თვალსაზრისი
ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი: უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის დაუმთავრებელი საქმე
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
ევროპისთვის დალხენილი ცხოვრების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. იაფი რუსული ენერგო რესურსებისა და ამერიკული უსაფრთხოების უპირობო გარანტიების ერა დასრულდა. ეს მომენტი არ უნდა განვიხილოთ, როგორც გადაულახავი პრობლემა, არამედ როგორც გარდამტეხი მომენტი: ევროპა ახლა ისტორიული ვალდებულების წინაშე დგას, აიღოს სრული პასუხისმგებლობა საკუთრ უსაფრთხოებაზე, მდგრადობასა და სტრატეგიულ ავტონომიაზე. ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ, ევროპის აღმოსავლეთში იგრძნობა.
ეს რეგიონი არ არის პერიფერიული ბუფერული ზონა, არამედ გადამწყვეტი არენაა, სადაც ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატიული სანდოობა და გეოპოლიტიკური იდენტობა გამოიცდება. უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და ადრე თუ გვიან ბელორუსის მომავალი განუყოფელია ევროპის სტაბილურობისგან. ამ რეგიონის არასრული ინტეგრაცია ევროპას რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის, ჰიბრიდული ომისა და პოლიტიკური იძულების წინაშე აყენებს.
ეს რეგიონი არ არის პერიფერიული ბუფერული ზონა, არამედ გადამწყვეტი არენაა, სადაც ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატიული სანდოობა და გეოპოლიტიკური იდენტობა გამოიცდება. უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და ადრე თუ გვიან ბელორუსის მომავალი განუყოფელია ევროპის სტაბილურობისგან. ამ რეგიონის არასრული ინტეგრაცია ევროპას რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის, ჰიბრიდული ომისა და პოლიტიკური იძულების წინაშე აყენებს.
ამ საზღვრის ცენტრში უკრაინაა. მისი, როგორც სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენა აუცილებელია ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ზღუდავს უკრაინის სუვერენიტეტს ან ბლოკავს მის გზას ევროკავშირში წევრობისკენ, შეარყევს ევროპული ინტეგრაციის სანდოობას, გააძლიერებს რუსეთის რევანშიზმს და შეასუსტებს რეფორმისტულ ძალებს მთელ რეგიონში. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა რჩება ერთადერთ სანდო გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიად და უკრაინის ევროატლანტიკური მომავალი დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დარჩეს, თუნდაც ამ ეტაპზე ეს საკითხი არ იყოს აქტუალური.
რუსეთის დაპირისპირება ევროპასთან უფრო ფართოა, ვიდრე ომი უკრაინაში. კრემლი აწარმოებს მრავალგანზომილებიან კამპანიას, რომელიც აერთიანებს სამხედრო ძალას დეზინფორმაციასთან, პოლიტიკურ ჩარევასთან და ეკონომიკურ ზეწოლასთან, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების შიგნიდან ეროზიას. ეს ჰიბრიდული ტაქტიკა წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს, რომელიც არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივი სამხედრო ძალა და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას. ევროპული სტრატეგიული კომუნიკაციების, დეზინფორმაციის საწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერება და დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია დემოკრატიული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო ამ ჰიბრიდული ომის მოდელის ეფექტურობის სამწუხარო მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2008 წელს, სამხედრო გზით, ვერ შეძლოს მთელი ქვეყნის დამორჩილება, რაც მისი თავდაპირველი ამოცანა იყო, მომდევნო ათწლეულში მიზანმიმართული პროპაგანდით, სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებით და საზოგადოების რადიკალური პოლარიზაციით გაცილებით ბევრს მიაღწია და დაამუხრუჭა ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი და ევროპული ინტეგრაცია. საქართველოს შემთხვევა ცვენებს, რომ დღეს სუვერენიტეტის დაცვა მოითხოვს, არა მხოლოდ საზღვრების, არამედ ინსტიტუტების, საინფორმაციო სივრცისა და სამოქალაქო მდგრადობის დაცვას.
ევროპის აღმოსავლეთის უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია მოლდოვაში პროგრესზე, სტაბილურ სამხრეთ კავკასიასა და ბელორუსიის მიმართ გრძელვადიან სტრატეგიაზე. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მხარდაჭერა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა, მოლდოვის მდგრადობის გაძლიერება და ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა განუყოფელი ნაწილია აღმოსავლეთი საზღვრის დაუცველობის ზონიდან სტაბილურობისა და თანამშრომლობის კორიდორად გარდასაქმნელად. ბალტიის და ადრიატიკის ზღვების მსგავსად, შავი ზღვა, ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის ძირითად სტრატეგიულ სივრცედ უნდა განვიხილოთ.
ევროპის მომავალი ურთიერთობა რუსეთთან, არა დეკლარაციებით, არამედ ამ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და ინტეგრაციის შედეგებით უნდა ჩამოყალიბდეს. ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერა მხოლოდ სოლიდარობის აქტი არ არის – ეს სტრატეგიული ინვესტიციაა ევროპის უსაფრთხოებაში, მის ავტონომიასა და მომავალ უსაფრთხოებაში. ევროპის 21-ე საუკუნის პროექტის წარმატება ან წარუმატებლობა მის აღმოსავლეთ საზღვარზე იქნება დამოკიდებული.
ნოემბერი 2025
