თვალსაზრისი

ტრუმენიდან ტრამპამდე: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პოსტლიბერალურ სამყაროში

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამყარებს მოსაზრებას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმ ტრადიციული ვექტორის ცვლილებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა. სტრატეგიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკის მხრიდან ევროპის მიმართ მწვავე კრიტიკა,  ნატო-ს გაფართოების შეჩერებისკენ მინიშნება და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის მიღწევის სურვილი იქცევს. წინა წლებში თუ ჩინეთი ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეთ და გლობალურ საფრთხედ მოიაზრებოდა, ახალ დოკუმენტში ჩინეთის მიმართ რიტორიკა მეტწილად შერბილებულია, ხოლო რუსეთი ნაკლებად არის წარმოდგენილი. ამასთან, პრიორიტეტულ რეგიონად გამოკვეთილია დასავლეთ ნახევარსფერო. სტრატეგია გარკვეული თვალსაზრისით მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ნაციონალიზმის და მონროს დოქტრინის სულისკვეთებას იმეორებს, რასაც თან ახლავს  მკაცრი შერჩევითი პოლიტიკა.

მეორე მსოფლიო ომის დასასრული და აშშ-ს ახალი საგარეო პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, ღია ეკონომიკაზე, მრავალმხრივ თანამშრომლობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო ლიბერალური წესრიგის ჩამოყალიბებას სათავეში ჩაუდგა აშშ.

ვაშინგტონმა კრიტიკული როლი ითამაშა ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნაში, როგორიც არის გაერო, ნატო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. აშშ-ს სტრატეგია მოიცავდა მოკავშირეებთან თანამშრომლობით და მრავალმხრივი მიდგომით გლობალური გამოწვევების გადაჭრას, რასაც თან ახლდა რწმენა და ღირებულებები, რომ ამერიკის ეროვნულ ინტერესს საუკეთესოდ წარმოაჩენდა სტაბილური, მშვიდობიანი და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო. ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა შტატებისთვის – ის ჩამოყალიბდა მსოფლიოში უდიდეს ეკონომიკურ ძალად,  მიაღწია გამარჯვებას ცივ ომში, ხელი შეუწყო მსოფლიოში კეთილდღეობას და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალური დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფაში. ალიანსები სწრაფად ვითარდებოდა და ძლიერდებოდა, რასაც ხელს უწყობდა აშშ-ს მიერ საზღვარგარეთ ჯარების განთავსება და მოკავშირეებზე ბირთვული შეკავების მექანიზმების მინიჭება.

აშშ-ს ჩართულობით, სატარიფო ბარიერების შემცირებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების შემუშავებით და ახალი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფუძნებით, მსოფლიოში გამარტივდა სავაჭრო პოლიტიკა. ამან გააჩინა თავისუფალი ვაჭრობის სისტემა და გლობალიზაცია აქცია მშვიდობისა და განვითარების მამოძრავებელ ძალად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ინტერნაციონალიზმის მიმართ კრიტიკის მიუხედავად, მათ შორის იმ კონტექსტში, რომ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შენახვა ძალზედ ძვირი უჯდებოდა აშშ-ს, დღემდე ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს ბოლომდე უარი არ უთქვამს საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის ჩარჩოზე.

ტრამპის საგარეო პოლიტიკის უკეთ წვდომისთვის, შეგვიძლია გავაკეთოთ შედარებითი ანალიზი ჰარი ტრუმენის, რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშ უმცროსის და ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკურ ხედვებთან.

ტრუმენის დოქტრინა VS ტრამპის საგარეო პოლიტიკა: ტრუმენის დოქტრინის მთავარ არსს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის შეკავების პოლიტიკა, ე.წ „თავდაცვითი შეკავება“, რაც გულისხმობდა თავისუფალი ერების დაცვას კომუნისტური ექსპანსიისგან.  კომუნიზმის მიმართ ხისტი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოება გულისხმობდა კომუნიზმის საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებში სამხედრო მრჩევლების გაგზავნას, მათ სამხედრო დახმარებას, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარულ ინტერვენციებს და ზოგიერთ შემთხვევაში, პირდაპირ სამხედრო ჩარევას. ტრუმენის დოქტრინის მიხედვით შემუშავდა მარშალის გეგმა და საფუძველი ჩაეყარა ნატოს ჩამოყალიბებას. აშშ თავს თვლიდა იდეოლოგიურ ლიდერად და „თავისუფალი სამყაროს“ წამყვან ძალად, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიის, თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად უპირისპირდებოდა ტოტალიტარულ ექსპანსიონიზმს. ვაშინგტონი აქტიურად იყენებდა გაეროსა და ნატოს საბჭოთა კავშირის შესაკავებლად, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ის პირადადაც ერთვებოდა მოქმედებაში. ტრუმენისგან განსხვავებით, ტრამპი არ იზიარებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იდეას, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაღწიოს მუდმივ მსოფლიო დომინირებას.

მაშინ როდესაც ტრუმენის დოქტრინა აღიქვავდა მსოფლიოს, როგორც თავისუფალი და ავტორიტარული სისტემების დაპირისპირებას, ტრამპის ხედვა არის არაიდეოლოგიური და ტრანზაქციული. მისი პოლიტიკის მიხედვით აშშ მზად არის ნებისმიერი ტიპის მთავრობასთან, მათ შორის არადემოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობისთვის, თუ ამის საერთო ინტერესი არსებობს. ერთი რამ რაც საერთო აქვს ტრამპისა და ტრუმენის ხედვებს არის „ძალთა ბალანსის“ შენარჩუნება და ახალი ჰეგემონების აღზევების შეჩერება, თუმცა მხოლოდ აშშ-სთვის საინტერესო რეგიონებში. ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაცია აზრს ვერ ხედავს დიდი და საშუალო ძალების გავლენების შესამცირებლად რესურსების გაფლანგვაში.

ტრუმენის დოქტრინა წარმოადგენდა გლობალური ლიბერალური წესრიგის დაცვის ფართო ვალდებულებას, მაშინ როდესაც ტრამპის პოლიტიკა ფოკუსირებულია ძალიან სპეციფიკურ საკითხებზე და უარს ამბობს იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე. მაგალითისთვის, თუ ტრუმენის დროს აშშ ეხმარებოდა თურქეთსა და საბერძნეთს საბჭოთა კავშირის შეკავებაში, დღეს ტრამპის ადმინისტრაცია დასვამდა კითხვას: „კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კრიზისი ახდენს თუ არა ხელშესახებ გავლენას აშშ-ს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე? თუ არა, მაშინ რაიმე სახის ჩარევა არ არის გამართლებული“. ამგვარი ცვლილება გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ წინა ათწლეულებში მნიშვნელოვანი საკითხები დღევანდელი ადმინისტრაციისთვის შესაძლოა უინტერესო აღმოჩნდეს. აშკარაა, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული შეკავების მორალური ვალდებულება, როგორიც იყო „თავისუფალი ხალხისა და ერების მხარდაჭერა“ ნელ ნელა იცვლება უფრო მკაცრი რეალპოლიტიკით.

რეიგანის დოქტრინა VS ტრამპის პოლიტიკა: საბჭოთა კავშირის გავლენის შესამცირებლად, 1980 იანი წლებიდან რეიგანმა მნიშვნელოვნად გაამწვავა იდეოლოგიური შეტევა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მსოფლიო მასშტაბით, ღიად უჭერდა მხარს ანტიკომუნისტურ აჯანყებებს. ის უყურებდა რეგიონულ კონფლიქტებს ცივი ომის პრიზმინდან და კომუნიზმის წინააღმდეგ მზად იყო ყველაზე რადიკალური ნაბიჯისთვის. ვაშინგტონი მხარს უჭერდა მუჯაჰედებს ავღანეთში, კონტრას ნიკარაგუაში, უნიტას ანგოლაში და მარქსისტულ იდეოლოგიასთან მებრძოლ სხვა პარტიზანულ ჯგუფებს. ფაქტობრივად, რეიგანმა ტრუმენის თავდაცვითი შეკავების დოქტრინა საბჭოთა კავშირის დასუსტებისკენ მიმართული შეტევითი სტრატეგიით ჩაანაცვლა.

ამის პარალელურად, რეიგანი აძლიერებდა აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობებს და ამის პარალელურად აწარმოებდა ხისტ რიტორიკას „ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ“. რეიგანის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-ს მიერ განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა. მიუხედავად კრიტიკისა, ეს გადაწყვეტილებები მიმართული იყო თავისუფლების კოლექტიური დაცვისკენ, რაშიც მოკავშირე ქვეყნები მხარს უჭერდნენ. სწორედ რეიგანს მიუძღვის უდიდესი წვლილი საბჭოთა კავშირის დაშლაში და მსოფლიოში ახალი ლიბერალური წესრიგის განმტკიცებაში.

ტრამპის პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება რეიგანის ხედვებისაგან. ის არ არის დაფუძნებული ტრადიციულ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე და მოტივირებულია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრაგმატიზმით. ტრამპისთვის მთავარია რა მატერიალურ შედეგს მოუტანს აშშ-ს წარმართული პოლიტიკა და ნაკლებად აღელვებს სხვა ქვეყნების იდეოლოგიური მდგენელები. მაგალითად თუ რეიგანი, ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში ეხმარებოდა ავღანეთში კომუნისტების წინააღმდეგ ამბოხებულებს, ასეთ სიტუაციაში, ტრამპს ურჩევნია შუამავლის როლის მორგება და კონფლიქტების მშვიდობიანი „გარიგებებით“ დასრულება. ის ამაყობს იმით, რომ რამდენიმე თვეში მოაგვარა ისრაელ-ირანის სამშვიდობო საკითხი, აზერბაიჯან-სომხეთისა და ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტები, თუმცა საკითხავია რამდენად მტკიცე იქნება მშვიდობა გრძელვადიან პერიოდში. ეს არის დიპლომატიური მიდგომა რომელიმე მხარის შეიარაღებისგან თავის არიდებით. ტრამპისთვის პრიორიტეტულია მედიაციის გზით კონფლიქტების სწრაფი გადაჭრა, რის შედეგადაც ამერიკა იმაღლებს თავის ავტორიტეტს  „დაბალ ფასად“.

ტრამპის სტრატეგია დადებითად აფასებს მოკავშირე ევროპულ ქვეყნებში არსებულ „პატრიოტული პარტიების“ მზარდ გავლენას, რაც მიანიშნებს მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების მხარდაჭერაზე. ამ პროცესს ის მოიხსენიებს როგორც „ევროპული სულის აღორძინებას“. ასევე, ნიშანდობლივია, რომ თუ რეიგანი საბჭოთა კავშირს მოიხსენიებდა „ბოროტ იმპერიად“ და იდეოლოგიურად ებრძოდა კომუნიზმს, ტრამპი ახალ სტრატეგიაში საუბრობს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენაზე, ხოლო რუსეთისგან მომავალი საფრთხეები ახალ დოკუმენტში ფაქტობრივად აღარ არის აღნიშნული. ტრამპის კრემლთან დაძაბულობის განმუხტვის მცდელობა განსხვავება რეიგანის კონფრონტაციული პოზიციისგან, თუ არ ჩავთვლით ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნარკოკარტელები, ტერორიზმი და ბირთვული საფრთხეები.

ჯორჯ ბუშ უმცროსის დოქტრინა VS ტრამპის საგარეო პოლიტიკა: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა განსაზღვრა ახალი დოქტრინა, რომელიც მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ მხარს უჭერდა პრევენციულ ომებს და ინდივიდუალურ მოქმედებებს. დასაშვები იყო ავტორიტარული რეჟიმების აგრესიული ჩანაცვლებაც დემოკრატიული ძალებით. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მხარს უჭერდა პრევენციულ დარტყმებს მოწინააღმდეგეზე. ეს იყო ერთგვარი გადახვევა აშშ-ს ცივი ომის შეკავების პოლიტიკიდან. ბუშის დოქტრინა განსაზღვრული იყო ოთხი ძირითადი მიმართულებით: 1) პრევენციული მოქმედებები; 2) აშშ-ს ყოვლისმომცველი სამხედრო უპირატესობა; 3) კოლექტიური ნაბიჯების შეფერხების შემთხვევაში, ცალმხრივად მოქმედება; 4)  მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელება, როგორც ტერორიზმის დამარცხების გრძელვადიანი საშუალება. ბუში ამტკიცებდა, რომ ავტორიტარიზმის და ტირანიის დემოკრატიით ჩანაცვლება მშვიდობის მომტანი იყო. ამ სტრატეგიამ მოიტანა ერაყის და ავღანეთის ინტერვენციები, რამაც გაზარდა სკეპტიციზმი ისეთი საერთაშირისო ორგანიზაციების მიმართ, როგორიც არის გაერო. ბუშის პერიოდი გამოირჩევა ძლიერი ინტერვენციული პოლიტიკით. აშშ პირდაპირი პროვოკაციის გარეშეც ახდენდა ძალის გამოყენებას. ვაშინგტონი ასევე დიდ ინვესტირებას ახორციელებდა განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიულ მშენებლობაში, მათ შორის საქართველოშიც. ეს მიდგომა მიმართული იყო ამერიკულ ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ, რაც მოიაზრებდა დემოკრატიის მაღალ დონეს, ძლიერ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და თავისუფალ ბაზარს.

ბუშის დოქტრინა იყო ექსპანსიური და მოიცავდა ინტერვენციებს, რომელიც ფოკუსირებული იყო მსოფლიოს სწრაფ გარდაქმნაზე დემოკრატიულ სისტემაზე, მაშინ როდესაც ტრამპის პოლიტიკა მეტად თავდაცვითი და ნაციონალისტურია, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს დაცვაზე და სხვა ქვეყნებისთვის თავისუფალი მოქმედებების და საკუთარი საქმეების წარმართვის მინიჭებაზე იქამდე, სანამ მათი ქცევა არ შეუქმნის პირდაპირ საფრთხეს აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს. ერთადერთი საერთო რაც ბუშისა და ტრამპის ხედვებს აერთიანებს, არის მათი მოქმედების ინდივიდუალური და დამოუკიდებელი ხასიათი,  თუმცა ტრამპის შემთხვევაში, ეს  მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებსა და შერჩევით სამხედრო დარტყმებზე ვრცელდება.

ობამას პოლიტიკა VS ტრამპის საგარეო პოლიტიკა: 2000 იან წლებში აშშ-ს მიერ წარმოებული ომებისა და მათი ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემდგომ, ობამამ დაიწყო აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გადახედვა. მას არ გააჩნდა ოფიციალური დოქტრინა, თუმცა მისი საგარეო პოლიტიკური მიდგომა მეტად ინსტიტუციურ რეალიზმზე იყო დაფუძნებული, რაც გულისხმობდა ე.წ „უკნიდან მართვას“ და „სხვისი ხელით“ ჩართულობას, რისი მაგალითიც იყო 2011 წლის ლიბიის ინტერვენცია, სადაც აშშ მოქმედებდა ნატო/გაეროს ფარგლებში. ობამა თვლიდა, რომ აშშ-მ დამოუკიდებლად მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს ძალა, როდესაც პირდაპირი საფრთხის ქვეშაა ეროვნული ინტერესები. სხვა შემთხვევებისთვის ის პარტნიორებთან ერთად კოლექტიურ მოქმედებებს ანიჭებდა უპირატესობას. ეს მას განასხვავებდა ბუშის მიდგომისგან. ობამამ დიდი რესურსი ჩადო ალიანსებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების გაძლიერებაში და მოუწოდებდა მსოფლიოს საერთო ინტერესებსა და პატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ის თვლიდა, რომ ყოველთვის ომით ვერ მიიღწეოდა შედეგი, მისი პრეზიდენტობის დროს აქტიურად ხორციელდებოდა თავდასხმითი ოპერაციები ტერორისტულ სამიზნეებზე, მისივე ბრძანებით  იქნა ლიკვიდირებულ უსამა ბინ ლადენი. მისი პოლიტიკა შეიძლება შეფასდეს როგორც შერჩევითი ჩართულობის სტრატეგია, სადაც აშშ პირდაპირ უპირისპირდებოდა ისეთ საფრთხეებს, როგორიც იყო ტერორიზმი და ბირთვული გაუვრცელებლობა, თუმცა თავს იკავებდა სრულმასშტაბიანი ინტერვენციებისგან. ამის გარდა, ობამა მხარს უჭერდა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას, თუმცა საბოლოო ჯამში გადატვირთვა უშედეგო აღმოჩნდა. ობამას პრეზიდენტობის დროს ვაშინგტონი ცდილობდა აშშ-ს სიძლიერის და საერთაშორისო კონსენსუსის სიმბიოზის შექმნას, რომელიც მიმართული იქნებოდა საერთაშორისო ლიბერალური მოდელის განვითარებისკენ. მიუხედავად ამისა, სწორედ ობამას პრეზიდენტობის დროს 2014 წელს, რუსეთი  შეიჭრა უკრაინაში, რაც მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ წარუმატებლობად ითვლება.

ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ტრამპისა და ობამას ხედვები ემთხვევა ერთმანეთს, რაც გულისხმობს დიდი ომების აცილების სურვილს, თუმცა ტრამპს ეს აღელვებს არა საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დაცვის პრიზმიდან, არამედ დამატებითი ხარჯების თვალსაზრისით. მაგალითისთვის, ობამა ცდილობდა რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის შესაცვლელად სირიაში არ მოეხდინა მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია. ამის სანაცვლოთ, აშშ მიუერთდა საერთაშორისო სანქციებს, ეხმარებოდა სირიელ ოპოზიციონერებს, ახორციელებდა შეზღუდულ დარტყმებს და მხარს უჭერდა ქურთებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ტრამპმა კი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოახდინა ამერიკული სამხედრო კონტიგენტის ნაწილობრივი გაყვანა სირიიდან და „ჩააბარა“ ის თურქეთსა და რუსეთს.

ობამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნატოს და კოლექტიურ უსაფრთხოებას. სწორედ მის დროს დაიწყო აშშ-ს მიერ წყნარი ოკეანის მოკავშირეებთან სამხედრო ურთიერთობების მეტად განმტკიცება. ამის საპირწონედ, ტრამპის ახალი პოლიტიკა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ნატოსა და მის ევროპელ წევრებს და აშშ-ს პოზიცია ნატოს მომავალთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 

ობამას ადმინისტრაციის პირობებში, აშშ თავის მოწინააღმდეგეებთან ახდენდა შერეულ ჩართულობას, როგორც დიპლომატიური, ასევე კოორდინირებული საერთაშორისო სანქციების გზებით. ტრამპის შემთხვევაში კონკურენტებთან ურთიერთობა ორი უკიდურესობით ვლინდება.  კერძოდ, პირველ შემთხვევაში ეს არის რადიკალური კონფრონტაცია, რაც მოხდა ჩინეთის სატარიფო ომისა და ირანზე სამხედრო დარტყმისას. მეორე შემთხვევაში კი,   პერსონიფიცირებული და ტრანზაქციული, ე.წ „გარიგების მიღწევის“ მიდგომა ჩნდება, რაც დავინახეთ რუსეთის შემთხვევაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ობამას მიდგომა დაფუძნებული იყო მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ალიანსების ერთიანობაზე და ძალის ლიმიტირებულ გამოყენებაზე, ხოლო ტრამპის პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს აშშ-ს ავტონომიას, ტრანზაქციულ მიდგომებს და უპირატესობის სწრაფ მოპოვებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ტრადიციული ალიანსების დაკნინების ხარჯზე უნდა მოხდეს. ნათელია, რომ ტრამპი ალიანსებს არ სწყალობს და მოსალოდნელია, რომ ობამას და იგივე ბაიდენის ხედვა, რომელიც ითვალისწინებდა ალიანსების და საერთაშორისო ინსტიტუტების მეტად გაძლიერებას, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში რეგრესის რეჟიმში გადავიდეს. ეს, ასევე, დამოკიდებული იქნება ევროპულ ქვეყნებზეც, თუ რამდენად შეძლებენ ამერიკისგან ავტონომიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელსაც რუსეთის შეკავების შესაძლებლობა ექნება.

საქართველო ახალ რეალობაში

ტრამპის პოლიტიკა და აშშ-ს 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გარკვეული თვალსაზრისით  მეორე მსოფლიო ომამდელ პოლიტიკისკენ ბრუნდება, რასაც თან ახლავს შერჩევითი ხისტი პოლიტიკა. ბოლო 80 წლის განმავლობაში არსებული ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, რომლის მთავარი  ძალა აშშ იყო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მის ნაცვლად უახლოეს მომავალში ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ ვაშინგტონის მხრიდან სრული ფოკუსი ეროვნული სუვერენიტეტის ირგვლივ, ასევე, ეკონომიკური პროტექციონიზმი, ალიანსების ნაწილობრივი ჩანაცვლება ორმხრივი კავშირებით და სტრატეგიული პრაგმატიზმი, რომელიც უკვე სახეზეა.

აშშ კვლავ მიისწრაფის ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერებისთვის, თუმცა ამას აკეთებს არა მსოფლიოს სასიკეთოდ, არამედ მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვაშინგტონის ახალი ხედვით მოკავშირეები განიხილებიან არა პარტნიორებად საერთო საქმეში, არამედ დამოუკიდებელ სუბიექტებად, რომლებიც ცდილობენ ამერიკისგან სარგებლის მიღებას და თავისი ინტერესების გატანას. აშშ-ს მოწინააღმდეგეები კი განიხილებიან არა როგორც იდეოლოგიური მტრები, არამედ კონკურენტები, ვისთანაც შესაძლებელია მოლაპარაკება, გარიგება ან მათი დაბალანსება.

აშშ-ს პოლიტიკის ასეთი ცვლილება შესაძლოა ნეგატიური შედეგების მომტანი იყოს გეოგრაფიულად შორს მდებარე ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. რეგიონული საფრთხეების ფონზე, 1990 იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო სარგებლობდა ვაშინგტონის ძლიერი მხარდაჭერით ყველა დონეზე, თუმცა ტრამპის პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც რეგიონული, ასევე გლობალური პოლიტიკური ფონი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბევრ საკითხს საქართველოს ირგვლივ.

საქართველო დღეს იმყოფება გზაჯვარედინზე. ცივი ომის შემდგომი პერიოდის ტრადიციული მისწრაფებები, რაც გულისხმობდა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, ნატოსა და ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვას, და დასავლური უსაფრთხოების გარანტიების მიღებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების გავლენით.

გარე ფაქტორების კონტექსტში, ტრამპის სკეპტიციზმი ნატო-ს გაფართოების მიმართ, ასევე როგორც სხვა ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის შეჩერების ტენდენცია, და პრიორიტეტების გადატანა დასავლეთ ნახევარსფეროზე, რთულ სიტუაციაში აგდებს საქართველოს. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, დემოკრატიული გამოწვევები, მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკა და  ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთთან, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ საქართველო მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში. ასეთი მიდგომებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია რადგან ეს გარემოება სრულ ღირებულებით წინააღმდეგობაშია დასავლეთთან.

ამ გამოწვევების დასაძლევად საქართველომ მოკლე და  საშუალო ვადიან პერიოდში უნდა გადადგას მკვეთრი და ეფექტური ნაბიჯები იმისთვის, რომ არ დაკარგოს თავისი რეგიონული მნიშვნელობა და არ დარჩეს მოუმზადებელი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პირისპირ.

აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, საქართველომ პრინციპულად უნდა მოახდინოს აშშ-სთან, ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების აღდგენა. საქართველოს დასავლური გზიდან გადახვევა მას დატოვებს იზოლირებულს და დაუცველს რუსეთის იძულების პოლიტიკისა და ჩინეთის ე.წ „ვალის დიპლომატიის“ პირისპირ. ამის გარდა, საქართველომ უნდა შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის განხორციელების მიდგომები და პროაქტიულ მოქმედებებზე გადავიდეს.

ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც დგება დღეს მსოფლიოში, საჭიროა ტრადიციული საგარეო პოლიტიკური ჩარჩოებიდან გასვლა და საერთაშორისო სისტემის აღქმა უფრო ფართო პრიზმიდან, რაც გულისხმობს ახალ გაერთიანებებსა და ალიანსებზე ფიქრს. მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს დასავლური ინტეგრაცია, თუმცა უნდა გაჩნდეს ახალი საგარეო პოლიტიკური მიმართულებები და სიმძიმის ცენტრები, რომელიც თანხვედრაში იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ეჭვქვეშ აყენებს ნატოს გაფართოებას და საყვედურობს ევროპელ მოკავშირეებს, აშშ კვლავ რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოტენციურ უსაფრთხოების გარანტორად. ამავდროულად საქართველოს აქვს შანსი, რომ დაანახოს ტრამპის ადმინისტრაციას ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ფასი, რომელიც ვაშინგტონისთვის გახდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის და გაღრმავების პოლიტიკური მდგენელი. ამ მხრივ უნდა მოხდეს იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც ერთი მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ხოლო მეორე მხრივ თანხვედრაშია ტრამპის ტრანზაქციულ პრიორიტეტებთან. ამ საკითხების სიაში შესაძლოა აღმოჩნდეს  საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტში ამერიკული ინვესტორების ჩართვის შესაძლებლობა, ციფრული დერეფნის განვითარება აშშ-ს კომპანიების ჩართულობით, უკვე არსებული სტრატეგიული პროექტების განახლება, TRIPP დერეფანში საქართველოს კონტრიბუცია, „შუა დერეფანში“ აშშ-ს ჩართულობის შესაძლებლობა და სარგებლიანობა, საქართველოს, როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის ნეიტრალური არბიტრის როლი და სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველომ უნდა კარგად დაანახოს ვაშინგტონს თუ როგორ ემსახურება საქართველო-აშშ-ს მჭიდრო ურთიერთობები ორმხრივ ინტერესებს. 

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ცვლილების ფონზე მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთის შეკავება. ამ მხრივ თურქეთს საკვანძო როლი გააჩნია. როგორც ნატოს წევრი და ისტორიულად, შავ ზღვაზე რუსეთის საპირწონე ძალა, თბილისი უნდა შეეცადოს ანკარასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. ეს შესაძლოა გამოიხატოს ხშირი საერთო სამხედრო წვრთნებით, ერთობლივი რეგიონული სამხედრო ინიციატივებით და ქართული ჯარის მიერ თურქული სამხედრო ტექნოლოგიების შეძენით. ამ მხრივ საქართველოსთვის შესაძლოა საინტერესო იყოს თურქული წარმოების დრონები, რომლებსაც აზერბაიჯანი უკვე აქტიურად იყენებს თავის შეიარაღებაში. თურქეთთან ე.წ კვაზი-ალიანსის დამყარებამ შესაძლოა გაამყაროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და მეტი პოლიტიკური ბერკეტი მიანიჭოს მას.

ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ასევე საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან ისინი ნატოს წევრები არიან და რუსეთი მათთვის ასევე როგორც საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. სწორი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ქვეყნების მხრიდან გაიზარდოს საქართველოს მიმართ სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო რესურსების და შეიარაღების, გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი სამხედრო სწავლებების და ფინანსური მხარდაჭერის მიღების გზებით. ასევე, აღნიშნულ ქვეყნებთან შესაძლებელია სამხედრო ალიანსებზეც ფიქრი.

საქართველოს შეუძლია უკვე არსებულ ფორმატებში, როგორიც არის „სამი ზღვის ინიციატივა“ და სუამი იმუშაოს ინიციატივაზე, რომ ამ ფორმატებში მოხდეს სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტების შექნმა, რაც დამატებითი რეგიონული უსაფრთხოების მექანიზმი გახდება.

რაც შეეხება თავდაცვის მიმართულებას, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღებამდე მტრის შესაკავებლად, ასიმეტრიულ შეკავებით თავდაცვაზე ორიენტირებული საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს. ასეთი სისტემები აპრობირებულია პატარა ქვეყნებში, რომლებსაც ესაზღვრებათ მათზე ძლიერი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები. 

რუსეთი საქართველოს წინააღდეგ აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ისეთ ელემენტებს, როგორიც არის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია, შესაბამისად საჭიროა გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები, მათ შორის შეიქმნას თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე თავდასხმითი კიბერ დანაყოფები, რომლებსაც რეალურ დროში კიბერ ომის წარმოების შესაძლებლობა ექნებათ. დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით საჭიროა თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ფსიქოლოგიური ომის წარმოების დანაყოფების განვითარება, რაც წარმატებით მუშაობს პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ამის გარდა,  მნიშვნელოვანი იქნება ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ქმედითი სააგენტოს/უწყების შექმნა (Center of Excellence) და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული კონცეფციის შემუშავება.

იმ შემთხვევაში, თუ შეფერხდება ნატოს გაფართოება, საქართველომ, როგორც ასპირანტმა  ქვეყანამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააგრძელოს ალიანსთან თანამშრომლობა, და მიიღოს ის სარგებელი რაც მოაქვს ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა, ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოება და მატერიალური მხარდაჭერა. საქართველომ უნდა მიაღწიოს ნატო-ს ყველა სტანდარტს და მზად უნდა იყოს წევრობისთვის, რადგან ნატოს გაფართოების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, შეუფერხებლად გახდეს ალიანსის წევრი.  

ეკონომიკური კუთხით, ამერიკის პოლიტიკის ცვლილებას სავარაუდოთ არსებითი გავლენა არ ექნება საქართველოზე, რადგან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ არის დიდი მასშტაბების. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც დგას დიდი საფრთხის წინაშე, რაც გულისხმობს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას. სწორედ ამ დამოკიდებულების შემცირება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამის ყველაზე ეფექტური გადაჭრის მექანიზმია ბაზრების დივერსიფიკაცია.

დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარი ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო საყრდენს წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა მოხდეს DCFTA-ს სრული ათვისება, რისთვისაც საჭირო იქნება რეფორმების განახლება, მაღალი სტანდარტის საექსპორტო საქონლის წარმოების გაზრდა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გამოყენება დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად. დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის რეალურად დაბალი მაჩვენებელი და მაღალი კონკურენტული გარემო დააჩქარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაზრდის ევროპული ინვესტიციების შემოდინების შესაძლებლობას, თუმცა ამის განხორციელება არსებული პოლიტიკით შეუძლებელი იქნება.

საქართველოს სტრატეგიული როლის გაძლიერების მიზნით, საჭიროა  ჩინეთთან „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება ისე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. ნებისმიერ ინფრასტრუქტურული პროექტი ან გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს ეკონომიკური სარგებლიანობის, საერთაშორისო გარემოს გათვალისწინების და სუვერენიტეტის შენარჩუნების პრიზმიდან. ამის გარდა, ინდოეთთან და შორეული აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების და ციფრული დერეფნების განვითარების მიმართულებით შესაძლოა საკმაოდ პერსპექტიული იყოს საქართველოსთვის.

ნათელია, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა. ამერიკის პოლიტიკის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტექტონიკური ძვრებს საერთაშორისო სისტემაში და დადგეს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ის ლიბერალურ დემოკრატიული მსოფლიო წესრიგი, რომელსაც კაცობრიობა თითქმის 80 წლის განმავლობაში მიეჩვია, შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს, რისთვისაც საქართველო მზად უნდა იყოს.

ამ გარემოში საქართველომ უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი როგორც თავდაჯერებული, პრინციპული და ღირებულებებზე დაფუძნებული მოთამაშე, რომელიც მოქნილ და პრაგმატულ დიპლომატიას განახორციელებს. სწორედ ეს არის პატარა სახელმწიფოს რესურსი ქაოტურ საერთაშორისო სისტემაში. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული გეოგრაფიული, ისტორიული და ინტელექტუალური პოტენციალი, რათა ქვეყანა იქცეს რეგიონის წარმატებულ მაგალითად – ე.წ „Success Story in the Black Sea Region”, თუმცა ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული ჩარჩო, რის ნაკლებობასაც განიცდის დღეს ქვეყანა.

და ბოლოს, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილების მიუხედავად, არსებობს თეორიული შანსი, რომ აშშ კვლავ დაუბრუნდეს საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის მხარდაჭერის პოლიტიკას. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია რესპუბლიკურ პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ტრამპის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა და 2026 წელს დაგეგმილი აშშ-ს შუალედური არჩევნები, რომლის შედეგებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე.

დეკემბერი 2025

ნიკოლოზ ხატიაშვილი

ნიკოლოზი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტია საერთაშორისო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საკითხებში, რომელსაც 18 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მას მაღალი თანამდებობები ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტში. მისი საქმიანობა ფოკუსირებულია დემოკრატიის, ჰიბრიდული ომის და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ გამოხატვისა და განსხვავებული აზრის გამოთქმისუფლება. სწორედ ეს განგვსაზღვრავს, როგორც ევროპელებს“

შარლ მიშელი

Scroll to Top