პოლიტიკის
მიმოხილვა
აშშ-ის სტრატეგიული პოზიციონირება და ევროპა: მარკო რუბიოს ბრიფინგის მთავარი გზავნილები
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ, 2025 წლის 19 დეკემბრის ბრიფინგზე წარმოადგინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ბრიფინგი უჩვეულოდ დიდხანს, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს ვაშინგტონი 2026 წელს ქვეყნის ეროვნული ინტერესების განსამტკიცებლად გლობალურად.
სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში დასაწყისშივე განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა მოითხოვს ძირფესვიან ცვლილებას, ვინაიდან ის სამყარო უკვე აღარ არსებობს, რომელზეც დღევანდელი პოლიტიკა არის მორგებული. მისი გამოსვლის ქვაკუთხედი იყო, ის რომ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, აშშ-ს პოლიტიკის განსაზღვრისას ამოსავალი წერტილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა იქნება. იქვე დაამატა, რომ საგარეო პოლიტიკის გატარებისას იხელმძღვანელებს პრაგმატიზმით, ზედმეტი ამბიციებისა და არარეალური და უვადო ვალდებულებების ნაცვლად.
თავის გამოსვლაში, მარკო რუბიომ მოიცვა საკითხების ფართო სპექტრი: აშშ-ს პოლიტიკა ჩინეთის მიმართ, ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ომი გაზაში, ურთიერთობა ვენესუელასთან და ზოგადად ლათინურ ამერიკასთან; საგარეო დახმარებების საკითხი და სხვა მრავალი თემა. წინამდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ძირითადად იმ საკითხებზე, რომლიც ევროპელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ: რუსეთ- უკრაინის ომი, ნატოს მომავალი, აშშ-ს თანამშრომლობა ევროპელ მოკავშირეებთან, ვაშინგტონის ურთიერთობა ევროპასთან და რუსეთთან.
უკრაინასთან დაკავშირებით, რუბიომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არცერთი მხარისგან სრულ სამხედრო გამარჯვებას არ ელის. შეერთებული შტატები თავს შუამავლის როლში მოიაზრებს და არა აღმასრულებლის. მისი ხედვით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება მისაღები უნდა იყოს როგორც კიევისთვის, ასევე მოსკოვისთვის. „ჩვენ არ გვსურვს ვინმეს რამე ვაიძულოთ“. უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისას, რუბიომ გაიმეორა ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს უკვე არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ომი აშშ-ის პრიორიტეტი არ არის – „ეს არ არის ჩვენი ომი, ის სხვა კონტინეტზე მიმდინარეობს“. თუმცა, აშშ-ს უარს არ ამბობს თავისი ფუნქცია შეასრულოს მომავალშიც; ოღონდ ეს იქნება უფრო დიპლომატიური (მედიატორული), ვიდრე სამხედრო დახმარების მიწოდება, როგორც ეს წინა ადმინისტრაციის დროს იყო. ეს კი აიძულებს ევროპას მეტი პოლიტიკური და ფინანსური პასუხისმგებლობა იკისროს.
რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების სირთულეს და აღნიშნა, რომ რეალური პროგრესი დამოკიდებულია, პირველ რიგში, მხარეთა ინტერესების გარკვევაზე, ორივე ქვეყნის წითელი ხაზების სწორ გააზრებაზე და არა საჯარო რიტორიკაზე. სახელმწიფო მდივნის თქმით, სწორედ ამას ცდილობს პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ძალიან შეწუხებულია ამ ომით, რომელშიც, ორივე მხრიდან, დიდი მსხვერპლია. მისი თვალსაზრისით, დიპლომატია მოითხოვს მოთმინებას, რეალიზმს და ფაქიზ მიდგომას, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია.
ნატოსთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის როლი გლობალური უსაფრთხოებაში და მე-5 მუხლისადმი ერთგულება, თუმცა აქაც ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობის გაზიარებას, როგორც ევროპელ მოკავშირეთა მზაობის მთავარ საზომს. ვაშინგტონის მთავარ მოთხოვნად რჩება თავდაცვის ხარჯების გაზრდა და ევროპული შესაძლებლობების გაძლიერება. ეს არის ის წინაპირობა, რომელიც აუცილებელია აშშ-ს ევროპაში ყოფნისთვის.
მთლიანობაში, ბრიფინგი ადასტურებს ევროპისთვის ისედაც კარგად ცნობილ რეალობას: აშშ-ის ჩართულობა კვლავ აუცილებელია, მაგრამ ის სულ უფრო და უფრო პირობითი ხდება. ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება მათი მხრიდან სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, თავდაცვის ინვესტიციების გაძლიერებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს პოზიციების გაზიარებაზე.
სტატიის ბოლოს ავტორი გამოყოფს იმ გზავნილებს რომელიც საყურადღებო უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის:
- მოკავშირეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ძლიერი დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა გაიზიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ამისთვის კი აუცილებელია თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ძალების მოდერნიზაცია და ოპერატიული კოორდინაციის გაძლიერება აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ს ქმედითი დახმარებისთვის.
- კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიევის მხარდაჭერა. ევროპამ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის სამხედრო თვალსაზრისით დასახმარებლად.
- აშშ-ის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში ყოფნის პარალელურად, ევროპამ უნდა გააუმჯობესოს საკუთარი შესაძლებლობები და, ამავე დროს, განავითაროს საკუთარი სტრატეგიული ავტონომია.
• ევროპამ უნდა დაანახოს რუსეთს რომ ის არ დაღლილა და შეინარჩუნოს ეკონომიკური ზეწოლა, მკაფიოდ განსაზღვროს წითელი ხაზები და საჭიროების შემთხვევაში მზად იყოს მყისიერი მოქმედებისთვის, მოსკოვის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციაზე.
