ევროპას რამდენი ცოდვა აქვს ჩადენილი სოკრატეს მოკვდინებიდან მოყოლებული, ვინ მოთვლის. თუმცა, საიდან მოდის საბჭოთა კავშირში გავრცელებული თეორია, თითქოს ჯორდანო ბრუნო იმიტომ დაწვეს, რომ აცხადებდა, დედამიწა ბრუნავსო, არ ვიცით. დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვასა და მზის გარშემო მოძრაობაზე, ჯორდანო ბრუნომდე ერთი საუკუნით ადრე, პოლონელი კოპერნიკი ლაპარაკობდა.
ჯორდანო ბრუნო იყო XVI-ის საუკუნის იტალიელი ფილოსოფოსი, ალქიმიკოსი, კოსმოლოგი, პოეტი და მისტიკოსი — რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალურად მოაზროვნე მეცნიერი, რომელიც 1600 წელს ინკვიზიციამ კოცონზე დაწვა.
ეს ამბავი სინამდვილეში ასე იყო. იმხანად მეცნიერება ეკლესია-მონასტრებს იყო მიკედლებული. ჯორდანო ბრუნოც სასულიერო პირი, ბერიც იყო და კოსმოლოგიის გარდა, თეოლოგიის საკითხებსაც იკვლევდა. იგი ქადაგებდა სრულიად ახალ, რევოლუციურ იდეებს სამყაროს შექმნისა და ღმერთის შესახებ. ბრუნო ეჭვქვეშ აყენებდა ქრისტეს ღვთაებრიობას, უარყოფდა უბიწო ჩასახვას და ტრანსუბსტანციაციის (პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქმნის) ცნებას. ეს ყველაფერი კათოლიკური ეკლესიის ფუძემდებელ დოგმებს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან ის ლაპარაკობდა სამყაროს უსასრულობაზე, პლანეტების მრავალფეროვნებაზე და სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაზე.
ეკლესიისთვის ჯორდანო ბრუნო იყო აჯანყებული ბერი, რომელმაც უარი თქვა რწმენის გზას დაბრუნებოდა. ინკვიზიციამ მიიჩნია, რომ მისი იდეები აკნინებდნენ ღვთის შექმნილ სამყაროს, ადამიანის უნიკალურობას და ეჭვქვეშ აყენებდნენ ქრისტიანული გადარჩენის კონცეფციას.
ინკვიზიციის სასამრთლოზე, განიხილებოდა ჯორდანო ბრუნოს არა კოსმოლოგიური, არამედ თეოლოგიური მიდგომები. სწორედ მისი რელიგიური მრწამსი და იდეები, რომლებიც მორწმუნეების სულიერ ჯანმრთელობას და საზოგადოებრივ წესრიგს უქმნიდა საფრთხეს, და არა მეცნიერული წიაღსვლები, გახდა ბრუნოს სიკვდილით დასჯის მიზეზი. იმ ეპოქის ევროპაში მეცნიერებს არაერთი რევოლუციური აღმოჩენა გაუკეთებიათ, მაგრამ ამის გამო არავინ დაუწვავთ კოცონზე.
მცდარია ასევე, რასაც საბჭოთა სკოლებში გვასწავლიდნენ, თითქოს ჯორდანო ბრუნოს ბოლო სიტყვები იყო: „და ის მაინც ბრუნავსო“. სასამართლო პროცესის ჩანაწერების მიხედვით, როცა განაჩენი გამოუცხადეს, ბრალდებულს უთქვამს: „მგონი, თქვენ უფრო გაშინებთ ჩემთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, ვიდრე მე - სიკვდილიო“. სწორედ ეს ითვლება მის უკანასკნელ სიტყვებად.
ახლა, როცა ჯორდანო ბრუნოს ამბავი გავარკვიეთ, საინტერესოა ის ცოდვილი ვინ არის, ვინც ბატონი კობახიძის თქმით, ევროპაში იმისთვის დაწვეს, რომ ქალს ქალი უწოდა და კაცს - კაცი. არც მისი სახელი გვითხრეს და არც ის, რომელი ქვეყნის, რომელ მოედანზე აწამეს. მარტო ის გვითხრეს, რომ ევროპა ავად არის. ევროპა, რა თქმა უნდა, სამოთხეში არ ცხოვრობს. დედამიწაზე არ არსებობს სამოთხე და ამ აზრს ჯორდანო ბრუნოც იზიარებდა. ევროპასაც აქვს ზოგჯერ ჯანმრთელობის პრობლემები.
მაგრამ იმ 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, რაც აჯანყებული ბერის კოცონზე დაწვიდან გავიდა, ევროპამ გაიაზრა, რომ ჯორდანო ბრუნო დასავლური აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურაა. დღეს ის თანამედროვე ცივილიზაციის წინამორბედად არის მიჩნეული. მისი ნააზრევის და ცხოვრების დამფასებელმა მომდევნო თაობებმა მას ძეგლი დაუდგეს იმ მოედანზე, სადაც ის აწამეს.
ცხადია, ჯორდანო ბრუნოსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში რომ დღევანდელი ევროპის სახელმწიფოებში არავის ემუქრება შევიწროება განსხვავებული აზრის თუ ვიღაცისთვის მიუღებელი შეხედულებების გამოხატვისთვის. ევროპაში ასამართლებენ მხოლოდ კრიმინალებს, ქურდებს, მკვლელებს, მოძალადეებს, არაპატიოსან და უპასუხისმგებლო მუშაკებს, თანაც განურჩევლად თანამდებობისა თუ ნათესაური კავშირებისა.
ჯორდანო ბრუნოს მემკვიდრეობის არასწორი ინტერპრეტაცია არა მხოლოდ ისტორიული შეცდომაა, ეს მორალურადაც არასწორი საქციელია. ის აკნინებს იმ ადამიანების გმირობას, რომლებმაც აზრის თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირეს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ დღეს თავისუფლების რეალური საფრთხე მომდინარეობს არა ევროპის წარსულიდან, არამედ იმათგან ვინც ცდილობს ინკვიზიცია დააბრუნოს „ტრადიციების“, „სუვერენიტეტის“ ან „დამახინჯებული რეალობის“ დაცვის სახელით.
თუ დემოკრატიას ვიცავთ, ჯერ სიმართლე დავიცვათ, მათ შორის, ისტორიული სიმართლე.