისტორიულად სუსტი ან მიტოვებული იყო,
  • სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას.

გარდა ამისა, რეგულაციის მოქნილობა წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, SAFE-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეუსაბამონ ეროვნული ან რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებს, რაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის სოლიდარობის პოლიტიკის მიზნებთან და ამავდროულად ამცირებს სტრატეგიულ დაუცველობას. ამ გზით, SAFE არა მხოლოდ უსაფრთხოების პოლიტიკის საყრდენად, არამედ ეკონომიკური მოდერნიზაციის მამოძრავებელ ძალადაც იქცევა, რაც ხელს უწყობს ევროპის სამრეწველო ბაზის აღორძინებას და სტრატეგიული დამოკიდებულების შემცირებას.

ამ გზით SAFE ერთდროულად წარმოადგენს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის მოდერნიზაციის ლოკომოტივს.

 

  1. დასკვნა და სამომავლო ხედვა

ევროპული საბჭოს რეგულაცია (EU) 7926/25, რომელიც აფუძნებს უსაფრთხოების მხარდამჭერ მექანიზმს (SAFE), წარმოადგენს ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საყრდენს. SAFE არის პირველი ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს მასშტაბურ ფინანსურ რესურსებს, სამართლებრივ მოქნილობას, ინდუსტრიულ სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ მიზანს საერთო თავდაცვის მზაობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.

SAFE-ის მეშვეობით, ევროკავშირი გადადის ფრაგმენტირებული, რეაგირებაზე დაფუძნებული მიდგომე­ბიდან ინტეგრირებულ, პროგნოზირებად და თანმიმდევრულ თავდაცვით პოლიტიკაზე. 150 მილიარდი ევროს მოცულობის გრძელვადიანი სესხების მეშვეობით, ევროკავშირი აფიქსირებს  მზადყოფნას იმოქმედოს არა მხოლოდ კრიზისზე რეაგირების, არამედ თავდაცვის შესაძლებლობების სისტემური გაძლიერების მიმართულებით.

SAFE-ის წარმატების საფუძველია რამდენიმე საკვანძო პრინციპი:

  • სტრატეგიული ავტონომია, რაც გულისხმობს შიდა შესაძლებლობების განვითარებას და გარე დამოკიდებულებების შემცირებას;
  • სოლიდარობა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს დიდ და მცირე წევრ ქვეყნებს შორის;
  • ეფექტიანობა და მასშტაბი, ერთობლივი შესყიდვებისა და ტექნიკური ჰარმონიზაციის გზით;
  • ინოვაცია და გამძლეობა, SME-ების ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაფინანსებით.

SAFE ასევე ქმნის პრეცედენტს მომავალში უფრო ღრმა თავდაცვითი ინტეგრაციისთვის — იქნება ეს ევროკავშირის თავდაცვითი ბონდები, მუდმივი ინდუსტრიული მექანიზმები თუ ერთობლივი შესაძლებლობების განვითარება.

თუმცა, მისი წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე გადამწყვეტ ფაქტორზე, კერძოდ:

  • წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნებაზე, გადააფასონ პრიორიტეტები და კოორდინაცია გაუწიონ ერთობლივ შესყიდვებს;
  • ადმინისტრაციულ შესაძლებლობებზე, რაც გულისხმობს ხარისხიანი პროექტების მომზადებას, კონტრაქტორების შერჩევასა და მონიტორინგის უზრუნველყოფას;
  • ინსტიტუციური მენეჯმენტის უნარზე, რაც გამოიხატება ევროკომისიისა და პარტნიორი სტრუქტურების მხრიდან მაღალი ღირებულების და მაღალი რისკის პორტფელების გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულად მართვის შესაძლებლობაში;
  • თავდაცვის პიორიტეტულობის გათვითცნობიერებაზე, რათა გულისხმობს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვითი ხარჯების სტრატეგიულ ინვესტიციად და არა ეკონომიკურ ტვირთად აღქმის უნარს.

თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც ხასიათდება მზარდი არასტაბილურობით, დაძაბულობით, ძალთა კონკურენციითა და ჰიბრიდული საფრთხეებით, SAFE წარმოადგენს გზავნილს, რომ ევროკავშირი არ აპირებს იყოს დამკვირვებლის როლში და შემოიფარგლოს ჰუმანიტარული და ეკონომიკური ხასიათის საქმიანობით, არამედ ევროკავშირი აპირებს გახდეს გლობალური სამყაროს სტრატეგიული სუბიექტი, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოებაზე.

 

 

ტერმინების განმარტება

 

[i] EPF(European Pease Facility) – ევროპის სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 22 მარტს და წარმოადგენს ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა დაფინანსებულ ინსტრუმენტს, რომლის მიზანია ევროკავშირის შესაძლებლობების გაძლიერება კონფლიქტების თავიდან აცილების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის და სამხედრო და თავდაცვითი დახმარების გზით. ის აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად რუსეთის აგრესიის პირველ პერიოდში და მოზამბიკის მხარდასაჭერად მისი კონფლიქტით დაზარალებული ჩრდილოეთ რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით;

[ii] EDIRPA (The European Defence Industry Reinforcement through Common Procurement Act)  – 2023 წლის 9 ოქტომბერს მიღებული ერთობლივი შესყიდვების გზით ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების აქტი წარმოადგენს ევროკავშირის რეგულაციას, რომელის მიზანია ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება წევრ სახელმწიფოებს შორის თავდაცვის პროდუქტების ერთობლივი შესყიდვების ხელშეწყობის გზით. აქტი ამარტივებს თანამშრომლობით შესყიდვებს თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ამცირებს არსებულ  ფრაგმენტაციას;

[iii] ASAP(The Act in Support of Ammunition Production) – 2023 წლის 8 ივლისს მიღებული საბრძოლო მასალის წარმოების მხარდამჭერი აქტი, არის ევროკავშირის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ქვეყნებში  საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გაზრდას. ის ეხმიანება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად შექმნილ სასწრაფო საჭიროებებს და მხარს უჭერს თავდაცვის ინდუსტრიის მიზნობრივ დაფინანსებას დაჩქარებული პროცედურების მეშვეობით;

[iv] ვერსალის დეკლარაცია – 2022 წლის 11 მარტს,  ევროკავშირის ლიდერებმა  მიიღეს სპეციალური დეკლარაცია  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ. დეკლარაცია ასახავს ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობები, შეამცირონ ენერგეტიკული დამოკიდებულება და შექმნან უფრო მყარი ეკონომიკური ბაზა. მიიჩნევა, რომ დეკლარაცია ასახავს  გარდამტეხ მომენტს ევროკავშირის სტრატეგიულ აზროვნებაში და წარმოადგენს ევროკავშირში  უსაფრთხოებისა და მდგრადობის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს;

[v] უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიული კომპასი – მიღებული 2022 წლის 21 მარტს, წარმოადგენს ევროკავშირის სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას 2030 წლისთვის. მასში განსაზღვრულია კონკრეტული ნაბიჯები მზარდი საფრთხეების პირობებში  ევროკავშირის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბების კუთხით. დოკუმენტის ძირითადი ელემენტებია სწრაფი განლაგების შესაძლებლობების შექმნა, უფრო ძლიერი კიბერ-თავდაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ნატო და გაერო.

[vi] ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება (The Treaty on the Functioning of the European Union-TFEU) – ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს ევროკავშირის ორი ძირითადი ხელშეკრულებიდან ერთ-ერთს. მას თავდაპირველად ხელი მოეწერა რომის ხელშეკრულების ფარგლებში 1957 წელს, ხოლო 2007 წელს სახელი შეეცვალა ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგად. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის უმეტესი ნაწილის სამართლებრივ საფუძველს და განსაზღვრავს კომპეტენციების გამიჯვნას ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის;

[vii] EDIIP – ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის საინვესტიციო გეგმა 2024 წლის მარტში იქნა შემუშავებული, როგორც ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული სტრატეგიის ნაწილი. ის მიზნად ისახავს ევროკავშირის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზის გაძლიერებას, რომლის შემოთავაზებული ბიუჯეტი 2025–2027 წლებისთვის 1.5 მილიარდი ევროა;

[viii] დირექტივა 2009/81/EC – ევროკავშირის 2009 წლის 13 ივლისს მიღებული დირექტივა, რომელიც არეგულირებს თავდაცვისა და  უსაფრთხოების სფეროში შესყიდვებსა და მგრძნობიარე კონტრაქტების გაფორმების წესს. მისი მიზანია, ერთის მხრივ ეროვნული თავდაცვის ბაზრების გახსნა სამართლიანი კონკურენციისთვის, მერე მხრივ კი ევროკავშირის უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების დაცვა.  დირექტივა ადგენს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესახებ კონტრაქტების გაფორმების წესებსა და პირობებს, ამასთან ის ხელს უწყობს გამჭვირვალობას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შიდა ბაზარზე წვდომის ამაღლებას;

[ix] CARD – თავდაცვის კოორდინირებული ყოველწლიური მიმოხილვა არის ევროკავშირის მასშტაბით მიმდინარე პროცესი, რომელიც 2017 წელს დაიწყო და რომლის მიზანია წევრი სახელმწიფოების თავდაცვის გეგმებისა და შესაძლებლობების ყოველწლიური შეფასება. ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) მიერ მართული მიმოხილვა განსაზღვრავს თანამშრომლობითი პროექტების შესაძლებლობებს, ამცირებს დუბლირებას და მხარს უჭერს ევროპის თავდაცვის დაგეგმვის თანმიმდევრულობას ევროკავშირისა და ნატოს პრიორიტეტების შესაბამისად;

[x] CDP – შესაძლებლობების განვითარების გეგმა, არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელსაც ევროპის თავდაცვის სააგენტო (EDA) მიმართავს ევროკავშირის სამხედრო შესაძლებლობების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტულობის დასადგენად. პირველად 2008 წელს წამოწყებული და რეგულარულად განახლებული გეგმა წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელოს  წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის დაგეგმვის ჰარმონიზაციაში;

[xi] ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი, რომელიც 2022 წლის 21 მარტს იქნა მიღებული, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებს 2030 წლამდე.

 

ივნისი, 2025

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top