ევროკავშირი
დეტალებში
კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აკრძალულ პრაქტიკებზე (EU) 2024/1689
- რას წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი
ევროპული კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები განმარტავს, როგორ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული ხელოვნური ინტელექტის აქტის (AI Act) მეხუთე მუხლი. აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია ისეთი ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ისეთი პრაქტიკა, რომელიც სრულად აკრძალულია ევროკავშირის ტერიტორიაზე, რადგან ისინი ადამიანის ძირითად უფლებებთან, ღირსებასთან და ზოგად დემოკრატიული ღირებულებებთან შეუთავსებლად მიიჩნევა. სახელმძღვანელო პრინციპები წარმოადგენს კომისიის პრაქტიკულ ხედვას. ისინი სამართლებრივად სავალდებულო არ არის (საბოლოო იურიდიულ ინტერპრეტაციას მხოლოდ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო იძლევა), თუმცა ეს არის ოფიციალური მითითება, რომელზე დაყრდნობითაც იხელმძღვანელებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში შესაბამისი აკრძალვების შემოღებისას.
ხაზგასასმელია ორი ასპექტი: პირველი – ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონი რამდენიმე წელია ამოქმედდა, თუმცა მუხლი 5, რომელიც მოიცავს კონკრეტულ აკრძალვებს მხოლოდ 2025 წლის 2 თებერვლიდან შევიდა ძალაში; და მეორე – მმართველობისა და სანქციების თავები კიდევ უფრო მოგვიანებით ამოქმედდა 2025 წლის 2 აგვისტოდან ამოქმედდა.
მიუხედავად ამისა, სერვისის მომწოდებელ და განმათავსებელ სუბიექტებს ეკრძალებათ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების უგულველყოფა მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ზოგიერთი სტრუქტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
- ევროკავშირის მიდგომა ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული რისკისადმი
ხელოვნური ინტელექტის აქტი ეყრდნობა რისკზე დაფუძნებულ მიდგომას. იგი იყოფა ოთხ ძირითად დონედ:
- მიუღებელი რისკი — სრულად აკრძალულია (მუხლი 5);
- მაღალი რისკი — ნებადართული მხოლოდ მკაცრი მოთხოვნების დაცვით (მონაცემთა მართვა, დოკუმენტაცია, ადამიანის მიერ ზედამხედველობა, რეგულარული სავალდებულო შეფასებები და სხვ.);
- გამჭვირვალობის რისკი — შეზღუდული ვალდებულებები (მაგალითად, მომხმარებელს უნდა ეცნობოს, რომ ის ურთიერთქმედებს ხელოვნურ ინტელექტთან);
- მინიმალური/არარსებული რისკი — სპეციალური რეგულაცია არ არსებობს; შესაძლებელია მხოლოდ ნებაყოფლობითი კოდექსები.
მე-5 მუხლი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ისეთ გამოყენებას, რომელიც თავისი ბუნებით განსაკუთრებით საზიანოა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ცხოვრებისთვის, კერძოდ: მანიპულირება, ექსპლუატაცია, მასობრივი თვალთვალი, სოციალურად დისკრიმინაციული ქულების დადგენა[i] და ავტომატური პროფილირებისა და ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების გარკვეული შემთხვევები. სახელმძღვანელო პრინციპები დეტალურად განმარტავს, როდის მიეკუთვნება კონკრეტული პრაქტიკა აკრძალულ კატეგორიას.
- აკრძალული პრაქტიკები (მოკლე ჩამონათვალი და განმარტება)
მუხლი 5 მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ აკრძალვას. ქვემოთ მოცემულია თითოეულის მოკლე, გასაგები ახსნა:
1. ზიანის მომტანი მანიპულაცია და მოტყუება (მუხლი 5(1)(ა))
აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც იყენებენ სუბლიმინალურ ტექნიკას (გონების ცნობიერ დონეზე შეუმჩნეველს) ან მიზანმიმართულ მანიპულირებას და ტყუილს ადამიანის ქცევის მნიშვნელოვნად დასამახინჯებლად, რასაც შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. უფრო კონკრეტულად, აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის ფარული ან ძლიერ მანიპულაციური ქმედებები, რომლებიც ადამიანებს მავნე გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს.
2. მოწყვლადობის ექსპლუატაცია (მუხლი 5(1)(ბ))
აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის იმდაგვარი გამოყენება რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ემოციების და მათი მოწყვლადობის გამოყენებას (მაგალითად მანიპულირება: ბავშვებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით და ა.შ.) შესაძლო არჩევანზე მავნე და საზიანო ზემოქმედების მიზნით.
3.სოციალური შეფასება (სკორინგი) (მუხლი 5(1)(გ))
აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც აფასებენ ან ახარისხებენ პირებს მათი სოციალური ქცევისა თუ პიროვნული მახასიათებლების მიხედვით და შემდეგ მიღებულ შეფასებას გამოიყენებენ სხვა, შესაძლოა ამ პირებისათვის საზიანო კონტექსტში.
4. ინდივიდუალური კრიმინალური რისკის პროგნოზი (მუხლი 5(1)(დ))
აკრძალულია იმ ტიპის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც პროფილირების ან პიროვნული მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე მოახდენს პირის მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის პროგნოზირებას. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ეფუძნება ობიექტურ, დამოწმებულ ფაქტებს და პირდაპირ კავშირშია დანაშაულებრივ საქმიანობასთან.
5. სახის ამოცნობის მონაცემთა ბაზის მასობრივი აგება (მუხლი 5(1)(ე))
აკრძალულია ისეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც ქმნიან ან აფართოებენ სახის ამოცნობის მონაცემთა ბაზებს ინტერნეტიდან ან ვიდეო მეთვალყურეობის კალერებიდან სახის მონაცემების არამიზნობრივი ამოღებით (მასობრივი შეგროვება). ამ აკრძალვის მიზანია ბიომეტრიული მონაცემების მასობრივი შეგროვების შეჩერება შესაბამისი პირების თანხმობის გარეშე.
6. ემოციების ამოცნობა სამუშაო/საგანმანათლებლო ადგილზე(მუხლი 5(1)(ვ))
აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც სამუშაო ადგილებზე ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანების ემოციებზე დაკვირვების გზით ახდენს შესაბამისი დასკვნების გენერირებას. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია სამედიცინო ან უსაფრთხოების მიზნით. (ემოციებზე დასკვნების გაკეთება თავისთავად, როგორც წესი, მაღალი რისკის შემცველად ითვლება; მისი გამოყენება მგრძნობიარე კონტექსტშიც ხშირ შემთხვევაში აკრძალულია.)
7. ბიომეტრიული კატეგორიზაცია მგრძნობიარე ნიშნების მიხედვით (მუხლი 5(1)(ზ))
აკრძალულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბიომეტრიული მონაცემებიდან იღებს სენსიტიურ ინფორმაციას (რასა, პოლიტიკური შეხედულებები, პროფესული კავშირის წევრობა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია, სექსუალური ცხოვრება და ა.შ) და იყენებს მათ ადამიანების კატეგორიზაციისთვის. არსებობს მხოლოდ მცირე გამონაკლისები კანონიერად მიღებული მონაცემების სპეციალური მარკირებისა და ფილტრაციისათვის (მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების მკაცრი კონტროლის პირობებში).
8. საჯარო სივრცეებში სამართალდამცავების მიერ დისტანციური ბიომეტრიული იდენტიფიკაცია (RBI) (მუხლი 5(1)თ))
აკრძალულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ საჯარო სივრცეში რეალურ დროში სახის ამოცნობის გამოყენება. არსებობს ძალიან მცირე გამონაკლისი, კერძოდ მსხვერპლთა/დაკარგული პირების მიზნობრივი ძებნა, ისეთი გარდაუვალი საფრთხეების პრევენცია, როგორიცაა ტერორისტული თავდასხმები და ზემოხსენებული სერიოზული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების მიზნობრივი ძებნა). ამასთან, გამონაკლის შემთხვევებშიც გამოიყენება მკაცრი წინასწარი ავტორიზაციის, დაცვისა და ანგარიშგების ვალდებულებები.
- როგორ გავიგოთ რეგულაციის სამართლებრივი მოქმედების სფერო — ვის და რას მოიცავს წესები
მატერიალური სფერო (რა ქმედებები)
აკრძალვები მოიცავს: ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე ხელოვნური ინტელექტის სისტემის ბაზარზე განთავსებას, ექსპლუატაციაში გაშვებას ან გამოყენებას, ასევე რეალურ დროში ბიომეტრიული იდენტიფიკაციის მიზნით(RBI) საჯარო სივრცეებში მის გამოყენებას; ასევე ხელოვნური ინტელექტის აქტის მოქმედების სფერო მოიცავს ღრუბელზე დაფუძნებულ პროგრამებს(cloud-based Applications), ჩაშენებულ სისტემურ მოწყობილობებს და ონლაინ წვდომას.
პირადი სფერო (ვინ)
- მიმწოდებლებმა (კომპანიები ან საჯარო ორგანოები), რომლებიც არიან წინამდებარე აქტის სუბიექტები და ახდენენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და მის განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე, უნდა უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სისტემის შესაბამისობა წინამდებარე კანონთან.
- განმთავსებლები – კერძო ან საჯარო პირები ვინც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს – (მაგალითად, დამსაქმებლები, საპოლიციო ან უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები), პასუხისმგებელნი არიან ხელოვნური ინტელექტის კანონიერ გამოყენებაზე. ამასთან, ერთი აქტორი შეიძლება იყოს როგორც მიმწოდებელი, ასევე განმთავსებელიც.
მომწოდებლები ვალდებული არიან განჭვრიტონ საკუთარი პროდუქტის სავარაუდო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები და შეიმუშაონ შესაბამისი დონის დამცავი ზომები.
თავის მხრივ განმთავსებლებმა არ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი აკრძალული გზებით, მაშინაც კი, თუ სახელშეკრულებო პუნქტი ასეთი გამოყენება დაშვებულია.
- გამონაკლისები და შეზღუდვები
ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონი რამდენიმე გამონაკლისს შეიცავს, კერძოდ:
- ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო დანიშნულების სისტემები — ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეზღუდვები არ ვრცელდება თუ ის გამოიყენება ექსკლუზიურად სამხედრო/თავდაცვის/ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის. თუმცა, „ორმაგი დანიშნულების“ სისტემები (სამხედრო პლუს სამოქალაქო/ სამართალდამცავი ორგანოები) ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონის ფარგლებში ხვდება. ამასთან გამორიცხვის ფაქტი წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის სხვა ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს.
- სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან — შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუკი საქმე ეხება საერთაშორისო თანამშრომლობის ისეთ ფორმას, სადაც გარანტირებულია მესამე ქვეყნის მიერ შესაბამისი დაცვის ზომების უზრუნველყოფა; ამასთან ევროკავშირის ორგანოები ანგარიშვალდებულნი რჩებიან ევროკავშირის კანონმდებლობის წინაშე.
- კვლევა და განვითარება —შეზღუდვები არ ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე განთავსებამდე მისი კვლევისა და განვითარების პროცესზე, რაც ოვაციებისა და ექსპერიმენტების წახალისების მიზეზით არის განპირობებული. ამასთან როგორც კი პროდუქტი ბაზარზე განთავსდება ან დაიწყება მისი რეალურ პირობებში გამოიცდა, მასზე ავტომატურად მოქმედებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონით განსაზღვრული წესები.
- პირადი არაპროფესიული საქმიანობა — კანონი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ პირადი, არაპროფესიული მიზნებისთვის იყენებენ. თუმცა, თავად სისტემა შესაძლოა მაინც მოექცეს რეგულირების ქვეშ.
- ღია კოდი — თავისუფალი/ღია კოდის ლიცენზიის ქვეშ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი თავისუფლდება რეგულაციისგან თუ ის არ განთავსდება ბაზარზე ან არ ამოქმედდება მაღალი რისკის ან მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სისტემად;
აღსანიშნავია, რომ თითოეული ეს გამონაკლისი ზედმიწევნით არის განსაზღვრული და მოიცავს თითოეული შემთხვევის ფრთხილი და ზუსტი შეფასების პრინციპს.
6.ბიომეტრიული იდენტიფიკაცია
რეალურ დროში: რადგანაც საჯარო სივრცეებში რეალურ დროში ბიომეტრიული იდენტიფიკაცია განსაკუთრებულად სახიფათო და საზიანო პრაქტიკას წარმოადგენს, კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
- ზოგადი წესი: საჯარო სივრცეებში რეალურ დროში ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ აკრძალულია, გარდა სამი მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისისა:
- მიზნობრივი ძიება დაკარგული ან გაუჩინარებული პირების პოვნის მიზნით;
- გარდაუვალი საფრთხის პრევენცია, მათ შორის ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება;
- მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილთა მიზნობრივი ძიება;
- ამასთან წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, ამ სამიდან რომელი დაუშვან თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში.
- ზემოხსენებული გამონაკლისი შემთხვევების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მკაცრი პირობების დაცვით:
- გამოყენება უნდა მოხდეს მიზნობრივად (კონკრეტული პირის იდენტიფიკაციის დადასტურების) და მას არ უნდა ჰქონდეს სისტემატიურო ან მასობრივი ფორმა;
- აუცილებელია წინასწარი ავტორიზაცია სასამართლოს ან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან (გარდა სასწრაფო შემთხვევებისა, სადაც ნებადართულია შემდგომი რეგისტრაცია);
- გარდა ამისა გამოყენების პირობები მოიცავს: ფუნდამენტური უფლებების ზეგავლენის შეფასებას, ევროკავშირის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, მკაფიო დროითი და გეოგრაფიული შეზღუდვებს და ანგარიშგებისა და ზედამხედველობის მკაცრ ვალდებულებას.
აღნიშნული მკაცრი ზომების მიზანია მასობრივი თვალთვალის თავიდან აცილება და აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვა.
არარეალურ დროში: სახის ამოცნობა აკრძალული არ არის, თუმცა მიეკუთვნება მაღალი რისკის კატეგორიას და ექვემდებარება „ხელოვნური ინტელექტის აქტის“ შესაბამის მოთხოვნებს, აგრეთვე მონაცემთა დაცვის წესებს
- ურთიერთქმედება სხვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან
ხელოვნური ინტელექტის აქტი არ ცვლის ევროკავშირის სხვა რეგულაციებს — ის მათ ავსებს, კერძოდ:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა (GDPR/LED/EUDPR): ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც მუშაობენ მოქალაქეთა პირად მონაცემებთან, ვალდებული არიან შეასრულონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აქტი ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მხოლოდ ამ აქტის მე-5 მუხლის დაცვა არ არის საკმარისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელთა დაცვა, უსაფრთხოება, შრომის სამართალი: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ასევე შეიძლება უკანონო იყოს მომხმარებელთა კანონმდებლობის, დასაქმების კანონმდებლობის ან პროდუქტის უსაფრთხოების წესების თანახმად, მაშინაც კი, თუ ის აშკარად არ არის აკრძალული მე-5 მუხლით. მაგალითად, ტრეიდერების მიერ სოციალური ქულების დადგენა შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკა. ასევე სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებული ემოციების ამოცნობა შეიძლება დაექვემდებაროს სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესებს.
- ციფრული მომსახურების შესახებ კანონი და სხვა სექტორული კანონმდებლობა: შუამავალი პლატფორმებისა და სექტორული წესების ვალდებულებები შენარჩუნებულია და მათი მოქმედება განისაზღვრება ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონთან ერთად.
ოპერატორებს ევროპულ ბაზარზე გამართულად ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებათ სხვადასხვა სამართლებრივი აქტებისგან შემდგარი ერთგვარი სია, რომელიც მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონს, ასევე მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა უფლებების , დასაქმების და სხვა სექტორულ რეგულაციებს.
- აღსრულება და სანქციები
აკრძალვების აღსრულებაზე პასუხისმგებელია წევრი ქვეყნების ეროვნული ბაზრის ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოები და ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის — ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი. ამასთან აღნიშნული სტრუქტურები უფლებამოსილნი არიან იმოქმედონ როგორც შემოსული საჩივრის საფუძველზე, ისე დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით.
ჯარიმები: ხელოვნური ინტელექტის აქტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების უგულვებელყოფა განიხილება როგორც სერიოზული კანონ დარღვევა. შესაბამისად, კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულმა ჯარიმებმა შეიძლება მიაღწიოს 35 მილიონ ევროს ან, კომპანიის მთლიანი მსოფლიო წლიური ბრუნვის 7%-ს(თუ ეს უკანასკნელი აღემატება 35 მილიონ ევროს. რაც შეეხება ევროკავშირის ინსტიტუტებს, აქ არსებობს ცალკეული ლიმიტები. ჯარიმების რეჟიმი ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონის ფარგლებში ეტაპობრივად არის დაყოფილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით.
- „მნიშვნელოვანი ზიანისა“ და „არსებითი დამახინჯების“ მნიშვნელობა
დოკუმენტი ნათლად განმარტავს, რომ მე-5 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვები კუმულაციურია. კერძოდ: აკრძალვისთვის ასამოქმედებლად უნდა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა (მაგ., ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოყენებული ტექნიკა უნდა იყოს ქვეცნობიერი/მანიპულაციური, ამასთან ის მნიშვნელოვნად უნდა ამახინჯებდეს ქცევას და ამ დამახინჯებამ უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი). კანონის ასეთი ინტერპრეტაცია მიმართულია, რათა მოხდეს ზედმეტად ფართო გამოყენების თავიდან აცილება, და არ შეეხოს ისეთ სფეროებს როგორიცაა: კანონიერი დარწმუნება, მარკეტინგი, რომელიც არ იწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან არ მოხდეს მაღალი რისკის მქონე სისტემების ავტომატურად აკრძალვა.
თუმცა, თუკი ხელოვნური ინტელექტი განზრახ გვერდს აუვლის შეგნებული არჩევანის პრინციპს ან იყენებს სპეციფიურ მოწყვლადობაზე გათვლილ ტაქტიკას სერიოზული ზიანის მიყენების მიზნით, მის წინააღმდეგ ამოქმედდება ამკრძალავი მექანიზმი.
- პრაქტიკული მაგალითები და ზეგავლენა (რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები)
- მოქალაქეები: ფარული მანიპულაციებისგან (მაგ., ფარული შეტყობინებები, ნეირო-ტარგეტინგი), მასობრივი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების, სამუშაო ადგილზე ემოციების მეთვალყურეობისა და დისკრიმინაციული ბიომეტრიული კატეგორიზაციისგან უფრო ძლიერი დაცვა. მოქალაქეებისათვის წინამდებარე კანონი იძლევა მათი უფლებებს უფრო მკაფიოდ გამოხატვას ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ.
- ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები და მიმწოდებლები: კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი პროდუქტის დიზაინი გამორიცხავდეს აკრძალულ პრაქტიკას. გაითვალისწინონ ვალდებულებები რისკის შეფასების დოკუმენტირების, მკაფიო „გამოყენების ინსტრუქციების“ შემუშავების და პროგნოზირებადი „ბოროტად გამოყენების“ თავიდან აცილების და ტექნიკური დაცვის მექანიზმების შექმნის პროცესში. ზოგადი დანიშნულების მოდელების მიმწოდებლებს არ შეუძლიათ უგულებელყონ გონივრულად პროგნოზირებადი გამოყენება, რომელიც გამოიწვევს აკრძალულ შედეგებს.
- დამსაქმებლები (დამსაქმებლები, პლატფორმები, საჯარო ხელისუფლება): არ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი ისე, როგორც მე-5 მუხლი კრძალავს; იქ სადაც გამონაკლისები არის დაშვებული, მათ უნდა დაიცვან ავტორიზაციის, შეფასებისა და ანგარიშგების პროცედურები. დამსაქმებლებმა, რომლებსაც სურთ ემოციების ამოცნობის გამოცდა ჯანდაცვის კონტექსტში, უნდა უზრუნველყონ სამედიცინო უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სამუშაო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
- სამართალდამცავი ორგანოები: დაექვემდებარებიან მკაცრ შეზღუდვებს სახის რეალურ დროში ამოცნობის კუთხით. ამასთან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი კანონმდებლობა გამონაკლისებთან დაკავშირებით.
- ძირითადი დასამახსოვრებელი საკითხები
- ზოგიერთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ევროკავშირში აბსოლუტურად აკრძალა.
- აკრძალვები ვრცელდება როგორც მომწოდებლებზე, ისე გამომყენებლებზე.
- რეალურ დროში ბიომეტრიული იდენტიფიკაცია საჯარო სივრცეში თითქმის სრულად იკრძალება.
- სხვა კანონმდებლობა (შრომის, მომხმარებლისა და უსაფრთხოების ნორმები) კვლავ მოქმედებს.
- სანქციები მკაცრია და მოიცავს მაღალ ფინანსურ ჯარიმებს.
- საბოლოო შენიშვნა ინტერპრეტაციასა და მომავალ განვითარებაზე
ეს სახელმძღვანელო წარმოადგენს კომისიის პირველ სრულყოფილ ინტერპრეტაციას. იგი განახლებადია პრაქტიკისა და სასამართლო ინტერპრეტაციების საფუძველზე. კომისია მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წარმოადგინონ მაგალითები და გამოცდილება, რათა სახელმძღვანელო დროთა განმავლობაში განვითარდეს. შედეგად, ევროკავშირში უკვე ჩამოყალიბებულია მკაფიო სტანდარტი, რომელიც კრძალავს ხელოვნური ინტელექტის ყველაზე საზიანო პრაქტიკებს, თუმცა მოსალოდნელია მისი ევოლუცია ტექნოლოგიური და სამართლებრივი განვითარებების შესაბამისად.
სექტემბერი 2025
[i] სოციალურად დისკრიმინაციული ქულების დადგენა – ნიშნავს ისეთ შეფასების ან ქულის მინიჭების სისტემას, რომელიც გარკვეულ ადამიანთა ჯგუფებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სქესის, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, ენის, სოციალური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის ან შემოსავლის დონის გამო. ეს ტერმინი გულისხმობს ქულების ან შეფასების სისტემურ მიკერძოებას, რომელიც უსამართლოდ ზიანს აყენებს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, დამალული ან ავტომატიზებული ალგორითმების საშუალებით.
გიორგი რობაქიძე
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
