ევროკავშირი
დეტალებში
ევროპის დემოკრატიის ფარი (2025)
სიღრმისეული ანალიზი არაექსპერტებისთვის
- შესავალი
ევროპის დემოკრატიის ფარი არის ევროკავშირის ახალი ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიების დაცვას შიდა და გარე საფრთხეებისგან. ის ემსახურება ისეთი მზარდი გამოწვევების მოგვარებას, როგორიცაა უცხოური ინფორმაციული მანიპულირება და ჩარევა (FIMI), დეზინფორმაცია, კიბერ-თავდასხმები, ონლაინ რისკები, ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანიპულაციები, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ არჩევნებზე ზეწოლა.
ეს ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის აქანდე არსებულ დოკუმენტებს, მათ შორის ევროპული დემოკრატიის სამოქმედო გეგმისა (EDAP, 2020) და დემოკრატიის დაცვის პაკეტს (DoD, 2023), თუმცა გამოხატავს მნიშვნელოვნად უფრო ვრცელ და სისტემურ მიდგომას. მისი უმნიშვნელოვანესი ელემენტია დემოკრატიული მდგრადობისთვის ევროპული ცენტრის (ECDR) შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საფრთხეებზე მონიტორინგს, ანალიზს, ადრეულ გაფრთხილებასა და რეაგირებას.
დემოკრატიის ფარი სამ ძირითად სვეტს ეფუძნება:
ა) სიტუაციური ცნობიერების გაძლიერება – მანიპულაციების აღმოჩენისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესების გზით.
ბ) დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება – არჩევნების, პოლიტიკური პროცესებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცულობის ამაღლების გზით.
გ) საზოგადოებრივი მდგრადობის ზრდა – განათლების, უნარების, ციფრული წიგნიერებისა და მოქალაქეთა ჩართულობის განმტკიცების გზით.
დემოკრატიის ფარი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ევროკავშირში დემოკრატიის დაცვას თანაბრად პრიორიტეტულ ამოცანად აყენებს თავდაცვის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების გვერდით.
- დემოკრატიის ფარის მნიშვნელობა
ევროკავშირი რთული და თანდათან გაურესებადი საფრთხეების წინაშე დგას, კერძოდ:
- ავტორიტარული რეჟიმები (განსაკუთრებით რუსეთი) მიმართავენ ჰიბრიდულ ტაქტიკას საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის გამოსაყენებლად, არჩევნების მანიპულირებისთვის, ნდობის შელახვისა და ისტორიის დამახინჯებისთვის;
- გაიზარდა ტექნოლოგიებით განპირობებული დაუცველობა, რომელიც ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილ მასალას, ღრმა ყალბ ვიდეოებს (deepfakes) და ალგორითმებით გამოწვეულ პოლარიზაციას;
- მცირდება ტრადიციული მედიის რესურსი, სოციალური პლატფორმების დომინირება და ინტერნეტ ინფლუენსერების, როგორც ინფორმაციის წყაროს, აღმავლობა, ასუსტებს არსებულ მედია გარემოს;
- პოლიტიკური მოღვაწეები განიცდიან სულ უფრო მეტ შეურაცხყოფას, ონლაინ შევიწროებასა და მიზნობრივ მანიპულაციას;
- ამ კუთხით განსაკუთრებით ინტენსიურ ზეწოლას განიცდიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები).
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი დემოკრატიას აღიქვამს არა მხოლოდ ღირებულებად, არამედ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურად, რომელიც კოორდინირებულ დაცვას საჭიროებს.
ევროპის დემოკრატიის ფარის ზემოაღნიშნული სამი სვეტი ქმნის ევროკავშირში დემოკრატიული ფასეულობის დასაცავად მიმართულ ყოვლისმომცველ სისტემას. პირველი სვეტი ორიენტირებულია საფრთხეების გააზრებაზე, აღმოჩენასა და რეაგირებაზე სიტუაციური ცნობიერებისა და ადრეული გაფრთხილების მექანიზმების გაძლიერების გზით. მეორე სვეტი აძლიერებს დემოკრატიის ძირითად ინსტიტუტებს – არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებს, დამოუკიდებელ მედიას და კანონის უზენაესობას. მესამე სვეტი აძლიერებს საზოგადოებრივ მდგრადობას იმ უნარების, განათლებისა და ჩართულობის მინიჭებით, რომელიც მოქალაქეებს მანიპულაციების წინააღმდეგ დაძლევაში დასჭირდებათ. ერთად აღებული, ეს სვეტები უზრუნველყოფენ იმას, რომ დემოკრატია როგორც ძირითადი ღირებულება, ისე სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა დაიცვას. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
- პირველი სვეტი: სიტუაციური ცნობიერების გაძლიერება (აღმოჩენა, ადრეული გაფრთხილება და რეაგირება)
ევროკავშირი გეგმავს ახალი ინსტიტუციის შექმნას, რომელიც ევროპულ დონეზე მოახდენს საფრთხეების აღმოჩენასა და მასზე რეაგირების კოორდინაციას.
3.1. დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრი (ECDR) არის დემოკრატიის ფარის ოპერატიული ბირთვი. ის:
- აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) შესახებ;
- აკავშირებს წევრი ქვეყნების ეროვნულ სააგენტოებს (მაგ., საფრანგეთის Viginum, შვედეთის ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო და ა.შ.).
- ინტეგრირებას უკეთებს ევროკავშირის უკვე არსებულ სისტემებს, მათ შორის:
- RAS – სწრაფი გაფრთხილების სისტემა: დეზინფორმაციის შესახებ ადრეული გაფრთხილების და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი;
- EDMO – ევროპული ციფრული მედიის ობსერვატორია: დეზინფორმაციის მონიტორინგის კვლევითი ქსელი;
- ECAT – ევროპული ცენტრი ალგორითმული გამჭვირვალობისთვის: აანალიზებს დიდი პლატფორმების ალგორითმებს.
- გვთავაზობს ადრეული გაფრთხილების ანგარიშებს ახალი მანიპულაციური კამპანიების შესახებ;
- ორგანიზებას უკეთებს ტრენინგებს, კრიზისულ ვარჯიშებსა და ერთობლივ საპასუხო ქმედებებს;
- აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს, მკვლევარებსა და ფაქტ-ჩეკერებს სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით.
ეს არის პირველი მცდელობა, რომ შეიქმნას ინტეგრირებული, მთელ ევროკავშირში მოქმედი სტრუქტურა მანიპულაციის აღმოსაჩენად და გავრცელებამდე მის დასაბრკოლებლად.
3.2. ციფრული პლატფორმებისთვის წესების გამკაცრება
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ევროკავშირის რამდენიმე კანონი, კერძოდ:
- DSA – ციფრული მომსახურების აქტი – არეგულირებს ონლაინ პლატფორმებს და ავალდებულებს “ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებს (VLOPs)” შეამცირონ სისტემური რისკები (მაგ., არჩევნებზე ზემოქმედება);
- AI Act – ხელოვნური ინტელექტის აქტი – მოითხოვს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის მარკირებას, ღრმა ყალბი ვიდეოების (deepfakes) გამჭვირვალობასა და სინთეტიკური მედიის გამოვლენას;
- პოლიტიკური რეკლამირების რეგულაცია – მიმართულია ონლაინ პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალეობისკენ, ზღუდავს ამ სფეროში უცხოურ დაფინანსებას და ქმნის ევროკავშირის მასშტაბის საჯარო მონაცემთა ბაზას რეკლამების შესახებ.
ევროკავშირი ასევე შეიმუშავებს:
- DSA-ს კრიზისული პროტოკოლს – მექანიზმს მასშტაბური მანიპულაციური ინციდენტების დროს კოორდინირებული ქმედებისთვის;
- გეგმას (ე.წ. Blue Print) უცხოური ინფორმაციული მანიპულირება და ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ – ერთობლივ ევროკავშირის სახელმძღვანელოს დეზინფორმაციით გამოწვეული საფრთხეების აღმოსაჩენად და მათზე რეაგირებისთვის.
3.3. ფაქტ-ჩეკინგისა და კვლევის გაძლიერება
- ENFC – დაარსდება ევროპული ქსელი ფაქტ-ჩეკერებისათვის;
- EDMO-ს გაფართოებული მანდატი – მხარს დაუჭერს მონიტორინგს ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანაში;
- კვლევის მხარდაჭერის საერთო ჩარჩო – უზრუნველყოფს მკვლევრების ხელმისაწვდომობას დაცულ მონაცემებისა და დეზინფორმაციის მოწინავე აღმოჩენის ინსტრუმენტებზე.
- მეორე სვეტი: ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, არჩევნები და მედია
4.1. არჩევნების უსაფრთხოება
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსალოდნელია არჩევნებზე კოორდინირებული თავდასხმები, რომელიც მოიცავს: დეზინფორმაციას, კიბერ-თავდასხმებს, ხმების ყიდვას, დაფარულ პოლიტიკურ დაფინანსებას (კრიპტოვალუტების ჩათვლით), ღრმა ყალბ ვიდეოებსა და მედიის ან ხელისუფლების წარმომადგენლობით ყალბ საიტებს.
ამის დასაძლევად, ევროკავშირი აძლიერებს:
- ECNE – არჩევნებზე ევროპული თანამშრომლობის ქსელს – ხელს უწყობს თანამშრომლობას ეროვნულ საარჩევნო ორგანოებს შორის;
- NIS2 – ქსელისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტივას (განახლებული EU-ს კიბერუსაფრთხოების წესები) – აუმჯობესებს საარჩევნო ინფრასტრუქტურის დაცვას;
- CRA – კიბერმდგრადობის აქტს – უზრუნველყოფს, რომ არჩევნებში გამოყენებული ციფრული პროდუქტები კიბერუსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
ევროკავშირი ასევე შეიმუშავებს:
- მითითებებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე არჩევნებში;
- განახლებულ DSA (ციფრული მომსახურების აქტი) ინსტრუმენტებს არჩევნებისთვის;
- შეიმუშავებს და გააზიარებს საუკეთესო პრაქტიკას პოლიტიკური კანდიდატებისა და არჩეული პირების უსაფრთხოებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალ კანდიდატებზე მიმართულ საფრთხეებს.
4.2. მედიის თავისუფლება და პლურალიზმი
ევროკავშირი დამოუკიდებელ მედიას დემოკრატიის საფუძვლად მიიჩნევს. მის დასაცავად ძირითადი ინსტრუმენტებია:
- EMFA – ევროპული მედიის თავისუფლების აქტი – იცავს მედიის დამოუკიდებლობას, საკუთრების გამჭვირვალობას და ზღუდავს პოლიტიკურ ჩარევას;
- Anty-SLAPP დირექტივა – იცავს ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესებისგან, რომლებიც მათი გაჩუმებისკენ არის მიმართული;
მომავალი ქმედებები მოიცავს:
- აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის – AVMSD-ის მიმოხილვა – წესების განახლება ადგილობრივი მედიის გასაძლიერებლად, გავლენიანი პირების რეგულირებისა და რეკლამის მოდერნიზებისთვის;
- საავტორო უფლებების დირექტივის რევიზიას – ხელოვნური ინტელექტის ტრენინგის საკითხის მოგვარებას საავტორო უფლებებით დაცულ კონტენტზე;
- მედიის მდგრადობის პროგრამას – დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, ადგილობრივი მედიის, მედია წიგნიერებისა და ციფრული ტრანსფორმაციისთვის ფინანსურ მხარდაჭერას;
- კონკურენციის წესების მკაცრ აღსრულებას შემდეგი კანონმდებლობის ქვეშ:
- DMA – ციფრული ბაზრების აქტი;
- ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამართალი;
- განახლებული გზამკვლევები გაერთიანებებზე.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაუცველ ქვეყნებზე, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებსა და იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც უცხოურ ჩარევას ებრძვიან.
- მესამე სვეტი: საზოგადოებრივი მდგრადობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა
5.1. სამოქალაქო განათლება და უნარები
დემოკრატიის ფარის ძირითადი იდეაა, რომ დემოკრატიას იცავს არა მხოლოდ ინსტიტუტები, არამედ ინფორმირებული მოქალაქეებიც.
ძირითადი ინიციატივებია:
- უნარების კავშირი (ევროკავშირის წამყვანი(ფლაგმანი) ინიციატივა);
- საბაზისო უნარების მხარდაჭერის სქემა სკოლებისთვის;
- ციფრული განათლების 2030 წლის გზამკვლევი;
- განახლებული მითითებები მედია წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული წიგნიერების შესახებ;
- ევროკავშირის სამოქალაქო კომპეტენციების ჩარჩო (განახლება).
ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივების მიზანია დემოკრატიული უნარების ადრეული ასაკიდანვე დანერგვა საგანმანათლებლო სისტემებში..
5.2. მედია წიგნიერება სკოლის გარეთ
ევროკავშირი მხარს დაუჭერს:
- ბიბლიოთეკებს, ახალგაზრდული ცენტრებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს;
- საზოგადოებაზე დაფუძნებულ მედია წიგნიერების პროექტებს;
- თაობათაშორის ინიციატივებს (უფროსი და ახალგაზრდული თაობების )
- ციფრული წიგნიერების პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას.
- ჰიბრიდული საფრთხეების რეალური მაგალითი: მოლდოვის შემთხვევა
დოკუმენტში დეტალურად არის განხილული მოლდოვის მაგალითი, რითაც დემონსტრირებულია სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მასშტაბები, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის გამოყენება, ბომბების შესახებ ყალბი შეტყობინებები, კიბერშეტევები, არჩევნებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, ამომრჩევლის მოსყიდვა და უკანონო ფინანსური ნაკადები. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა მოლდოვას EDMO FACT Hub-ის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების სიმულაციების, პლატფორმის ესკალაციის მექანიზმების, EUPM – ევროკავშირის პარტნიორობის მისიის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის, დამოუკიდებელი მედიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მეშვეობით. მოლდოვა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, რომ დემოკრატიულ მედეგობაში ინვესტიციები მუშაობს და ამ კუთხით კანდიდატ ქვეყნებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდებათ.
- შედეგები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის
დემოკრატიის ფარი ასახავს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებს, კერძოდ: დემოკრატიის დაცვა ახლა უკვე ინტეგრირებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. შესაბამისად, ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას არჩევნების დაცვის კუთხით და საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებისა და მედიის მეთვალყურეობის მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ წევრ სახელმწიფოებს დაევალებათ შეასრულონ ახალი ვალდებულებები ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ქვეშ, ხოლო ეროვნულ ორგანოებს მოუწევთ დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრის (ECDR) ფარგლებში უფრო აქტიური მონაწილეობა და მგრძნობიარე ინფორმაციის უფრო ინტენსიური გაზიარება.
- ძირითადი რისკები და გამოწვევები
ამბიციური მიზნების მიუხედავად, დემოკრატიის ფარს აქვს რამდენიმე სტრუქტურული გამოწვევა, კერძოდ, ის:
- ეფუძნება წევრი სახელმწიფოების ნებაყოფლობით მონაწილეობას, რამაც შეიძლება შეზღუდოს მისი ეფექტურობა. ამასთან, არასათანადო ეროვნული შესაძლებლობების შემთხვევაში შეიძლება ქვეყნები აღმოჩნდნენ არათანაბარი დაცვის პირობებში;
- სისტემურ პრობლემად რჩება მედიის სექტორში ფინანსური არასტაბილურობა;
- ჰიბრიდული საფრთხეები ევროკავშირის ინსტრუმენტების შესაძლებლობებზე უფრო სწრაფად ვითარდება;
- პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს დაგეგმილი ზომების განხორციელებას ეროვნულ დონეზე;
- ხელოვნული ინტელექტით გენერირებული მანიპულაცია სულ უფრო დახვეწილი ხდება.
მთავარი ტესტი იქნება, შეძლებს თუ არა ევროპული საბჭო დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრის (ECDR) სისტემების ეფექტურად კოორდინაციას, არსებული პოლიტიკური მგრძნობელობის გათვალისწინებას და მკაფიო, ქმედითი ადრეული გაფრთხილებების მექანიზმების დანერგვას.
- დასკვნა
ევროპის დემოკრატიის ფარი, ევროკავშირის დღემდე არსებულ ინტრუმენტებს შორის, ყველაზე უფრო ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც მიმართულია დემოკრატიის, როგორც სტრატეგიული აქტივის, დასაცავად. დოკუმენტი განსაზღვრავს დემოკრატიულ სისტემას როგორც, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელის დაცვაც საჭიროებს:
- საფრთხეების რეალურ დროში მონიტორინგს და ადრეული აღმოჩენას;
- კოორდინირებულ საპასუხო მექანიზმებს და მკაცრ წესებს ციფრული პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის.
- მდგრად არჩევნებს, დაცულ, თავისუფალ მედიასა და კარგად გათვითცნობიერებულ მოქალაქეებს.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს წევრი სახელმწიფოებისა და კანდიდატი ქვეყნებისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს, სადაც დემოკრატიის დაცვა პოლიტიკური პრინციპიდან უსაფრთხოების აუცილებლობაში გარდაიქმნება.
2025 წლის დეკემბერი
გიორგი რობაქიძე
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
