ისტორიული
პერსპექტივა
საბჭოთა კავშირის ნანგრევების ქვეშ
ნაწილი II
წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი წიგნიდან: იყო ასეთი ქვეყანა СССР - გასეირნება უახლოეს წარსულში (გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი 2025). ზემოხსენებული ფრაგმენტი ადაპტირებულია სპეციალურად ევროკავშირის ცნობიერების ცენტრისთვის.
ლევიათანი
მოკვდა სტალინი, 1953 წლის მარტში. მისმა სიკვდილმა გადაარჩინა ბებიაჩემის ძმა. რუსეთში მუშაობდა, ინჟინერი იყო ხის გადამამუშავებელ ქარხანაში. სხვა საწარმოში გადასვლა უნდოდა, პერსპექტივა მეტი იქნებოდა და ის საწარმო კი საზღვირსპირა ქალაქში იყო. დირექტორს ხელები გაუსავსავებია, მე ამას ვერ გადავწყვეტო და უშიშროებას სთხოვეო, მრეწველობას ვინც კურირებსო. მისულა და „შენ იმ ქალაქში იმიტომ გინდა მუშაობა, რომ უცხოეთში გადაიპარო“ – კბილებში გამოუცრია მაიორს და სწრაფად გამოაღო მაგიდის უჯრა, სადაც იარაღი ეგულებოდა. ახალგაზრდა ინჟინერმა კი დაასწრო და ორჯერ ესროლა. ესროლა და ადგილზევე მოკლა. იმ დილით იყიდა ნაალაფარი „პარაბელუმი“ ნაფრონტალი მაიორისგან. სახლში მისვლას ვერ ასწრებდა და იარაღით მისულა შეხვედრაზე. სროლის ხმაზე კაბინეტში შემოვარდნილი ლეიტენანტიც დაჭრა და არც გაქცეულა. ანდა სად გაიქცეოდა, მალევე იპოვნდინენ და ამ ძებნა-ძიებაში კიდევ ოჯახს და ნათესაობას დაუწიოკებდნენ. დაჭერისთანავე ჩაეძინა და 22 საათი ეძინა ნესტიან საკანში, ვერ გააღვიძეს ვერც მუშტების და ჩექმების რტყმით, ვერც სიგარეტის კანზე ამოწვით და ვერც ცივი წყლის თავზე დასხმით. სასიკვდილო განაჩენზე ხელი ჰქონდა მოწერილი და ამიტომაც ვერ მიიღო მისმა გონებამ გარდაუვალი დასასრული და 22 საათით გამოერთო ამ ქვეყანას. „ტროიკამ“ ცხადია, საქმეს პოლიტიკური სარჩული მისცა და სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა, როდესაც სტალინის სიკვდილმა მიუსწრო. დახვრეტა 25 წლიანი ლაგერებით შეუცვალეს. 16 წელი იჯდა პოტმის ბანაკში, ჩრდილოეთ ურალში. უწვალია ადვოკატს, სად არ უვლია სარჩელებით. 10 წელი უნდა მჯდარიყოო, აუცილებელი თავდაცვაა იყოო – ადვოკატს უთქვამს. სახლში გაჭაღარავებული დაბრუნდა, რუსულ თოვლს სამუდამოდ გაეთეთრებინა მისი თმები.
სადღაც გამიგია თუ წამიკითხავს – რკინიგზის დათოვლილი, ყრუ სადგურია ვორკუტასთან. მატარებელი უკვე დაძრულია, ნელნელა კრეფს სიჩქარეს. „ტეპლიჩკებიდან“ ხედავენ, რომ ბაქანზე პატიმარი მორბის, თავს ზემოთ „უშანკას“ ატრიალებს და მთელი ხმით უყვირის ეშელონს: „Сталин умер, ёб его мать, скоро дома будем!“[1] ალექსეი კაპლერის ამბავია, მგონი.
ზოგს უხაროდა მისი სიკვდილი, ზოგს კიდევ არა. ბაბუაჩემის დამ ხმამაღლა იტირა სტალინის სიკვდილი. არადა მისი ძმა, ხუსეინი, როგორც ზემოთ მოვყევი, 37-ში პირდაპირ ლექციიდან გაიყვანეს და მერე დახვრიტეს. რა ატირებდათ? არადა, გულწრფელად ტიროდნენ. ბებერი იუნგის საკვლევი ამბავია – მასობრივი ფსიქოზი.
ერთ კაცს აქვს მოყოლილი, სტუდენტობისასო, 1952 წლის შემოდგომაზე, პლეხანოვზე მოვდიოდიო, პროსპექტზე წითელი ლოზუნგი იყო გადაჭიმული წარწერით: „დიდება სტალინს!“ შევხედე და ვიფიქრე: „ერთი შენი დედაცო…“. გავიფიქრე და იმ წამსვე ცივმა ოფლმა დამასხაო, ფრთხილად გავიხედე აქეთ-იქეთო, ვინმე ხომ არ მიხვდა, რა გავიფიქრეო. გონებაშიც კი შემოსული იყო. ბევრს უყვარს კობა საქართველოში. უზარმაზარი კაცი, თან ხვანჭკარა და კაკლის მურაბა უყვარდაო, „გაფრინდი შავო მერცხალოო“, ჩვენებური იყოო. ვითომ მარტო ქართველობის გამო შეიძლება ვინმე შეიყვარო. კოლოსალური ფიგურა უდავოდ იყო, ამას ჩემი თქმა არ ჭირდება. იყო კოლოსალური და არა მხოლოდ მე-20 საუკუნის. ეს ჩვენი პატარა ქვეყანა კი ააოხრა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონობით უდანაშაულო ხალხი ან პირდაპირ გაანადგურა ან ბანაკების გზას გაუყენა. თემურ ლენგიც დიდი ფიგურა იყო. შევიყვაროთ? ან საერთოდ, ისტორიული ფიგურის შეყვარება რაღაა? საკუთარი ძმა ხომ არ არის ან და. ირონიულია – არც ქართველობდა. სტალინის შვილი, სვეტლანა თავის მემუარებში, „Двадцать Писем к Другу“[2], იხსენებს, როგორ უთხრა ძმამ, ვასილიმ: „А знаешь, наш отец раньше был Грузином[3]. ბავშვური გულწრფელობით ეს ნათქვამი სიმართლეა და თან შეუძლებელი რამ: იყო ქართველი და მერე ჩათვალა, რომ აღარ არის. თითქოს ეთნიკურობა სპორტული გუნდის წევრობა იყოს, გუშინ მანჩესტერის „იუნაიტედში“ თამაშობდი და დღეს მადრიდის „რეალში“.
სტალინს გრძელი ჩრდილი აქვს. ეკატერინე გელაძე, დედამისი, აგერ 33 წელია მთაწმინდის პანთეონიდან ვერ გადმოუსვენებია დამოუკიდებელი საქართველოს ვერცერთ ხელისუფლებას. ვერავინ ვერ ბედავს, თორემ რა უნდა კეკეს აკაკის და ვაჟასთან ერთად? თვითონ სტალინს ირონიით უთქვამს წერა-კითხვის ძლივს მცოდნე ეკატერინეს მთაწმინიდის პანთეონში დაკრძალვის შესახებ: „არ ვიცოდი, დედაჩემი მწერალი თუ იყოო.“ არ დაასაფლავებდნენ დედამისს პანთეონში და მათი აჯობებდა. თვითონ დასაფლავებაზე არც ჩასულა.
ბელგიაში ვმუშაობდი 4 წელი, საქართველოს საელჩოში. ერთ დღეს ბრიუსელში საზღგვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში შევედი[4] შევედი და ვხედავ, რომ კედლებია სავსეა ფილებით. გამიკვირდა, მსგავსი რამ მართლმადიდებელ ეკლესიებში არ მენახა, ყოველ შემთხვევაში, ამ რაოდენობით მიმაგრებული ფილა. ყველას ეწერა, რომ ესა და ეს მღვდელი, დიაკვანი, ამა და ამ წლის ამა და ამ თვეს და დღეს был убиен богоборческой властью.[5] ნანახით, წაკითხულით და გაგონილით თითქოს ვიცოდი რა იყო საბჭოთა ხელისუფლება, მაგრამ ბრიუსელის ლამაზ ეკლესიაში მაინც ცივად გამაჟრიალა. იმ უხმო მოწმეებით გარშემორტყმულმა თითქოს წამიერად ვიგრძენი ჯოჯოხეთის კარიდან მონაბერი გამყინავი სიო.
ეს ტაძარი რუსეთის საელჩოს (ყოფილი საბჭოთა კავშირის საელჩოსთან) ძალიან ახლოს არის. ახლოს იმიტომ, რომ გამოწვევაა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და კიდევ ალბათ იმიტომაც, რომ საელჩოდან გამოსული საბჭოთა დიპლომატი იქნებ ერთი წამით რამეზე დაფიქრებულიყო. მაგრამ რაზე უნდა დაფიქრებულიყვნენ – უცხოეთში, თან Капстрана-ში[6] მუშაობდნენ, ეკლესიაში შესვლით გარისკავდნენ ასეთ კარიერას? სასაცილო იყო, სსრკ-ში საბჭოთა წყობილების ხოტბა-დიდება იყო და ამ დროს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ყველას უნდოდა უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო.
მერე ხრუშჩოვი 1956 წლის თებერვალში კომპარტიის XX ყრილობის გასაიდუმლოებელ სხდომაზე პიროვნების კულტზე ილაპარაკებს, რეპრესიებზე. ისე გამოიყვანს საქმეს, თითქოს მას, კაგანოვიჩს, მიქოიანს, ჟდანოვს, მალენკოვს და კიდევ სხვა ბევრს უმაღლესი ხელმძღვანელობიდან იოტისოდენა ბრალი არ მიუძღვოდათ არაფერში. ამის შემდეგ ჩვენ ურჩხულს თავს ხახაში ჩავუდებთ და თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, 1956 წლის 9 მარტს მშვიდობიან დემონსტრაციას დახვრეტენ. ჩინელი გენერლის, ჯუ დეს იმედი ჰქონდა ხალხს, უძახდნენ კიდეც სასტუმრო „თბილისთან“: „ჯუ დე, ჯუ დე!“ გამოსულა აივანზე, ხელიც დაუქნევია. ხელის დაქნევა უშველიდა? პირდაპირ ტყვიამფრქვევებიდან ისროდნენ. 1956 წლის მარტის მერე საქართველოში მასობრივი ნიჰილიზმი დაიწყო, რომელიც უკვე 70-იანებში ცინიზმში გადავიდა. არავის აღარაფრის აღარ სჯეროდა, არც კომპარტიის „სიმართლის“ და არც კომუნიზმის ნათელი მომავლის. ხრუშჩოვი ბრიყვი იყო თავისი ამერიკული სიმინდით და ციმბირის მდინარეების შუა აზიაში მოტრიალების იდეებით. უცნაურია და ამ დროს არც არის უცნაური, რომ ბევრი ადამიანი მენტალურად საბჭოთა ეპოქაში დარჩა, შეგნებულად თუ შეუგნებლად. ერთ-ორს ვიცნობ ასეთს. მათთვის ცხოვრება 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დამთავრდა. ვერაფერით ვერ თუ არ აუწყვეს ფეხი თუ გონება ახალ დროს. ისე, დიდად არც უცდიათ. ამდენი წლის შემდეგაც კი, როცა რამეს ყვებიან, ყოველთვის საბჭოთა დროინდელი ამბავია. ალბათ, ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმია.
უბრალო ხალხის გაცხადებულად დამცველი სახელმწიფო იყო და სინამდვილეში სულ არ ედარდებოდა ასეთი ადამიანები. მეზობელი გვყავდა, ზინა. ჩვენს გვერდით, ქეთო დეიდას ეზოში ცხოვრობდა, სარდაფში. ან ქეთო დეიდა ცხოვრობდა ზინას ეზოში. ზინა ჩვენთან სახლში მოდიოდა, ბებია ყავაზე პატიჟებდა. მთავრობას წლებია ბინის მიცემას სთხოვდა. მთავრობა კი ბინას არ აძლევდა. საპასუხოდ ზინა საბჭოთა არჩევნებზე არ დადიოდა. საღამოსკენ მილიცია მიაკითხავდ სამთვლიანი მოტოციკლეტით, „ურალით“ და ძალით მიყავდათ საბჭოთა არჩევნებზე. რუსი იყო და საბჭოთა აღლუმებზე სიარული კი უყვარდა. 1 მაისს და 7 ნოემბერს არ გააცდენდა, გამოიპრანჭებოდა და მიდიოდა. მე იგი ბუნდოვნად მახსოვს, ერთხელ ჩვენთან ყავას სვამდა, ზაფხული იყო და ყვითელი სარაფანი ეცვა. არ მისცა მთავრობამ ბინა. იმ სარდაფში მოკვდა პატარა, კუზიანი, მარტოხელა ზინა.
უკან დავბრუნდეთ და ამასობაში ხრუშჩოვი ჩუმი, შიდაკრემლური გადატრიალებით საკავშირო პენსიონერად აქციეს და 1964 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც გარდაცვალებამდე (1982 წელი), დარჩებოდა სსრკ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად ანუ ქვეყნის ფაქტობრივ ხელმძღვანელად. სწორედ ეს პერიოდი პლუს 4 წელი „პერესტროიკის“ რეალურ დაწყებამდე არის ის ეპოქა, რომელიც ისტორიას დარჩა Застой-ის[7], ოფიციალურად კი განვითარებული სოციალიზმის სახელით. ათეულობით მილიონი ადამიანისთვის კი ეს იყო ის ოქროს ხანა, რომელზეც დღემდეა კონცენტრირებული საბჭოთა ნოსტალგია. Застой – ფულის კეთების, იატაკქვეშა მილიონერების, მატერიალური (შედარებითი) კეთილდღეობის, ჯანდაცვის და განათლების უზრუნველყოფის, მშვიდობის (სსრკ-ს ტერიტორიაზე, თორემ მსოფლიოში, იცოცხლე, საბჭოთა კავშირმა ბევრ ადგილას ომის ხანძარი დაანთო), გარანტირებული ხვალინდელი დღის, ტოტალური კორუფციის, მლიქვნელობის, პირმოთნეობის და ნიჰილიზმის გრანდიოზული ეპოქა იყო. ამ დროს თითქოს ანესთეზია გავიკეთეთ, უსამართლობის და ძალადობის მიმართ გრძნობის დამაჩლუნგებელი. თვითტკბობას და თვითმოტყუებას მივეცით თავი უშურველად. ესეც თვითგადარჩენის მექანიზმი იყო, ალბათ.
უზარმაზარი ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, გაირკვა, რომ ადამიანს ვერ წაართმევ მის ერთერთ ფუნდამენტურ მოთხოვნილებას: ფლობის და საკუთრების სურვილს. ეს ალბათ ისეთივე საბაზისოა, როგორც შიმშილის, წყურვილის თუ სექსის სურვილი. ფულის კეთება დაიწყო ჯერ კიდევ ხრუშჩოვის დროს და „ზასტოის“ ეპოქაში არნახულ მასშტაბს მიაღწია. „ცეხავიკები“ ან „დელეცები“ – ასე ეძახდნენ იატაკქვეშეტში ფულის მკეთებლებს მაგ დროს. ბიზნესმენს ნამდვილად ვერ დაარქმევდი – ეს იყო სახელმწიფო ქონების მითვისება და დატაცება. რაც ყველასია, ის არავის არ არის – ასეთი დამოკიდებულება იყო და დაიწყო კიდევ პარვა. ყველაზე საინტერესო იყო ე.წ. „მიწერები“ ანუ როდესაც გეგმები გადაჭარბებით სრულდებოდა წლიდან წლამდე. მაჩვენებლები ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ჩრდილოვანი ეკონომიკა ყვაოდა.
საქართველოში, სავარაუდოდ „ზასტოის“ დროიდან იწყება სადღესასწაულო თუ სამგლოვიარო სუფრები, სადაც სტუმრების რაოდენობა ასეულობით იყო და საჭმელი ძალიან ზედმეტი რაოდენობით იყო. თუმცა შედარებით პატარა სუფრებზეც უზომოდ ბევრი საჭმელი იდო. მე ვერ ვხსნი თუ რას შეიძლება ეს გამოეწვია ეს მარაზმი. კიდევ კარგი კვდება ეს წესი.
ან ლუდით სადღეგრძელოს არდალევა ან შემაგინებელი რამის დალევა. ეს საიდანღა მოდის? ერთადერთი ხალხი, ვისზეც გამიგია, რომ ლუდით სადღეგრძელოს არ სვამენ, უნგრელები არიან. 1848 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ჰაბსბურგებმა ლუდით იდღესასწაულეს გამარჯვება და პროტესტის ნიშნად უნგრელებმა ლუდით დღეგრძელობას თავი დაანებეს. ჩვენ რატომ არ ვსვამდით ლუდით სადღეგრძელოს: რუსებმა აღნიშნეს ლუდით 1921 წელი, 1924 წელი ან 1956 წელი? რაღაც არ მგონია. ესეც სულელური ტრადიციაა, მრავალსართულიანი სუფრასავით მოგონილი და ეგეც კვდება, თუ არ მოკვდა უკვე. ან ლიტრიანი ყანწებით, კრამიტებით, ლამპის შუშებით, ხილის ლარნაკებით, ქილებით და რა ვიცი, კიდევ რითი არა – ღვინის დალევა? ასეთ სადღეგრძელოს თან განსაკუთრებულს უძახდნენ. ვითომ განსაკუთრებულად უყვარდათ სადღეგრძელოს ობიექტი: მასპინძელი თუ რაიკომის[8] პირველი მდივანი. ეს საკუთარი თავის და ღვინის შეურაცხყოფა იყო. ფილმია ეგეთი, „ქალაქი ანარა“. ყანწების ტრიალზე და მათ მსხვრევაზეა. არა და ეჰ, ყანწი – სიმბოლისტები, ცისფერყანწელები.
საქართველოში გამეფებული ნიჰილიზმის და ცინიზმის ფონზე არსებობდა ერთი მუჭა დისიდენტები. მათ მოწმინდეს სირცხვილი საყოველთაო ღრეობა-მექრთამეობაში ჩაფლულ ქვეყანას. ბევრი პარტიულ და სახელოვნებო კარიერას იკეთებდა, პიცუნდაში, წყნეთში და ლიკანში აგარაკებს და სანატორიუმის „პუწიოვკებს“[9] მიელტვოდა, ფინურ „ვიჩინას“ ყიდულობდა კრწანისის სპეცმაღაზიაში. ზოგიერთები კი ყინულს აფურთხებდნენ ურალის და ციმბირის ლაგერებში. ისტორიაში ესენი შევლენ, ლაგერებგამოვლილები.
„ზასტოის“ პერიოდში საბჭოთა კავშირი შედიოდა მსოფლიოს იმ 5 ქვეყნის რიცხვში, რომელსაც თავისით შეეძლო სამრეწველო ნედლეულის და პროდუქციის ყველა მნიშვნელოვანი სახეობის წარმოება და თანაც კოლოსალური რაოდენობით: ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, რკინა, ფოლადი, თუჯი, ლითონმჭრელი დაზგები, თბომავლები, ელექტრომავლები, ტრაქტორები, რკინაბეტონის კონსტრუქციები, სამაცივრო დანადგარები, მინერალური სასუქები, პოლიმერული მატერიალები თუ რეაქტორული ურანი. მაგრამ ეს არ ითარგნებოდა მოსახლეობის კეთილდღეობის პირდაპირპროპოციულ ზრდაში. მიუხედავად მოსახლეობის დალხენილი ცხოვრებისა (ვადარებთ 20-40-იანი წლების გაჭირვებას), საბოლოოდ „ზასტოის“ პერიოდი აღნიშნებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნით. ქვეყანა ცხოვრობდა წიაღისეულის ექსპორტით და ეკონომიკური დივერსიფიკაციის საკითხზე რეალურად არავინ ზრუნავდა (ნაწილობრივ, ე.წ. „ჰოლანდიური ავადმყოფობა“). ამის ნიშნები იყო სსრკ-ს ჩამორჩენა მაღალტექნოლოგიურ სექტორში, პროდუქციის დაბალი ხარისხი, ნებისმიერი სახის და ტიპის სამომხმარებლო საქონლის მწირი არჩევანი და მისი ქრონიკული დეფიციტი. პრობლემები იყო სოფლის მეურნეობაში – ქვეყანას უწევდა სურსათის იმპორტი. საწარმოო და აგროკულტურული შრომის პროდუქტიულობა დაბალი იყო. აბა ვის ანაღვლებდა ის, რაც ყველასი იყო და ესე იგი არავისი. გამოთქმებიც არსებობდა:
Где бы ни работать, лишь бы не работать.[10]
Бери лопату и копай от забора до обеда.[11]
სიტუაციას ამძიმებდა ქვეყნის ხელმძღვანელობის მოხუცებული ასაკი (რეალურად, საბჭოთა კავშირში 80-იანების დასაწყისში გერონტოკრატია იყო), რაც იწვევდა მათ მიერ რეალობის აღქმის შესუსტებას.
КГБ-ს შეფმა, იური ანდროპოვმა, რომელიც ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, დაიწყო ბრძოლა კორუფციასთან და გაამკაცრა ადმინისტრაციული კონტროლი, რომელიც ზოგჯერ კომიკური ხდებოდა: დღის საათებში მილიციელები კინოდარბაზებში შედიოდნენ, კინოს აჩერებდნენ, სინათლეს ანთებდნენ და მაყურებლებს ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ იყვნენ სამსახურში სამუშაო საათების დროს. მაგრამ ეს ზედაპირული წესები მდგომარეობას ვერ გამოასწორებდა. ანდროპოვმა ამ პოსტზე სულ 1 წელი და 3 თვე იცოცხლა. როგორც ამბობენ, მან საქართველოზე თქვა, რომ „Придет время и я прикрою эту шашлычную.“[12] კიდევ კარგი, არ დასცალდა. როგორც ჩანს, ასე ხედავდნენ რუსები საქართველოს: სამწვადედ, ალბათ ნახევრადეგზოტიკურ. ანდროპოვს მალე ჩერნენკოც მიყვა (1 წელიწადსა და 1 თვეში). ორწელიწადნახევარში ქვეყანამ სამი ხელმძღვანელი დაასაფლავა. ბუნდოვნად მახსოვს ეგ პერიოდები: რადიოში ისმოდა სამგლოვიარო მუსიკა, ტელევიზიით არ გადაიცემობდა გასართობი პროგრამები და დაკრძალვას პირდაპირი ტრანსლიაციით აჩვენებდნენ: „гроб с телом покойного…“.[13] პომპეზური სანახაობა კი იყო: შავი ლიმუზინები, ქვემეხის ლაფეტი, სიმივით გაჭიმული სამხედრო ყარაული, საარტილერიო ზალპი.
1977 წელს რუსი ფიზიკოსიმა, უფლებადამცველმა ანდრეი სახაროვი ზუსტად აღწერა სსრკ[14]:
„ტოტალიტარულ-სოციალისტური საზოგადოების ყველაზე რაფინირებული, განვითარებული ფორმა სსრკ-ში ჩამოყალიბდა. ჩვენი ქვეყნის 60 წლიანი ისტორია სავსეა საშინელი ძალადობით, მონსტრული შიდა და საერთაშორისო დანაშაულებებით, მილიონობით ადამიანის დაღუპვით, ტანჯვით, დამცირებით და გარყვნით. მაგრამ მასში, განსაკუთრებით პირველ ათწლეულებში, ასევე იყო დიდი იმედები, შრომითი და ზნეობრივი ძალისხმევა, აღტყინება და თავგანწირვა. ახლა ყოველივე ეს – მახინჯი და სასტიკი, ტრაგიკული და გმირული – დაიფარა შედარებითი მატერიალური კეთილდღეობის და მასიური განურჩევლობის ზედაპირის ქვემოთ. წარმოიქმნა კასტური, ღრმად ცინიკური და როგორც მე ვთვლი, საშიშად (როგორც ჩემთვის, ასევე კაცობრიობისთვის) ავადმყოფური საზოგადოება, რომელიც იმართება ორი პრინციპით: „ბლატით“ (ჟარგონული სიტყვა, რომელიც ნიშნავს: შენ მე, მე შენ) და ცხოვრებისეული ფსევდოსიბრძნით: „კედელს შუბლით ვერ გაანგრევ.“ მაგრამ ამ გაშეშებული ზედაპირის ქვეშ იმალება მასობრივი სისასტიკე, უკანონობა, რიგითი მოქალაქის უუფლება ხელისუფლების წინაშე და ხელისუფლების სრული უკონტროლობა – როგორც თავისი ხალხის მიმართ, ასევე მთელი მსოფლიოს მიმართ და რაც ურთიერთდაკავშირებულია. და სანამ ეს ყველაფერი არსებობს, არც ჩვენს ქვეყანაში, არც მსოფლიოში, არავინ არ უნდა მიეცეს თვითდაწყნარებას.“
[…] საბჭოთა კავშირში, გულაგის მილიონობით მონის ძვლებზე, ადამიანური და უზარმაზარი ქვეყნის უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების უმოწყალო ექსპლუატაციის გზით, შესაძლებელი გახდა შექმნილიყო მძლავრი, თუმცა ცალმხრივად განვითარებული ეკონომიკა.“
[1] სტალინი მოკვდა, მაგის დედა რომ მოვ…ან, მალე სახლში ვიქნებით!
[2] 20 წერილი მეგობარს.
[3] იცი, მამა მანამდე ქართველი იყო.
[4] საზღგვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ძალაუფლებაში კომუნისტების მოსვლის
შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას გამოეყო.
[5] მოკლულ იქნა ღმერთმებრძოლი ხელისუფლების მიერ.
[6] კაპიტალისტურ ქვეყანა.
[7] სტაგნაცია, „ზასტოი“.
[8] კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტი.
[9] Путёвка, საგზური.
[10] სადაც არ უნდა იმუშავო, მთავარია არ იმუშავო.
[11] აიღე ნიჩაბი და დაიწყე თხრა ღობიდან სადილამდე.
[12] მოვა დრო და ამ სამწვადეს მივახურავ.
[13] კუბო გარდაცვლილის სხეულით.
[14] https://www.sakharov-archive.ru/sakharov/works/trevoga-i-nadezhda/
მარტი 2026
ირაკლი ქართველი დიპლომატი, მენეჯერი და ავტორია. იგი მუშაობდა ბრიუსელში, საქართველოს მისიაში ევროკავშირში, ასევე ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოში. დიპლომატიური სამსახურის შემდეგ საქმიანობდა კერძო სექტორში.
ირაკლი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მადრიდის დიპლომატიური სკოლისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დოქტორი (Magna cum laude). იგი სამი წიგნის ავტორია, მათ შორის „საბჭოთა საქართველო – პირადი მოგზაურობა უახლეს ისტორიაში“, რომელიც ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის მოკლე სიაში იყო.
