ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ცენტრი “გაფართოების დღეები 2026”-ზე
2026 წლის 2–3 ივნისს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი რობაქიძემ, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის (CoR) მიერ ორგანიზებულ, გაფართოების პოლიტიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმში -„Enlargement Days 2026“, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის პატრონაჟით. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა იყო უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) და მისი გავლენა ევროკავშირის გაფართოების პროცესზე. ღონისძიებამ თავი მოუყარა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემმუშავებლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს.
ორდღიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო ჯგუფებისა და ერთობლივი საკონსულტაციო კომიტეტების შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები: ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, უკრაინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი. პროგრამა ასევე მოიცავდა ინტერაქტიულ სამუშაო სესიასა და პლენარულ სხდომას.
საქართველო, მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი არ ყოფილა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ასახავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან მზარდ დისტანცირებას — ტენდენციას, რომელიც სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს როგორც ევროპელ პარტნიორებში, ისე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უდიდეს ნაწილში.
ამ ვითარებაში ევროპულ დონეზე საქართველოს ჩართულობისა და საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხმის მიწვდენა, ვისთვისაც ჯერ კიდევ ღირებულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, სულ უფრო მეტად ხდება არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. სწორედ ამ რწმენით მონაწილეობდა ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი „Enlargement Days 2026“-ში — იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა კვლავაც ხილული და აქტიური დარჩეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ მიმდინარე დისკუსიებში, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კონიუნქტურისა.