საჯარო
ჩართულობა
პანელური დისკუსია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში - დემოკრატიის შუქურიდან არალიბერალურ ორბიტამდე: საქართველოს გაურკვეველი მომავალი
2025 წლის 12 მარტს, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ორგანიზებით, ქ. ვენაში გაიმართა დისკუსია დემოკრატიის კუთხით საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი კონტექსტის გათვალიწინებით არსებულ ვითარებასთან დაკავშრებით. ღონისძიებამ თავი მოუყარა წამყვან ქართველ და უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საქართველოში მრავალთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე მიმდინარე დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლასთან და ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ელჩი დავით დონდუა, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის (EUAC) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, დოქტორი ნატალია საბანაძე, Chatham House-ის ექსპერტი, ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი, დოქტ. ჰანეს მაისნერი, ვენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და ლექტორი. დისკუსიას უძღვებოდა ჯაბა დევდარიანი, საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი და გაეროს ასოციაციის წევრი.
ღონისძიება ესწრებოდა 80-ზე მეტი მონაწილე, რომლებმაც იმსჯელეს საქართველოში არსებული ბუნდოვანი პოლიტიკური მომავლის და ზოგადად ამ პროცესების რეგიონალური მნიშვნელობის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის დასაცავად, აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა საკუთარ გამოსვლაში, დავით დონდუამ ხაზი გაუსვა საქართველოს ძლიერ ევროპულ იდენტობასა და ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს. მან აღნიშნა, რომ სამ ათწლეულზე მეტია, საქართველოს მოსახლეობაში ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა 75-85%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, მიუხედავად ქვეყნის მიერ ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესისა, რუსულმა დეზინფორმაციამ მოახერხა და ეფექტურად გამოიყენა საქართველოს პროევროპული განწყობის ემოციური და არა ინფორმირებული ბუნება, რამაც საზოგადოება მანიპულაციისადმი დაუცველი გახადა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დ. დონდუამ აღნიშნა, რომ შიშზე დაფუძნებულმა ნარატივებმა, არჩევნების მანიპულირებამ და ოპოზიციის უუნარობამ განაპირობა მმართველი პარტიის გამარჯვება – მაგრამ ეს არ ნიშნავს ქვეყანაში პრო-ევროპული განწყობების კლებას, ის უფრო მიუთითებს ალტერნატივის ნაკლებობაზე და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლის ეფექტიან სტრატეგიაზე. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, დ. დონდუა მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის დაკარგული და ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა რჩება ღია, თუმცა, საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება. ამ კუთხით, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი, რჩება ევროპულ დემოკრატიულ ოჯახში, საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვირდების აქტიურ მებრძოლად. ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მადლობას უხდის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და აგრძელებს აქტიურ საქმიანობას საქართველოსა და ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებში ცოდნის გაზიარების, ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის, ასევე ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
