EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი › ანალიტიკა › ფაქტები vs მანიპულაცია › მანიპულაცია 12
ფაქტები vs მანიპულაცია

მანიპულაცია 12

17 სექტემბერი 2026
ჩამოტვირთე PDF

როგორ ცდილობდა ვიდეო გერმანიის არჩევნების დისკრედიტაციას

მტკიცება

2026 წლის 4 სექტემბერს, საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, X-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც გერმანიაში საარჩევნო გაყალბების ამსახველ კადრებად იყო წარმოდგენილი. ვიდეოში ადამიანი ხსნის ფოსტით ხმის მიცემისთვის განკუთვნილ კონვერტებს. როგორც კი აღმოჩნდება ბიულეტენი, რომელზეც AfD-ის კანდიდატია არჩეული, ბიულეტენს გვერდზე დებენ და მასზე დიდ ჯვარს ავლებენ. სხვა პარტიებისთვის მიცემული ხმების შემცველი ბიულეტენები კი ვალიდურად მიიჩნევა. ვიდეოს თანმხლები შეტყობინება კადრებს AfD-ისთვის მიცემული ხმების განზრახ განადგურების მტკიცებულებად წარმოაჩენს.

ვიდეო სწრაფად გავრცელდა X-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე. პოსტებში ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო მოხელეები AfD-ის ბიულეტენების განადგურებისას გადაიღეს და რომ მათ უკვე 10 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდათ, როდესაც მასზე ინფორმაცია გავრცელდა. იმავე გავლენის კამპანიასთან დაკავშირებული მასალა სხვა ინგლისურენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს.

თუმცა ერთი პრობლემა რჩებოდა: არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც ვიდეოში ჩანდა, ნამდვილი არ იყო.

ფაქტი

გერმანელმა ფაქტების გადამმოწმებლებმა ვიდეოში ნაჩვენები დოკუმენტები საქსონია-ანჰალტში ფოსტით ხმის მიცემისთვის ოფიციალურად გამოყენებულ მასალებს შეადარეს და რამდენიმე შეუსაბამობა აღმოაჩინეს. ვიდეოში ნაჩვენები ბიულეტენები და კონვერტები არ შეესაბამებოდა არჩევნებში რეალურად გამოყენებულ ოფიციალურ მასალებს.

ეს შეუსაბამობები არ იყო უმნიშვნელო დეტალები, რომელთა ახსნაც ადგილობრივი, განსხვავებული პროცედურით შეიძლებოდა. ვიდეოში ნაჩვენები დოკუმენტები ოფიციალური ვერსიებისგან რამდენიმე მხრივ განსხვავდებოდა, მათ შორის დიზაინითა და ნუმერაციით. Correctiv-მა დაასკვნა, რომ ეს მასალა ფოსტით მიცემული ხმების რეალური მანიპულაციის მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთი შეხედვით ვიდეო დამაჯერებლად გამოიყურება. მასში არ ჩანს აშკარა კომპიუტერულად გენერირებული გამოსახულება ან რაიმე სანახაობრივი ვიზუალური ეფექტი. კადრებში თითქოს ჩვეულებრივი საარჩევნო პროცედურაა ნაჩვენები: კონვერტებს ხსნიან, ბიულეტენებს ამოწმებენ და ზოგიერთ მათგანს ბათილად მიიჩნევენ.

თაღლითობა კი გაცილებით მარტივ რამეში მდგომარეობს. დოკუმენტები ისე იყო შექმნილი, რომ საარჩევნო დოკუმენტებს დამსგავსებოდა, თუმცა სინამდვილეში ასეთი დოკუმენტები არ იყო.

ყალბი დოკუმენტიდან ცრუ ამბამდე

სწორედ ეს ხდის ვიდეოს ჩვეულებრივ ცრუ ინფორმაციაზე უფრო მეტს. კადრებში ყალბი ობიექტი რეალისტურ სცენაშია მოთავსებული. მაყურებელს ეუბნებიან, რომ AfD-ისთვის მიცემულ ხმებს ანადგურებენ და აჩვენებენ იმას, რაც თითქოს ამის დამადასტურებელი ვიზუალური მტკიცებულებაა.

ეფექტი ძლიერია, რადგან მაყურებელს უბიძგებს, დასკვნა თითქოს თავად გამოიტანოს: თუ ამას საკუთარი თვალით ვხედავ, ესე იგი, მართალია.

შემდეგ თანმხლები გზავნილი ამ ყველაფერს ახსნას აძლევს: საარჩევნო სისტემა გამოიყენება იმისთვის, რომ AfD-ის ამომრჩევლებს საკუთარი ხმები არ ჩაეთვალოთ. ეს არჩევნების მანიპულირების შესახებ კარგად ნაცნობი ფორმაა. იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის სისწორის დამტკიცება სცადოს, ის თავად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ.

ვინ ავრცელებდა მას?

არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომ სექტემბერში ვიდეოს გავრცელება დაკავშირებული იყო რუსეთთან დაკავშირებულ გავლენის ოპერაციასთან — Storm-1516-თან. Correctiv-ის თანახმად, ინგლისურენოვანი X-ის რამდენიმე მაღალმაყურებლიანი ანგარიში, რომლებმაც ვიდეო 4 და 5 სექტემბერს გაავრცელეს, მანამდე უკვე იყო იდენტიფიცირებული, როგორც Storm-1516-ის გავრცელების ქსელის ნაწილი, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU) არის დაკავშირებული. იმავე ანგარიშებმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სხვა ყალბი ვიდეოებიც გაავრცელეს. Center for Monitoring, Analysis and Strategy-ის (CeMAS) უფროსი მკვლევარის, იულია სმირნოვას შეფასებით, ვიდეო დიდი ალბათობით რუსეთის კამპანიის ნაწილი იყო.

თუმცა თავად ვიდეოს შესახებ დადგენილი ფაქტები და მისი შესაძლო წარმომავლობის შეფასება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. მტკიცებულება იმისა, რომ ბიულეტენები ყალბი იყო, ეფუძნება მათ ოფიციალურ საარჩევნო დოკუმენტებთან შედარებას. შეფასება კი, რომ ვიდეო რუსულ გავლენის ოპერაციას წარმოადგენდა, ეფუძნება მისი გავრცელების ქსელისა და მასში ჩართული ანგარიშების ქცევის შესწავლას.

ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. კარგ ფაქტების გადამოწმებას იმის დასადგენად, რომ ინფორმაცია მცდარია, არ უნდა სჭირდებოდეს იმის მტკიცება, თუ საიდან წარმოიშვა დეზინფორმაცია.

რატომ ხდება სამიზნე არჩევნები?

მოპარული ხმების შესახებ გამოგონილმა ამბავმა შეიძლება ერთზე მეტი პოლიტიკური მიზანი შეასრულოს. მან შეიძლება გააძლიეროს რწმენა, რომ პოლიტიკური სისტემა გაყალბებულია, არჩევნებს ნდობა არ უნდა ჰქონდეს ან ხმის მიცემას აზრი აღარ აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ვიდეოს აზიარებდა, დემოკრატიისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. Correctiv-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ ადრეულ ეტაპზე მსგავსი მასალის გავრცელებაში ჩართული ზოგიერთი ანგარიში, როგორც ჩანს, AfD-ის მხარდამჭერ კერძო პირებს ეკუთვნოდა.

თუმცა სწორედ ამიტომ შეიძლება მსგავსი გზავნილები მარტივად გავრცელდეს. გავლენის დახვეწილ ოპერაციას სულაც არ სჭირდება, რომ მასალის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, საიდან მოდის ის. პროვოკაციული მტკიცება შეიძლება ორგანიზებული ქსელიდან რეალურ პოლიტიკურ საზოგადოებებში გადავიდეს, სადაც ადამიანები, რომლებსაც მისი სჯერათ, მას სხვებსაც გადასცემენ. შედეგად იქმნება ჯაჭვი, რომელშიც თავდაპირველი წყარო თანდათან ნაკლებად შესამჩნევი ხდება, თავად მტკიცება კი უფრო და უფრო ნაცნობი ხდება.

ეს ვიდეო გვთავაზობს გაკვეთილს, რომელიც ამ კონკრეტულ არჩევნებს სცდება. როდესაც შოკისმომგვრელ ვიზუალურ მტკიცებულებას ვაწყდებით, პირველი კითხვა არ უნდა იყოს: „ვინ დგას ამის უკან?“ პირველ რიგში უნდა ვიკითხოთ: „კონკრეტულად რას ვუყურებ?“ ნამდვილად ავთენტურია თუ არა დოკუმენტები? შეესაბამება თუ არა ნაჩვენები პროცედურა რეალურად მოქმედ წესებს? შესაძლებელია თუ არა ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების, ადგილისა და მოვლენის დამოუკიდებლად გადამოწმება? და ვინ გამოაქვეყნა ეს მასალა პირველად?

ამ შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხებიც საკმარისია იმისთვის, რომ ეს ამბავი დაიშალოს. ვიდეო თითქოს ნამდვილ საარჩევნო მოხელეებს აჩვენებს, რომლებიც AfD-ისთვის მიცემულ ხმებს ანადგურებენ. სინამდვილეში კი დოკუმენტები ყალბია. შესაბამისად, საარჩევნო გაყალბების ის ფაქტი, როგორც ვიდეოშია წარმოდგენილი, არ მომხდარა.

მანიპულაცია მხოლოდ გზავნილში არ იყო. ის იმ „მტკიცებულებაშიც“ იყო ჩაშენებული, რომლის მეშვეობითაც ეს ამბავი იყო მოთხრობილი.

დაფიქრდი, სანამ დაიჯერებ