არჩევნების წინ სოციალურ ქსელში ნავიგაციისას თქვენს ეკრანზე ჩნდება დასპონსორებული პოლიტიკური რეკლამა, რომელიც მხარს უჭერს კანდიდატს, რომლის შესახებაც მანამდე თითქმის არაფერი გსმენიათ. რეკლამა პროფესიონალურადაა მომზადებული, დამაჯერებლად გამოიყურება და რამდენიმე წამში ქრება, როგორც კი შემდეგ პოსტზე გადადიხართ.
ვინ დააფინანსა აღნიშნული რეკლამა? რა მიზეზით გამოჩნდა ის სწორედ თქვენს ეკრანზე და არა, მაგალითად, თქვენი მეზობლის? ხედავს თუ არა ყველა მომხმარებელი იმავე გზავნილს?
ბოლო დრომდე ამ კითხვებზე პასუხის მიღება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. სწორედ ამგვარი გაუმჭვირვალობის აღმოფხვრას ემსახურება ევროკავშირის ახალი სამართლებრივი ჩარჩო. 2025 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირის მასშტაბით ამოქმედდა ახალი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს პოლიტიკური რეკლამის დამფინანსებლის, მისი დაფინანსების წყაროსა და მიზნობრივი გავრცელების (targeting) მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას.
პრობლემა: პოლიტიკური კამპანია, რომლის სრული სურათი არ ჩანს
ციფრულ გარემოში პოლიტიკური რეკლამა არსებითად განსხვავდება ტრადიციული საარჩევნო ბანერისაგან. აქ ერთი და იგივე სარეკლამო კამპანია შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ათეულობით ან ასეულობით განსხვავებული ვერსიის სახით, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია კონკრეტული აუდიტორიისთვის — სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის, მიგრაციის თემით ან გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისთვის და ა.შ.
აღნიშნულ პრაქტიკას მიკროტარგეტირება (microtargeting) ეწოდება. იგი ეფუძნება პერსონალური მონაცემების, ზოგჯერ კი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოყენებას იმის დასადგენად, თუ რომელ მომხმარებელს რომელი პოლიტიკური გზავნილი უნდა მიეწოდოს.
ამგვარი პრაქტიკის შედეგად, არც საზოგადოებას, არც ჟურნალისტებს და არც არჩევნებზე დამკვირვებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სრულად დაინახონ კონკრეტული პოლიტიკური კამპანიის ყველა ვერსია. ერთი და იმავე პოლიტიკური ძალა შესაძლოა სხვადასხვა აუდიტორიას განსხვავებულ ან ურთიერთსაწინააღმდეგო დაპირებებს აძლევდეს ისე, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფმა ერთმანეთისთვის განკუთვნილი გზავნილების არსებობის შესახებ საერთოდ არ იცოდეს. შედეგად, საზოგადოებრივი დისკუსია ფრაგმენტირდება და საერთო საჯარო სივრცე ნაწილდება ერთმანეთისგან იზოლირებულ საინფორმაციო გარემოებად.
ევროკავშირის რეაგირების საფუძველი
ონლაინ პოლიტიკური რეკლამის სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გაართულა იმის დადგენა, თუ ვინ აფინანსებდა პოლიტიკურ კამპანიებს და რა კრიტერიუმებით ხდებოდა ამომრჩეველთა მიზნობრივი შერჩევა. ამასთანავე, ევროკავშირის ინსტიტუტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ რისკებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და საარჩევნო პროცესებში პერსონალური მონაცემების არასათანადო გამოყენება.
აღნიშნული საფრთხეები პრაქტიკაშიც გამოვლინდა. 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მას შემდეგ, რაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ წარმოდგენილმა მასალებმა მიუთითა TikTok-ის პლატფორმაზე განხორციელებულ კოორდინირებულ გავლენის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავდა გაუმჭვირვალე, ფასიან პოლიტიკურ რეკლამას.
ამ გამოწვევების საპასუხოდ ევროკავშირმა 2024 წლის მარტში მიიღო ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) 2024/900 პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისა და მიზნობრივი გავრცელების შესახებ, რომელიც 2025 წლის ოქტომბრიდან პირდაპირ გამოიყენება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში.
აღნიშნული კანონმდებლობა არ არეგულირებს პოლიტიკური გზავნილების შინაარსს და არ ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას. მისი მიზანია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია სამი ფუნდამენტური თემის შესახებ: ვინ არის პოლიტიკური რეკლამის დამფინანსებელი; რატომ მიეწოდა რეკლამა კონკრეტულ მომხმარებელს; და რა საფუძველზე იქნა გამოყენებული მისი პერსონალური მონაცემები.
რეგულაციის ძირითადი სიახლეები
რეგულაციის მოქმედების სფეროში მოქცეული ყველა პოლიტიკური რეკლამა მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული, როგორც „პოლიტიკური რეკლამა“ და ის არ ვრცელდება სხვა სახის სარეკლამო კამპანიაზე.
რეკლამის გამომქვეყნებელი ვალდებულია მიუთითოს რეკლამის სპონსორი და ინფორმაცია იმის შესახებ, გამოყენებული იყო თუ არა პერსონალური მონაცემები მიზნობრივი გავრცელებისათვის. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება განთავსდეს უშუალოდ რეკლამაში ან ხელმისაწვდომი იყოს სპეციალური გამჭვირვალობის განცხადების (Transparency Notice) მეშვეობით.
გამჭვირვალობის განცხადება წარმოადგენს რეგულაციის ცენტრალურ ინსტრუმენტს. იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეკლამის სპონსორის შესახებ, განმარტებას მიზნობრივი გავრცელებისათვის პერსონალური მონაცემების შესაძლო გამოყენების თაობაზე, მკაფიო მითითებას იმ საარჩევნო კამპანიის, რეფერენდუმის ან საჯარო პოლიტიკის საკითხის შესახებ, რომელსაც რეკლამა უკავშირდება, აგრეთვე ინფორმაციას მომხმარებლის უფლებების, მათ შორის, საჩივრის წარდგენისა და მონაცემთა დაცვის უფლებების განხორციელების პროცედურების შესახებ.
რეკლამის გამომქვეყნებლები ვალდებულნი არიან აღნიშნული ინფორმაცია შეინახონ შვიდი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, რეგულაცია ითვალისწინებს ონლაინ პოლიტიკური რეკლამის ევროპული საცავის (European Repository of Online Political Advertisements) შექმნას, რომლის ჩამოყალიბებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ევროპული კომისია.
მიკროტარგეტირების რეგულირება – ახალი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ზღუდავს მიკროტარგეტირების პრაქტიკას.
აკრძალულია პოლიტიკური რეკლამის მიზნობრივი გავრცელება ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების საფუძველზე, როგორიცაა პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსი, ეთნიკური წარმომავლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სექსუალური ორიენტაცია, მიუხედავად იმისა, ეს ინფორმაცია მომხმარებლის მიერ პირდაპირ არის მითითებული თუ მისი ონლაინ ქცევის საფუძველზეა შექმნილი.
სხვა სახის პერსონალური მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტმა პოლიტიკური რეკლამის მიზნებისთვის ცალკე, მკაფიო და ინფორმირებული თანხმობა გასცა. ევროკავშირის მონაცემთა დაცვის სამართლისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მომხმარებელს უნდა შეეძლოს ასეთ თანხმობაზე უარის თქმა ისე, რომ მომსახურებაზე წვდომა არ შეეზღუდოს.
რეგულაცია ასევე კრძალავს პოლიტიკური რეკლამის მიზნობრივ გავრცელებას იმ პირების მიმართ, რომელთა შესახებაც არსებობს გონივრული საფუძველი მიიჩნეოდეს, რომ ისინი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ საარჩევნო ასაკს არ არიან მიღწეულნი.
უცხოური დაფინანსების შეზღუდვა
არჩევნების ან რეფერენდუმის ჩატარებამდე სამი თვის განმავლობაში პოლიტიკური რეკლამის მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებისათვის, იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებსაც შესაბამის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ან ევროკავშირში დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის, რომლებიც არ იმართებიან ევროკავშირის ფარგლებს გარედან.
აღნიშნული შეზღუდვის მიზანია უცხოური აქტორების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გამოყენებით საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის რისკის შემცირება და არა ევროკავშირის გარეთ მცხოვრები პირების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
რეგულაციის მოთხოვნების შეუსრულებლობა
რეგულაციის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ეროვნულ ზედამხედველ ორგანოებს შეუძლიათ გამოიყენონ მნიშვნელოვანი სანქციები, მათ შორის, გარკვეულ შემთხვევებში, დააკისრონ ჯარიმა, რომლის ოდენობაც შეიძლება კომპანიის წლიური ბრუნვის 6 პროცენტს აღწევდეს.
| რეგულაციის დამტკიცებამდე | ახლი რეგულაციის დამტკიცების შემდეგ |
| რეკლამის დამფინანსებელი უცნობი იყო | სავალდებულოა დამფინანსებლის ვინაობის მითითება |
| არ არსებობდა განმარტება მიზნობრივი გავრცელების შესახებ | ხელმისაწვდომია გამჭვირვალობის შეტყობინება |
| ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მწირი ინფორმაცია | დეტალურად არის განმარტებული მონაცემებთან დაკავშირებული უფლებები |
დასკვნა
რეგულაცია (EU) 2024/900 არ განსაზღვრავს, რა პოლიტიკური შინაარსის გავრცელებაა დასაშვები და რა — არა. იგი მიმართულია არა პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვის, არამედ პოლიტიკური რეკლამის წარმოშობის, დაფინანსებისა და მიზნობრივი გავრცელების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ.
რეგულაცია მიღებულია იმ პერიოდში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა პერსონალიზებული პოლიტიკური კონტენტის მასობრივი წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ თავად რეგულაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას არ არეგულირებს, მის მიერ დაწესებული გამჭვირვალობის მოთხოვნები შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით წარმოებული პოლიტიკური რეკლამის საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველსაყოფად.
ამ თვალსაზრისით, რეგულაცია (EU) 2024/900 წარმოადგენს ევროკავშირის მცდელობას, ციფრულ ეპოქაში დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობა გაზარდოს იმ გზით, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა მისცეს, დაინახოს არა მხოლოდ პოლიტიკური გზავნილი, არამედ ის სამართლებრივი და ფინანსური მექანიზმებიც, რომელთა საშუალებითაც ეს გზავნილი მის ეკრანამდე მივიდა.
ბიბლიოგრაფია
ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო. (2024). ევროპარლამენტისა და საბჭოს 2024 წლის 13 მარტის რეგულაცია (EU) 2024/900 პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისა და მიზნობრივი გავრცელების შესახებ. ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი. https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2024/900/oj/eng
Le Monde. (2024, 7 დეკემბერი). რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები TikTok-ზე დეზინფორმაციის გამოძიების ფონზე გაუქმდა. https://www.lemonde.fr/en/international/article/2024/12/07/romania-s-presidential-election-canceled-over-tiktok-disinformation-investigation_6735508_4.html?srsltid=AfmBOoovhiCzs96cqEjQF15ou0d9aevPiFsPllIq_IbbIGBH_O_Pnp4X
ევროპის კომისია. (2020). დემოკრატიის გაძლიერება: პოლიტიკური რეკლამა. https://ec.europa.eu/commission/presscorner/api/files/attachment/870434/Reinforcing Democracy _political_advertising.pdf
ევროპის კომისია. (თარიღის გარეშე). პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა და მიზნობრივი გავრცელება. ევროპის კომისია. https://commission.europa.eu/strategy-and-policy/policies/justice-and-fundamental-rights/democracy-eu-citizenship-anti-corruption/democracy-and-electoral-rights/transparency-and-targeting-political-advertising_en
გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.
© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.