EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი ანალიტიკა კომენტარი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები: პრაგმატიზმსა და კონფრონტაციას შორის
კომენტარი

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები: პრაგმატიზმსა და კონფრონტაციას შორის

1 სექტემბერი 2025
ჩამოტვირთე PDF
რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები: პრაგმატიზმსა და კონფრონტაციას შორის

რუსეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები 2025 წელს სულ უფრო აშკარად გადავიდა ფარული დაძაბულობიდან ღია კონფრონტაციისკენ. მიუხედავად წლების განმავლობაში შენარჩუნებული პრაგმატული თანამშრომლობისა ენერგეტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში, მოსკოვსა და ბაქოს შორის ნდობა თანდათან დაირღვა. გარდამტეხი მომენტი კამ კუთხით  რუსეთის მიერ უკრაინაში SOCAR-ის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა გახდა, რაც ოფიციალური ბაქოს მიერ აღქმული იქნა როგორც მკაფიო პოლიტიკური და დიპლომატიური სიგნალი.

SOCAR-ის ოდესის ოლქში მდებარე საწვავის საცავებზე განხორციელებულმა საავიაციო დარტყმებმა ცხადყო, რომ რუსეთი მზად არის ზეწოლა მოახდინოს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მის პარტნიორებზეც. უკრაინის ხელისუფლებამ ეს შეტევები რეგიონული ენერგოუსაფრთხოებისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა. აღნიშნული ინციდენტები ეწერება უფრო ფართო კონტექსტში, რომელიც მოიცავს ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რუსეთის შიგნით განხორციელებულ ძალადობრივ ოპერაციებს და აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობა მნიშვნელოვნად შეარყია.

მოსკოვის სტრატეგია ეფუძნება არაპირდაპირ ზეწოლას და ბუნდოვან სიგნალებს: ოფიციალური პასუხისმგებლობის აღების გარეშე, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ შეუძლია რეგიონული ენერგეტიკული ნაკადების დარღვევა და აზერბაიჯანის დასავლეთთან დაახლოების შეფერხება. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ პირველი დარტყმა დაემთხვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით გაფორმებულ სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებას, რაც კრემლისთვის კავკასიაში დასავლური ჩართულობის გაძლიერების წინააღმდეგ მიმართული მკაფიო ნიშანი იყო.

აზერბაიჯანისთვის ეს ვითარება რთულ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან არჩევანს ქმნის. ერთის მხრივ, ბაქო ცდილობს თავიდან აიცილოს ღია კონფლიქტი რუსეთთან, თუმცა მეორეს მხრივ, SOCAR-ზე შეტევების იგნორირება აზიანებს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სანდოობას. ამასთან რუსული პოლიტიკა საბოლოოდ თავადვე ასუსტებს მის გავლენას კავკასიაში, ხოლო აზერბაიჯანს უბიძგებს უფრო მტკიცედ დაუკავშიროს საკუთარი მომავალი დასავლურ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სტრუქტურებს.

გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.

© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *