თვალსაზრისი
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი — ევროპის გეოპოლიტიკური ამბიციის გამოცდა
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მომავალი სამიტი, რომელიც 2026 წლის 4 მაისს ქ. ერევანში გაიმართება, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს და პირველად ჩატარდება სამხრეთ კავკასიაში. ღონისძიება ასახავს, როგორც ევროპის მიმართულებით სომხეთის სწრაფი სვლის სურვილს, ისე ევროკავშირის მზარდ ჩართულობას სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის საპასუხოდ დაარსებული EPC, ევროპის სახელმწიფოებს შორის დიალოგის წარმართვის მოქნილ ფორმატს წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, მიგრაცია და კარგი მმართველობა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას არ გააჩნია სავალდებულო მექანიზმები, ის უზრუნველყოფს ინკლუზიურ პლატფორმას ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისთვის და კოორდინაციისთვის.
ერევნის სამიტი იქნება ტესტი ევროპის გეოპოლიტიკური ამბიციებისა და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული მოთამაშის როლის მოპოვების შესაძლებლობისთვის. სამიტი ასევე კონცენტრირდება რეგიონული დინამიკის განვითარებებზე, მათ შორის სომხეთის მცდელობებზე, დივერსიფიცირება მოახდინოს პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობისა და შეამციროს დამოკიდებულება ტრადიციული უსაფრთხოების მექანიზმებზე. ამავდროულად, ის ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ კონტრასტულ ტრაექტორიას, სადაც დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მიუხედავად საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერისა ამ პროცესისადმი.
სამიტი ახალი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარების ფონზე გაიმართება, სადაც რუსეთის გავლენის შემცირება როგორც შესაძლებლობებს, ისე გაურკვევლობებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს არ შეუძლია მკაცრი უსაფრთხოების სტრუქტურების ჩანაცვლება, ის ხელს უწყობს თანამშრომლობის გარემოს ჩამოყალიბებას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის გზით.
ეკონომიკურადაც, სამხრეთ კავკასია სტრატეგიულ მნიშვნელობას იმყარებს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი, რაც ზრდის ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას. თუმცა, სხვა გლობალურ მოთამაშეებთან კონკურენცია კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.
საბოლოო ჯამში, ერევნის სამიტის მნიშვნელობა დამოკიდებული იქნება ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობებზე. ის წარმოადგენს არა მხოლოდ მაღალი დონის შეკრებას, არამედ ევროპის გამოცდას, პოლიტიკური ამბიციების, მდგრადი რეგიონული ჩართულობისა და სტრატეგიულ გავლენების გარდაქმნის მიმართულებით.
მარტი 2025
ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია არის კარიერული დიპლომატი, რომელსაც 26 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მინისტრის მოადგილისა და ლატვიაში ელჩის პოზიციებზე. ის ხელმძღვანელობდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს, ეკონომიკურ დიპლომატიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებს და მონაწილეობდა მნიშვნელოვან რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
