I. რა არის ეს ანგარიში და როგორ უნდა წავიკითხოთ იგი
2025 წლის მაისში ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჩამოაყალიბეს ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ1 — დოკუმენტი, რომელიც ამ გამოცემამ თავის დროზე შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა არასათანადო რესურსებით უზრუნველყოფილი მცდელობა, რომ შავი ზღვა არა ევროპის პერიფერიად, არამედ სტრატეგიულ სივრცედ იქნას აღქმული.2 დოკუმენტი ერთი უჩვეულო მოთხოვნითაც გამოირჩეოდა: მასში თავად ავტორებს დაევალათ, ერთი წლის შემდეგ განხორციელების შესახებ ანგარიში წარმოედგინათ. 2026 წლის 3 ივლისს მათ ეს ვალდებულება შეასრულეს.
წინამდებარე დოკუმენტი არის ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიული მიდგომის განხორციელების ანგარიში.3
ამ ანგარიშში ორი თავისებურებაა განმსაზღვრელი, რასაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ. ერთი მხრივ, იგი დაწერილია იმავე ინსტიტუტების მიერ, ვისი საქმიანობაც ფასდება. მეორე მხრივ, პროგრესი აქ კონკრეტული საზომით არის შეფასებული: რამდენი შეხვედრა გაიმართა, რამდენი პლატფორმა შეიქმნა და რამდენი კვლევა გამოქვეყნდა. ამიტომ მთელი ანალიზის განმავლობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩართულობასა და შედეგს შორის განსხვავებას.
მინისტერიალის შეხვედრა ჩართულობაა. მოქმედი საზღვაო უსაფრთხოების ჰაბი კი — შედეგი. სტრატეგიის განხორციელებიდან ერთი წლის შემდეგ ანგარიშში პირველი ბევრია, მეორე კი, ბუნებრივია, ჯერ კიდევ მწირი.
II. პირველი მიმართულება: უსაფრთხოება, სტაბილურობა და მედეგობა
სტრატეგიის მთავარი უსაფრთხოების ინიციატივა იყო შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბი — რეგიონული ცენტრი, რომლის მიზანია შავ ზღვაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაერთიანება და გაზიარება.
ერთი წლის შემდეგ ბულგარეთმა და რუმინეთმა ერთობლივად შეიმუშავეს მისი კონცეფცია: სამოქალაქო ხელმძღვანელობით მოქმედი, სხვადასხვა უწყების მომცველი ქსელი, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების შესახებ ერთიანი სურათის შექმნას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და საერთო საფრთხეების შეფასებას. საწყის ეტაპზე, პირველ პარტნიორებად განსაზღვრული არიან თურქეთი, უკრაინა და მოლდოვა.
კონცეფციის შემუშავება, ცხადია, რეალური წინგადადგმული ნაბიჯია სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემულ ერთ აბზაცთან შედარებით. თუმცა ეს ჯერ კიდევ ჰაბი არ არის.4
ამასთან, უკვე არსებობს კონკრეტული შედეგებიც. უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიამ ხელი შეუწყო ოდესაში ეროვნული ერთობლივი საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას, რომლის ოპერირების კონცეფცია 2026 წლის მაისში დამტკიცდა.
სანქციების სიაში უკვე შეყვანილია 632 გემი და 60-ზე მეტი ხელშემწყობი პირი და ორგანიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან — მოძველებულ, გაუმჭვირვალე მფლობელობაში მყოფ ტანკერებთან, რომლებიც სანქციების ქვეშ მოქცეული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
ნიდერლანდებმა და ბელგიამ ბულგარეთს ნაღმების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფისთვის განკუთვნილი შვიდი ხომალდი გადასცა. 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა წყალქვეშა კაბელების უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტმა კი შავი ზღვა წყალქვეშა საკაბელო პროექტებისთვის პრიორიტეტულ რეგიონად განსაზღვრა.
თუმცა ყველაზე დიდი ფინანსური მაჩვენებლები სხვა ინსტრუმენტებს უკავშირდება. SAFE-ის — უსაფრთხოების ქმედება ევროპისათვის — ფარგლებში რუმინეთსა და ბულგარეთში დაახლოებით 20 მილიარდი ევრო მიემართება. უკრაინის მხარდაჭერის 2026–2027 წლების სესხის მოცულობა 90 მილიარდი ევროა, საიდანაც 60 მილიარდი თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება.
არცერთი ეს ინსტრუმენტი შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში არ შექმნილა. თუმცა, ორივე მათგანი, ანგარიშში სტრატეგიის განხორციელების შედეგებს შორის არის მოხსენიებული.
ანგარიში ამას პირდაპირ აღნიშნავს. ეს მიდგომა კი გარკვეულწილად გამართლებულია: თუ სტრატეგიის მიზანი უკვე არსებული ინსტრუმენტების კოორდინირებაა, მას შეუძლია საკუთარ მიღწევად მიიჩნიოს მათი რეგიონზე მიმართვაც. თუმცა მკითხველისთვის, რომელსაც სურს გაიგოს, კონკრეტულად რა გამოიწვია ამ სტრატეგიამ ისეთი, რაც მის გარეშეც არ მოხდებოდა, უსაფრთხოების თავი გაცილებით რთულად შესაფასებელია, ვიდრე მისი მოცულობა შეიძლება გვაფიქრებინებდეს.
III. ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა და არჩევნების დაცვა
თუ პირველი წლის საქმიანობაში რაიმე ნამდვილად ქმედით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, ეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული მუშაობაა — კერძოდ, დეზინფორმაციის, კიბერ-ოპერაციებისა და ფარული დაფინანსების გამოყენება ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, ისე, რომ არ გადაიკვეთოს შეიარაღებული თავდასხმის ზღვარი. ამ მიმართულებით ანგარიში აღწერს ინსტრუმენტებს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში შეიქმნა, ამოქმედდა და პრაქტიკაში გამოიყენეს.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ჰიბრიდულ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფები — ევროკავშირის ექსპერტთა მცირე ჯგუფები, რომლებიც მოკლე ვადაში იგზავნება ეროვნული ხელისუფლების დასახმარებლად, მათ შორის არჩევნების მთლიანობის დასაცავად.
საანგარიშო პერიოდში ისინი ორჯერ გამოიყენეს: მოლდოვაში, 2025 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, და სომხეთში, 2026 წლის ივნისის არჩევნების წინ. აღსანიშნავია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დადგა ის შედეგი, რომლის მიღწევასაც რუსეთი ცდილობდა. თუმცა, მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა შემდეგნაირად მიმდინარეობს — საფრთხის გამოვლენა, შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენება და არჩევნების სათანადოდ ჩატარება. ეს არის სწორედ იმ ტიპის ჯაჭვი, რომელიც სამწუხაროდ ანგარიშის სხვა ნაწილებში გაცილებით ნაკლებად გვხვდება.
სანქციების მონაცემებიც იმავე მიმართულებაზე მიუთითებს: 2026 წლის აპრილისთვის რუსეთის დესტაბილიზაციურ საქმიანობასთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო მანიპულაციის გამო 69 ფიზიკურ პირსა და 19 ორგანიზაციას მოიცავდა. კიბერსანქციების რეჟიმი კი 19 ფიზიკურ პირსა და 74 ორგანიზაციას შეეხო.
ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის რეგიონული ჰაბი უკვე ეხმარება მოლდოვას მანიპულაციური კამპანიების გამოვლენაში. სომხეთში 2026 წლის აპრილში შექმნილ ახალ სამოქალაქო მისიას კი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა პირდაპირ აქვს განსაზღვრული მანდატით.
აქედან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს: შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის შედარებითი უპირატესობა საზღვაო ძალა კი არა, ინსტიტუციური შესაძლებლობებია.
იქ სადაც ევროკავშირს შეუძლია მასთან თანამშრომლობის მსურველ ხელისუფლებას შესთავაზოს ექსპერტული ცოდნა, სამართლებრივი მექანიზმები და სწრაფი ტექნიკური დახმარება, შედეგები დამაჯერებელია. იქ კი, სადაც სტრატეგიის განხორციელება მოითხოვს გემებს, პორტებს ან ისეთი ხელისუფლების თანხმობას, რომელსაც თანამშრომლობა არ სურს, შედეგი გაცილებით სუსტია.
IV. მეორე მიმართულება: დაკავშირებადობა, ვაჭრობა და ენერგეტიკა
მეორე მიმართულებამ სტრატეგიის ყველაზე გამორჩეული, ახალი მექანიზმი შექმნა. მისი მთავარი ინიციატივაა რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი — მცდელობა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პორტების გავლით ევროკავშირამდე მიმავალი მარშრუტი, რომელსაც ხშირად „შუა დერეფანს“ უწოდებენ — მხოლოდ გეოგრაფიულად შესაძლებელი გზა კი არა, კომერციულად საიმედო დერეფანი გახდეს.
აქ განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ნაბიჯი.
2025 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგში გამართულმა მინისტერიალმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან შეკრიბა. ამით დერეფნისთვის შეიქმნა პოლიტიკური ფორუმი, რომელიც მანამდე არ არსებობდა.
2026 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა მეტა-კვლევა, რომელმაც დერეფნის გასწვრივ არსებული ან დაგეგმილი 200-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი მოიცვა და დაადგინა, სად არის ინფრასტრუქტურა არასაკმარისი, მოძველებული ან არსებული მოცულობებისთვის ზედმეტად მცირე.
2026 წლის 23 ივნისს კი ამოქმედდა დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა, რომლის მიზანია მთელი დერეფნის მასშტაბით პროექტების საინვესტიციო გეგმების კოორდინირება.
ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირს, უკრაინასა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის დამაკავშირებელი პროექტები შეტანილ იქნა ურთიერთინტერესის მქონე პროექტების მეორე სიაში, რაც მათთვის ნებართვების მიღების დაჩქარებულ პროცედურებსა და ევროკავშირის დაფინანსებაზე წვდომას უზრუნველყოფს.
ეკონომიკური საფუძველი მხოლოდ ვარაუდს არ ეფუძნება: ევროკომისიის კვლევის თანახმად, ტრანსკასპიური მარშრუტით ვაჭრობა 2022 წლის შემდეგ ოთხჯერ გაიზარდა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში 2030 წლისთვის შესაძლოა კიდევ სამჯერ გაიზარდოს.
მაგრამ განხორციელდება თუ არა ეს ინვესტიციები, ეს უკვე სხვა საკითხია.
ანგარიში აღწერს კოორდინაციას, არსებული მდგომარეობის შეფასებასა და პლატფორმების შექმნას — და არა ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
რობერტ კატლერმა 2026 წლის მაისში არსებული პრობლემა ზუსტად ჩამოაყალიბა: დერეფანი „ინტეგრირებული ოპერაციული ობიექტის სახით ფუნქციონირებს, თუმცა პოლიტიკა მას ჯერ კიდევ ნაწილებად აღწევს“ — ტრანსპორტი ცალკე განიხილება საბაჟოსგან, ენერგეტიკა — ციფრული მიმართულებისგან.5
V. მესამე მიმართულება: გარემო, კლიმატური მედეგობა და სამოქალაქო დაცვა
მესამე მიმართულება ყველაზე ნაკლებ ყურადღებას იპყრობს, თუმცა ანგარიშში სწორედ აქ გვხვდება რამდენიმე მნიშვნელოვანი, შედარებით ნაკლებად თვალსაჩინო შედეგი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა მონიტორინგის პროექტმა ნიმუშების აღება განახორციელა 2024 წლის დეკემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ნავთობის დაღვრისა და 2023 წლის ივნისში ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის დასაფიქსირებლად.
ანგარიში პირდაპირ აღნიშნავს, რომ საომარ ზონაში მსგავსი ნიმუშების აღება „რთული და შეზღუდულია“. მიუხედავად ამისა, ეს საქმიანობა ქმნის გარემოსთვის მიყენებული ზიანის მტკიცებულებათა ბაზას, რომელსაც მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამართლებრივ პროცესებში.
ამ მიმართულების სხვა ნაწილებში კი სწორედ ის შესაძლებლობები გამოვლინდა, რომლითაც ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ყველაზე ეფექტიანად მოქმედებს.
როდესაც რუსეთის დარტყმებმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დნესტრის/ნისტრუსის მდინარე დააბინძურა — მდინარე, რომელიც მოლდოვისთვის სასმელი წყლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა — წევრმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს შთანმთქმელი მასალები, ამოქმედდა სატელიტური გამოსახულებების სერვისები და ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყო დამცავი აღჭურვილობა.
ვილნიუსიდან უკრაინაში თბოელექტროსადგურის გადატანამ — ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში დღემდე განხორციელებულმა ყველაზე მასშტაბურმა ლოგისტიკურმა ოპერაციამ — ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა აღადგინა დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანისთვის.
მოლდოვა და უკრაინა ასევე გახდნენ ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომელი ქვეყნები.
ამ მიმართულების სისუსტეც მისი სიძლიერის მსგავსია: თითქმის ყველაფერი ან საგანგებო რეაგირებას წარმოადგენს, ან მცირე მასშტაბის თანამშრომლობის პროექტს. მისი ყველაზე ამბიციური ინიციატივა — ზღვის ფსკერზე არსებული აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ფართომასშტაბიანი გაწმენდა — კვლავ დამოკიდებულია უსაფრთხოების პირობებზე, რომლებიც ამ ეტაპზე არ არსებობს.
VI. საქართველო ანგარიშში
საქართველო ანგარიშში პარტნიორი ქვეყნების მიმოხილვისას მხოლოდ ერთ აბზაცშია მოხსენიებული.
ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველო ბუნებრივ სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ თანამშრომლობაზე „ქვეყნის დემოკრატიულმა უკუსვლამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რამაც, ფაქტობრივად, შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“.
ანგარიში ასევე აღნიშნავს 2026 წლის მარტში საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და ასკვნის, რომ საქართველოს როლი „დიდწილად იქნება დამოკიდებული ხელისუფლების მზადყოფნაზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.
ამის საპირისპიროდ, სომხეთის შესახებ ანგარიში საუბრობს სტრატეგიულ დღის წესრიგზე, პირველ სამიტზე, დაკავშირებადობის პარტნიორობაზე და ახალ მისიაზე; უკრაინამ და მოლდოვამ კი 2026 წლის 15 ივნისს გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას მიაღწიეს.
სავიზო ზომის არასწორად გაგება მარტივია: იგი ეხება ოფიციალური პასპორტების მფლობელებს და არა რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზო მიმოსვლის უფლება კვლავ აქვთ. ეს ასევე იყო გაძლიერებული შეჩერების მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა, რომლის ამოქმედებაც თავად 2025 წლის დეკემბერში მოხდა.6
თუმცა ანგარიშის დანარჩენი ნაწილი უფრო საინტერესო სურათს გვიჩვენებს.
საქართველოსთან დაკავშირებული ელექტროენერგიის დამაკავშირებელი პროექტი შეტანილია ურთიერთინტერესის მქონე პროექტების სიაში. საქართველო მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო ლოგისტიკურ და კლიმატურ პროექტებში და ასევე „Horizon Europe“-ის რეგიონული დამფინანსებლების ქსელში.
ეს ორმაგი სტატუსი შემთხვევითი არ არის. იქ, სადაც თანამშრომლობა ხელისუფლების მიმართ ნდობას მოითხოვს, საქართველო სტრატეგიის ფარგლებში პრაქტიკულად გამორიცხულია; იქ კი, სადაც თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეშვეობით ხორციელდება, ის გრძელდება.
ეს გამიჯვნა უხერხულ წინააღმდეგობას ქმნის თავად სტრატეგიის გეოგრაფიასთან, რადგან დერეფნის ის აღმოსავლეთი სანაპირო, რომლის გადაკვეთაც მას სჭირდება, სწორედ საქართველოა — წინააღმდეგობა, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გაჭიანურებულ განვითარებაში.7
VII. დაფინანსება, შეფასება და ანგარიშის დუმილი
სტრატეგიის მიმართ თავიდანვე გამოთქმული მთავარი კრიტიკა იყო ის, რომ მას საკუთარი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა.
გერმანიის მარშალის ფონდი 2025 წლის ივნისში აღნიშნავდა, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა სამოქმედო გეგმას, განხორციელების ვადებს ან ცალკე გამოყოფილ ბიუჯეტს.8
ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა 2025 წლის დეკემბერში ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა: მისი შეფასებით, სტრატეგიის მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ იგი მთლიანად ეყრდნობა 2021–2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში უკვე განსაზღვრულ ინსტრუმენტებს. კომიტეტის აზრით, ეს რესურსები დასახული მიზნებისთვის „დაქსაქსული, არასაკმარისი და არაეფექტიანია“ და ხშირ შემთხვევაში უკვე დახარჯულია.
კომიტეტმა მოითხოვა, რომ 2028–2034 წლების ფინანსურ ჩარჩოში შესაბამისი რესურსები მიზნობრივად იყოს დაცული და გააფრთხილა, რომ ინიციატივა შესაძლოა ტრანსფორმაციული ცვლილების ნაცვლად სიმბოლურ ნაბიჯად დარჩენილიყო.9
მსგავსი მოწოდება 2026 წლის მარტში გააკეთა რეგიონთა კომიტეტმაც.10
ანგარიში ორივე მოსაზრებას ერთ წინადადებაში ახსენებს, თუმცა არც ერთ მათგანს არსებითად არ პასუხობს.
მასში არაფერია ნათქვამი მომდევნო მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე, არ არის მოთხოვნილი ცალკე გამოყოფილი რესურსები და არც იმის შეფასებაა წარმოდგენილი, აღმოჩნდა თუ არა არსებული ინსტრუმენტები დასახული მიზნებისთვის საკმარისი.
ამგვარად, პასუხგაუცემელი რჩება ზუსტად ის კითხვა, რომელსაც ყველა გარე კრიტიკოსი წინასწარ სვამდა.
მეორე პრობლემა მეთოდოლოგიურია.
ანგარიშში არ არის განსაზღვრული ინდიკატორები, არ არსებობს საწყისი მდგომარეობის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც პირველი წლის შედეგები შეფასდებოდა, და არც მეორე წლისთვის არის დასახული კონკრეტული სამიზნე.
კომიტეტმა სწორედ ეს იწინასწარმეტყველა: სამოქმედო გეგმის არარსებობის პირობებში განხორციელების „შეფასება და მონიტორინგი რთული იქნება“.9
ამის პრაქტიკული შედეგი ის არის, რომ ანგარიშის მცდარად მიჩნევა თითქმის შეუძლებელია. მასში წარმოდგენილი თითოეული პუნქტი შეიძლება ზუსტი იყოს და თითოეული მათგანი პროგრესად ჩაითვალოს, რადგან არ არსებობს კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი პროგრესი იყო მოსალოდნელი.
პირველი ანგარიშისთვის ასეთი მიდგომის დაცვა შესაძლებელია. მეორე ანგარიშისთვის იგი უკვე ვეღარ იქნება საკმარისი.
დასკვნა: პროგრესი, რომელიც შედეგების ნაცვლად ჩართულობით იზომება
თუ სტრატეგიას შევაფასებთ იმის მიხედვით, თუ რა იყო იგი რეალურად — სტრატეგიული მიდგომა და არა სრულფასოვანი სტრატეგია, რომელსაც ცალკე გამოყოფილი დაფინანსება არ გააჩნდა11 — მისი პირველი წელი დაახლოებით ისე წარიმართა, როგორც გონივრულად შეიძლებოდა ყოფილიყო მოსალოდნელი.
რეგიონს ახლა აქვს მინისტერიალის ფორმატი, რომელიც მანამდე არ არსებობდა; ტრანსკასპიური დერეფნისთვის შექმნილია კოორდინაციის პლატფორმა; არსებობს დერეფანში ინვესტიციების საჭიროებების შეფასების საფუძველი; შემუშავებულია საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის კონცეფცია; და დადასტურდა არჩევნების უცხოური ჩარევისგან დაცვის კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა.
მაგრამ თუ სტრატეგიას შევაფასებთ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება თავად რეგიონს, სურათი გაცილებით უფრო მწირია.
ჰაბი ჯერ მხოლოდ კონცეფციაა. დერეფნისთვის საჭირო ინვესტიციები აღწერილი და რუკაზე დატანილია, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ აშენებულა. ყველაზე მსხვილი ფინანსური ვალდებულებები სხვა პოლიტიკის ფარგლებში და სხვა მიზნებისთვის იქნა აღებული. გარემოსდაცვითი მიმართულების ყველაზე ამბიციური ინიციატივა კი კვლავ ელოდება ცეცხლის შეწყვეტას.
ამ ანგარიშის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი შესაძლოა იყოს არა ის, თუ რა დააფიქსირა მან, არამედ ის, თუ რა გახადა შესაძლებელი.
მან შექმნა ოფიციალური სურათი, აიღო ვალდებულება, რომ ევროკომისია და უმაღლესი წარმომადგენელი 2026 წლის ბოლოს კიდევ ერთ მინისტერიალს გამართავენ და შეინარჩუნა ის ინსტიტუციური არქიტექტურა, რომელსაც სათანადოდ დაფინანსებული სტრატეგია მომავალში შეიძლება დაეყრდნოს.
სწორედ ამ საფუძვლის ბედი იქნება მთავარი გამოცდა. ეს გამოცდა დადგება არა იმ ღონისძიებებში, რომლებიც ამ ანგარიშშია აღწერილი, არამედ 2028–2034 წლების ფინანსური ჩარჩოს შესახებ მოლაპარაკებების დროს.
თუ ამ მოლაპარაკებების შედეგად შავი ზღვის რეგიონი საკუთარი რესურსებით იქნება უზრუნველყოფილი, პირველი წელი საფუძვლის ჩაყრად შეფასდება.
თუ ასე არ მოხდა, ეს ანგარიში, მომავალში, შესაძლოა იმ მომენტად იქნეს აღქმული, როდესაც ევროკავშირმა რეგიონში საკუთარი საქმიანობა იმდენად დეტალურად აღრიცხა, რომ ამ საქმიანობის მიღმა არსებული პოლიტიკური გადაწყვეტილების არქონის დამალვაც კი შესაძლებელი გახდა.
______________________________
1 European Commission and High Representative, JOIN(2025) 135 final – ერთობლივი კომუნიკაცია ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიული მიდგომის შესახებ, 2025 წლის 28 მაისი — სტრატეგია, რომლის განხორციელებასაც 2026 წლის ანგარიში აფასებს. eur-lex.europa.eu, CELEX:52025JC0135
2 EU Awareness Centre, ‘EU strategy for secure, prosperous and resilient Black Sea region’ – დოქტორი გიორგი რობაქიძე, 2025 წლის 31 მაისი — წინამდებარე გამოცემის ანალიზი სტრატეგიის მიღების დროს. euawareness.org
3 European Commission and High Representative, JOIN(2026) 15 final – ერთობლივი ანგარიში ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიული მიდგომის განხორციელების შესახებ, ბრიუსელი, 2026 წლის 3 ივლისი. eur-lex.europa.eu, CELEX:52026JC0015
4 GlobalFocus Center, ‘From Strategy to Action: Implementing the EU Black Sea Strategic Approach’ – მრგვალი მაგიდის ანგარიში საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის განუსაზღვრელი პარამეტრებისა და რეგიონულ საზღვაო ინფორმირებულობაში საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვის მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ. global-focus.eu
5 Robert Cutler, ‘Europe Needs to Make Its Black Sea Strategy Work’ – Strategy International, 2026 წლის 22 მაისი — გამოცხადებულ სტრატეგიასა და დერეფნის რეალურ განხორციელებას შორის არსებული სხვაობისა და საქართველოს პორტების შესაძლებლობების შესახებ. strategyinternational.org
6 Commission Implementing Regulation (EU) 2026/496 – საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, ძალაშია 2026 წლის 6 მარტიდან თორმეტი თვის ვადით; ევროკომისიისა და EEAS-ის 2026 წლის 6 მარტის განცხადებები. eeas.europa.eu
7 Salome Samadashvili, ‘Securing the EU’s Black Sea coast’ – European View, 2026 — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისა და იმ არგუმენტის შესახებ, რომ გაფართოება ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების მთავარი ინსტრუმენტია. journals.sagepub.com, doi 10.1177/17816858261439474
8 German Marshall Fund, ‘The EU’s New Black Sea Security Strategy: Right Goals, Unclear Means’ – GMF-ის კომენტარი, 2025 წლის 2 ივნისი — სამოქმედო გეგმის, განხორციელების ვადებისა და ცალკე გამოყოფილი ბიუჯეტის არარსებობის შესახებ. gmfus.org
9 European Economic and Social Committee, opinion on JOIN(2025) 135 – პლენარულ სხდომაზე მიღებული დასკვნა, 2025 წლის 3–4 დეკემბერი. წყარო შეფასებისთვის, რომ სტრატეგია ეყრდნობა ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც „დაქსაქსული, არასაკმარისი და არაეფექტიანია“. eesc.europa.eu
10 European Committee of the Regions, opinion CDR 2757-2025 – 2026 წლის მარტში მიღებული დასკვნა, რომელიც სტრატეგიის სტრუქტურირებულ და სათანადოდ დაფინანსებულ განხორციელებას ითხოვს. cor.europa.eu
11 Daniel Gleichgewicht, ‘The European Union’s Black Sea strategy’ – New Eastern Europe, 2026 წლის 8 იანვარი — იმის მნიშვნელობის შესახებ, რომ სტრატეგია სინამდვილეში „სტრატეგიულ მიდგომას“ და არა სტრატეგიას წარმოადგენს. neweasterneurope.eu
გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.
© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.