EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი ანალიტიკა მოსაზრება ევროკავშირის რეფორმირება გაფართოებისთვის
მოსაზრება

ევროკავშირის რეფორმირება გაფართოებისთვის

27 ოქტომბერი 2025
ჩამოტვირთე PDF
ევროკავშირის რეფორმირება გაფართოებისთვის

ევროკავშირი დგას ახალი და ისტორიული გაფართოების წინაშე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა გაფართოების წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული თავად ევროკავშირის შიდა რეფორმებთან. მმართველობის არსებული სტრუქტურები ვერ პასუხობს უფრო დიდი და მრავალფეროვანი კავშირის საჭიროებებს, რაც ზრდის გადაწყვეტილების მიღების შეფერხებისა და პოლიტიკური პარალიზების რისკს. რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაში, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა,  პირდაპირ არის დამოკიდებული მის უნარზე გაატაროს  დემოკრატიული რეფორმები და შეამციროს პრორუსული ოლიგარქიული გავლენა.

ევროკავშირის გაფართოება ყოველთვის დაკავშირებული იყო  მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან. გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღების პრინციპი ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხები, სულ უფრო მეტად აფერხებს ეფექტიან მოქმედებას. სწორედ ამიტომ იზრდება მხარდაჭერა კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის გაფართოებისთვის. პარალელურად, აუცილებელია ინსტიტუციური ბალანსის აღდგენა, განსაკუთრებით ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის როლის გაძლიერება, ასევე უფრო მოქნილი და სტრატეგიულ მიზნებზე ორიენტირებული ბიუჯეტური ჩარჩოს შექმნა.

რეფორმების მეორე მნიშნელოვანი მიმართულება დემოკრატიული ლეგიტიმაციაა. მიუხედავად ევროპარლამენტის გაძლიერებული უფლებამოსილებებისა, ბევრი მოქალაქე ევროკავშირს კვლავ დისტანციურ და ტექნოკრატიულ სტრუქტურად აღიქვამს. ამის დასაძლევად საჭიროა მოქალაქეთა უკეთესი წარმომადგენლობა, მეტი გამჭვირვალობა და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. ტრანსნაციონალური საარჩევნო სიები, ეროვნული პარლამენტების უფრო აქტიური ჩართულობა და ევროკავშირის ქმედებების მკაფიო კომუნიკაცია მოქალაქეებთან შეიძლება გახდეს ნდობის აღდგენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.

ევროკავშირის ეფექტიანობა, ლეგიტიმაცია და სტრატეგიული ავტონომია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია. ევროკავშირი ვერ ჩამოყალიბდება სანდო გეოპოლიტიკურ აქტორად შიდა დაპირისპირების და სუსტი ინსტიტუციური ჩარჩოების პირობებში. ამასთან, რეფორმა არ უნდა იქცეს გაფართოების გადადების საბაბად, არამედ მის საფუძვლად. მხოლოდ შიდა ადაპტაციის გზით შეძლებს ევროკავშირი ახალი წევრების ინტეგრაციას, საკუთარი ღირებულებების დაცვას და გლობალურ გამოწვევებზე პასუხის გაცემას.

გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.

© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *