ფაქტები
vs.
მანიპულაცია
მანიპულაცია #4
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ინფორმაცია ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო შეტანის შესახებ, ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციების მე-20 პაკეტში, იყო გამოგონილი ან მანიპულაციურად გავრცელებული ევროპელი დიპლომატებისა და მედიის მიერ. ზოგიერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპელი ელჩები სიცრუისა და ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა.
„საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს. მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა“ — შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 10 მარტი, 2026;
„მთავარია, ბრიუსელმა ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.“ — მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარტი 2026;
„გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტზე და ზოგადად, სანქციებზე, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია – არაერთი ელჩის მხრიდან მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით ჭორაობა“ — ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, 10 მარტი, 2026;
მთავრობის წარმომადგენლების ამგვარი განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ყულევის ნავთობტერმინალის მიმართ ევროკავშირის შესაძლო სანქციებზე მიმდინარე დისკუსია წარმოადგენდა გამოგონილ პოლიტიკურ ნარატივს ან დიპლომატიური მანიპულაციის შედეგს.
თუმცა მოვლენების დოკუმენტირებული ქრონოლოგია და ევროკავშირის ოფიციალური განცხადებები ამ საკითხზე სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს.
ფაქტები
რას აჩვენებს მტკიცებულებები
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებების საპირისპიროდ, ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებული სანქციების საკითხი არ ყოფილა გამოგონილი.
ევროკავშირმა განიხილა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის გაფართოება, რომელიც, რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირების ხელშეწყობის გამო, შეეხებოდა მესამე ქვეყნებში მდებარე ორ ნავთობტერმინალს — ერთს საქართველოში, ყულევში, ხოლო მეორეს ინდონეზიაში, კარიმუნში. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ზომა გულისხმობდა ევროკავშირის კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის ამ პორტებთან ფინანსური და ეკონომიკური ოპერაციების აკრძალვას, (Reuters 9 თებერვალი 2026).
სანქციების პროექტი ერთობლივად მომზადდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ევროკომისიის მიერ და განხილვისთვის წარედგინა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. დოკუმენტში მითითებული იყო, რომ ყულევის პორტი გამოყენებული იყო რუსეთში წარმოებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტი-რებისთვის, რაც წარმოშობდა სანქციების გვერდის ავლას.
ევროპელი დიპლომატების განცხადებებიც ამ ფაქტს ადასტურებს. საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების პროექტი მოიცავდა ყულევის პორტს და მას თან ერთვოდა მტკიცებულებების პაკეტი, როგორც ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროკავშირის მიერ შემზღუდავი ზომების მომზადებისას (ინტერპერსნიუსი, 24 თებერვალი, 2026).
ამავე დროს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირმა აღნიშნული საკითხები საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრისასაც წამოჭრა (ინტერპრესნიუსი, 24 თებერვალი, 2026).
ძირითადი მანიპულაცია
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებები ეფუძნება შეცდომაში შემყვან ნარატივს. ისინი იმ ფაქტს, რომ ყულევის პორტი საბოლოო სანქციების პაკეტში არ შევიდა, წარმოაჩენენ როგორც მტკიცებულებას იმისა, თითქოს სანქციებთან დაკავშირებული ადრინდელი დისკუსია თავიდანვე გამოგონილი ან მცდარი იყო.
საქართველოს ხელისუფლების ამ ნარატივს სრულებით აბათილებს ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, ო’სალივანი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ყულევის პორტი, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში გაწეული ხელშეწყობის და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლის გამო შეთავაზებული იყო სანქციების მე-20 პაკეტში ჩასართავად. თუმცა, ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა საქართველოს ხელისუფლებისა და SOCAR-ის მიერ აღებული ვალდებულებების შემდეგ და რომ სწორედ ამ ვალდებულებებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ყულევის პორტის სანქციების პაკეტიდან ამოღებაში.
დასკვნა
ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იყო მცდარი და მანიპულაციური. მტკიცებულებები კი მიუთითებს შემდეგზე:
- ყულევის პორტი თავდაპირველად ნამდვილად იყო შეთავაზებული ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტში ჩასართავად და ეს საკითხი განიხილებოდა როგორც ოფიციალური საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც თან ერთვოდა მტკიცებულებების პაკეტი (Reuters, 9 თებერვალი,2026).
• მოგვიანებით ევროკავშირმა ეს საკითხი ხელახლა შეაფასა საქართველოს ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციისა და მათი მხრიდან აღებული ვალდებულებების საფუძველზე (ინტერპრესნიუსი, 10 მარტი, 2026).
ამგვარად, მოვლენების დოკუმენტირებული ქრონოლოგია არ ტოვებს ეჭვს, რომ განცხადება, თითქოს ევროპელმა ელჩებმა ყულევის პორტის სანქციების საკითხზე „იცრუეს“ ან „ჭორები გაავრცელეს“, თავად წარმოადგენს მცდარ და პოლიტიკურად მანიპულაციურ ნარატივს.
