ოთხი წელი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან
ოთხი წელი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან. ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი გამოხატავს მტკიცე და ურყევ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც ოთხი წლის მანძილზე მამაცად იცავს საკუთარ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, დემოკრატიულ არჩევანს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
უკრაინის სიმტკიცე და შეუპოვრობა მხოლოდ ერთი ერის გადარჩენისთვის ბრძოლა არ არის, ეს არის ბრძოლა მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისა და თავისუფლებისათვის, ბრძოლა ევროპული ღირებულებების დასაცავად.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი გმობს და კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომს, მათი მხრიდან საერთაშორისო სამართლის სისტემატიურ დარღვევებსა და მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიზანმიმართულ თავდასხმებს. ამ მძიმე დანაშაულში მონაწილე ყველა პირმა სათანადო პასუხი უნდა აგოს.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ პატივისცემას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის მიმართ და მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას მანამდე, ვიდრე არ იქნება მიღწეული ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.