EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი ფორუმი ღუზა ვექტორებამდე: საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ცვალებად სამყაროში
ფორუმი
საქართველო 35 წლის შემდეგ: ერთი თაობის გაკვეთილები
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის სადებატო სერია
ღუზა ვექტორებამდე: საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ცვალებად სამყაროში
ფორუმის შესახებ

დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ საქართველო — და მთლიანობაში რეგიონი — ღრმა სტრატეგიული გადააზრების ეტაპზე დგას. გასული სამნახევარი ათწლეულის განმავლობაში მიღებული, გადადებული თუ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები აჩენს კითხვებს, რომლებიც ერთი ქვეყნის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება:

როგორ შეუძლიათ მცირე სახელმწიფოებს შეინარჩუნონ დემოკრატიული მედეგობა დიდი ძალების ზეწოლის პირობებში?

რას მოითხოვს რეალურად ევროატლანტიკური ინტეგრაცია — როგორც ამ გზაზე მყოფი სახელმწიფოებისგან, ისე დასავლელი პარტნიორებისგან?

და რას გვასწავლის ამ თაობის დაგროვილი გამოცდილება, თუ მას გულწრფელად და კრიტიკულად შევაფასებთ?

ეს მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კითხვები არ არის. ისინი დღეს ევროპული სამეზობლოს წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს.

მთავარი ესე

ფორუმის გახსნის მიზნით, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი აქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩევლის, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი მრჩევლისა და თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სტრატეგიული მოაზროვნის, ელჩ თედო ჯაფარიძის, ორიგინალურ ანალიტიკურ ესეს.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს დონეზე მუშაობის ოცდათხუთმეტწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ესე აერთიანებს რეფლექსიას, თვითკრიტიკულ ანალიზსა და სტრატეგიულ ხედვას. იგი სვამს კითხვებს იმის შესახებ, რა იქნა მიღწეული და რა გაფლანგული, სად აღმოჩნდა ლიდერობა წარმატებული და სად — წარუმატებელი, და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ამ თაობის გამოცდილება მათ, ვინც მომავალში ქვეყნის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ესე სრულდება მოწოდებით, რომელიც ერთდროულად არის შეჯამებაც და გამოწვევაც:

„ოცდათხუთმეტი წელი საკმარისად ხანგრძლივი გამოცდილებაა იმისთვის, რომ მისგან ვისწავლოთ — და ამავე დროს საკმარისად მოკლე ისტორიაა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ შევძლოთ შეცდომების გამოსწორება.“

მოწვევა

თედო  ჯაფარიძის ესე განზრახ არ წარმოადგენს საბოლოო შეფასებას. იგი დისკუსიის დასაწყისისთვის შექმნილი ანალიტიკური იმპულსია.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი იწვევს პრაქტიკოსებს, ანალიტიკოსებს, დიპლომატებსა და მკვლევრებს ევროპული სამეზობლოდან და მის ფარგლებს გარეთ, რათა საკუთარი შეფასებები და მოსაზრებები გაგვიზიარონ.

საპასუხო ესეები უშუალოდ უნდა ეხმიანებოდეს მთავარ ესეში დასმულ კითხვებს. მივესალმებით განსხვავებულ ანალიტიკურ პერსპექტივებს. ეს არის სერიოზული დებატების სივრცე და არა თანხმობის ერთხმოვანი ქორო.

შემაჯამებელი ნაშრომი

ფორუმი დასრულდება ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის მიერ მომზადებული შემაჯამებელი ანალიტიკური ნაშრომით, რომელიც მიზნად ისახავს დისკუსიის პროცესში გამოკვეთილი ძირითადი გაკვეთილებისა და დებატების სინთეზს და არსებითი წვლილის შეტანას მცირე სახელმწიფოების სტრატეგიის, დემოკრატიული მდგრადობისა და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ევროპული პროექტის შესახებ მიმდინარე ფართო დისკუსიაში.

მთავარი ესე

ღუზა ვექტორებამდე: საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ცვალებად სამყაროში

25 ივნისი 2026 Georgia Georgian Foreign Policy Small States
ელჩი თედო ჯაფარიძე
ავტორი
წარჩინებული მკვლევარი

ბოლო ხანს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი პრაგმატიზმზე, ტრანსაქციონალიზმზე, სტრატეგიულ ბალანსზე და საერთაშორისო ურთიერთობებში ე. წ. „მრავალვექტორული პოლიტიკის“  შესაძლებლობაზე. თუმცა, ამ დისკუსიის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი პრობლემას არასწორი მხრიდან უდგება.

სანამ ვიმსჯელებთ, როგორ უნდა იპოვოს საქართველომ გზა არასტაბილურ და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში, ჯერ უფრო ფუნდამენტურ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ: ვინ ვართ ჩვენ? სად არის ჩვენი ადგილი? და როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა? მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის შემდეგ შეგვიძლია, შინაარსიანად ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების ინსტრუმენტებზე.

საქართველოს ზომისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნისათვის სტრატეგიული ორიენტაცია და საგარეო პოლიტიკა ერთი და იგივე არ არის. სტრატეგიული ორიენტაცია განსაზღვრავს დანიშნულების ადგილს, საგარეო პოლიტიკა კი — იქ მისასვლელ გზას. ამ ორი ცნების აღრევა ქმნის საფრთხეს, რომ დიპლომატია იმპროვიზაციად იქცეს, ხოლო ტაქტიკამ სტრატეგია ჩაანაცვლოს.

ამ განსხვავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იმ დებატებში, რომლებიც დღეს „მრავალვექტორულ“ საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

ეს კონცეფცია თავისთავად არც სწორია და არც მცდარი. ყველა წარმატებული სახელმწიფო ურთიერთობს მრავალ პარტნიორთან და შესაძლებლობებს იქ ეძებს, სადაც ისინი არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატები კონკურენციის მიუხედავად ურთიერთობს ჩინეთთან. ინდოეთი ერთდროულად თანამშრომლობს როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. ჩვენი მეზობელი თურქეთი ურთიერთობებს სხვადასხვა მიმართულებით ავითარებს.

პრაგმატიზმი სახელმწიფო მართვის სრულიად ბუნებრივი ინსტრუმენტია.

გადამწყვეტი განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებს მკაფიოდ აქვთ გაცნობიერებული საკუთარი სტრატეგიული იდენტობა და გრძელვადიანი მიზნები. მათი დიპლომატია ემსახურება სტრატეგიას, და არა პირიქით: სტრატეგია — დიპლომატიას.

თანმიმდევრობა საქართველოსთვისაც სწორედ ასეთი უნდა იყოს.

პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, ვინ ვართ. მეორე — სად არის ჩვენი ადგილი? მესამე — რა არის ჩვენი გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები? და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ დავიცვათ ეს ინტერესები დიპლომატიის, ვაჭრობის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული ჩართულობის საშუალებით.

ერი, რომელსაც მყარი სტრატეგიული ღუზა არ გააჩნია და საკუთარ თავს მაინც „მრავალვექტორულად“ აცხადებს, საბოლოოდ ძალაუფლების ურთიერთმოქიშპე გლობალურ ცენტრებს შორის იხეტიალებს. ხოლო ერი, რომელსაც ასეთი სიმყარე აქვს, მრავალ პარტნიორთან ურთიერთობას თავდაჯერებითა და საკუთარი თავის რწმენით მოახერხებს.

ეს განსაკუთრებით მართებულია მცირე სახელმწიფოების შემთხვევაში.

დიდ სახელმწიფოებს ზოგჯერ აქვთ სტრატეგიული ბუნდოვანების ფუფუნება. მცირე სახელმწიფოებს ასეთი ფუფუნება იშვიათად ეძლევათ. დიდები ქმნიან ვექტორებს, პატარები კი მათ შორის მოძრაობენ. მცირე სახელმწიფოს მთავარი კაპიტალი ხშირად მისი ძალა კი არა, სანდოობა, პროგნოზირებადობა და სტრატეგიული სიცხადეა.

სწორედ ამიტომ, მრავალვექტორული დიპლომატია საქართველოსთვის შეიძლება სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ ის ვერასოდეს ჩაანაცვლებს სტრატეგიულ ორიენტაციას. მეტიც: სახელმწიფო, რომელსაც არ მოეპოვება ე. წ. „სტრატეგიული ღუზა“, სინამდვილეში მრავალვექტორულ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ მხოლოდ ერთ ვექტორსა და მეორეს შორის ქანქარებს.

საქართველოს უახლესი ისტორია ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოცდილებას გვაძლევს. ქვეყნის დასავლური ორიენტაცია არასოდეს ყოფილა მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი. იგი გამოხატავდა უფრო სიღრმისეულ გადაწყვეტილებას — როგორი სახელმწიფო გვინდოდა აგვეშენებინა: სახელმწიფო, სადაც უზენაესია კანონი და არა პიროვნულ ძალაუფლებაზე დამყარებული მმართველობა; სადაც ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნებები; სადაც ანგარიშვალდებულება სჯობნის დამოკიდებულებას, ხოლო მოქალაქე — ხელქვეითს.

ამგვარ არჩევანს პრაგმატიზმის საჭიროება არ გაუუქმებია. არც იმაში შეუშლია ხელი, რომ საქართველოს ურთიერთობა ჰქონოდა განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა და სტრატეგიული ინტერესების მქონე სახელმწიფოებთან. მაგრამ სწორედ ეს არჩევანი ქმნიდა იმ მყარ საყრდენს, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა ამ ურთიერთობების მართვა.

ამიტომ საქართველოს წინაშე დღეს მდგარი მთავარი კითხვა ის კი არ არის, უნდა ესაუბროს თუ არა ვაშინგტონს, ბრიუსელს, მოსკოვს, პეკინს, ანკარას, ბაქოსა თუ ერევანს.

საქართველო უნდა ესაუბროს ყველას.

ნამდვილი კითხვა ის გახლავთ, ეფუძნება თუ არა ეს ურთიერთობები მკაფიოდ გააზრებულ ეროვნულ მიზანს?

სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ შეუძლია, სუვერენულად იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ორივე ფეხზე მყარად დგას ქვეყნის შიგნით. მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებულია საკუთარ იდენტობაში, ინსტიტუტებსა და სტრატეგიულ მიმართულებაში, სახელმწიფოს შეუძლია მრავალ პარტნიორთან ურთიერთობა ისე, რომ მუდმივად არ სვამდეს კითხვას — სად არის მისი ადგილი. მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის თავში დარწმუნებულია, სახელმწიფოს აღარ უწევს საკუთარი სტრატეგიული ორიენტაციის ყოველ ჯერზე თავიდან განსაზღვრა.

ამიტომ დისკუსია ვექტორებით არ უნდა იწყებოდეს.

ის ღუზით უნდა დაიწყოს.

როდესაც ღუზა საიმედოდ არის ჩაშვებული, პრაგმატიზმი გაურკვევლობის წყაროდ კი აღარ იქცევა, არამედ — ძალად. დივერსიფიკაცია მიმართულების დაკარგვას კი აღარ ნიშნავს, არამედ გონივრული ინსტრუმენტის ფლობას. მრავალვექტორული დიპლომატია ხდება სახელმწიფო ხელოვნების ნაწილი და არა სტრატეგიის შემცვლელი.

დღევანდელ, სულ უფრო გაურკვეველ მსოფლიოში საქართველოს პირველი ამოცანა ვექტორებს შორის არჩევანი არ არის. მისი უმთავრესი ამოცანაა, განსაზღვროს, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ის ღუზა, რომლითაც უნდა იწყებოდეს მისი ყველა საგარეოპოლიტიკური ვექტორი.

გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.

© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *