ევროკავშირი
დეტალებში

ევროკავშირის ახალი სავაჭრო შეთანხმებები MERCOSUR-სა და მექსიკასთან

ზაფხულის დასრულების შემდეგ, ბრიუსელში პოლიტიკური ცხოვრება კვლავ გააქტიურდა: ევროკავშირმა საბოლოო შეთანხმებამდე მიიყვანა ორი დიდი ხნის ნანატრი სავაჭრო ხელშეკრულება — ერთი MERCOSUR-თან (სამხრეთ ამერიკის სავაჭრო გაერთიანება, რომელშიც შედის არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი), ხოლო მეორე მექსიკასთან. ეს შეთანხმებები მხოლოდ ტექნიკურ-იურიდიული დოკუმენტები არ არის. ისინი ევროპის ეკონომიკის გაძლიერებას, შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირებას და გლობალური პარტნიორობის დივერსიფიკაციას იმ ვითარებაში, როდესაც მომარაგების ჯაჭვების უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ინფლაცია კვლავ აქტიურად დას ევროკავშირის დღის წესრიგში.

მაგრამ რას ნიშნავს ეს შეთანხმებები ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისთვის, მათი ფერმერებისა და მრეწველობისთვის და საბოლოო ჯამში — მოქალაქეებისთვის? და რატომ აწყდებიან ისინი ასეთ მწვავე წინააღმდეგობებს, განსაკუთრებით საფრანგეთის მხრიდან?

MERCOSUR–EU შეთანხმება: ისტორიული გარდატეხა გლობალურ ვაჭრობაში

MERCOSUR-ი წარმოადგენს რეგიონულ სავაჭრო ბლოკს, რომელშიც შედის არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი. ერთად ისინი წარმოადგენენ 280 მილიონი ადამიანისგან შემდგარ საკმაოდ მნიშვნელოვან და ამავდროულად ისტორიულად მაღალი ტარიფებით დაცულ ბაზარს.

ძირითადი ცვლილებები

შეთანხმება გულისხმობს ევროკავშირის მიერ განხორციელებულ ექსპორტზე ტარიფების (იმპორტის გადასახადების) შემცირებას დაახლოებით 91%-ით. კერძოდ:

  • ავტომობილებსა და სათადარიგო ნაწილებზე (35%-იანი ტარიფიდან) → 0%
  • მანქანა-დანადგარებზე (20%) → 0%
  • ქიმიურ პროდუქტებზე (18%) → 0%
  • ფარმაცევტულ პროდუქტებზე (14%) → 0%

ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია გერმანიისთვის, სადაც საავტომობილო მრეწველობა ეკონომიკის უმთავრეს საყრდენს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობა – ყველაზე მგრძნობიარე საკითხი

ყველაზე მწვავე დებატები სოფლის მეურნეობას უკავშირდება.

  • ევროპისთვის: ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ყველი, შოკოლადი, ღვინო და ტკბილეული, სამხრეთ ამერიკაში ნაკლებ სავაჭრო ბარიერს შეხვდება.
  • MERCOSUR-ისთვის: მთავარი საკითხია საქონლისა და ფრინველის ხორცი. შეთანხმება ევროკავშირს საშუალებას აძლევს ყოველწლიურად შემოიტანოს დამატებით 99,000 ტონა საქონლის ხორცი 7.5%-იანი შემცირებული ტარიფით და 180,000 ტონა ფრინველის ხორცი საბაჟო გადასახადის გარეშე.

ფრანგი ფერმერებისთვის ეს განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზია. მათი აზრით, სამხრეთ ამერიკელ მწარმოებლებს   ფუნქციონირებენ დაბალი თვითღირებულების და შედარებით სუსტი გარემოსდაცვითი და ჰიგიენური სტანდარტების პირობებში, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული რაოდენობები ევროკავშირის საქონლის ხორცის წარმოების მხოლოდ 1.5%-ს და ფრინველის ხორცის 1.3%-ს შეადგენს, საფრთხე მაინც აღიქმება როგორც სერიოზული.

პოლიტიკური დაყოფა

  • მხარდამჭერები: ამტკიცებენ, რომ შეთანხმება უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად მოახდინოს გავლენა MERCOSUR-ის ქვეყნებში მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, მათ შორის — ამაზონის ტყეების დაცვაზე.
  • კრიტიკოსები: განსაკუთრებით საფრანგეთში, აცხადებენ, რომ შეთანხმება საფრთხეს უქმნის ფერმერების მდგომარეობას და საკვების უსაფრთხოების სტანდარტებს. ამასთან, ის  და აღიქმება როგორც ეროვნული სუვერენიტეტის შელახვა.

ევროკავშირისა და მექსიკის შეთანხმება: არსებული ჩარჩოს განახლება

ისტორიული კონტექსტი

ევროკავშირსა და მექსიკას შორის სავაჭრო შეთანხმება ჯერ კიდევ 2000 წელს გაფორმდა, თუმცა ის ძირითადად ინდუსტრიულ საქონელს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე კი კვლავ მაღალი ტარიფები მოქმედებდა, ზოგ შემთხვევაში — 100%-მდე.

ცვლილებები

  • მაკარონი, კარტოფილი, ვაშლი და სხვა პროდუქტები (20%-იანი ტარიფით) → 0%
  • რძის პროდუქტები (20–50%) → 0% (მგრძნობიარე საქონლისთვის კვოტებით)
  • ხორცი (100%-მდე ტარიფით) → 0%

ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ევროპელი ფერმერებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აწარმოებს რძის პროდუქტებს, ღვინოსა და გადამუშავებულ საკვებს.

სარგებელი მექსიკისთვის

მექსიკური ექსპორტი — ყავა, თინუსი, ტეკილა — ევროკავშირის ბაზარზე უფრო მარტივად შევა ნულოვანი ტარიფებით. თუმცა, მგრძნობიარე საქონლის შემთხვევაში კვლავ მოქმედებს კვოტები (მაგალითად, საქონლის ხორცზე).

საქონლის და პროდუქციის მიღმა

შეთანხმება ასევე გულისხმობს საჯარო შესყიდვების ბაზრის გახსნას. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მექსიკისა და MERCOSUR-ის სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო მათ კომპანიებს — ევროკავშირში. ეს გლობალურ კონკურენციას უფრო სამართლიანსა და გამჭვირვალეს გახდის.

რატომ არის ეს შეთანხმებები მნიშვნელოვანი?

  1. ეკონომიკური დივერსიფიკაცია
    • MERCOSUR-სა და მექსიკასთან საერთო სავაჭრო ბრუნვა €260 მილიარდს აღწევს.
    • ეს თავის მხრივ შეამცირებს აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულებას და გაზრდის ევროკავშირის მოქნილობასა და მდგრადობას.
  2. მომხმარებელთა სარგებელი
    • ტარიფების შემცირება ფასებს შეამცირებს და პროდუქციის მრავალფეროვნებას გაზრდის.
    • მაგალითად: ევროპელ მომხმარებლებს ექნებათ უფრო იაფი სამხრეთ ამერიკული საქონლის ხორცი და მექსიკური ტეკილა, ხოლო ევროპული ღვინო და მაკარონი გახდება უფრო კონკურენტული მექსიკისა და MERCOSUR-ის ბაზრებზე.
  3. სტრატეგიული ავტონომია
    • ევროკავშირის გრძელვადიანი მიზანია ერთ პარტნიორზე გადაჭარბებული დამოკიდებულების თავიდან აცილება.
    • ეს შეთანხმებები სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.
  4. მდგრადობა და სტანდარტები
    • ორივე შეთანხმება ადასტურებს ვალდებულებას პარიზის კლიმატის შეთანხმების მიმართ.
    • MERCOSUR-მა დამატებით აიღო ვალდებულება ამაზონის ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ, თუმცა ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს ამ ვალდებულებების შესრულების რეალურ შესაძლებლობას.

არსებული დაბრკოლებები

ბრიუსელში შეთანხმების ხელმოწერა ავტომატურად არ ნიშნავს მის ძალაში შესვლას. აუცილებელია:

  • ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა (კვალიფიციური უმრავლესობით);
  • ევროპარლამენტის თანხმობა (მინიმუმ 361 ხმა 720-დან);
  • ეროვნული პარლამენტების რატიფიკაცია (შრომისა და გარემოს დაცვის ნაწილში);
  • პარტნიორი ქვეყნების დამტკიცება (MERCOSUR და მექსიკა).

საფრანგეთმა უკვე მკაფიოდ მიანიშნა ეწინააღმდეგება აღნიშნულ შეთანხმებას და, თუ ის საკმარის მხარდაჭერას მოაგროვებს წევრ ქვეყნებში, MERCOSUR-ის შეთანხმების ბლოკირება სავსებით რეალური სცენარია.

დასკვნა

ევროკავშირი არის კომპრომისების საფუძველზე დაფუძნებული გაერთიანება და ეს შეთანხმებები სწორედ ამ პრინციპის გამოცდას წარმოადგენს. სასწორის ერთ მხარეს დევს მილიარდობით ევროს ღირებულების ეკონომიკური სარგებელი, იაფი იმპორტი და გლობალურ დონეზე ეკონომიკური პოზიციების გაძლიერება. მეორე მხარეს კი – ევროპელ ფერმერთა ინტერესები და კითხვები გარემოსა და ჯანმრთელობის სტანდარტების საიმედოობის შესახებ.

ფართო სურათში, ეს შეთანხმებები ხელს უწყობს ევროკავშირის ეკონომიკურ გაძლიერებას, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციასა და გლობალურ ასპარეზზე საკუთარი ადგილის განმტკიცებას. მთავარი გამოწვევა იქნება ეროვნული ინტერესებისა და საერთო ევროპული სიკეთის დაბალანსება. ან, მარტივად რომ ვთქვათ: გადაწონის თუ არა 99,000 ტონა სამხრეთ ამერიკული საქონლის ხორცი €50 მილიარდიან საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებულ ევროპულ ექსპორტს? სწორედ ამ დილემას სთავაზობს ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებს.


სექტემბერი 2025

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top