EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი საჯარო ჩართულობა ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა ვენაში სამხრეთ კავკასიის საკითხებზე გამართულ ექსპერტთა მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა
საჯარო ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა ვენაში სამხრეთ კავკასიის საკითხებზე გამართულ ექსპერტთა მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

📅
თარიღი
პარასკევი, 3 ივლისი 2026 განვლილი ღონისძიება
📍
ადგილი
IDM, ვენა
🏷️
ტიპი
საჯარო ჩართულობა

ვენა, 2026 წლის 3 ივლისი – ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ვენაში, დუნაისა და ცენტრალური ევროპის რეგიონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ  ექსპერტთა მრგვალ მაგიდაში – „სამხრეთი კავკასია ცვლილებათა ეპოქაში: დაკავშირებადობა, რეგიონული თანამშრომლობა და ევროპული პერსპექტივა.“

დისკუსიამ თავი მოუყარა ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექსპერტებსა და პრაქტიკოსებს, რომლებმაც იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, რეგიონული თანამშრომლობისა და სატრანსპორტო დაკავშირებადობის პერსპექტივებზე, ასევე ევროპის როლზე რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობაზე.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის სახელით დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დონდუამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის მზარდ გავლენაზე. მისი შეფასებით, პრორუსული ძალები და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო აქტიურად ავრცელებენ ნარატივს, თითქოს საქართველოს ევროპული არჩევანი გარედან თავსმოხვეული გადაწყვეტილებაა, ხოლო „სახელმწიფო ნეიტრალიტეტს“ ევროპულ ინტეგრაციაზე უფრო უსაფრთხო ალტერნატივად წარმოაჩენენ.

ელჩმა დონდუამ აღნიშნა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, უსაფრთხოების გარემოსა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტი რეალისტური სტრატეგიული არჩევანი არ არის. პირიქით, ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევა ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას კი არა, რუსეთისადმი დამოკიდებულების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო სამხრეთ კავკასიის მომავლის, რეგიონული თანამშრომლობისა და იმ გზების განსახილველად, თუ როგორ შეუძლიათ ევროპელ პარტნიორებს ხელი შეუწყონ ადგილობრივ ინიციატივებს, რეგიონულ სტაბილურობასა და მდგრადობას.