ისტორიული
პერსპექტივა
საბჭოთა კავშირის ნანგრევების ქვეშ
წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი წიგნიდან: იყო ასეთი ქვეყანა СССР - გასეირნება უახლოეს წარსულში (გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი 2025). ზემოხსენებული ფრაგმენტი ადაპტირებულია ევროკავშირის ცნობიერების ცენტრისთვის
საბჭოთა საქართველო: ჩემი მოგზაურობა უახლოეს წარსულში
სამყარო არ უნდა დაყო კარგ და ცუდ ადამიანებად, არამედ მშიშრებად და არამშიშარებად. ადამიანების დიდი უმრავლესობა მშიშარაა და მსუბუქი საფრთხის შემთხვევაშიც კი, მზად არის ყოველგვარი ნაძირლობისთვის, სასიკვდილო ნაძირლობისთვის.
ვარლამ შალამოვი
ცნაური ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. ყველა ქვეყანა თავისებურად უცნაურია, მაგრამ ეს მეტისმეტად უცნაური და თანაც საშიში. ვისაც გვახსოვს, ერთად გავიხსენოთ და ვინც არ მოსწრებიხართ, ნება მომეცით გიამბოთ მის შესახებ.
დღესაც და კიდევ დიდხანს საბჭოეთის ნანგრევებში ვართ და ვიქნებით, გრძელი, ძალიან გრძელი ჩრდილი ჰქონია საბჭოთა კავშირს. ტირილი და სიცილი – ორივე მოუხდება.
მაშ ასე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) დაიბადა 1922 წლის 30 დეკემბერს, გარდაიცვალა 1991 წლის 26 დეკემბერს (ზოგი 25 დეკემბერს იტყვის, ზოგი 31 დეკემბერს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს). საბჭოთა კავშირის დანგრევა არც გაგვიგია, შუაგულ თბილისში გაგანია ომი მიმდინარეობდა და ორივე მხარეს ჩაგრულების მჩაგვრელებზე გამარჯვების იმედი ჰქონდა. მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იმ დროს საქართველოში ერთადერთი უნივერსიტეტი იყო, დღევანდელივით ოცდაათი კი არა. ომის საყურებლად პირდაპირ უნივერსიტეტის ბაღიდან წავედი ორჯერ. დიახ, საყურებლად. ეს ომი ერთ ქვეყანაში დაიწყო და მეორეში დამთავრდა, არა, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არ გადასულა, სადაც დაიწყო, იქვე დამთავრდა. ომის დაწყებისას, 1991 წლის 22 დეკემბერს, საბჭოთა კავშირი იყო და ომის დასასრულს, 1992 წლის 6 იანვარს – საქართველოს რესპუბლიკა. თბილისის ომი კოსმოსური შავი ხვრელივით იყო, დრო მასში გამრუდდა. ჩვენ კი ვერ ვხვდებოდით, რომ ეს პირველი მსხვილი „მარგალიტი“ იყო უბედურების იმ ძეწკვისა, რომელიც 1991-1995 წლებში აისხა. ხალასი გულწრფელობითა და იმედიანად დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მწარე იმედგაცრუებით და დამსხვრეული ილუზიებით დამთავრდება.
ომის დროს ერთ-ერთი პირველი კგბ-ს[i] არქივის შენობა დაიწვა. არადა, მაინცდამაინც ფრონტის ხაზზე არ იდგა. სავარაუდოდ, მავანთ ძალიან უნდოდათ არქივის განადგურება. უშნო და მძიმეა საბჭოთა მემკვიდრეობა. გერმანიისგან განსხვავებით, რომელმაც დენაციფიკაცია მოახდინა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის საქართველოსაც, დესოვიეტიზაცია რეალურად არ გაუკეთებიათ: არ გამოაშკარავებულან საბჭოთა ტერორის და ზეწოლის სხვადასხვა რანგის მმართველები, ანონიმური წერილების ავტორები და დამბეზღებლები, უშიშროების აპარატის ფარული თანამშრომლები, ტერორის შემსრულებელი თუ ამ ყველაფრის ტაშისდამკვრელები. გამოაშკარავება დასასჯელად კი არ იყო საჭირო, ყალბი კერპები უნდა დამსხვრეულიყო. არ მომხდარა საბჭოთა სისტემის ლუსტრაცია. არ მოგვინანიებია. ნელ-ნელა ყველაფერი დავიწყებას ეძლევა, რაც დასკვნების შესაძლებლობას მოსპობს, რაც თაობათა მოუშორებელ ტვირთად იქცევა. ანატოლი ფრანსის ერთ-ერთ მოთხრობაში ჯვარცმიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ, პილატე პონტოელი ვერ იხსენებს ქრისტეს.
დავბრუნდეთ უკან. 1987 წლის 1 იანვარს შაქრიანი ღვინით გაჭყეპილმა საქართველომ და არყით გაბიჟვინებულმა რუსეთმა ნაშუადღევს გაიღვიძა. არავინ, თვით მოსკოვის პარტიულმა ბოსებმაც კი, არ იცოდნენ საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი იწყებოდა. ყოვლისმცოდნე ამერიკელებმაც ვერ ივარაუდეს კავშირის ნგრევა და მრავალწლიანი დაპირისპირების გაგრძელებისთვის ემზადებოდნენ იმ ქვეყანასთან, რომელიც 5 წელიწადში საერთოდ აღარ იარსებებდა. დასასრულს, 1991 წელს, მდგომარეობა ცოტა კომიკურიც იყო – ამერიკელებს აღარ უნდოდათ ასე სწრაფად დაშლილიყო საბჭოთა კავშირი, ეშინოდათ წარმოქმნილი ბირთვულკბილებიანი ვაკუუმი ვის და რას გაიყოლებდა. მგონი, ანდრეი ამალრიკი ერთადერთი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის ნგრევის შესაძლებლობა დაუშვა. ისტორიკოსი, დისიდენტი და პოლიტიკური პატიმარი 1969 წელს ესეში: „იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?“ აანალიზებს საბჭოთა საზოგადოების სოციალურ პრობლემებს და მისი ნგრევის შესაძლებლობას. საინტერესოა, რომ დასავლელი სოვიეტოლოგები სსრკ-ს დანგრევას, მით უმეტეს ასე სწრაფად, შეუძლებლად მიიჩნევდნენ. ამალრიკი კი სხვაგვარად ხედავდა და მეტი სიმძაფრისთვის არ მოერიდა მხატვრული სურათების ჩვენებას (მაგალითად, რომის ფორუმზე მობალახე თხა).
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბოლო პირველი მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის (პოსტი დაიკავა 1985 წლის მარტში) და მისი თანამოაზრეების ზეწოლით, 1987 წელს სსრკ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის გადაწყვეტილებით დაიწყო ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნები, „პერესტროიკა“[ii] და დაინერგა ინფორმაციის თავისუფლების პოლიტიკა – „გლასტნოსტი“[iii] (შედარებითი თავისუფლების, მაგრამ სსრკ-თვის მაინც არნახულის). ამით მიხეილ გორბაჩოვმა, თავისდა უნებურად, ისეთი ჯინები (უპირველესად, ნაციონალიზმი და სახელმწიფო მართვაზე პარტიული კონტროლის შესუსტება) ამოუშვა, რომ უკან ვეღარც ჩააბრუნა. მანამდე, 1985-1987 წლებში გორბაჩოვისეულ Ускорение-ს[iv] პოლიტიკას უფრო ადმინისტრაციულ-დეკლარაციული ხასიათი ჰქონდა. გორბაჩოვს საბჭოთა კავშირის დაშლა არც განუზრახავს, მას დაწყებული რეფორმების პროცესი ხელიდან გაექცა. რეტროსპექტივით, ალბათ სახელმწიფოს ჩინური ვერსია უნდოდა – პოლიტიკური ავტოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და სახელმწიფო კაპიტალიზმის ჰიბრიდი. ასე შემოეფშვნა საბჭოთა კავშირი ხელში გორბაჩოვს და მის თანამზრახველებს. ინგრეოდა საბჭოთა კავშირი და მასთან ერთად ინგრეოდა კვაზიკომუნიზმი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მგონი, არასწორია ის მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და მისმა ადმინისტრაციამ, ავღანეთის და „ვარსკვლავეთის“ ომებმა, ცივი ომის მეორე ტალღამ და ნავთობზე ფასების გაიაფებამ დაანგრია. რეიგანზე არანაკლები ანტიკომუნისტებიც ყოფილან აშშ-ს ადმინისტრაციაში, სსრკ-ს მანამდე უარესი ომი და კოლოსალური ხარჯები გადაუტანია და არ დაშლილა. საბჭოთა კავშირი დაანგრია კომუნისტური იდეის შეუძლებლობამ, ამ იდეოლოგიის უსიცოცხლობამ, პათოლოგიურმა ეკონომიკურმა სისტემამ, საყოველთაო კორუფციამ, ტოტალურმა სიყალბემ და თანმდევმა საზოგადოებრივმა დემორალიზაციამ. გორბაჩოვმა მხოლოდ ზვავი დაძრა. ის რომ არა, სავარაუდოდ ისევ საბჭოთა კავშირში ვიცხოვრებდით. რეფორმები რომ გორბაჩოვმა დაიწყო, ადასტურებს რომ რუსეთში არაფერი პროგრესული ქვემოდან არ დაწყებულა. ყველაფერი იწყებოდა ზემოდან – პეტრე I, ალექსანდრე II თუ პიოტრ სტოლიპინი. რუსეთში ერთადერთი ბოლშევიზმი დაიძრა ქვემოდან და რა ურჩხულიც იყო, კი ვიცით. ან დაახლოებით ვიცით. რაც შეეხება ეკონომიკურ სისტემას – წარმოიდგინეთ, არ არსებობდა კერძო საკუთრება. ბინა, რომელშიც ცხოვრობდი, ისიც კი სახელმწიფოს ეკუთვნოდა და თუ მოინდომებდა, კოხტად გამოგასახლებდა. არც აბსურდულობა იყო უცხო: ნახმარი მანქანა უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე – ახალი. ეს იმიტომ, რომ მთავრობა რიგში ჩაგაყენებდა და დაახლოებით 10 წლის შემდეგ თუ მოგიწევდა მიღება. პრივილეგირებულები ურიგოდაც შოულობდნენ. კომუნისტებმა ძველი პრივილეგირებული კლასები გაანადგურეს, დაპირებული უკლასო საზოგადოების ნაცვლად, ახალი პრივილეგირებული კლასები შექმნეს. ყველაფერი უნდა გეშოვა და ყველაფერზე უნდა „გეჩალიჩა“. ერთადერთი რაც ნამდვილად გეკუთვნოდა, ალბათ ტანსაცმელი და მაგასაც წაგართმევდნენ, თუ პარტია საჭიროდ მიიჩნევდა.
მოსკოვსა და მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებში არსებული „გოსპლანი“[v] განსაზღვრავდა, მაგალითად, შარვალი რა სტილის ფერის, ზომის, რამდენი და რა ფასად უნდა გაყიდულიყო. ეს ეხებოდა ყველაფერს, ლურსმნებს, მაგიდებს, ავტომობილებს, ნათურებს, პურს, არაჟანს, ბურთებს, რესტორნებს, კალმისტრებს, ნაყინსა და ნებისმიერ სხვა საგანს, რასაც თქვენ ირგვლივ ხედავთ ან ვერ ხედავთ. ბაზრის ნაცვლად ამ საქმეს თითქმის 300 მილიონიანი ქვეყნისთვის რამდენიმე ათასი ბიუროკრატი განსაზღვრავდა. ჰოდა, რას გააკეთებდა? კონტინენტთაშორისო ბირთვული რაკეტები ჰქონდათ და ხარისხიან ფეხსაცმელს ვერ კერავდნენ.
ჩემთვის „პერესტროიკა“ დაიწყო კოოპერატივებით, სადაც ძირითადად იყიდებოდა ბინებში გამომცხვარი ნამცხვრები და კარტოფილის „პერაშკები“. „პერესტროიკის“ განუყრელი ატრიბუტი იყო უცხოური ხარახურა, რომლის მსგავსი მანამდე თვალით არ გვენახა: „ბრელოკები“, დერმატინისა და აცეტონის სუნიანი საფულეები, Adibas-ის ჩანთები, შოკოლადი „მარსი“ და „სნიკერსი“, სიგარეტი „მაგნა“ და „ჟიტანი“. ეს რაც პირველი გამახსენდა. „ჟიტანს“ ნაფაზს რომ დაარტყამდი, რამდენიმე წამი თავბრუ გეხვეოდა, ისეთი ძლიერი იყო. საღეჭი რეზინი Wrigley’s, რაც განსაკუთრებით დიდებული რამ იყო, რადგან მთელი ბავშვობა ვიტანჯებოდით საღეჭი რეზინის, ანუ „ჟუაჩკის“ დეფიციტით. ატენის ქუჩაზე სასოებით ნაყიდ ძვირად ღირებულ „პედროს“ ორი დღე ვღეჭავდი, სანამ ძონძად არ გადაიქცეოდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ერთმანეთის ნაღეჭ „ჟუაჩკებსაც“ ვღეჭავდით. მაშინ „პერესტროიკის“ წყალობით პირველად გავსინჯე მენთოლიანი სიგარეტი “Salem”, რომელიც დასავლური ცივილიზაციის უდიდეს მიღწევად მივიჩნიე. კომერციამ აბაზანაშიც შემოაღწია – საბჭოთა კავშირის ბოლო დღეებში შამპუნ Wash&Go-დან იღვრებოდა ბლანტი კაპიტალიზმი. დეფიციტის ქვეყანა იყო, საყოველთაო მუდმივი დეფიციტის.
მალევე გამოჩნდა ვიდეოაპარატურაც, შემოკლებით – ვიდეო. პერესტროიკამდელ საბჭოთა კავშირში ვიდეო იშვიათი რამ იყო. ჩემს მეგობარს ჰქონდა ვიდეო და ერთხელ, როდესაც შინ არავინ იყო, კლასელებს ეროტიკული ფილმი ჩაგვირთო. პორნოგრაფია არ იყო, უფრო მსუბუქი ეროტიკული ფილმი, მაგრამ გავოგნდით. ერთ-ერთ კლასელს იმავე საღამოს სიცხემ აუწია აღგზნებისა და ღელვისგან, ერთმა კი, ჩემი მშობლები მაგას არ აკეთებენო. მეორე დღეს, თავი რომ ამ საქმეში დიდად განსწავლული მეგონა, კლასელს, რომელსაც არ ხვდა ბედნიერება წინა დღის ვიდეო-ბაკქანალიას დასწრებოდა, ნიშნისმოგებით ვკითხე: „შენ იცი, რა არის სექსი?“ „კი“ – მიპასუხა, „– ბურატინო ოქროს მონეტებს რომ ჩაფლავს მიწაში, ჯადოსნურ სიტყვებს ამბობსო: კრეკს, ფეკს, სექს!“ სექსის მაგივრად პექსი უნდა ეთქვა, მაგრამ ერთ რამეში მართალი იყო – სექსი ჯადოსნური რამაა. 1986 წლის ივლისში, ტელეხიდის „ლენინგრადი-ბოსტონი“ მსვლელობისას, რუსმა ქალმა რიხიანად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ არის. ეს ნათქვამი შეუდარებლად ზუსტად ასახავდა საბჭოეთის ფარისევლობას და კულტურულ ანტისექსუალურობას (თუმცა სხვაგვარად იყო სსრკ-ს პირველ წლებში, როდესაც ოჯახური ეთიკა ბურჟუაზიულ ჩამორჩენილობად მიიჩნეოდა და პირველი ბოლშევიკების სექსუალური თავაშვებულობა 60-იანი წლების ჰიპებსაც შეშურდებოდათ). დავუბრუნდეთ ვიდეოკასეტებს, „პერესტროიკამდე“ ცოტა ხნით ადრე, ასევე პარტიზანულად, მშობლებთან ერთად ვნახე ფილმი „მონანიება“. აკრძალული კინო იყო, არ მოეწონა ცენზურას. ასე რომ ერთი მხრივ, ანტისაბჭოთა ვიდეო სექსუალურ-საგანმანათლებლო როლსაც ასრულებდა. ფილმები კატეგორიებად დაეყოთ: „ბაევიკი“, „უჟასი“, „ჟიზნენი“. ყველა ფილმი ტექნიკურად უხარისხო იყო, ოცჯერ გადაწერილი კასეტიდან კასეტაზე, ზოგიც პირდაპირ კინოდარბაზში, ეკრანიდან ჩუმად ჩაეწერათ, მინახავს მაყურებლები როგორ გადიგამოდიოდნენ. ფილმები მხოლოდ რუსულად იყო თარგმნილი და თანაც ცხვირში მოდუდღუნე კაცები ახმოვანებდნენ. ვიდეოსთან გამოჩენისთანავე, ვიდეოკასეტების გამქირავებელი პუნქტებიც აღმოცენდა, პირში სიგარეტგარჭობილი და ფილმების ცქერით თვალებჩაწითლებული ტიპებით. ეგაა, რომ არც ერთი მათგანი ტარანტინო არ დადგა. თურმე ვერც მერე დავიკვეხნიდით ტარანტინოებით, მაგრამ ეგ უკვე მერე, მრავალი წლის შემდეგ გამოჩნდებოდა, როგორც ბევრი სხვა რამ – თავი ყველაზე მაგრები რომ გვეგონა. არადა თურმე…
[i] КГБ (აბრევ.) – Комитет Государственной Безопастности – სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.
[ii] (რუს.) Перестройка – გარდაქმნა.
[iii] (რუს.) Гластность – ინფორმაციის საჯაროობა.
[iv] დაჩქარება. სსრკ-ს ეკონომიკური განვითარების აქსელერაცია.
[v] Госплан (შემოკლ.) – Государственный Плановый Комитет – სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტი.
27 იანვარი 2026
ირაკლი ლაითაძე
ირაკლი ქართველი დიპლომატი, მენეჯერი და ავტორია. იგი მუშაობდა ბრიუსელში, საქართველოს მისიაში ევროკავშირში, ასევე ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოში. დიპლომატიური სამსახურის შემდეგ საქმიანობდა კერძო სექტორში.
ირაკლი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მადრიდის დიპლომატიური სკოლისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დოქტორი (Magna cum laude). იგი სამი წიგნის ავტორია, მათ შორის „საბჭოთა საქართველო – პირადი მოგზაურობა უახლეს ისტორიაში“, რომელიც ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის მოკლე სიაში იყო.
