მანიპულაცია 10
ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი – „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი
განცხადებები
2026 წლის ივლისში „ქართული ოცნების“ არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ: თითქოს ევროკავშირი უფრო მეტად არის დამოკიდებული საქართველოზე, ვიდრე საქართველო — ევროკავშირზე, და რომ ბრიუსელი, შესაბამისად, იძულებული გახდება, ქართული ოცნების პირობებით „დაჯდეს“ საქართველოს მთავრობასთან მოსალაპარაკებლად.
აღნიშნული გზავნილი ყველაზე მკაფიოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გააჟღერა 2026 წლის 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე: „ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, შესაბამისად, მოუწევთ ჩვენთან დასხდნენ — ან მოეგებიან გონს და დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ან უნდა დაველოდოთ ცვლილებებს ევროკავშირში“ (InterPressNews, 2026 წლის ივლისი) [1]. რამდენიმე დღით ადრე მან „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ ევროპელ ჩინოვნიკებს „სხვა გზა არ დარჩებათ, დაიწყებენ ჩვენთან საუბარს“, და რომ „ჩვენ ევროკავშირს არანაკლებ ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება“ (იმედი, 2026 წლის 23 ივნისი) [2].
იგივე გზავნილი ქართული ოცნების სხვა ლიდერების განცხადებებშიც გვხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ „საქართველო ევროკავშირს სჭირდება ისევე, როგორც ევროკავშირს სჭირდება საქართველო“ (იმედი, 2026 წლის 4 თებერვალი) [6], 13 ივლისს კი აღნიშნა რომ ჭეშმარიტი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობის გაწყვეტა [4]. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ „როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო“. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ასევე შეეხნენ ამ საკითხს და საკუთარ განცხადებებში აღნიშნეს, რომ ბრიუსელის მიდგომა „თავად ევროკავშირის ინტერესებს არ ემსახურება“, და რომ ევროპულ ინსტიტუტთა „პოზიციები ნაკარნახევია არა მოქალაქეების საჭიროებებიდან, არა გეოპოლიტიკური საჭიროებებიდან, არა ორმხრივი ინტერესების საჭიროებებიდან, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“ (Civil Georgia; JAMnews; იმედი, 2026 წლის 13–14 ივლისი) [4][5].
რას ცხადყოფს ფაქტები
ურთიერთობა სტრუქტურულად ასიმეტრიულია – ევროკავშირი 27 სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანებაა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 449 მილიონს შეადგენს, ხოლო ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დაახლოებით 17 ტრილიონ ევროს აღწევს. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონია, ხოლო ქვეყნის მშპ — დაახლოებით 33 მილიარდი აშშ დოლარი (Eurostat; Geostat, 2024). როდესაც ურთიერთობის ერთი მხარე მეორეზე დაახლოებით 120-ჯერ დიდია, ასეთი დამოკიდებულება ვერ იქნება სიმეტრიული.
საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირი არსად გაწევრიანებას არ აპირებს – საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. საქართველოს აქვს გაწევრიანების დღის წესრიგი, შესასრულებელ პირობათა ერთობლიობა რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ამ პროცესში ევროკავშირი არის გადაწყვეტილების მიმღები და არა მხარე, რომელიც თავად ეძებს გაწევრიანების შესაძლებლობას (ევროპული საბჭო, 2023 წლის დეკემბერი).
მთავრობის მიერ გამოცხადებული ვადები თავადვე უარყოფს ამ ლოზუნგს – საქართველოს მთავრობის განცადებით, ქვეყანა 2028 წელს დააყენებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს, ხოლო 2030 წლისთვის „ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა“ იქნება (Imedi, 2026). ამასთან ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში არის გაწერილი. ყოველივე ეს ნათლად გამოხატავს ერთ ფაქტს, ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირთან ურთიერთობა სწორედ ქართულ მხარეს სჭირდება და მის ინტერესებშია.
საზოგადოების დამოკიდებულება – საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა წლების განმავლობაში დაახლოებით 70-80%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. ევროკავშირის შიგნით არ არსებობს შედარებადი მასშტაბის საზოგადოებრივი ჯგუფი, რომლისთვისაც საქართველოსთან ურთიერთობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ან განსაკუთრებული პოლიტიკური პრიორიტეტის საკითხს წარმოადგენს.
უსაფრთხოების კუთხით არსებული დამოკიდებულება – რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% არის ოკუპირებული. ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკა და სანქციური შესაძლებლობები საქართველოსთვის მოსკოვზე ზეწოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ბერკეტს წარმოადგენს. ევროკავშირის უსაფრთხოება კი თბილისზე ფაქტიურად არანაირად არ არის დამოკიდებული.
ვაჭრობა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე – 2024 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 22.1% ევროკავშირზე მოდიოდა, რაც დაახლოებით 5 მილიარდი ევროს მოცულობის სავაჭრო ბრუნვას შეადგენდა (EPRS/ევროპარლამენტი; ევროკავშირის დელეგაცია). ამავე დროს, საქართველო ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 0.1%-ს წარმოადგენს. ამ წილის დაკარგვა ბრიუსელში თითქმის შეუმჩნეველი იქნებოდა, მაშინ როდესაც თბილისს ევროკავშირთან ვაჭრობის შეჩერება მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური დარტყმას მიაყენებს. ამასთან, 2014 წლიდან ქართულ კომპანიებს 450 მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე ევროპულ ბაზარზე უბაჟო წვდომა აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, რამაც ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა თითქმის გააორმაგა უკანასკნელ ათ წელიწადში (ევროკავშირის დელეგაცია, 2025). ამის საპირისპიროდ, საქართველოს 3.7-მილიონიანი, ნაკლები მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზრის მნიშვნელობა ევროკავშირის ექსპორტიორებისთვის ფაქტიურად უმნიშვნელოა.
ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილები – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან (იტალია, საბერძნეთი, გერმანია) საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები მთლიანი მოცულობის დაახლოებით 43–44%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 1.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია (საქართველოს ეროვნული ბანკი). ეს თანხები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აქართველოს სამომხმარებლო და ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებაში, მაშინ როდესაც საპირისპირო მიმართულებით მსგავსი მნიშვნელობის ფინანსური ნაკადები არ არსებობს.
უვიზო მიმოსვლა – 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმი შენგენის ზონასთან ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სარგებელია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. ევროკავშირმა 2026 წლის თებერვალში უკვე შეაჩერა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია შეზღუდვების გაფართოებაც. საქართველოს ევროკავშირის მოქალაქეებზე ზემოქმედების მსგავსი ინსტრუმენტი არ გააჩნია.
„შუა დერეფნის“ კორიდორი – „ქართული ოცნების“ ყველაზე ძლიერი ეკონომიკური არგუმენტი საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას — „შუა დერეფანს“ — უკავშირდება. თუმცა ევროკავშირი ამ შემთხვევაში საბოლოო ბაზარია, რომელიც მომსახურებასა და საქონელს მოიხმარს, ხოლო საქართველო სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც ტრანზიტით სარგებელს იღებს. მოლაპარაკების პროცესში უპირატესობა, როგორც წესი, იმ მხარეს აქვს, რომელსაც ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება შეუძლია და არა იმ მხარეს, რომელიც სატრანზიტო მომსახურებას სთავაზობს. ამ თვალსაზრისით, მეტი მოქნილობა და შესაბამისად, მეტი გავლენა ბრიუსელს გააჩნია.
მანიპულაციის არსი
ზემოხსენებულ გზავნილში ქართული ოცნება მანიპულირების ორ სხვადასხვა ტექნიკაა იყენებს.
პირველი არის კოორდინირებული გზავნილის გავრცელება. 2026 წლის ივლისის ერთ კვირაში პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მმართველი ფრაქციის პირველმა მოადგილემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ თითქმის იდენტური ფორმულირებით გაიმეორეს ერთი და იგივე გზავნილი. პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ ერთსა და იმავე პერიოდში, თითქმის სიტყვასიტყვით, ერთი და იმავე თეზისის გამეორება დამოუკიდებელი შეფასების კი არა, ცენტრალიზებულად მართული საკომუნიკაციო სტრატეგიის ნიშანია.
მეორე ტექნიკა ასიმეტრიული ურთიერთდამოკიდებულების სემანტიკური ინვერსიაა. ორ მხარეს შორის ურთიერთობა შეიძლება ორივესთვის სასარგებლო იყოს, მაგრამ ამავე დროს მათზე დამოკიდებულების ხარისხი მკვეთრად განსხვავდებოდეს. „ქართული ოცნება“ რეალურ, თუმცა შეზღუდულ ფაქტს — რომ ევროკავშირი საქართველოსგან გარკვეულ სარგებელს იღებს, მაგალითად ტრანზიტისა და რეგიონული სტაბილურობის სახით — აზვიადებს და გარდაქმნის მცდარ მტკიცებად, თითქოს ევროკავშირს საქართველო უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი.
ყველა გაზომვადი მაჩვენებელი — ბაზრის ზომა, სავაჭრო წილი, ფულადი გზავნილები, კანდიდატის სტატუსი, უსაფრთხოების გამოწვევები, საზოგადოებრივი განწყობები და თავად მთავრობის მიერ გამოცხადებული გაწევრიანების გრაფიკიც კი — საპირისპიროს ადასტურებს. უფრო მეტიც, ეს ლოზუნგი საკუთარ თავთანაც წინააღმდეგობაში მოდის: ხელისუფლებამ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების მიზნად 2030 წელი თავად განსაზღვრა, უკვე აღიარა, თუ რომელ მხარეს სჭირდება ეს ურთიერთობა მეტად.
დასკვნა
მტკიცება, რომ „ევროკავშირს საქართველო უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი“, მცდარია. იგი თავდაყირა აყენებს ურთიერთობას, რომელიც ყველა მნიშვნელოვან და გაზომვად პარამეტრში — ეკონომიკური მასშტაბის, სავაჭრო დამოკიდებულების, ფულადი გზავნილების, ბაზარზე წვდომის, უსაფრთხოებისა და თავად გაწევრიანების პროცესის ჩათვლით — ევროკავშირის სასარგებლოდ არის ასიმეტრიული.
ამასთანავე, ეს თეზისი ეწინააღმდეგება თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაცხადებულ მიზანს — 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას. როდესაც პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები თითქმის ერთდროულად იმეორებენ ერთსა და იმავე გზავნილს, ეს უფრო კოორდინირებულ საკომუნიკაციო კამპანიაზე მიუთითებს, ვიდრე ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებაზე.
ვერდიქტი: ტყუილი
წყაროები
[1] InterPressNews, „ლევან მაჭავარიანი — ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი…“, 2026 წლის ივლისი. https://www.interpressnews.ge/ka/article/148586 — ადასტურებს ძირითად განცხადებას.
[2] imedinews, „ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ევროკავშირს არანაკლებ ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება…“, 2026 წლის 23 ივნისი. https://imedinews.ge/ge/politika/436476 — მთავრობასთან დაახლოებული გამოცემა; მოხმობილია თანამდებობის პირის საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად.
[3] imedinews (ინგლ.), „Brussels in ‘sulking mode’, deliberately omits Georgia from Black Sea, Middle Corridor discussions“, 2026 წლის ივლისი. https://info.imedi.ge/en/politics/10380
[4] Civil Georgia, „Georgian Dream Officials Rebuke EU’s Kallas Over Remarks on Supporting Georgian People, Not Government“, 2026 წლის 13 ივლისი. https://civil.ge/archives/744439 — ადასტურებს კოორდინირებულ რეაქციას (კობახიძე, ბოჭორიშვილი, პაპუაშვილი). მაღალი სანდოობა.
[5] JAMnews, „Georgian PM Irakli Kobakhidze on Russia and Kallas“, 2026 წლის 13 ივლისი. https://jam-news.net/georgian-pm-irakli-kobakhidze-russia-does-not-recognise-georgias-sovereignty-over-20-of-its-territory-kallas-does-not-recognise-it-over-100/
[6] JAMnews, „Georgian Dream criticises the EU: ‘attitude toward Georgia has been unfair for years’“, 2026 წლის 4 თებერვალი. https://jam-news.net/georgian-dream-criticizes-the-eu-attitude-toward-georgia-has-been-unfair-for-years/ — ბოჭორიშვილი: „საქართველო ევროკავშირს სჭირდება ისევე, როგორც ევროკავშირს სჭირდება საქართველო“.
[7] ევროპული პარლამენტი / EPRS, „Georgia: Economic indicators and trade with EU“, 2025 წლის 15 ოქტომბერი. https://epthinktank.eu/2025/10/15/georgia-economic-indicators-and-trade-with-eu/ — ევროკავშირი = საქართველოს ვაჭრობის 22.1%; საქართველოს მშპ-ის ზრდა 9.4% ევროკავშირის 1.1%-ის საპირისპიროდ (2024). პირველადი ევროპული წყარო.
[8] ევროკომისია, DG Trade, „EU trade relations with Georgia“. https://policy.trade.ec.europa.eu/eu-trade-relationships-country-and-region/countries-and-regions/georgia_en — ორმხრივი ვაჭრობა ~5.2 მილიარდი ევრო (2025); DCFTA ძალაშია 2016 წლიდან.
[9] Georgia Today / ევროკავშირის დელეგაცია, „Georgia–EU trade reaches €5 billion in 2024, EU remains Georgia’s top partner“, 2025 წლის 29 ოქტომბერი. https://georgiatoday.ge/eu-georgia-eu-trade-reaches-e5-billion-in-2024-eu-remains-georgias-top-partner/ — DCFTA-ის 450-მილიონიანი მომხმარებელთა ბაზარი; ექსპორტიორ ქართულ კომპანიათა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
[10] FactCheck.ge, „Russia Fell to Third Place in Remittance Inflows“. https://www.factcheck.ge/en/story/43366 — ევროკავშირი ფულადი გზავნილების ~43%-ს უზრუნველყოფს (>1.4 მილიარდი აშშ დოლარი); მთავარ 15 წყარო ქვეყანას შორის რვა ევროკავშირის წევრია.
[11] საქართველოს ეროვნული ბანკი / Caucasus Watch, ფულადი გზავნილების სტატისტიკა, 2024. https://caucasuswatch.de/en/news/us-becomes-top-source-of-remittances-to-georgia-in-2024-surpassing-italy-and-russia.html — მთავარ ევროპულ წყაროებს შორის იტალია, გერმანია, საბერძნეთი.
[12] Geostat (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური), „საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2024 წელს“. https://www.geostat.ge/media/67898/External-Merchandise-Trade-of-Georgia-in-2024.pdf — ვაჭრობის მთლიანი ბრუნვა 23.4 მილიარდი აშშ დოლარი, რაც მასშტაბს ადგენს.