ევროკავშირი
დეტალებში
ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქცევის კოდექსი
სიღრმისეული ანალიზი არაექსპერტებისთვის
შესავალი
ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქცევის კოდექსი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით, გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ რეგულაციებს, არამედ ერთობლივ პასუხისმგებლობას. დოკუმენტი, პირველად შემუშავდა 2018 წელს, თუმცა, მნიშვნელოვანი შესწორებები და სიღრმისეული ცვლილებები განიცადა 2022 და 2024 წლებში, ამ თემისადმი ევროკავშირის დამოკიდებულების შეცვლის პარალელურად.
დღეს, დეზინფორმაცია აღიქმება არა როგორც მარგინალური ონლაინ პრობლემა, არამედ როგორც სერიოზული საფრთხე დემოკრატიისთვის, თავისუფალი ბაზრებისთვისა და სოციალური ერთიანობისთვის.
კოდექსის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ნებაყოფლობითა და აერთიანებს, მასზე ხელმომწერ, ამ სფეროში მოყვაწე აქტორების ფართო სპექტრს, დაწყებული გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტებით (როგორებიც არიან „Google“ და „Meta“) და დასრულებული ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციებით (ე.წ. ფაქტჩეკერებით) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით. კოდექსის მიხედვით, ყველა ეს სუბიექტი იღებს ვალდებულებას დაიცვას საერთო წესები. ამასთან, ინიციატივა მყარად ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მიზნად ისახავს ფრთხილ ბალანსს დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს — განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების დაცვას — შორის.
კოდექსის საბოლოო მიზანია ღია, უსაფრთხო და სანდო ინტერნეტგარემოს უზრუნველყოფა, სადაც ინფორმირებული მოქალაქეები შეძლებენ საზოგადოებრივ დებატებში აქტიურ მონაწილეობას.
ქცევის კოდექსი სრულ თანხვედრაშია ევროკავშირში უკვე მოქმედ სავალდებულო კანონმდებლობასთან და გარკვეულწილად მათი შემავსებელი ნაწილია. კერძოდ ეს კანონებია:
- ციფრული სერვისების აქტი (DSA),
- ხელოვნური ინტელექტის აქტი (AI Act),
- პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისა და გამიზნულობის რეგულაცია,
- და ევროპული მედიის თავისუფლების აქტი (EMFA).
კოდექსის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი ჩარჩოები პრაქტიკაში ამოქმედდეს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებისთვის თანამშრომლობის მექანიზმების განსაზღვრით, რაც, თავის მხრივ გავლენას ახდენს მთლიან საინფორმაციო ეკოსისტემაზე.
კონცეპტუალური ჩარჩო
ქცევის კოდექსი შორდება დეზინფორმაციის, როგორც მხოლოდ „ყალბი შინაარსის“ მქონე ინფორმაციად აღქმის ტრადიციულ მოდელებს და იყენებს ახალ, სისტემური რისკების მიდგომას. დეზინფორმაცია აღიქმება არა როგორც ინდივიდუალური მოტყუების აქტი, არამედ ურთიერთდაკავშირებული სტრუქტურული ფაქტორების პროდუქტი ამ ლოგიკით, კოდექსი აგებულია რამდენიმე ძირითად სამოქმედო სვეტზე, კერძოდ:
- დემონეტიზაცია — დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის სარეკლამო შემოსავლის შეწყვეტა,
- პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა — მომხმარებლებისთვის პოლიტიკური რეკლამის მკაფიო იდენტიფიცირების უზრუნველყოფა,
- სერვისების მთლიანობა — მანიპულაციური ტაქტიკების პრევენცია, როგორიცაა ბოტების გამოყენება, ჰაკერული თავდასხმები და ინფორმაციის გაჟონვის ოპერაციები,
- მომხმარებელთა გაძლიერება — მოქალაქეებისთვის დეზინფორმაციის ამოცნობის,
შეტყობინებისა და მასზე რეაგირების ინსტრუმენტების მიწოდება;
მკვლევრებისა და ფაქტჩეკერების მხარდაჭერა — პლატფორმების მონაცემებზე წვდომის გაუმჯობესება და ფაქტჩეკინგის ინტეგრირება ციფრულ სერვისებში.
დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს სვეტი:
პირველი სვეტი: დემონეტიზაცია — დეზინფორმაციიდან შემოსავლის მიღების შეწყვეტა
კოდექსი აღიარებს, რომ დეზინფორმაცია ხშირად ბიზნესია. იგი არ ვრცელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებზე გავლენა მოახდინოს, არამედ იმიტომ, რომ ფინანსურად მომგებიანია. შესაბამისად, პასუხისმგებლობა გადადის არა მხოლოდ შინაარსის შემქმნელებზე, არამედ რეკლამის განმთავსებლებზე, პლატფორმებსა და შუამავლებზე.
ქცევის კოდექსის ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ რეკლამის განთავსების კონტროლი, მათ შორის ინდუსტრიული თანამშრომლობის გზით. გათვალისწინებულია შემდეგი ქმედებები:
- დეზინფორმაციის შემცველ შინაარსთან რეკლამის განთავსების პრევენცია;
- განმეორებითი დეზინფორმაციის გამავრცელებლების მონეტიზაციის პროგრამებიდან ამოღება;
- რეკლამის განთავსების შესახებ გამჭვირვალობის გაზრდა;
- უსაფრთხოების ინსტრუმენტებისა და მესამე მხარის წყაროთა შეფასებების ინტეგრირება;
- მონეტიზაციის პრაქტიკის დამოუკიდებელი აუდიტის შესაძლებლობა.
პლატფორმები და რეკლამის განმთავსებლები ასევე გააძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს სპეციალიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა თავიდან აიცილონ მავნე გვერდებისა და ანგარიშების უნებლიე დაფინანსება. გარდა ამისა, ხელმომწერები ითანამშრომლებენ მესამე მხარის მიერ შედგენილ წყაროთა რეიტინგის სერვისებთან და ფაქტჩეკერებთან, რათა უკეთ მოხდეს დეზინფორმაციის გამავრცელებლების იდენტიფიცირება და ბლოკირება.
მეორე სვეტი: გამჭვირვალობა პოლიტიკურ ცხოვრებაში
ეს სვეტი პირდაპირ ეხება ფარულ გავლენებს, უცხოურ ჩარევას, მიკრო-ტარგეტირების გაუმჭვირვალობასა და საარჩევნო პროცესების ხელშეშლის რისკებს. იგი აერთიანებს პოლიტიკური რეკლამის რეგულირებას დემოკრატიული ნორმების ჩარჩოში და ხელმისაწვდომს ხდის — ინფორმაციის მიკვლევადობას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას.
იმისათვის, რომ ციფრული სივრცე არ იქცეს პოლიტიკური გავლენის „შავ ყუთად“, კოდექსი აწესებს მაღალ სტანდარტებს პოლიტიკური რეკლამისთვის, მათ შორის:
- პოლიტიკური და სასაქონლო რეკლამის საერთო განსაზღვრებებს;
- ფასიანი პოლიტიკური შინაარსის მკაფიო მონიშვნას;
- რეკლამის განმთავსებლების იდენტობის გადამოწმებას;
- საჯარო და საძიებო სარეკლამო არქივებს;
- გამიზნულობის კრიტერიუმებისა და სარეკლამო ხარჯების გამჭვირვალობას;
- მომხმარებლისთვის განკუთვნილ მკაფიო განმარტებას — „რატომ ვხედავ ამ რეკლამას?“.
მნიშვნეოვანი ყურადღება ეთმობა უწყვეტ მონიტორინგს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდებში, მათ შორის „დუმილის პერიოდების“ დაცვასა და დამოუკიდებელი ზედამხედველობის უზრუნველყოფას, რათა თავიდან იქნეს აცილებული „ბოლო წუთების მანიპულაციები“.
მესამე სვეტი: სერვისების მთლიანობის დაცვა
ეს სვეტი ფოკუსირებულია იმ ტექნიკურ ტაქტიკებზე, რომლებიც გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, კერძოდ:
- მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა — პოლიტიკის გატარება არა ავთენტური ქცევის წინააღმდეგ, როგორიცაა ყალბი ანგარიშების შექმნა, იმიტაცია და ყალბი ჩართულობის შეძენა;
- ხელოვნური ინტელექტის გამჭვირვალობა — ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამჭვირვალობის ვალდებულებები და „მავნე დიფფეიკების“ გამოვლენა;
- პლატფორმათაშორისი თანამშრომლობა — ინფორმაციის გაზიარება ე.წ. „ტაქტიკურ მიგრაციაზე“, როდესაც უკვე გამოვლენილი მავნე აქტორები ერთი პლატფორმიდან მეორეზე გადადიან შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.
მეოთხე სვეტი: მოქალაქეთა გაძლიერება, მკვლევრებისა და ფაქტჩეკერების მხარდაჭერა
კოდექსი უარს ამბობს აქამდე არსებულ ზემოდან ქვემოთ მიმართულ მიდგომაზე და აქცენტს აკეთებს მთლიანად საინფორმაციო ეკოსისტემის გაძლიერებაზე. ახალი სტრატეგიის მიხედვით, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინსტრუმენტები მავნე შინაარსის დასაფიქსირებლად და კრიზისულ სიტუაციებში სანდო წყაროებზე წვდომის მისაღებად.
მედიაწიგნიერების ინიციატივები წარმოადგენს დოკუმენტის მნიშვნელოვან ნაწილს და მიზნად ისახავს მოქალაქეებში კრიტიკული აზროვნებისა და ციფრული უნარების განვითარებას, რაც მომხმარებლებს, არსებულ რთულ საინფორმაციო გარემოში, უკეთ ნავიგაციაში დაეხმარება.
ამასთანავე, შემოღებულია ახალი ჩარჩო, რომელიც მკვლევრებს აძლევს, დეზინფორმაციის გავრცელების შესასწავლად, პლატფორმების მონაცემებზე, გაფართოებულ წვდომას. პლატფორმები ასევე იღებენ ვალდებულებას, რომ ფაქტჩეკერების საქმიანობა ინტეგრირებული იქნება მათ სერვისებში და უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი ფინანსური მხარდაჭერა ამ საქმიანობის მდგრადობისთვის.
მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება: გამჭვირვალობის ცენტრი
ბევრი ნებაყოფლობითი შეთანხმებისგან განსხვავებით, ქცევის კოდექსს გააჩნია ძლიერი აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმები.
- გამჭვირვალობის ცენტრი — საჯაროდ ხელმისაწვდომი ვებგვერდი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ ჰაბს კოდექსის განხორციელების ანგარიშების, ხარისხობრივი მონაცემებისა და რაოდენობრივი მაჩვენებლების გამოსაქვეყნებლად;
- მუდმივი სამუშაო ჯგუფი — ევროპული კომისიის თავმჯდომარეობით მოქმედი ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება კოდექსის განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიური თუ სოციალური საფრთხეების გათვალისწინების მიზნით;
- სერვისის დონის ინდიკატორები (SLI) — კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, როგორიცაა გასაჩივრებების და ფაქტების გადამოწმების რაოდენობები, ხდება კოდექსის პროგრესის შეფასება და მონიტორინგი.
დასკვნა
ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქცევის კოდექსი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარდატეხას იმაში, თუ როგორ მართავენ დემოკრატიული საზოგადოებები ციფრულ საინფორმაციო სივრცეს. დეზინფორმაცია აღარ აღიქმება როგორც ცალკეული ყალბი განცხადებების ჯამი, არამედ როგორც სისტემური პრობლემა, რომელიც განპირობებულია ეკონომიკური მოტივებით, პლატფორმების სტრუქტურებითა და კოორდინირებული მოქმედებებით.
კოდექსის მთავარი ფასეულობა მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული დაცვის მექანიზმები ინტეგრირებულია რეკლამის, პოლიტიკური კომუნიკაციის, პლატფორმების დიზაინისა და ხელოვნური ინტელექტის ძირითად ფუნქციებში. ამ მიდგომის ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება ციფრული სერვისების აქტის თანმიმდევრულ აღსრულებაზე, სანდო ზედამხედველობასა და ევროკავშირის ინსტიტუტების უნარზე, ადაპტირდნენ ახალ სამყაროსთან, სადაც ავტომატიზაცია და მტრული ტაქტიკები სულ უფრო ფართოდ ვრცელდება.
იანვარი, 2026 წელი
გიორგი რობაქიძე
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
