EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი ანალიტიკა ფაქტები vs მანიპულაცია მანიპულაცია 11
ფაქტები vs მანიპულაცია

მანიპულაცია 11

19 აგვისტო 2026
ჩამოტვირთე PDF

რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ისტორიული ზიანის გადაწერის მცდელობა

განცხადებები

ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 12 აგვისტოს ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატი, განაცხადა: „გეორგიევსკის ტრაქტი სხვა მოცემულობა იყო… რუსეთი მაშინაც უზარმაზარი სახელმწიფო იყო, ჰქონდა საკუთარი ძალისმიერი პოლიტიკა და თავისი ინტერესები და განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. როდესაც ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში“ (ტაბულა, 12 აგვისტო, 2026).

18 აგვისტოს, საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ირაკლი კობახიძემ ამ თემას 11 წუთი მიუძღვნა, მან განმეორებით განაცხადა: „საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა… ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო — როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც“. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ტრაქტატის დღევანდელ კრიტიკოსებს „ფსევდოლიბერალები“ უწოდა, რომლებიც „ერეკლე მეორეს სწორედ იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ, რომელმაც საქართველოს ისტორიული არსებობისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების… შესაძლებლობა შეუნარჩუნა“ (Formula News, 18 აგვისტო, 2026).

იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მართალია: „1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული დარტყმა მიიღო ისე, რომ ამ ტრაქტატის პირობები რუსეთს არ შეუსრულებია… [თუმცა] საბოლოო ჯამში, [ტრაქტატმა] იმაზე იმუშავა, რომ საქართველო არ გახდა… რომელიმე მუსლიმური კულტურის და საკმაოდ აგრესიული მეზობლის ვასალი ან საერთოდ, არ გაქრა როგორც ერი და ნაცია“ (Metronome.ge, 18 აგვისტო, 2026).

პარალელურად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც. 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს… 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“ (ipress.ge, 8 აგვისტო, 2026). აღნიშნული განცხადება, რომელიც ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვას წარმოაჩენს 2008 წლის ომის დაწყების მთავარ მიზეზად და არა რუსეთის შემოჭრას, სიტყვასიტყვით წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პროპაგანდისტულ ხაზს — მაშინ, როცა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებმა დოკუმენტურად დაადასტურეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისი შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები (sakartvelosambebi.ge, 8 აგვისტო, 2026).

11 აგვისტოს, ჟურნალისტის პირდაპირ შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საქართველოს „მტრად“, კობახიძემ განაცხადა: „… სასაცილოები ხართ… გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, თუნდაც იგივე რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რუსეთის ფედერაცია არის მტერი. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოაყოლო“ (JAMnews, 11 აგვისტო, 2026).

ფაქტები

გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთის იმპერია კისრულობდა ვალდებულებას, დაეცვა ქართლ-კახეთი გარეშე მტრებისგან და ხელშეუხებელი დაეტოვებინა ბაგრატიონთა დინასტია და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. რეალობაში, უკვე 1784–1786 წლებში თურქული და ლეკური რაზმების თავდასხმებმა მოაოხრეს ქართლ-კახეთი, ხოლო 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობისას, რუსულმა გარნიზონმა დაპირებული დახმარება არ აღმოუჩინა ერეკლე მეორეს — თბილისი დაარბიეს და გადაწვეს, ათასობით მცხოვრები დახოცეს ან ტყვედ წაასხეს. 1801 წელს, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ცალმხრივი მანიფესტით გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. ამის შემდეგ, რამდენიმე ათწლეულში რუსეთმა თანმიმდევრულად შთანთქა დანარჩენი ქართული სამეფო-სამთავროებიც — იმერეთი (1810), გურია (1829), სამეგრელო (1857), სვანეთი (1858) და აფხაზეთი (1864) — რომელთაგან არც ერთი ტრაქტატის მხარე არ იყო და, შესაბამისად, „ეროვნული გადარჩენის“ არგუმენტი მათზე საერთოდ არ ვრცელდება.

1811 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს პირდაპირ მოსთხოვა უფლებამოსილების დათმობა, რის შემდეგაც კათოლიკოსი რუსეთში გადაასახლეს, ხოლო საქართველოს ეკლესია რუსეთის წმინდა სინოდის ეგზარქოსს დაუქვემდებარეს — გეორგიევსკის ტრაქტატით „საუკუნოდ“ ხელშეუხებლად გამოცხადებული პირობის პირდაპირი დარღვევით. ეს უდიდესი მავნებლობა და ეროვნული ტრაგედია იყო, რადგან ამით ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობის უკანასკნელი ბასტიონი, ხოლო ქართული საეკლესიო საგანძური და კულტურული მემკვიდრეობა სასტიკ ძარცვასა და რუსიფიკაციას დაექვემდებარა: 24 ეპარქია თანდათან ხუთამდე შემცირდა, ქართული წირვა-ლოცვა და მრავალხმიანი საგალობლები რუსულით ჩანაცვლდა, ხოლო საეკლესიო ხელნაწერთა და ძეგლთა მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა ან რუსეთში გავიდა (ვახტანგ გურული, „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811–1814)“).

ცარისტულ რუსეთში ასევე მოხდა ქართული ენის შეზღუდვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და სასწავლო პროცესში. ამ პოლიტიკას წინ აღუდგა მაშინდელი ქართული ინტელიგენცია ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც 1879 წელს, დიმიტრი ყიფიანთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, დააარსა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ — ორგანიზაცია, რომელიც 1885–1907 წლებში თავად ილიას ხელმძღვანელობდა და ემსახურებოდა ქართული ენის შენარჩუნებას, სკოლების დაარსებას და ეროვნული განათლების გავრცელებას (საქართველოს ეროვნული არქივი).

ქართველი ისტორიოგრაფიის ფუძემდებელმა ივანე ჯავახიშვილმა, 1919 წლის მონოგრაფიაში „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“, ტრაქტატს ცალსახად უარყოფითი შეფასება მისცა: „1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი — აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა.“ იგივე ნაშრომის დასკვნით თავში ჯავახიშვილი კიდევ უფრო მკაცრად აჯამებს რუსეთის პოლიტიკის არსს: „რუსეთის მთელი მოქმედება და პოლიტიკა საქართველოს მიმართ ნამდვილად რუსულ პოლიტიკურ ინტერესებით იყო ნაკარნახევი და მხოლოდ ნიღაბჩამოფარებული, მაგრამ ტლანქი ეროვნული ეგოიზმის განხორციელება იყო“.

აღა-მაჰმად ხანის 1795 წლის ლაშქრობის შესახებ, როცა რუსულმა გარნიზონმა ხელშეკრულებით ნაკისრი დაცვის ვალდებულება არ შეასრულა, ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ ერეკლე მეფე „საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსშიც შაჰ-აბასის შემდგომ არ ყოფილა“ — თბილისი დაინგრა და დაიწვა, ხოლო ათასობით მცხოვრები დაიხოცა ან ტყვედ წაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ხანის წამყვანი ისტორიკოსების, მათ შორის ნიკო ბერძენიშვილის, ნაშრომში „საქართველოს ისტორია“ (1958) დაფიქსირებული „უმცირესი ბოროტების“ თეორიაც კი — რომლის თანახმად რუსეთთან შეერთება „ცარიზმის ძალადობის მიუხედავად“ ერის ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზა იყო — თანამედროვე კვლევებში აღიარებულია საბჭოთა პარტიული ცენზურის ზეწოლით ჩამოყალიბებულ, წინააღმდეგობრივ აზრად და არა თავისუფლად გამოთქმულ სამეცნიერო დასკვნად.

საბჭოთა ოკუპაცია. რუსეთის იმპერიის მსგავსად, არანაკლები ზიანი მიადგა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგაც. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, ხუთკვირიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, დაიკავა თბილისი და დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც დასავლეთის რიგი ქვეყნების, და მათ შორის თავად საბჭოთა რუსეთის (რსფსრ) მიერ, იყო აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. საბჭოთა ოკუპაცია 1991 წლამდე, ანუ 70 წელი გაგრძელდა. ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები, მათ შორის 1937–1938 წლების დიდი ტერორი, რომლის დროსაც დახვრიტეს და გადაასახლეს ათასობით ქართველი მეცნიერი, სასულიერო პირი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე. ეს პერიოდი დოკუმენტურადაა აღრიცხული საქართველოს ეროვნული არქივისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევებში.

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში საქართველოში მძლავრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაჩაღდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში მშვიდობიანი აქცია სამხედრო ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით სისხლში ჩაახშო, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (ქართული ვიკიპედია, სტატია „9 აპრილის ტრაგედია“; JAMnews, 9 აპრილი, 2026).

 

1991–დღემდე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში რუსეთი აქტიურად ეწეოდა საქართველოს წინააღმდეგ მტრულ და აგრესიულ ქმედებებს. რუსეთმა ხელი შეუწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების ესკალაციას (1992–1993), შემდეგ კი, 2008 წლის აგვისტოში, პირდაპირი სამხედრო აგრესია განახორციელა და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებმა დოკუმენტურად დაადასტურეს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთმა ცალმხრივად ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“, აგრძელებს ბორდერიზაციის პოლიტიკას და ახორციელებს ჰიბრიდულ, მათ შორის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ, ზეწოლას საქართველოს წინააღმდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, სრულიად გაუმართლებელი და ამორალურია დღევანდელი ხელისუფლების ნარატივი, რომელიც ცდილობს რუსეთის იმპერიის „გაკეთილშობილებას“ და საქართველოს ისტორიაში მისი როლის დადებითად წარმოჩენას. ეს არის მანიპულაციური და დეზინფორმაციული ქმედება, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

ძირითადი მანიპულაცია

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აერთიანებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ მანიპულაციურ ტექნიკას. პირველი — სელექციური გამოტოვება: კობახიძის ნარატივი მთლიანად გამორიცხავს რუსეთის მიერ ტრაქტატის სამჯერადი დარღვევის ფაქტს (1795, 1801, 1811) და დანარჩენი ქართული სამთავროების შემდგომ დაპყრობას. მეორე — ისტორიული ინვერსია: ტრაქტატის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო დაკარგვა წარმოდგენილია როგორც „გამარჯვება“ და „გადარჩენა“ — შეფასება, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავად ივანე ჯავახიშვილის დასკვნა. მესამე — კოორდინირებული ნარატივი: რამდენიმე დღის განმავლობაში მსგავსი თეზისი გაიმეორეს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის დეპუტატმა, რაც შემთხვევითი დამთხვევის ნაცვლად ორგანიზებულ საკომუნიკაციო ხაზზე მიუთითებს. მეოთხე — სემანტიკური თავის არიდება: რუსეთის მიერ ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია აღიარებულია როგორც „დანაშაული“, მაგრამ ამავე დროს უარი ითქმის რუსეთის „მტრად“ წოდებაზე — რაც შინაარსობრივ წინააღმდეგობას წარმოადგენს. მეხუთე — პასუხისმგებლობის გადატანა: 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობის თითქმის მთლიანად წინა ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის აგრესორად პირდაპირ ხსენებისგან თავის არიდება ეწინააღმდეგება საქართველოს საკუთარ 2008 წლის ოფიციალურ გადაწყვეტილებებს (დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) და სიტყვასიტყვით იმეორებს რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდისტულ ჩარჩოს.

დასკვნა

დოკუმენტური ისტორიული წყაროებისა და ქართველ მკვლევართა ნაშრომების საფუძველზე ცალსახად დასტურდება, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიამ არაერთხელ დაარღვია და საბოლოოდ გამოიყენა საქართველოს სამეფოს გასაუქმებლად და ანექსიისთვის — შესაბამისად, კობახიძის მტკიცება, თითქოს ტრაქტატმა „მშვიდობა მოუტანა“ და „გადაარჩინა“ საქართველო, სიცრუეა. საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადება იზოლირებული ეპიზოდი არ არის. იგი სრულად ეხმიანება ბოლო წლებში დამკვიდრებულ უფრო ფართო ნარატივს, რომლის მიზანიც რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ისტორიული ზიანის მნიშვნელობის შემცირება ან მისთვის პასუხისმგებლობის არიდებაა. ეს ზიანი მოიცავს ანექსიას, ნახევარსაუკუნოვან ოკუპაციასა და რეპრესიებს, ისევე როგორც თანამედროვე რუსეთის სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას.

ვერდიქტი: ტყუილი

წყაროები

  1. ტაბულა, „კობახიძე: გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა“, 12 აგვისტო, 2026 — https://tabula.ge/ge/news/750838-kobakhidze-georgievskis-traktatma-gadaarchina
  2. Formula News, „კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგი“, 18 აგვისტო, 2026 — https://formulanews.ge/News/133967
  3. Metronome.ge, „კობახიძის შემდეგ, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით შედეგებზე ვოლსკიც საუბრობს“, 18 აგვისტო, 2026 — https://mix.metronome.ge/news/322000
  4. ipress.ge, „ირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს…“, 8 აგვისტო, 2026 — https://ipress.ge/news/politika/irakli-kobakhidze-ruset-saqartvelos-omi-daitsyo-8-agvistos-8-agvistos-shemovida-rusetis-jari-7-agvistos-rats-mokhda-es-iyo-is-rom-saakashvilis-rezhimma-dabomba-tskhinvali
  5. sakartvelosambebi.ge, „8 აგვისტოს დაიწყო ომი, 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი — კობახიძე“, 8 აგვისტო, 2026 — https://www.sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/8-agvistos-daitsqo-omi-7-agvistos-saakashvilis-rezhimma-dabomba-tskhinvali-kobakhidze
  6. ჯამნიუსი (JAMnews), „კობახიძე: რუსეთს მტრად საჯაროდ იმიტომ არ…“, 11 აგვისტო, 2026 — https://jam-news.net/ge/kobakhidze-rusetze/
  7. ივანე ჯავახიშვილი, „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“ (1919); ციტირებულია ქართული ვიკიპედიის სტატიაში „გეორგიევსკის ტრაქტატი“ — https://ka.wikipedia.org/wiki/გეორგიევსკის_ტრაქტატი
  8. ნიკო ბერძენიშვილი და თანაავტორები, „საქართველოს ისტორია“, I, თბ., 1958, გვ. 387 („უმცირესი ბოროტების“ თეორია); ციტირებულია გიორგი ანჩაბაძის აკადემიურ რეცენზიაში ლუიჯი მაგაროტოს მონოგრაფიაზე, ჟურნალი „კადმოსი“ (1), 2009, გვ. 347–353, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო რეპოზიტორიუმი — http://eprints.iliauni.edu.ge/1946/
  9. ვახტანგ გურული, „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811–1814)“ — https://scroll.ge/35392/vakhtang-guruli-saqarthvelos-samotsiqulo-eklesiis-avtokephaliis-gauqmeba-1811-1814/; ასევე: „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ისტორიიდან“ — https://www.orthodoxy.ge/tveni/marti/12-avtokefalia.htm
  10. საქართველოს ეროვნული არქივი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ — https://archive.gov.ge/ge/tsera-kitkhvis-gamavrtselebeli-sazogadoeba-2
  11. საქართველოს ეროვნული არქივი, „ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში, 1921–1924“ — https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/antisabchota-erovnuli-modzraoba-da-ajanqebebi-sakartveloshi-1
  12. ქართული ვიკიპედია, სტატია „9 აპრილის ტრაგედია“ — https://ka.wikipedia.org/wiki/9_აპრილის_ტრაგედია; JAMnews, „9 აპრილის ტრაგედია“, 9 აპრილი, 2026 — https://jam-news.net/ge/9-aprilis-tragedia/