თვალსაზრისი
შეუძლია თუ არა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულება? რისკები და შესაძლებლობები ევროკავშირისთვის
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
უკრაინაში მიმდინარე ომი უდიდეს გავლენას ახდენს ევროპის გეოპოლიტიკურ გარემოზე და წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ევროპული უსაფრთხოებისთვის. ათწლეულების განმავლობაში ევროპამ ფაქტობრივად უგულებელყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების განვითარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთლიანად აშშ-ს გადააბარა. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს არც ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ საკმარისი სამხედრო რესურსი საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დასაცავად.
ამ რეალობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთსა და აშშ-ს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებშიც ევროკავშირი ფაქტობრივად გვერდით დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ომი ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს მისი უსაფრთხოებისთვის. განსხვავება აშკარაა მიდგომებში: მაშინ როდესაც აშშ ცდილობს ცეცხლის შეწყვეტას „ნებისმიერ ფასად“, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი შეთანხმება აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებს. ევროპელი ლიდერები ასევე შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მოლაპარაკებები გამოიყენოს ძალების გადასაჯგუფებლად და მომავალი აგრესიის მოსამზადებლად.
აშშ–რუსეთის ბოლო მოლაპარაკებების დროს შესამჩნევი გახდა ცვლილებები რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რაც მიუთითებს მოსკოვის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე. უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების ჩართვა მოლაპარაკებებში აჩენს ეჭვს, რომ რუსეთის მიზანი ნაკლებად არის რეალური მშვიდობა და უფრო მეტად პროცესზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. ეს ზრდის რისკს, რომ შესაძლო შეთანხმებები არ იქნება მდგრადი და განმტკიცებული რეალური მექანიზმებით.
მოლაპარაკებების შესაძლო შედეგებს შორის ყველაზე სახიფათოა ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რაც შეიძლება გადაიზარდოს „გაყინულ კონფლიქტში“, როგორც ეს მოხდა საქართველოში და მოლდოვაში. ასევე მიუღებელია სცენარი, რომელიც უკრაინას აიძულებს დათმოს ოკუპირებული ტერიტორიები, რადგან ეს დააზიანებს საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს. ევროკავშირისთვის მისაღები ერთადერთი ვარიანტია შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, დასავლურ ინტეგრაციას და მუდმივ მხარდაჭერას, თუმცა რუსეთი ასეთ მიდგომას მკაცრად ეწინააღმდეგება.
ევროკავშირს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ისე შესაძლო შეთანხმების შესრულების კონტროლში. ეს მოიცავს სანქციების შენარჩუნებას ან გამკაცრებას, უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაზრდას, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას და ევროპის თავდაცვითი პოტენციალის სწრაფ განვითარებას. ასეთი ნაბიჯები მკაფიო სიგნალს გაუგზავნის მოსკოვს, რომ აგრესიულ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება.
ომის შედეგები ასევე გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის, განსაკუთრებით მოლდოვისა და საქართველოს მიმართ. უკრაინის სტაბილურობა გააძლიერებს ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივებს, მაშინ როცა ხანგრძლივმა ან გაყინულმა კონფლიქტმა შესაძლოა ისინი გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში დატოვოს. საბოლოოდ, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი უცვლელია: უკრაინის მხარდაჭერა, რუსეთის შეკავება და ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
მარტი 2025
გიორგი რობაქიძე
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
