ევროკავშირი
დეტალებში

კვიპროსის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პროგრამის მიმოხილვა (იანვარი–ივნისი 2026)

სიღრმისეული ანალიზი არაექსპერტებისთვის

  1. სტრატეგიული ხედვა: ავტონომია როგორც ცენტრალური პრინციპი

კვიპროსის თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში ეფუძნება სტრატეგიული ავტონომიის კონცეფციას, რომელიც აღიქმება არა როგორც იზოლაციონიზმი, არამედ როგორც უნარი – დამოუკიდებლად, პასუხისმგებლობითა და ეფექტიანად იმოქმედოს მზარდად არასტაბილურ გლობალურ გარემოში. ავტონომია განიხილება მრავალგანზომილებიან კატეგორიად, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებას, ეკონომიკას, ენერგეტიკას, ტექნოლოგიასა და სოციალურ მდგრადობას.

კვიპროსი საკუთარ თავს ხედავს როგორც ხიდს, შიდა ევროპულ ერთიანობასა და გარე პარტნიორობას შორის. ამ მიდგომით იგი ხაზს უსვამს, რომ ძლიერი და თვითკმარი ევროკავშირი არის უკეთესი პარტნიორი გლობალურ დონეზე. ამავდროულად, ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები ისე, რომ დარჩეს ღია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო  წესრიგის ერთგული.

  1. უსაფრთხოება, თავდაცვა და სტრატეგიული მდგრადობა

უსაფრთხოება წარმოადგენს კვიპროსის თავმჯდომარეობის პროგრამის ცენტრალურ ღერძს. დოკუმენტი ცხადად ასახავს ევროპის უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას — რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერშეტევები, ენერგეტიკული დაუცველობა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა.

ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტებია:

  • ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის 2030 წლის გზამკვლევით გათვალისწინებული ღონისძიებების  განხორციელება;
  • ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება და ერთობლივი შესაძლებლობების განვითარება;
  • ევროკავშირი–ნატოს თანამშრომლობის გაღრმავება, ურთიერთდამხმარე და არა კონკურენტულ საფუძველზე;
  • საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცება, მათ შორის საზღვაო მარშრუტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საზღვაო კომუნიკაციების დაცვა;
  • ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სისტემური მიდგომის გაძლიერება.

უსაფრთხოება აღიქმება არა მხოლოდ სამხედრო კონტექსტში, არამედ როგორც საზოგადოების მდგრადობისა და ინსტიტუციური გამძლეობის საფუძველი.

  1. ეკონომიკური უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობა

ეკონომიკური სიძლიერე განიხილება როგორც სტრატეგიული ავტონომიის აუცილებელი პირობა. თავმჯდომარეობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის გლობალური გავლენა შეუძლებელია კონკურენტუნარიანი ეკონომიკის გარეშე.

ამ კუთხით მთავარი აქცენტები მოიცავს:

  • ერთიანი ბაზრის გაღრმავებას და ბარიერების შემცირებას;
  • რეგულაციების გამარტივებას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
  • სტრატეგიული ღირებულების მქონე სექტორებში (ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები, კრიტიკული ნედლეული) ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებას;
  • კაპიტალის ბაზრების გაერთიანების გაღრმავებას და ინვესტიციების მობილიზაციას;
  • ინოვაციების, კვლევისა და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

ეკონომიკური პოლიტიკა წარმოდგენილია როგორც სოციალური მდგრადობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის საფუძველი.

  1. ენერგეტიკა, კლიმატი და მდგრადობა

ენერგეტიკული უსაფრთხოება და კლიმატური ტრანსფორმაცია განიხილება როგორც ურთიერთდაკავშირებული მიზნები. თავმჯდომარეობა ემხრობა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას განახლებადი ენერგიის წყაროების, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესების  გზით.

პრიორიტეტებს შორისაა:

  • ევროპული ენერგეტიკული ქსელების გაფართპება და გაძლიერება, ასევე  და ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი სადგურების (ე.წ. ინტერკონექტორების)  განვითარება;
  • განახლებადი ენერგიის უფო მეტი ინტეგრაცია და ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობა;
  • წყლის რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატურ რისკებთან ადაპტაცია;
  • მწვანე ტრანსფორმაციის სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა.
  1. სოციალური ევროპა და დემოკრატიული მდგრადობა

დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალური ერთიანობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას.

ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

  • ევროპული სოციალური უფლებების მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას;
  • სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირებას;
  • ხელმისაწვდომი საცხოვრისის პოლიტიკის განვითარებას;
  • ბავშვთა დაცვისა და განათლების გაძლიერებას;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური ჩართულობის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული მდგრადობის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებაზე, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე.

  1. საგარეო პოლიტიკა და გაფართოება

კიპროსის თავმჯდომარეობა მკაფიოდ აფიქსირებს ევროკავშირის გლობალურ პასუხისმგებლობას. გაფართოება განიხილება როგორც სტრატეგიული ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.

ძირითადი მიმართულებებია:

  • უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე;[i]
  • ევროკავშირისა და მეზობელი რეგიონების – ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის – ურთიერთობების გაღრმავება;
  • მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული წესრიგის მხარდაჭერა;
  • გლობალური პარტნიორობების გაძლიერება აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.

საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკრაინისადმი ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერის აუცილებლობას, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

  1. მმართველობა და ფინანსური ჩარჩო

მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (2028–2034) განიხილება როგორც მთავარი ინსტრუმენტი ევროკავშირის სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის. თავმჯდომარეობის მიზანია:

  • ევროკავშირის ბიუჯეტის შესაბამისობა სტრატეგიულ პრიორიტეტებთან;
  • ამ კუთხით, მოქნილობისა და კრიზისებზე რეაგირების შესაძლებლობის გაზრდა;
  • თანმიმდევრული ფინანსური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრად ზრდასა და სოციალურ ერთიანობას.

8.დასკვნა

კვიპროსის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პროგრამა  ასახავს  ევროპის თანმიმდევრულ და ამბიციურ ხედვას, რომელიც ეფუძნება ერთი მხრივ მეტ ავტონომიურობას, მაგრამ ამავდროულად არის თანამშრომლობითი, ღირებულებებზე ორიენტირებული და სტრატეგიულად პრაგმატული. თავმჯდომარეობის დღის წესრიგი ასახავს ევროკავშირის ბოლოდროინდელი პრიორიტეტების უწყვეტობას და ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე სულ უფრო არასტაბილურ საერთაშორისო გარემოში.

კვიპროსის თავმჯდომარეობის პროგრამა წარმოადგენს კომპლექსურ და სტრატეგიულ ხედვას ევროკავშირის მომავლის შესახებ — ევროპისა, რომელიც არის ძლიერი, ერთიანი, ღირებულებებზე დაფუძნებული და გლობალურად პასუხისმგებელი.


[i] სამწუხაროდ გაფართოების კონტექსტში დოკუმენტში საქართველო არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არსებული  ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო აშორებს ქვენასას ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივისგან.

გიორგი რობაქიძე

გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.

Scroll to Top